კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ მოკლეს თბილისის ერთ-ერთი პატარა ეკლესიის წინამძღოლი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
საგანგებო დამღა
  1965 წლის 28 მარტი კვირა დღე იყო. თბილისის ერთ-ერთი პატარა ეკლესიის მორჩილი, 25 წლის ონისე უთენია მივიდა ტაძარში, რომ საკვირაო წირვისთვის მღვდლისთვის ყველაფერი მომზადებული დაეხვედრებინა. ონისემ გასაღები ამოიღო, რომ ეკლესია გაეღო, მაგრამ კარი ღია დახვდა. შიგნით შევიდა და ელდა ეცა – წმიდა გიორგის ხატთან ტაძრის წინამძღოლის, მამა სევას ცხედარი დაინახა, რომელსაც ხელში საზღვაო დაშნა ეკავა. მორჩილი ონისე თავის ჩვენებაში წერდა: „მამა სევა რომ არ შემეწუხებინა, ტაძრის გასაღები მეც მქონდა და სანამ წინამძღოლი გაიღვიძებდა და ტაძარში შემოვიდოდა, მე ყველაფერს წინასწარ ვამზადებდი...“ შემთხვევის ადგილზე მოსულმა მილიციელებმა, რომლებიც მორჩილმა ონისემ გამოიძახა, მამაოს ხელში დანის დანახვისას გაოგნდნენ, რადგან ის ფაშისტური იყო და ასეთებს ჰიტლერული საზღვაო ფლოტის ოფიცრები ატარებდნენ. უცნაური იყო ისიც, რომ ეს ცივი იარაღი ტაძრის წინამძღოლს ჰქონდა. თუმცა, მაძებრებს წინ უფრო მეტი გაოცება ელოდათ. როდესაც მამა სევას ცხედარი პროზექტურაში წაიღეს და გააშიშვლეს, მის სხეულზე უამრავი ტატუ აღმოჩნდა, რომლებსაც საბჭოთა ციხეებში ბოროტმოქმედებს უკეთებდნენ. განსაკუთრებული ყურადღება კი ერთმა საგანგებო დამღამ მიიქცია, რომელიც წინამძღოლს  მკერდზე ჰქონდა ამოტვიფრული და შემდეგ წაშლილი. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ეს იყო ფაშისტური სვასტიკა წარწერით – „პოლიცაი“, რომელსაც რიგითი ნომერიც თან ახლდა. მსგავს საგანგებო დამღებს ფაშისტი ოკუპანტები იმ საბჭოთა მოქალაქეებს უკეთებდნენ, ვინც მათთან ჯალათ პოლიციელად მსახურობდა.
რეციდივისტი „პოლიცაი“
  ტაძრის წინამძღოლის მკვლელობის საქმე მილიციამ „კაგებეს“ გადასცა და უშიშროების კომიტეტმაც ჩვეული პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი. ექსპერტიზის დასკვნით, მამა სევას ოთხი ღრმა ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ორ-ორი – მუცელსა და დიაფრაგმაში, რომელთაგან ბოლო ორი სასიკვდილო იყო. მოკლული წინამძღოლის დაშნაზე კი შემხმარი სისხლი აღმოჩნდა, რომელიც მამა სევას არ ეკუთვნოდა და გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ მამაომაც მოახერხა მისი მკვლელის დაჭრა. თუმცა რამდენად სერიოზულად, გაურკვეველი იყო. ეგრეთ წოდებულ, რელიგიურ საქმეთა განყოფილებაში „კაგებეს“ გამომძიებლებს  მამა სევას საქმე მიაწოდეს, რომლის მიხედვითაც, მოკლული მღვდელი იყო 1910 წელს დაბადებული ივანე ანტონის ძე ვოლკოვი. უცოლშვილო, დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1947 წელს პეჩორის ლავრაში ბერად იქნა აღკვეცილი და მსახურობდა რუსეთის სხვადასხვა ეკლესიაში. 1960 წელს კი საქართველოში გადმოიყვანეს ტაძრის წინამძღოლად. სინამდვილეში მოკლული წინამძღოლი 1909 წელს დაბადებული ვარლამ სპირიდონოვი იყო. მძარცველი-რეციდივისტი. 1941 წელს ციხიდან ის საკუთარი განცხადებით წავიდა ფრონტზე. თუმცა, ფაშისტების მხარეზე გადავიდა და  დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვის „გესტაპოში“ ჯალათად მსახურობდა. უკრაინის გათავისუფლების შემდეგ კი უკვალოდ გაქრა და მას მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ებრაელების გენოციდისთვის დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი. სპირიდონოვი უკვე 21 წელი ძებნაში იმყოფებოდა, ის კი, რელიგიურ მანტიას ამოფარებული და გარეგნობაშეცვლილი ემალებოდა საბჭოთა მართლმსაჯულებას.
