№35 მიხეილ თუმანიშვილის მოღვაწეობა თეატრში ხანძრით დაიწყო
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„მისი ცხოვრება ხელოვნებაში მარცხით იწყებოდა და ტრიუმფებით გვირგვინდებოდა. ის იყო მიხეილ თუმანიშვილი...“ (ავტორი – რ. შატაკიშვილი). ბავშვობაში დრამატულ თეატრში არ დაჰყავდათ. თვითონ ოპერას ეტანებოდა. შინ არიებს მღეროდა სხვადასხვა ოპერებიდან. ბიძამ მუყაოს თეატრი გამოუჭრა. მიშა დეკორატორი იყო – „ალადინის ჯადოსნური ლამპრისა“ და სხვა სპექტაკლების დეკორაციებს აკეთებდა. მერე ცირკმა გაიტაცა – მეზობელი ცირკის ორკესტრში უკრავდა და მას დაჰყავდა. ერთხანს არქიტექტორობაც უნდოდა. 13 წლისამ რუსთაველის თეატრში ახმეტელის „ყაჩაღები“ ნახა და დრამატული თეატრი აღმოაჩინა. მიღებულმა უძლიერესმა შთაბეჭდილებამ ყველა და ყველაფერი გადაჩრდილა. ეზოს ყოველი ხე ბოჰემიის ტყის ნაწილად გადაიქცა, სარდაფი – ტავერნად, სადაც თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდები აჯანყებას ამზადებდნენ. ეზოს ყველა კედელი „ყაჩაღების“ მიზანსცენებით მოხატა. მეზობლის ქალი ჩხუბობდა, შლიდა. მეორე დღეს ნახატები ისევ ჩნდებოდა. მერვე კლასში დახაზა დიდი პროექტი და ააგო მაკეტი – ახალი თეატრის, სადაც ერთად იყო მოთავსებული დრამატული თეატრი, ოპერა, ცირკი. თავი გაწაფულ რეჟისორად წარმოიდგინა და სკოლაში „პლატონ კრეჩტიც“ დადგა. არავინ შეაჩერა, არავინ უთხრა, რომ თეატრი საშინელი თამაშია, რომელიც უმრავლესობისთვის მარცხით და სულიერი გაკოტრებით მთავრდება. არ უთხრეს, არ შეაჩერეს. კარგია, რომ არ შეაჩერეს.
18 წლისა ჯარში წაიყვანეს – 1939-ში. მერე ომიც დაიწყო. უკანდახევა დასავლეთის საზღვართან. მედდა კატია. საშინელი ღამე – გერმანელების თვითმფრინავებიდან გადმოყრილი სპეციალური შუშხუნები, დაბომბვა. საუბარი კატიასთან. კატია მსახიობობაზე ოცნებობს. ისევ უკანდახევა. ირგვლივ ყველაფრის ნგრევა. ცხედრები, დამწვარი მანქანები, დამტვრეული გზა. ტალახი. ქარი. უსიტყვოდ, ჩუმად სვლა. ისევ ბრძოლა. ალყა ტანკებით. ბომბები – ციდან. რომელიღაც პატარა სახლის დერეფანში ნაპოვნი კატიას გვამი, ცოცხში თავჩარგული. „მე და ის მაშინ ოცი წლისანი ვიყავით“... ომი დამთავრდა. მიშა დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. ერთმა დეიდამ მეგობრის დახმარებით გაიგო, რას მოითხოვდა ტოვსტონოგოვი აბიტურიენტებისგან. ბიცოლამ ლიზა ჩერქეზიშვილთან წაიყვანა. ქართულ სამოსელში გამოწყობილმა, 70 წლის ელისაბედ ჩერქეზიშვილმა ხელი გაუწოდა და ინსტიტუტამდე ფეხით ატარა. მერე სასწავლო ნაწილის გამგეს – აკაკი ფაღავას წარუდგინა: „შეხე, შეხე, რა სალდათი მოგიყვანე, ორდენებიანი და მედლებიანი“.
