№35 რატომ მოაქცია ალყაში ქართლის მეფე დავითმა მაღნარის ციხე და ვინ შეუშალა ხელი ქართლისა და კახეთის გაერთიანებას
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ ქვეყნის გაერთიანებაზე ოცნებობდა ქართლის სამეფო ოჯახი. დავით მეათე მშვიდობისმოყვარე მეფე იყო, არ უნდოდა სისხლისღვრა მოძმეთა შორის, მაგრამ 1513 წელს მოულოდნელად მისმა ძმამ, პირველმა მუხრანბატონმა, ბაგრატ უფლისწულმა, დაატყვევა კახეთის მამისმკვლელი მეფე – ავ-გიორგი, რომელიც აოხრებდა ქართლს და აწიოკებდა ქართლელებს.
ამ მოულოდნელმა ამბავმა დავით მეათის კარს ქართლისთვის კახეთის შემოერთების იმედი გაუჩინა. გადაწყვიტეს ქვეყნის კვლავ გაერთიანება. ამ შემთხვევაში კახეთის შემოერთება უსისხლოდ მოხდებოდა. ამისთვის საჭირო იყო ავ-გიორგის ერთადერთი ვაჟის, უფლისწულ ლევანის დატყვევება. ნელ-ნელა იკავებდნენ კახეთს და ეძებდნენ მცირეწლოვან უფლისწულ ლევანს.
ბაგრატ მუხრანბატონის, ქსნის ერისთავისა და ამილახორის ხელმძღვანელობით, ქართლელთა სარდლები გამოჰკითხავდნენ და აფიცებდნენ კახელ დიდებულებს ლევანის ადგილსამყოფლის შესახებ. ვიღაცამ გასთქვა საიდუმლო, რომ ბატონიშვილი კახეთის სამეფოს სახლთუხუცესის, გარსევან ჩოლოყაშვილის მამულში იმალებოდა. მიადგნენ გარსევანს მამულში, მაგრამ ჩოლოყაშვილმა დამალა გლეხის ტანსაცმელში გადაცმული ლევან ბატონიშვილი.
უფლისწული ბაგრატი, ქსნის ერისთავი და ამილახორი წავიდნენ, მაგრამ გარსევანმა კახეთის ტახტის მემკვიდრე ჯერ მაღნარის ციხეში გადამალა, მერე კი ოჩონის (ოჩანის) ციხე-სიმაგრეში. კარგად გამაგრებული ოჩანის ციხე მდინარე ივრის ზედა წელზე იდგა. მიერთვნენ კახელი დიდებულები „საკუთარი“ სამეფოს ყოფილი მეფის, ავ-გიორგის ძეს. კახელმა თავადებმა ლევანის გამეფება გადაწყვიტეს კახეთში.
ეს შეიტყვეს მეფე დავითის კარზე, ტფილისში. შეიკრიბა ქართლის ჯარი და გაემართა კახეთს. გადაიარეს გომბორი და შეეყარნენ კახელების ჯარს. ვერ დაუდგა წინ ლევან უფლისწულის ჯარი ქართლის ლაშქარს. ლევანი გააქციეს და შეიყვანეს მაღნარის ციხეში. დავით მეფემ ალყა შემოარტყა მაღნარის ციხეს და უტევდა. გარშემო გზებიც შეკრული ჰქონდათ ქართლელებს.
როგორც გვიამბობს მემატიანე, როცა დავით მეფე თავისი ჯარით მაღნარის ციხესთან იდგა, ოსმალთა ჯარი შემოიჭრა სამცხეში და მოაოხრა. მერე იქიდან შიდა ქართლისკენ დაიძრნენ თურქ-ოსმალები. ვერავინ მოახერხა წინ აღდგომოდა სულთნის ჯარს. ძირითადი ძალები, და მეფეც კახეთში იდგნენ.
როცა ეს ამბავი შეიტყო დავით მეფემ, ძალიან შეწუხდა. გადაწყვიტა, გასულიყო კახეთიდან და ოსმალები შეეჩერებინა. მაგრამ, ცოტა ხნით დამალა ამბავი, რათა ბარემ ხელში ჩაეგდო ლევან უფლისწული და დედამისი, რომლებიც უკვე საკმაოდ შეჭირვებულები ჰყავდა ალყისგან.
შეაგზავნა ციხეში მოსალაპარაკებლად ამილახორი და მთავარეპისკოპოსი და მოითხოვა ციხის გადმოცემა. რომ გაიგეს მეციხოვნეებმა, უფლისწულმა და დედამისმა მოციქულების მისვლა და მეფე დავითის მოთხოვნა, ძალიან შეწუხდნენ. მეფე იმუქრებოდა, ხოლო დანებების შემთხვევაში კი სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდა ყველას, განსაკუთრებით უფლისწულს. მის მოკვლას, ალბათ, ვერ შეძლებდა. ალყას დიდი ხანი ვეღარც გაუძლებდნენ, არც სანოვაგე ეყოფოდათ, არც წყალი და არც სამხედრო ძალები. გადაწყვიტეს დანებება, მაგრამ ამ დროს მოხდა მათთვის ძალიან სასიხარულო რამ – მთავარეპისკოპოსმა მოახერხა და დედა-დედოფალს ჩუმად უჩურჩულა: „გამაგრდით, ამაღამვე გავდივართ“.
