№35 როგორ ჩამოაყალიბა ლავრენტი ბერიამ მსოფლიოში საუკეთესო კრიპტოგრაფიული განყოფილება
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერია ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვისზეც თითქმის ყველაფერია ცნობილი და რომელზეც უამრავი პუბლიკაციაა გამოქვეყნებული. თუმცა, ამ ბოლო დროს გასაჯაროებული დოკუმენტების შესწავლამ ნათელი გახადა, რომ ბევრი ინფორმაცია ჯერ კიდევ დახურულია და არავინ უწყის, თუ როდის და რა დოზით გამოამზეურებენ მათ... პუბლიცისტი ინოკენტი სეროვი წერს: „ლავრენტი ბერიას „დიდი მენეჯერობის“ (ატომური, სარაკეტო-კოსმოსური და სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები) შესახებ სტალინის გარდა ორმა-სამმა ადამიანმა თუ იცოდა და ფართო მასებისთვის მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე გახდა ცნობილი. ალბათ, კიდევ ბევრი ფაქტია დღესაც საიდუმლო არქივებში ჩამალული. ამას წინათ კი ცნობილი გახდა, რომ თურმე, ბერიას უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ, ღრმად გასაიდუმლოებულ კრიპტოგრაფებს (მეშიფრეები, დამშიფრავები და გამშიფვრელები) იაპონური დაზვერვის ურთულესი შიფრი ჰქონიათ გატეხილი. საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის უფროსი, გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „ბერიას ძალისხმევით, რაც კვალიფიციური კადრების მოძიება-დაწინაურებაში გამოიხატებოდა, საბჭოთა დაზვერვას მსოფლიოში უძლიერესი კრიპტოგრაფები გვყავდა, რომლებისთვისაც გაუტეხავი შიფრი არ არსებობდა და ეს ჯგუფი საიმედოდ იყო კონსპირირებული და თავად მათ გარდა, მათი არსებობის შესახებ იცოდნენ მხოლოდ სტალინმა, ბერიამ, მოლოტოვმა, გენერალმა პავლე სუდოპლატოვმა და მე. სწორედ ამ გუნდმა მოახერხა იაპონური დაზვერვის შიფრის გატეხვა და 1941 წლის 7 დეკემბერს, პერლ-ჰარბორზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ უკვე 26 ნოემბერს ვიყავით ინფორმირებულები...“
როგორც ცნობილია, 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონურმა ავიაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი წყნარი ოკეანის საზღვაო-სამხედრო ფლოტი გაუნადგურა. ჰავაის კუნძულებზე განლაგებულ სამხედრო-საზღვაო ბაზას ასეულობით იაპონური თვითმფრინავი მოულოდნელად დაესხა თავს. დილით ადრე განხორციელებულმა ამ შეტევამ 2 500 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა და მხოლოდ 64 იაპონელი დაიღუპა. საზღვაო და საავიაციო ტექნიკის დანაკარგი კი ამერიკელებისთვის კატასტროფული იყო...
გენერალი პავლე ფიტინი: „1941 წლის 26 ნოემბერს, დილაუთენია მთავარი კრიპტოგრაფი – დავიდ გერცი კაბინეტში მეახლა და სულ რაღაც ხუთიოდე წუთის წინ გაშიფრული დეპეშა მომცა. იაპონიის ფლოტის მეთაური ისოროკუ იამამოტო ადმირალ ტიუიტი ნაგუმოს უბრძანებდა, რომ დაეტოვებინათ დისლოკაციის ადგილი ხიტოკაპუს ყურეში, რომელიც კურილიის კუნძულებზე მდებარეობდა და პერლ-ჰარბორისკენ აეღოთ გეზი. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ეს მანევრი უაღრესად საიდუმლო ვითარებაში უნდა განეხორციელებინათ, ისე, რომ არავის ყურადღება არ მიექციათ. დავიდ გერცმა, რომელიც უბადლო კრიპტოგრაფობასთან ერთად ძალიან ჭკვიანი და სამხედრო სტრატეგიაში გარკვეული ადამიანი იყო, მითხრა:
– ამხანაგო გენერალო, აშკარაა, რომ იაპონელები მოულოდნელ თავდასხმას აპირებენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, ჰავაის კუნძულებზე.
– გასაგებია. თავისუფალი ხართ, – ვუთხარი გერცს და გავისტუმრე. შემდეგ ბერიას შიდა ტელეფონით დავურეკე და აუდიენცია ვთხოვე.
– კრემლში გავდივარ, სტალინთან და თუ რაიმე ძალიან სასწრაფოა, მოდი, – მითხრა ბერიამ, რაზეც ვუთხარი:
– დიახ, ძალიან სასწრაფოა.
– მოდი, გელოდები, – მიპასუხა ბერიამ და ტელეფონი გათიშა.
როდესაც მას გერცის მიერ მოტანილი ინფორმაცია გავაცანი, თავი გააქნია და მითხრა:
– ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ახლა შეიძლება გვეგონოს. სტალინს მოვახსენებ ამის შესახებ. ჩემგან მადლობა გადაეცი გერცსა და მის ბიჭებს. ყოჩაღ, კარგად მუშაობთ!
მე და ბერია ერთად გამოვედით კაბინეტიდან. ის სტალინთან გაემგზავრა, მე კი ჩემს კაბინეტში დავბრუნდი...“
ვიაჩესლავ მოლოტოვის ტაბუირებული ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ როდესაც ბერიამ სტალინს გაშიფრული დეპეშის შინაარსი გააცნო, მოლოტოვიც იქ იმყოფებოდა. თავად მოლოტოვის სიტყვებით, სტალინი და მოლოტოვი მიიჩნევდნენ, რომ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა მიეწოდებინათ ამერიკელებისთვის და მხოლოდ ბერიას დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადაიფიქრეს... რამდენად გულწრფელია ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ბერია რომ ამ ინფორმაციის ამერიკელებისთვის გადაცემის წინააღმდეგი იყო, სიმართლეს შეესაბამება.
პავლე ფიტინი: „ბერია რომ კრემლიდან დაბრუნდა. გამომიძახა და მითხრა:
– პირადად აგებ პასუხს, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს. გადაწყდა, რომ თუკი შეერთებული შტატები თავად ვერ მოახერხებს იაპონელების ჩანაფიქრის განეიტრალებას, დაე, საიდუმლოდ დარჩეს. ამით იაპონიის ჩვენზე თავდასხმის საფრთხეს თუ არ შევაჩერებთ, დროს მაინც მოვიგებთ, თანაც, შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთვება და ჩვენი მოკავშირე გახდება. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო ბერია, – ვუპასუხე ბერიას და მისი კაბინეტიდან წამოვედი.
მართლაც, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ბერია ვარაუდობდა და მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, ამან ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი. სამწუხაროდ, ასეთი იყო დიდი პოლიტიკის სავალალო რეალობა“.
ძნელად დასაჯერებელია, რომ სტალინს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ სენტიმენტები ამოძრავებდა და ისეთ სამხედრო-პოლიტიკურ შეცდომას დაუშვებდა, როგორიც ამ ინფორმაციის გამხელა იყო. სავარაუდოა, რომ მოლოტოვს, უბრალოდ, წლების მერე (მეოცე საუკუნის 80-იანი წლების შუაში) საკუთარი თავის დადებითი კუთხით წარმოჩენა უნდოდა და ეს ყველაფერი მოიგონა.
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ როდესაც პერლ-ჰარბორის ტრაგედია განხორციელდა, სტალინის დავალებით, მოსკოვში მყოფ შეერთებული შტატების ელჩს სწორედ ბერია შეხვდა, მიუსამძიმრა და მიუხედავად საბჭოეთის დიდი გასაჭირისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარება შესთავაზა. მას მერე, რაც ეს წინადადება რუზველტს გადასცეს, ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.“