ჯალათის ნაამბობი
  გამოძიების ვერსიით, მკვლელი ვარლამ სპირიდონოვის ძველი ნაცნობი უნდა ყოფილიყო ან „შავი სამყაროდან“, ან კოლეგა „პოლიცაი“, რომელმაც მას, სავარაუდოდ, ნაძარცვის წილისთვის მიაკითხა. თუმცა ეს მხოლოდ ვერსია იყო და გამოძიებას დაშნაზე აღმოჩენილი შემხმარი სისხლის გარდა სხვა ხელჩასაჭიდი არ გააჩნდა. მაგრამ არც ეს იყო ცოტა, რადგან სისხლის ანალიზმა უჩვენა, რომ ეს ადამიანი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. ამიტომ, ძებნის არეალი  შემცირდა და სავარაუდო მკვლელი, რომელსაც რეზუს დადებითი მესამე ჯგუფის სისხლი ჰქონდა, „დიაბეტიკებში“ უნდა მოეძებნათ.
სპირიდონოვის მკვლელს მილიციის სისხლის სამართლის სამძებროსთან ერთად, „კაგებეს“ ოპერატიული სამსახურიც ეძებდა. თუმცა ის კონტრდაზვერვას ჩაუვარდა ხელში. საქმე კი ის იყო, რომ სპირიდონოვის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ, ანუ 11 აპრილს, კონტრდაზვერვის მიერ გადაბირებულ, „ცეერუს“ ყოფილ აგენტს, იასონ ზედელაშვილს უცნობმა ტელეფონზე დაურეკა და პაროლით ესაუბრა. კონტრმზვერავებმა იმავე დღეს 54 წლის სიმონ კალინინი მეტრო სადგურ „ლენინის მოედანზე“ დააკავეს, სადაც ზედელაშვილს უნდა შეხვედროდა. ეჭვმიტანილს, როგორც ამას წესი მოითხოვდა, სისხლის ანალიზი აუღეს და აღმოჩნდა, რომ მისი სისხლი სპირიდონოვის დაშნაზე შემხმარი სისხლის იდენტური იყო. რამდენიმე დამაბნეველი კითხვის შემდეგ კალინინი გამოტყდა, რომ სინამდვილეში 55 წლის ოლეგ ხარიტონოვი იყო. ასევე, საბჭოთა სამართალდამცველების მიერ ძებნილი ლვოვსა და დასავლეთ უკრაინაში ჩადენილი მძიმე დანაშაულებებისთვის და მასაც დაუსწრებლად სიკვდილის განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ლოვივის ჯალათი თავის ჩვენებაში წერდა: „სპირიდონოვი ლვოვის „გესტაპოში“გავიცანი, სადაც ორივე ჯალათად ვმუშაობდით და ებრაელებზე ვიყავით სპეციალიზებული. ჩვენ მათ ვანადგურებდით, თუმცა, მანამდე მოტყუებით ვართმევდით გადამალულ ძვირფასეულობას. სიცოცხლის შენარჩუნებას ვპირდებოდით, მაგრამ მაინც ვხვრეტდით. ამგვარად დიდძალი ქონება დაგვიგროვდა, რომელსაც სპირიდონოვი ინახავდა. ერთ დღეს კი ის მოულოდნელად გაუჩინარდა, რა თქმა უნდა, ძვირფასეულობასთან ერთად. როცა უკრაინა საბჭოთა ჯარმა გაათავისუფლა, მე ფაშისტებს გავყევი. იმის მერე დასავლეთ გერმანიაში, სადაზვერვო სკოლაში მოვხვდი და ამერიკელებს ვემსახურებოდი. ერთი პერიოდი ლათინურ ამერიკაში ვმუშაობდი. შარშან კი არალეგალურად, თურქეთის საზღვრით სომხეთში შემოვედი და რამდენიმე დავალება შევასრულე. შემდეგ თბილისში გადმოვინაცვლე და ორი თვის წინ აქ დავსახლდი. სპირიდონოვს შემთხვევით წავაწყდი, მაშინ, როცა ტაძრის წინ გავიარე, ის კი იქიდან გამოვიდა და არ შევუმჩნევივარ. გადაწყვეტილი მქონდა, მისთვის ჩემი წილი ძვირფასეულობა გამომერთმია. შემდეგ კი საზღვარგარეთ მივმალულიყავი და ჩემს გემოზე მეცხოვრა. სპირიდონოვს ღამით დავადექი თავზე და წილი მოვთხოვე. მან მითხრა, რომ ტაძარში შევყოლოდი და სამალავიდან ჩემს წილს მომცემდა, თუმცა თავს დამესხა და დაშნით ხელში დამჭრა. მეც მქონდა დაშნა და იძულებული გავხდი, მომეკლა. ძვირფასეულობა კი არ მიძებნია და ეკლესიიდან წამოვედი. გუშინწინ ცენტრიდან დავალება მივიღე, რომ დაკონსერვებული აგენტი მენახა და თქვენს ხელში ჩავვარდი...“
 ოლეგ ხარიტონოვი გაასამართლეს და დახვრიტეს. ნაძარცვი ძვირფასეულობის სამალავი კი ეკლესიის ყოფილი წინამძღოლის საწოლის ქვეშ, იატაკში აღმოაჩინეს.
скачать dle 11.3