ეს რომ გაიგო ლევან ბატონიშვილის დედამ, გაიხარა და ყველაფერი აუწყა თავის ვაჟს და მეციხოვნეებს. გადაწყვიტეს, გამაგრებულიყვნენ და არ მიეცათ სიმაგრე მეფისთვის, არ ჩავარდნოდა ტყვედ მეფისწული ლევანი დავით მეფეს.
ლევანის დედამ და მეციხოვნეებმა თავისი გადაწყვეტილება გააცნეს მეფის მოციქულებს, ქსნის ერისთავს და მთავარეპისკოპოსს. მოციქულები გამოვიდნენ ციხიდან, მივიდნენ მეფესთან და გააცნეს ციხეში გამაგრებულთა პოზიცია. გამწარდა მეფე დავითი, ჩაეშალა ქვეყნის გაერთიანება, ვეღარ გაჩერდებოდა მაღნარის ციხესთან, მტერი იყო შემოსეული მის სამეფოში და უნდა დაეცვა მოსახლეობა. მოხსნა ალყა მაღნარის ციხეს და გაეშურა სწრაფად ქართლისკენ.
ლევან მეფისწულს, დედამისს და კახეთის სამეფოს ცალკე არსებობის მსურველებს ძალიან გაუხარდათ ეს ამბავი.
მეფე დავითი ზემო ქართლში დახვდა ოსმალთა ჯარს, შეებრძოლა და გაიმარჯვა მტერზე. ამოწყვიტეს მაჰმადიანთა ჯარის დიდი ნაწილი. ნაწილი გაიქცა და დატოვა ქართლის სამეფოს საზღვრები.
ცოტა ხანში ისევ კახეთისკენ გამოსწია დავით მეფემ თავის ჯარით. მაგრამ, ქართლელების ლაშქრის ოსმალებთან ბრძოლის პერიოდში ლევან ბატონიშვილის გარშემო დარაზმულიყო კახეთის დიდებულების დიდი ნაწილი. გამოაცხადეს მეფედ შვიდი წლის ლევანი.
დავით მეფე საგარეჯოს მივიდა. მასაც მიემხრო საგარეჯოელთა და კახელთა ნაწილი და შევიდა ქიზიყში, სადაც იმ დროს იდგა ლევანი მცირე ჯარით. ქიზიყში გაიმართა ბრძოლა, რომელშიც ლევან მეფის მომხრეებმა დაამარცხეს ქართლის მეფე დავითი და მისი ჯარი. დავით მეფე გავიდა კახეთიდან.
ასე ჩაშალა მაჰმადიანების შემოჭრამ ქართლისა და კახეთის გაერთიანება.
იმ დროს გურიის მთავარი იყო მამია პირველი გურიელი. მას ჰყავდა ვაჟები: გიორგი, როსტომი და ქალიშვილი – თინათინი. ლევან კახეთის მეფემ, გურიის მთავარ მამიას დახმარება და ქალიშვილის ხელი სთხოვა. თინათინ ბატონიშვილს წინასწარმეტყველური სიზმარი ჰქონია ნანახი. სიზმარში მას იდუმალმა ხმამ უთხრა, რომ ვინმე მთავარი შეირთავდა და როცა მის სამფლობელოში მივიდოდა, იხილავდა თეთრ შინდს. სადაც შემდეგ უნდა აეგო მონასტერი დედაღვთისას სახელზე.
იმ დროს დინასტიური ქორწინებებით პოლიტიკური კავშირები იქმნებოდა. გურიელი დათანხმდა კახელ ბაგრატიონს ქალიშვილის მითხოვებაზე. გააგზავნა თავისი ასული კახეთში და მდიდრული მზითვიც გაატანა. გზად, როცა კახეთში შემოვიდნენ, თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე, ერთ ადგილას, მთებს შორის მაყრიონი დასასვენებლად გაჩერდა. ბატონიშვილმა თინათინმა იცნო სიზმარში ნანახი გარემო – ედემივით ლამაზი ადგილი. იქვე, თეთრი შინდის ხეც იდგა.
ქორწინებიდან რამდენიმე ხანში შუამთაში დედოფალმა თინათინმა ახალი შუამთის მონასტერი ააშენებინა. მის წინამძღოლად მოძღვართ-მოძღვარი დაუდგენიათ. იქვეა მეფე ლევანის, დედოფალ თინათინისა და მათი ვაჟის, ალექსანდრე მეორის ფრესკა.
ირანელები და ოსმალები არ ასვენებდნენ ქართლის სამეფოს. რამდენიმე წელიწადში დავით მეათე მეფობიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა. ტახტზე ავიდა მისი ერთ-ერთი ძმა, გიორგი. ამის შემდეგ დავით მეფეს დიდი ხანი არც უცოცხლია.
ამ მიზეზების გამო ვერ შეძლო დავით მეათემ ქართლისა და კახეთის გაერთიანება.