კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 სავალდებულო სამსახურის როგორი სისტემაა ისრაელში და რატომ არ მიჰყავთ ჯარში, ვისაც არ უნდა არმიაში სამსახური

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  სამწუხარო და ყველასთვის ცნობილი რეალობაა, რომ საქართველოში ჯარში სამსახურს არ სწყალობენ და იმდენადაც კი, რომ დეზერტირობის ხიბლმა თვით პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“ აფიქრებინა, რელიგიური ორგანიზაცია შეექმნა და ცნობები დაერიგებინა, რათა დეზერტირობის მსურველებს უტყუარი ალიბი ჰქონოდათ სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან თავის დასახსნელად (დეზერტირობას მე ვუწოდებ, თორემ, მათი აზრით, ადამიანის უფლებებს იცავენ). ოფიციალურად, ამგვარ მიდგომას ჩვენებური მამრები (მათი უმეტესობის, რადგან, საბედნიეროდ, გამონაკლისებიც არსებობენ) იმით ამართლებენ, რომ ჯარში სამსახური ყარაულში დგომას ნიშნავს. თუმცა, მეორე მხრივ, არც არავინ უშლის მათ, თუკი ნარკოტიკების  ლეგალიზაციის მოთხოვნით აწყობენ აქციებს, ქვეყნის ჯეროვნად დაცვის სწავლებაც მოითხოვონ. როგორც ჩანს, დამშლელი ერთია – ფასეულობები, რადგან სულ უფრო და უფრო მკვიდრდება მოსაზრება, რომ ჯარი საკონტრაქტო უნდა იყოს და ფულიანებმა და ლამაზებმა (ეს რემარკა ჩემია და ოდნავ გაბუქებული, ოღონდ არსს არ ცვლის) გადაუხადონ ფული უფულოებსა და ულამაზოებს, რომლებიც სახელმწიფოსაც დაიცავენ და ლამაზებისა და ფულიანების ნაცვლად დაიხოცებიან. მაგრამ საქმე ისაა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, თუ მთელი მოსახლეობა იმსახურებს დაქირავებულ ჯარში, თორემ სხვა შემთხვევაში თავის ეფექტიანად დაცვა არ გამოგვივა, ოღონდ მე მათიც მესმის, ტრანსფარანტის – „არა ოკუპაციას“ – დამზადება და ხელში დაჭერა რომ ურჩევნიათ ნაღმზე აფეთქებას. ერთი სიტყვით, ებრაელ პოლიტოლოგ აბრაამ შმულევიჩს გავესაუბრე ისრაელში არსებულ გაწვევის სისტემაზე, იქნებ ჩემს თანამემამულეებს ცოტათი შერცხვეთ-მეთქი.
– გაწვევის როგორი სისტემაა დღეს ისრაელში და რამ მიგიყვანათ ასეთის და არა სხვანაირის შექმნამდე? ანუ როგორია პრეისტორია.
– იცით, რომ ებრაელები დაუბრუნდნენ თავიანთ მიწა-წყალს თითქმის 2 000 წლის შემდეგ, ამას არ ეთანხმებოდნენ არაბები, არც ინგლისელები, რომლებიც ამ ტერიტორიას ფლობდნენ მანამდე და, თუმცა სიტყვიერად ამბობდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ ებრაული სახელმწიფოს შექმნას, საქმით ეწინააღმდეგებოდნენ. როდესაც შეიქმნა ებრაული სახელმწიფო, პირველივე დღეს მეზობელმა 5-მა არაბულმა სახელმწიფომ გამოუცხადა ომი. იმ დროს ისრაელის მოსახლეობა მხოლოდ 600 000 იყო, არაფერი გააჩნდათ, მაშინ, როდესაც არაბებს ჰყავდათ რეგულარული არმიები და ებრაელები იმთავითვე მიხვდნენ, თუ არ ისწავლიდნენ თავის დაცვას, უბრალოდ, შეწყვეტდნენ არსებობას. ამიტომ გაწვევის სისტემა შეიქმნა სახელმწიფოს შექმნისთანავე.
– არ შეცვლილა მას შემდეგ?
– არსობრივად არა, იცვლებოდა დეტალები. მოკლედ რომ ვთქვა, ჯარში სამსახური სავალდებულოა ყველასთვის, მაგრამ, ვისაც არ უნდა, მას შეუძლია, არ იმსახუროს. იწვევენ ყველა ვაჟს 18 წლის ასაკიდან, ისევე, როგორც გოგონებს. არსებობს ალტერნატიული სამსახურიც და, თუ გოგონა რელიგიურია და აცხადებს, რომ რელიგიური მოსაზრებების გამო ჯარში სამსახური არ სურს, ირჩევს ალტერნატიულ სამსახურს. ვაჟებსაც შეუძლიათ, აირჩიონ ალტერნატიული სამსახური და ისინიც სარგებლობენ სამხედრო მოსამსახურის უფლებებით.
