№35 ექიმის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს ბორელიოზის დაავადება უშლის თუ არა ხელს დაორსულებას და ვნებს თუ არა ნაყოფს?
პასუხი: ბორელიოზი არის ინფექციური დაავადება, რომელის ტკიპების საშუალებით გადადის. მისთვის დამახასიათებელია: სისუსტე, დაღლილობა, დისკომფორტი, მოუსვენრობა, მხედველობის გაბუნდოვნება, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კუნთების ტკივილი, დიდი სახსრების ანთება და ტკივილი, ასევე, ხასიათდება ტრიადით: ასეპტიური მენინგიტი, სახის ნერვის დამბლა და პერიფერიული ნევროპათიები. ბორელიოზი დაორსულებას ხელს არ უშლის, მაგრამ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გამომდინარე, დაავადება ართულებს ორსულობის მიმდინარეობას, ამიტომ საწყის ეტაპზე აუცილებელია დაავადებისგან განკურნება და შემდეგ ორსულობის დაგეგმვა.
კითხვა: 18 წლის გოგონას ტუჩის კუთხეში კანზე აქვს 1 სანტიმეტრის დიამეტრის გამონაყარი (წყლულოვანი ბუშტუკების გარეშე) რომელიც აციკლოვირის წასმის მერე ფერს კარგავს, მაგრამ არ ლაგდება. რა შეიძლება, იყოს და რა წავისვათ?
პასუხი: ეს არის ტუჩის კუთხის ანთება, ანგულიტი. სცადეთ და წაისვით თეთრი კასტელანის ხსნარი ტუჩის კუთხეში დღეში 2-ჯერ ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ – არგანის ზეთი, კრემი ან ლაზოლექსის გელი. თუ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად, პროცესი არ ალაგდა, მაშინ ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი, რათა ანემია გამოირიცხოს და მიმართეთ დერმატოლოგს.
კითხვა: ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რაიმე მალამო სახეზე (ნიკაპზე) ჰერპესისგან დარჩენილი სიწითლის მოსაშორებლად. უკვე ორი წელია, მაქვს.
პასუხი: სცადეთ სკინორენის მალამო 2-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.
კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ვატარო სხვადასხვანომრიანი სათვალე? გარეთ – 1.25 და სახლში – 1.0. თვალისთვის საზიანო ხომ არ იქნება?
პასუხი: საკითხავად და კომპიუტერისთვის უნდა ატაროთ განსხვავებული ნომრები, მაგრამ სახლში და გარეთ ერთი და იგივე ფუნქციის შესასრულებლად განსხვავებული ნომრების ტარებას არ გირჩევთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე