№35 აიმაღლეთ იმუნიტეტი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ადამიანი ახალგაზრდობას მხოლოდ ახალგაზრდა იმუნური სისტემის პირობებში ინარჩუნებს. სწორედ იმუნიტეტის ასაკობრივმა დასუსტებამ შეიძლება, გამოიწვიოს ინფექციების გართულებები. მღრღნელების კვლევამ გამოავლინა, რომ იმუნიტეტის დასუსტებას იმუნური T-უჯრედების (T-ლიმფოციტები) დეფიციტი იწვევს. სწორედ ეს უჯრედებია იმუნური დაცვის საფუძველი, ისინი უტევენ პათოგენებს და აყალიბებენ იმუნოლოგიურ მეხსიერებას.
დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულ თაგვებში ლიმფოციტების აქტივობა დაქვეითებული იყო, ხოლო ახალი უჯრედები ძალიან ნელა წარმოიქმნებოდა. ამასთან, ახალი უჯრედები სწრაფად იღუპებოდნენ ანომალიური ნივთიერებათა ცვლის გამო. ეს მათ გაყოფისა და დამოუკიდებლად აღდგენის საშუალებას არ აძლევდა.
დაბერების პროცესის უკუგანვითარებაში, მეცნიერების აზრით, დაგვეხმარება უჯრედული ნივთიერებათა ცვლის ელემენტები, მათ შორის ფორმიატი და გლიცინი. ეს ნაერთები მნიშვნელოვნად ამცირებენ უჯრედების დაღუპვის რისკს და ააქტიურებენ ახლის წარმოქმნას.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს იმუნიტეტის ასამაღლებლად:
დაჭერით პატარა ნაჭრებად 3 გათლილი საშუალო ზომის ვაშლი, დაასხით ადუღებული წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ხარშეთ. შემდეგ გააჩერეთ 30 წუთი, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და მიირთვით, როგორც ჩაი.
ფორთოხლის ჩაი: 1 წილი ფორთოხლის კანი, 1 წილი შავი ბაიხის ჩაი, ნახევარი წილი ლიმონის კანი – ყველაფერ ამას დაასხით ადუღებული წყალი: 60 გრამ მასას – 1 ლიტრი მდუღარე, დაუმატეთ ფორთოხლის სიროფი გემოვნებით და გააჩერეთ 5 წუთი.
6 ჩაის კოვზ შავ ჩაის დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე და გააჩერეთ 5 წუთი. გაწურეთ, გააგრილეთ, შეურიეთ თანაბარი რაოდენობით შავი მოცხარის წვენი. დალიეთ ისე, რომ ჭიქის 1/3 წვენი იყოს დანარჩენი – მინერალური წყალი. შაქარი – გემოვნებით.
200 გრამი წყალი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, გახეხილი ჯანჯაფილი (ნახევარი ჩაის კოვზი), დარიჩინი – დანის წვერით. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და მიირთვით. ეს კოქტეილი, გარდა იმისა, რომ ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებას. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც დიდხანს ზის კომპიუტერთან.
2 ცალი კივი, 1 ბანანი, 1 ფორთოხალი, 1 ვაშლი, 2 მანდარინი (თუ სეზონი არის), 2 სუფრის კოვზი ნიგოზი – ყველაფერი დააქუცმაცეთ, დაასხით არაჟანი, მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი. ეს უგემრიელესი დესერტი შესანიშნავად აკაჟებს ორგანიზმს.
თითო ჭიქა ქიშმიში, ნიგოზი, კურაგა გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ ყოველდღე, დილა-საღამოს ჭამამდე 2-2 სუფრის კოვზი.