ინსტიტუტში ჩაირიცხა. ტოვსტონოგოვი სტუდენტებთან გოლდონის „სასტუმროს დიასახლისს“ დგამს. სტუდენტ რეჟისორებს თითო სცენა დაურიგა „დასადგმელად“. მიშას კავალერთან და მარკიზთან მირანდოლინას შეხვედრის სცენა ერგო. მიშამ სცენა მოიფიქრა. დანიშნა მის ცხოვრებაში პირველი დამოუკიდებელი რეპეტიცია. რეპეტიციაზე გამოცხადდნენ სტუდენტები – ელენე ყიფშიძე, ეროსი მანჯგალაძე, იური კაკულია. მიშამ თავისი ჩანაფიქრი გააცნო. მოიწონეს, ტექსტის წაკითხვის მერე კი დაუწუნეს – შენი გადაწყვეტა მთლად ზუსტი არააო. დიდხანს იკამათეს. „შემდეგ მათ ითამაშეს ჩემი ვარიანტი, მაგრამ ისე, რომ უკვე მე თვითონაც არ მომწონდა, თავიანთი ვარიანტი კი ისე ითამაშეს, რომ ძალიან მომეწონა და დავიბენი, არ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. თვალთ დამიბნელდა. საოცარი სიცარიელე ვიგრძენი, საშინლად ავღელდი და სხვა უკეთესი რომ ვერაფერი მოვიფიქრე, შესვენება გამოვაცხადე…“
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ხორავამ თეატრში მიიყვანა. მხარს უჭერდა, ექომაგებოდა. ხელში „საწარმოო“ პიესა შეაჩეჩეს და მისი რუსთაველის თეატრში დადგმა დაავალეს. პიესაში იყო შეჯიბრი ჩაის კრეფაში, რეკორდები, თითქოს სიყვარული, ანგლობა, ფაციფუცი და მორჩა. პიესა წაიკითხა, ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა. ხატავდა ესკიზებს, წერდა სარეჟისორო გეგმას. მხატვართან ერთად მაკეტიც გააკეთა – პაწაწკინტელა სახლები, ჩაის ბუჩქები, მთები, ტყეები, მწვანე ბაირაღები… კომისიამ მაკეტს დახედა და დაიწუნა. დაიწუნა და გავიდა. ნირწამხდარი გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი სამაკეტოდან. დარბაზში სპექტაკლი მიდიოდა. იყო ხარხარი, ტაში. მიშა სახლში წავიდა, ჩაწვა. სპექტაკლის დამთავრებიდან ერთ საათში: ხანძარი თეატრში. დაიწვა კომისიის დაწუნებული მიშას მწვანებაირაღიანი მაკეტიც.
„ასე ხანძრით დაიწყო ჩემი ცხოვრება პროფესიულ თეატრში“. კარსანიძის „მარადმწვანე ქედების“ პრემიერა. მარცხი… „მე უმეტეს შემთხვევაში იმას ვდგამდი, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა იმას, რაც გულით მინდოდა, ის კი სულ რამდენჯერმე დავდგი“, – ამას მოგვიანებით იტყვის. წარმატებამდე თანამოაზრეთა დარაზმვა. აყოლიება – მიხეილ თუმანიშვილი თავის მეგობარ მსახიობებთან ერთად რესტორან „გემოში“, ჭიქით ხელში რომ შეჰფიცეს ერთმანეთს: სამუდამოდ ერთად ვიქნებით და ერთად შევქმნით ახალ ხელოვნებასო.
კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ნოდარ ჩხეიძე, მერაბ გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე… „ეს ჩემი არმია მზად იყო შტამპების წინააღმდეგ გასალაშქრებლად, შტამპებისა და... ჩვენ გვაწვალებდა სიყალბე სცენაზე და ვოცნებობდით ახალ ხერხებსა და საშუალებებზე…“
კოტე მახარაძესთან ერთად დაწერილი ინსცენირება. ხორავას მხარდაჭერა: დადგით, იმუშავეთ რეპეტიციებიდან თავისუფალ დროს. რეპეტიციები გვიან ღამით, დერეფნებში, ფოიეში, სახლებში… ფანატიზმი. თავდაუზოგავი შრომა და პირველი გულით დადგმული სპექტაკლი – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“. პირველი წარმატება, აღიარება. თუმანიშვილს ხორავა დაიბარებს. კიდევ ერთხელ შეაქებს. მერე ეტყვის: ისტორიულ-რევოლუციური სპექტაკლების ციკლი უნდა შევქმნათ და ამ პოლიტდეკადის ერთიანი ფორმა შენ უნდა მოიფიქროო. და კიდევ: ციკლს საფუძვლად „სკკპ(ბ) ისტორიის მოკლე კურსი“ უნდა დაედოსო. მიშას გაუხარდება, ამხელა მისია რომ დააკისრეს, წამოვა, მაგრამ ზემოდან ხორავას გვრგვინვა მოესმის: „მიშა, დაიცადე“, და უშველებელ წითელ ვაშლს აჩუქებს. მიშას კი უხარია, მაგრამ ამ დავალებას ვერ შეუსრულებს, ბევრს იწვალებს, მაგრამ ფორმას ვერ მოიფიქრებს… მერე იქნება დღეს უკვე ლეგენდადქცეული სპექტაკლი – ფეიერვერკული „ესპანელი მღვდელი“, შემდეგ კი – ღმერთების დამხობა, თეატრის ღმერთების. მძვინვარე ბრძოლა თეატრის უფროს თაობასთან. აკაკი დვალიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, დოდო ალექსიძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის საზეიმოდ დადებული ფიცი – რომ იბრძოლებენ ხორავასა და ვასაძის სათეატრო დიქტატურის წინააღმდეგ. ინტრიგები, ბრძოლა კულისებში, ბრძოლა ღიად. მიღწეული მიზანი. 1955 წელს ხორავასა და ვასაძეს ხსნიან. მაშინ იტყვიან, „20-წლიანი დიქტატურა დაემხოო“, თუმანიშვილი მერე დაწერს: „ხორავასა და
ვასაძის განთავისუფლება უკვე ეპოქაა“. ხორავა თუმანიშვილს ეტყვის: ყველა უბედურება შენგან მოდის. მერე იყო კვლავ მარცხი. კისრის წამტვრევაც. „ესპანელი მღვდლის“ მერე შეუჩნდებიან: „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, ახმეტელი! შენ მისი საქმის გამგრძელებელი უნდა იყო“. ისიც საფუძვლიანად ჩაუჯდება ახმეტელის მემკვიდრეობას და გადაწყვეტს, დადგას ჰეროიკულ-რომანტიკული სპექტაკლი, ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“.