– ჩვენც გვაქვს ალტერნატიული სამსახური, მაგრამ ვერ მუშაობს. რას საქმიანობენ ალტერნატიულ სამსახურში თქვენთან?
– მუშაობენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, ანუ საზოგადოებრივ სამუშაოს ასრულებენ და იღებენ სიმბოლურ ანაზღაურებას, ისევე, როგორც სამხედრო მოსამსახურეები, დაახლოებით, 100-200 დოლარს, რაც საკმარისია ელემენტარული ხარჯებისთვის. არმიაში კი ორი სახის სამსახურია, არაოფიციალურად, მაგრამ რეალურად ასეა: არასაბრძოლო და საბრძოლო.
– ანუ წვევამდელებიც იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში?
– რა თქმა უნდა. ახალწვეულები გაწვევისთანავე იღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. ჩვენ არ გვყავს საკონტრაქტო ჯარი. ადამიანს შეუძლია, დარჩეს ჯარში სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, გახდეს ოფიცერი, მაგრამ რიგითი შემადგენლობა გაწვეულები არიან. ისრაელში ვერ გახდები ოფიცერი, თუ არ გაგივლია საბრძოლო მომზადების სრული პროცესი რიგითიდან. სამხედრო სასწავლებლის დამთავრება არ არის საკმარისი სამხედრო კარიერის შესაქმნელად. მათი ფინანსური მდგომარეობა, საბრძოლო ნაწილებში ვინც მსახურობს, ცოტათი უკეთესია. ისინი იღებენ ოდნავ მეტ თანხას და ამას გარდა, ყველა, ვინც იმსახურა ჯარში, სარგებლობს გარკვეული შეღავათებით: მათ უფინანსდებათ სწავლა, ოღონდ მთელი სასწავლო კურსი არა, ერთი-ორი წელი მხოლოდ და ეს ეხება მათაც, ვინც ალტერნატიულ სამსახურს ირჩევს. რეალურად, უფრო მომგებიანია, არ იმსახურო ჯარში, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით. ოფიცრები მაღალ ანაზღაურებას იღებენ, მაგრამ რიგითები – ფაქტობრივად, არაფერს. რეალურად, თუ არ მიდიხარ ჯარში და განაგრძობ სწავლას ან საქმდები კარგ სამსახურში, მოგებული ხარ. თუმცა არმია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გააუმჯობესის პირობები. იქ არის კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა კურსი.
– მხოლოდ გოგონებს აქვთ უფლება, რელიგიური მოტივით, უარი თქვან ჯარში სამსახურზე და აირჩიონ ალტერნატიულიო, ვაჟებისგან რა მოტივია საკმარისი, რომ ჯარში არ წავიდნენ?
– თუ ვინმეს არ სურს ჯარში სამსახური, ის არც მსახურობს. ყველა წვევამდელი გადის სამედიცინო კომისიას, მათ შორის, ფსიქიატრიულ შემოწმებას და, თუ იტყვი, რომ ჯარში სამსახური არ გინდა, რომ გეშინია ან გძულს, გაგათავისუფლებენ ფსიქიატრიული ცნობით. თუ ძალიან არ გინდა ჯარში სამსახური, ჯარში არ წაგიყვანენ. არმიას არ სჭირდება ადამიანები, რომლებიც შემდეგ პრობლემებს შექმნიან. ასევე, ჯარში არ მიჰყავთ ისინიც, ვისაც პრობლემები ჰქონია პოლიციასთან.
– და როგორ წარიმართება ხოლმე შემდეგ მათი ცხოვრება, რომლებსაც ძალიან არ უნდათ არმიაში სამსახური?
– არის რაღაც სამსახურები, სადაც დასასაქმებლად აუცილებელია ჯარში სამსახური, მაგრამ შესაძლებელია, მოეწყო კერძო სექტორში. ბევრი არც მსახურობს, იმიტომ რომ მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, მიმდინარეობს არმიის მოდერნიზება.
– და აღარ არის მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალის ყოლის აუცილებლობა?
– ამას გარდა, საბრძოლო ნაწილებში მოსახვედრად კონკურსია. როდესაც ჩემი შვილი მსახურობდა სადესანტო ჯარებში, ერთ ადგილას რვა მსურველი იყო. ყველა წვევამდელს ეკითხებიან, თუ რომელ საჯარისო ნაწილში უნდა სამსახური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოხვდება იქ, სადაც უნდა.
– უნდა შეესაბამებოდეს თავის სურვილს?
– თუ ადამიანი ამბობს, რომ არ უნდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამსახური, უდიდესი ალბათობით, არც გაგზავნიან იქ. ასევე, არმიას აქვს თავისი ინდექსი და ყურადღება ექცევა განათლების დონეს, ნიშნებს. მაგალითად, ჩემს უფროს ვაჟს გადრატეხის ასაკში დაეწყო პრობლემები სწავლის გამო, უბრალოდ არ უნდოდა სწავლა. მართალია, იწვევენ 18 წლის ასაკში, მაგრამ პირველად ახალგაზრდებს გაესაუბრებიან 16 წლის ასაკში. როდესაც ჩემს ვაჟს უთხრეს, რომ, თუ ცუდი ნიშნები ექნება, ძალიან მცირეა შანსი, მოხვდეს სპეცრაზმში და გახდეს მედესანტე, ამან მასზე ძალიან იმოქმედა. თუ ადამიანს უნდა, რომ მოხვდეს საბრძოლო ნაწილებში, არ უნდა ჰქონდეს კრიმინალური წარსული, უნდა ჰქონდეს კარგი ატესტატი და ყველაზე მოწინავე და რთულ ადგილებში იგზავნებიან კონკურსის წესით.
– კონკურსის არსებობას რით ხსნით ყველაზე რთულ პოზიციებსა და სახიფათო ზონებში? ანაზღაურებას არ იღებენ, სამხედრო კარიერის გაკეთება არ უნდათ, მაგრამ რისკავენ სიცოცხლეს.
– თავისუფლადაა შესაძლებელი, დაიღუპონ. ჩემს ვაჟს ჰქონდა ფეხების პრობლემები, იმიტომ რომ მძიმე ტვირთებს ზიდავდნენ. ძალიან რთული სამუშაოა, მაგრამ ადამიანებს უნდათ, დაიცვან თავიანთი სამშობლო. მათ იციან, თუ ისინი დაიცავენ, მათაც დაიცავენ და, თუ მათაც იცავდნენ, თავადაც სურთ, სხვები დაიცვან. მთავარი პირობაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ისეთი სახელმწიფო, რომლის დაცვაც მოუნდებათ. მეორეც – ჯარისკაცი დარწმუნებულია, რომ მას არ მიატოვებენ, მას დაიცავს მთელი არმია. ჯარის ერთგულება გამოიხატება იმაშიც, რომ ჯარში სამსახურის შემდეგაც მიიღებს დახმარებას. შეუძლებელია, ისრაელში ნახოთ საბრძოლო მოქმედებებში დახეიბრებული ითხოვდეს მოწყალებას. სახელმწიფო ზრუნავს თავის ჯარისკაცებზე, ისინი აცნობიერებენ, რას იცავენ და იციან, თუ არ დაიცავენ, განადგურდებიან. ისრაელში არის ამ თემაზე კონსენსუსი.
– საზოგადოების შეთანხმების შედეგია, რომ ყველანი ვიცავთ ჩვენს ქვეყანას.
– დიახ. არმიაში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. იქ არიან ახალი რეპატრიანტებიც და ისინი ჯარში სწავლობენ ენასაც და სპეციალობასაც და ერწყმიან ისრაელის საზოგადოებას. არმიის სოციალური პრესტიჟი საკმაოდ მაღალია, ეს უკავშირდება იმასაც, რომ არმიას იძულებით არავინ მიჰყავს. როდესაც მე ჩემს შვილს ვუშვებ ჯარში, მე ვიცი, რომ ის მოხვდება კარგ გარემოცვაში.
– ენდობით თქვენს სახელმწიფოს ანუ.
– მე ვენდობი არმიას! და არმიამაც იცის, რომ ჩვენ მას ვანდობთ საკუთარ შვილებს. როდესაც ჩემი შვილი მიდის არმიაში, მე მშვიდად ვარ. სამწუხაროდ, სწავლებების დროსაც ხდება უბედური შემთხვევები, მიმდინარეობს ომი, მაგრამ მე ვიცი, რომ არმია, თუმცა ხისტი ინსტიტუტია, იზრუნებს მასზე.
– როგორც ვიცი, დედისერთების მშობლებს შეუძლიათ, მოითხოვონ, რომ მათი შვილი არ გაუშვან საბრძოლო მოქმედებების ზონაში.
– დედისერთებს საბრძოლო მოქმედებების ზონაში არ უშვებენ მშობლების თანხმობის გარეშე და ხშირად ეს ხდება ოჯახებში სკანდალის მიზეზი, იმიტომ რომ შვილებს უნდათ საბრძოლო ნაწილებში მსახური, მშობლები კი ნებას არ რთავენ.

скачать dle 11.3