№35 რა საიდუმლო შეხვედრები ჰქონდა სტალინს, როდესაც დედამისი დაასაფლავეს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– კარგი. აუწყე მათ, რომ სამ რიცხვში გაგრაში, ჩემს ახალ რეზიდენციაში მივიღებ მათ. ისედაც ვაპირებდი ამ დღეებში საქართველოში გამგზავრებას. დედაჩემია ავად და აუცილებლად უნდა მოვინახულო. მანამდე კი ამ სამეულს შევხვდეთ. შენც ჩემთან ერთად მოდიხარ.
სტალინს უხმოდ დავუქნიე თავი. მან კი ჩიბუხის წვერი ულვაშზე გაისვა და მითხრა:
– აშკარაა, ჩვენი მიმხრობა უნდათ ანტიბრიტანულ ანტიფრანგულ ქმედებებში და ალბათ, ფრანკოს წინააღმდეგ ზეწოლის შენელებას გვთხოვენ. ამას კი იმით ახსნიან, რომ ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის სისხლიანი ქარი მთელს ევროპას შეიძლება მოედოსო. რას იტყვი შენ?
– მეც ასე ვფიქრობ, – მივუგე სტალინს.
2 ივნისს გაგრაში თვითმფრინავით ჩავედით. სტალინი ფიქრობდა, რომ საიდუმლო შეხვედრა, მაქსიმუმ, 2-3 დღეს გაგრძელდებოდა და შემდეგ ჩავიდოდა თბილისში დედის მოსანახულებლად. თუმცა, იმდენად ბევრი და საგანგებო საკითხი იყო განსახილველი, რომ ეს შეხვედრები შვიდ-ნახევარი დღე გაგრძელდა. 4-ში კი დეიდა კეკე გარდაიცვალა და სტალინმა მასზე დასწრება ვერაფრით შეძლო...“
„ჭკუისკოლოფ“ ავტორხანოვს, რომელიც იმ პერიოდში წვრილი პარტფუნქციონერი იყო და შემდგომ კი ქვეყნიდან გაიქცა, აბა, ვინ „მიასუნინებდა“ ისეთ საიდუმლო ინფორმაციამდე, როგორიც სტალინის ფასეული შეხვედრები იყო. თუმცა, რომც სცოდნოდა, სავარაუდოდ, მაინც იმას დაწერდა, რაც დაწერა, რადგან მისი მიზანი სტალინისთვის ჩირქის მოცხება იყო და არა სიმართლის წერა... სავარაუდოდ, გაგრის იმ ერთკვირიანმა შეხვედრებმა საბჭოთა ბელადს ორი სარგებელი მოუტანა – მან (სტალინმა) თავის მტრებთან დიპლომატიური ურთიერთობის გზა გაიხსნა და მომავალი დიდი ომისთვის მოსამზადებლად დრო მოიგო, ანგლო-ამერიკელები და ფრანგები კი საბჭოეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობაში დაარწმუნა და მომავალ მოკავშირეობას ჩაუყარა საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ძალიან ინტენსიურ შეხვედრებსა და განხილვებს მოითხოვდა და დიდი სურვილის მიუხედავად, სტალინმა ვერც მომაკვდავი დედა მოინახულა და ვერც მის დასაფლავებას დაესწრო... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „გაგრის საიდუმლო მოლაპარაკების მონაწილეები საღამოს 6 საათზე გავისტუმრეთ მოსკოვში და იქიდან კი თავიანთ ქვეყნებში გაემგზავრნენ. მიუხედავად საღამო ჟამისა, მზე ჯერ კიდევ კარგად აცხუნებდა. მთელი დღის ნამუშევარ სტალინს დაღლილობა არც ეტყობოდა, მაგრამ ძალიან მოწყენილი იყო. ჩვენ ვერანდაზე ვიდექით. უცებ სტალინმა მითხრა:
– რას იზამ, აქ დარჩები, გაგრაში თუ მოსკოვში გაემგზავრები?
– შენ რა, მოსკოვში არ მოფრინავ? – ვკითხე სტალინს.
– არა. თბილისში უნდა გავფრინდე და დედის საფლავი ვნახო, – მიპასუხა სტალინმა.
– მეც ხომ არ წამოვიდე?
– არა, თავი გააქნია მან და დაამატა, – მარტო უნდა გავემგზავრო. მოსკოვში ზეგ ვიქნები.
ერთი საათის შემდეგ სტალინის თვითმფრინავმა გაგრის პატარა აეროდრომიდან თბილისისაკენ აიღო გეზი...“
სტალინის პირადი მცველი მიხეილ თევდორაძე წერდა: „თბილისში ღამის 10 საათზე დავეშვით და დიდუბის პატარა აეროდრომზე დავსხედით. სტალინს მე და ვლასიკი ვახლდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვოიაჟის შესახებ, ფაქტობრივად, არავინ გაგვიფრთხილებია, დიდუბეში ლავრენტი ბერია და სერგო გოგლიძე დაგვხვდნენ. მეტიც, ბერიამ იცოდა (ალბათ, მიხვდა), რომ სტალინი დედის საფლავის მოსანახულებლად იყო ჩამოსული და უთხრა: – ამხანაგო სტალინ, მთაწმინდის პანთეონზე ასასვლელად მანქანა მზადააო. ერთი სიტყვით, პანთეონამდე მანქანებით ავედით, შემდეგ სტალინმა უკან გაყოლა აგვიკრძალა და ფეხით, მარტომ იარა, თანაც ბერიას მიერ მოტანილი ვარდების თაიგულიც თან გაიყოლა... დილის 6 საათი სრულდებოდა, როცა სტალინი დაბრუნდა და მომეჩვენა, რომ ის ნამტირალევი იყო...“