ვასაძის განთავისუფლება უკვე ეპოქაა“. ხორავა თუმანიშვილს ეტყვის: ყველა უბედურება შენგან მოდის. მერე იყო კვლავ მარცხი. კისრის წამტვრევაც. „ესპანელი მღვდლის“ მერე შეუჩნდებიან: „მიშა, შენ ახმეტელი ხარ, ახმეტელი! შენ მისი საქმის გამგრძელებელი უნდა იყო“. ისიც საფუძვლიანად ჩაუჯდება ახმეტელის მემკვიდრეობას და გადაწყვეტს, დადგას ჰეროიკულ-რომანტიკული სპექტაკლი, ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“.
სტუმრად ფინელი რეჟისორი და ახლა იმის ხოტბა-დიდება: „სცენური რიტმისა და ტემპების კომპოზიტორი ხართ“. მთლად თავბრუ დაეხვა, უფრო შეუტია… შემდეგ ხალხით გატენილი დარბაზი. გასინჯვა. „ხუთი წუთის დაწყებული არ იყო, რომ მივხვდი – ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი ეს გახვრეტილ შაურადაც არ ღირდა“. კოშმარულ მარცხს ისევ ტრიუმფები ჩაენაცვლა. კოუჰორტის „როცა ასეთი სიყვარულია“. შემდეგ დაუვიწყარი „ჭინჭრაქა“. მანამდე კონკურენტის გზიდან ჩამოშორება – თეატრს დოდო ალექსიძე ტოვებს. ისევ ტრიუმფი – „ანტიგონე“. რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორობა, „იულიუს კეისარი“ და… რეჟისორი თეატრიდან წავიდა. შვიდკაცას ნელი კვდომა. ინტრიგები. წავიდა თეატრიდან, სადაც თითქმის 25 წელი იმუშავა, რომელსაც თითქმის 25 წელი შესწირა… „ჩემი მეუღლე მამშვიდებს, შენ კი არ შეგიწირავს თეატრისთვის 25 წელი, თეატრმა მოგცა საშუალება, მის კედლებში 25 წელი გემუშავაო, შეიძლება, მართალიც იყოს“…
ის წავიდა. „მე თეატრიდან წავედი იმის გამო, რომ ჩემი თანამებრძოლები უკვე ვეღარ მიგებდნენ ან მე ვერ ვუგებდი მათ… საბოლოოდ აღმოვჩნდით – მე და ისინი“. შემდეგ იყო პაუზა. რამდენიმე წელი მხოლოდ თეატრალურ ინსტიტუტსა და ტელევიზიაში მოღვაწეობა. მერე ისევ თეატრი – კინოსტუდიის თეატრალური სახელოსნო. მერე – კინომსახიობთა თეატრი. ახალი შეგირდები, ახალი თანამებრძოლები. ისევ წარმატებები. „ბაკულას ღორები“, „დონ ჟუანი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“... და „ჩვენი პატარა ქალაქი“ – სპექტაკლი რომ გასევდიანებს და არ გამძიმებს, შენდაუნებურად ცრემლს რომ მოგგვრის, მაგრამ მერე იმ ცრემლიან თვალს იმედის სხივით რომ აგინთებს, ამოუცნობ სითბოს რომ ჩაგიღვრის სულში და გაგიჩენს სურვილს, დააფასო ამქვეყნად ყოფნის ფაქტი – სიცოცხლე, დააფასო ადამიანები, სანამ შენ გვერდით არიან…
„რამდენ ხანს გავძლებთ? ვინ იცის. რამდენსაც შევძლებთ, იმდენ ხანს ვიარსებებთ“, – წერდა კინომსახიობთა თეატრზე მიხეილ თუმანიშვილი. ამ თეატრში მან სიცოცხლის ბოლო 18 წელი გაატარა. 18 წელი ცოტა არაა, თუნდაც შენს დაარსებულ თეატრში. მარჯანიშვილს 4 წელიც არ აცალეს. სისხლი მოუწამლეს.