№35 პროსტატიტის სიმპტომები და პროფილაქტიკა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
პროსტატიტი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. 30 წლის შემდეგ პროსტატიტით ავადდება ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 30 პროცენტი, 40 წლის შემდეგ – 40, 50 წლის შემდეგ – 50 და ასე შემდეგ. პროსტატიტს იწვევს:
1. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ასევე – ნაწლავის ჩხირი (Esherichia coli), რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა.
2. მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (შეგუბებითი მოვლენები იწვევს ჯირკვლის ანთებას), მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის მუშაკები), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება.
3. ხშირი გადაცივება (დაივინგი, სერფინგი, ბაიდარა, სამთო-სათხილამურო სპორტი), შეკრულობა.
4. სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული).
5. შორისის ქრონიკული ტრავმა (ველოსიპედისტები, მოტოციკლისტები, ავტომობილისტები), თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტორი იმდენად პროსტატიტის განვითარების მიზეზი არ არის, რამდენადაც ხელს უწყობს ლატენტურად (ფარულად) და შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციური პროცესის გამოვლენას.
6. დაბოლოს, იმუნური სისტემის დათრგუნულობა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.
პროსტატიტი მწვავეც შეიძლება, იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული პროსტატიტი ხშირად არასათანადოდ ნამკურნალევი მწვავე პროსტატიტის შედეგია, თუმცა შესაძლოა, პროცესი იმთავითვე ქვემწვავედ, დუნედ მიედინებოდეს, არ იქცევდეს ყურადღებას და შედეგად დაავადების ქრონიკული ფორმა ჩამოყალიბდეს.
ქრონიკულ პროსტატიტს განაპირობებს მწვავე პროსტატიტის ხშირი რეციდივიც. მწვავე პროსტატიტის რამდენიმე ეპიზოდის გამეორება მეორეულ მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, რასაც საბოლოოდ ქრონიკულ პროსტატიტამდე მივყავართ. დაავადების ქრონიკულში გადასვლას ხელს უწყობს მკურნალობის თვითნებური, ნაადრევი შეწყვეტა, დაწყებული მკურნალობის გაგრძელება არა სპეციალისტის მეთვალყურეობით, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ.
ქრონიკულ პროსტატიტს ახასიათებს გამწვავების პერიოდები.
დაავადება, უმეტესად, ფარულად ვითარდება და თანდათან იღებს ქრონიკულ ხასიათს. ქრონიკული პროსტატიტის დროს ჩივილები უფრო მრავალფეროვანია, სქესობრივი ფუნქციის დარღვევიდან დაწყებული, ნერვულ-ფსიქიკური მოშლილობით დამთავრებული. ხშირად ასეთი ავადმყოფები წლების განმავლობაში მიმართავენ თერაპევტს გაუთავებელი ჩივილებით წელის ტკივილის, დაღლილობის, გულის არეში ტკივილის გამო. შედეგად დაისმება რადიკულიტის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ნევროზის დიაგნოზი და მხოლოდ ექიმის სწორად მიმართული საუბარი გამოავლენს ხოლმე ჩივილის ნამდვილ მიზეზს. ყველაზე არასასურველი და მძიმე გართულება, რაც შეიძლება, ქრონიკულ პროსტატიტს მოჰყვეს, პროსტატის კიბოა. პროსტატიტის პროფილაქტიკა ითვალისწინებს:
* ფიზიკური აქტივობის გაზრდას (მეტადრე – თუ მამაკაცს მუშაობისას უმეტესად ჯდომა უხდება. ამ შემთხვევაში სხეული საათში ერთხელ მსუბუქად მაინც უნდა გაავარჯიშოთ), ვარჯიშს, სეირნობას, სირბილს, ცურვას, ჩოგბურთის თამაშს და სხვა.
* ძილის მართებულ რეჟიმს;
* სრულფასოვან, მაგრამ დამზოგველ კვებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, ცხარე, შებოლილი და სანელებლებით შეზავებული კერძები. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, ლუდისა და გაზიანი სასმელების მიღება. კვების რაციონში უნდა შედიოდეს მოხარშული ხორცი (საქონლის ან ქათმის), მოხარშული თევზი, რძე და მისი პროდუქტები (ხაჭო, არაჟანი, ყველი, მაწონი), ბურღულეული (ბრინჯი, წიწიბურა), ბოსტნეული და ახალი ხილი, ნიგოზი, არარაფინირებული ზეთი და მწვანილი. ხილისა და ბოსტნეულის სიმცირის შემთხვევაში აუცილებელია პოლივიტამინების მიღება;
* ერიდეთ გადაცივებას – ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში. დაუშვებელია ცივ ზედაპირზე (ცივ ქვაზე, ბორდიურზე) ჯდომა;
* რეკომენდებულია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, თუმცა, აუცილებლად უსაფრთხო;
* ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას.