№35 როგორ ჩაახშო საქართველომ ოსების აჯანყება, როგორ გადაჰყვა უკანდახეულებს ჩრდილო კავკასიაში და გადაუხადა კომპენსაცია დაზარალებულ ოსებს
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მას შემდეგ, რაც რფ-ის პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიის თავისებური ვერსია შემოგვთავაზა და, მათ შორის, 1920 წელს ოსების გენოციდი დაგვაბრალა, „იუჟნაია ოსეტიის“ „პარლამენტმა“ უმალ მიმართა რუსეთის „დუმას“ „ოსთა გენოციდის“ აღიარების მოთხოვნით. „დუმამ“ დოკუმენტი მიიღო და განხილვასაც დაგვპირდა. მეორე მხრივ, „გენოციდის“ ვერსიას კარგა ხანია, ავითარებენ ჩვენი თანამემამულე ოსი სეპარატისტები, თუმცა, რეალურად, საქმე სულ სხვაგვარად იყო და ბოლშევიკებთან შეკრული ზოგიერთი ოსი, უბრალოდ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ცდილობდა ტერიტორიის ჩამოჭრას, რასაც 2008 წელს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც. დიპლომატიის მკვლევარ სიმონ კილაძესთან ერთად ვიმსჯელებთ 1920 წლის მოვლენებზე, რა თქმა უნდა, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით.
სიმონ კილაძე: გენოციდის თემა ოსების გონებას საკმაო ხანია, აღელვებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, სიყალბე სინამდვილედ მოგვაჩვენონ. ოსი სეპარატისტები, თავიანთი ვაი-მეცნიერების დახმარებით, ცდილობენ, ახლებური ინტერპრეტაცია მისცენ მომხდარ მოვლენებს და ისე წარმოგვიდგინონ, თითქოსდა 1920 წლის მაის-ივნისში მოხდა „გენოციდი“. სხვათა შორის, ოსები ჯერ კიდევ 1918 წელს აუჯანყდნენ საქართველოს პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკას.
1920 წლის 23 მარტს კავკასიის სამხარეო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მომხდარიყო აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ, როგორც ტერიტორიული ერთეული, არ არსებობდა, არსებობდა გორის მაზრა, რომელშიც შედიოდა ჯავა, ცხინვალი, როკი, ანუ დაგეგმეს აჯანყება გორის მაზრის ჩრდილოეთით. იმ ტერიტორიაზე, სადაც ოსური მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ცხოვრობდა, რადგან, მაგალითად, ცხინვალში, ძალიან ცოტა ოსი იყო, რათა ჩამოეშორებინათ საქართველოს რესპუბლიკისთვის და შემდეგ მიეერთებინათ საბჭოთა რუსეთისთვის. ამ დროს ჩრდილო კავკასიაში უკვე საბჭოთა რუსეთი იყო გაბატონებული და ბოლშევიკებმა გადმოიხედეს კავკასიონის ქედის სამხრეთით. კავკასიის კომიტეტის სხდომაში ქართველი ბოლშევიკებიც იღებდნენ მონაწილეობას და 1920 წლის მაისის დასაწყისში დაიწყო აჯანყება.
– რა მოიმოქმედეს? იმ ტერიტორიაზე, ხომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ვრცელდებოდა?
– რასაკვირველია, ცხინვალში იდგნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გარნიზონი და სახალხო გვარდიის ნაწილები. ჯავა იყო აჯანყებულთა ცენტრი, იქ იყო აჯანყებულთა მთავარი შტაბი და მათ მიიღეს სამხედრო დახმარება ჩრდილო კავკასიიდან, მაშინ უკვე შექმნილი იყო ჩრდილოეთ ოსეთი. ზაფხული იყო და ამიტომ გადაადგილება არ ჭირდა. შეიარაღებული რაზმები როკის უღელტეხილით შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ მათ დაარღვიეს ჩვენი საზღვარი და დაეხმარნენ აჯანყებულებს. აჯანყებულებმა შეტევა განახორციელეს და რა დასამალია, ცხინვალიც აიღეს. როგორც გითხარით, იქ იდგნენ შეიარაღებული ძალებისა და სახალხო გვარდიის ნაწილები, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს გარნიზონი იყო ძალიან მცირერიცხოვანი. გავიხსენოთ, რომ 1920 წლის მაისში საქართველო აზერბაიჯანის მიმართულებით ებრძოდა წითელ არმიას, მდინარე ხრამთან, წითელ ხიდთან... რადგან, როდესაც აზერბაიჯანი გასაბჭოვდა, წითელმა არმიამ, სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით, მოისურვა საქართველოს გასაბჭოებაც და ჯარის შემოყვანა.
– და პარალელურად, წითელ რუსეთთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება რუსეთ-საქართველოს შორის საზღვრის დადგენაზე.
– დიახ, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას ამზადებდნენ მოსკოვში და, წესით, მოლაპარაკებების პროცესში არანაირი გამოსვლები არ უნდა მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ მოხდა. რაკი საქართველოს ხელისუფლებას ჯარების დიდი ნაწილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჰყავდა გადასროლილი, ცხინვალის გარნიზონი მცირერიცხოვანი იყო და, ცხადია, ოსმა შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს მათი დამარცხება. ჩამოყალიბდა რევკომი.
– გამოაძევეს ჩვენი გარნიზონი? ტყვედ აიყვანეს?
– ბრძოლები გაიმართა და, რა თქმა უნდა, ჩვენმა გარნიზონმა უკან დაიხია. ოსებმა გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება დუშეთის მაზრამდეც კი, გორის მაზრის ჩრდილოეთ ნაწილში, ანუ დღევანდელი გაგებით – საჩხერიდან დუშეთამდე. რევკომის თავმჯდომარე იყო ვასო აბაევი, ცნობილი ოსი ბოლშევიკი და მათ გამოაცხადეს, ეთხოვოს საბჭოთა რუსეთს, რომ შეიერთოს ეს ტერიტორია. გასაგებია, რომ ეს ჩვენს ხელისუფლებას შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და ჯერ ლოიალური დამოკიდებულება არჩია აჯანყებულებთან. რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ ისინი ეწეოდნენ წითელ პროპაგანდას და, თუ არ გაჩერდებოდნენ, ეს მათთვის ცუდ შედეგს მოიტანდა.
– როგორ აფრთხილებდა, რა საშუალებებით?
– აფრთხილებდა მაშინდელი პარლამენტი, მთავრობა, დეპეშათა სააგენტოც არსებობდა, გაზეთებიც. ასე რომ, აჯანყებულებმა იცოდნენ, რომ სახელმწიფო აფრთხილებდა მათ, თავი დაენებებინათ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის, მაგრამ ყურად არ იღეს. იმედი ჰქონდათ, რომ წითელი არმიის ნაწილები აზერბაიჯანიდან დაეხმარებოდნენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, წინააღმდეგობა გაეწია აზერბაიჯანიდან შემოსულ წითელი არმიის ნაწილებს და გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელსაც აღსტაფის ხელშეკრულება დაერქვა და დღის წესრიგში დადგა საქართველოს ტერიტორიის გაწმენდა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული ბოლშევიკებისგან, რომელსაც ზედ მიჰყვებოდნენ ადგილობრივი ბოლშევიკებიც. გორში თავი მოუყარეს საქართველოს რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილებს, რომლებსაც სათავეში ჩაუდგნენ გენერალი კონიაშვილი და ვალიკო ჯუღელი – გვარდიის ხელმძღვანელი. ყველა სახელმწიფოს, თუ პატივს სცემს საკუთარ თავს, ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, როდესაც დღის წესრიგში დგება აჯანყებულების მიერ ქვეყნის ტერიტორიის დანაწევრება, მაშინდელი საერთაშორისო სამართლის მიხედვით (თუ ოსებს ეჭვი ეპარებათ, ჩაიხედონ 1912 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ მარტენსის საერთაშორისო სამართლის სახელმძღვანელოში), ვალდებულია, დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა ყველა საშუალებით. ამდენად, საქართველოს მთავრობის მიერ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური.
– როგორ დაერქვა აჯანყების, რომლის მიზანიც იყო საქართველოსთვის ტერიტორიის ჩამოჭრა, ჩაქრობას „გენოციდი“?
– ოსებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და სახალხო გვარდიამ ჩაიდინა მათი გენოციდი. ახლავე ვიტყვი, როდესაც არ ესმით ტკბილი სიტყვა, გაფრთხილება, თითქმის ეხვეწებოდნენ, აჯანყების ძალით ჩახშობა გიწევს და ამას მოჰყვება მსხვერპლი.
– ჩვენი მხრიდანაც ხომ მოჰყვა მსხვერპლი?
– ცხადია, ისინი წინააღმდეგობას გვიწევდნენ. იქ იყო ბევრი რუსი, ოსი და ალბათ, სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც და ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ ლეგიტიმურად გამოიყენა ძალა. გავიხსენებ ერთ საინტერესო მომენტს: ოსები ყოველთვის, როდესაც ამართლებენ თავიანთ აჯანყებას საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, იმოწმებენ ვალიკო ჯუღელის წიგნს. ვალიკო ჯუღელი, როგორც გითხარით, იყო სახალხო გვარდიის მეთაური და მან დაწერა, დღიურების სახით, წიგნი „მძიმე ჯვარი“, რომელიც გამოცემულია 1920 წლის დეკემბერში რუსულ ენაზე. მისი ჩანაწერები იწყება 1918 წლიდან და მოიცავს 1920 წლის ბოლო თვეებს. მას აღწერილი აქვს ყველა მოვლენა, რომელიც იმ პერიოდში მის თვალწინ ხდებოდა საქართველოში. ის მონაწილეობას იღებდა აჯანყების ჩახშობაშიც და მან ეს ამბავიც აღწერა. ოსები იყენებენ კონტექსტიდან ამოგდებულ მათთვის სასარგებლო ნაწყვეტებს. არადა, ეს წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ჯერჯერობით ქართულ ენაზე არ გამოცემულა, რაც ჩვენი ძალიან დიდი შეცდომაა. იქ ბევრი საინტერესო მომენტია და რომ წაგვეკითხა, გვეცოდინებოდა, როგორაა ამოგლეჯილი ის ტექსტი, რასაც ოსები ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. თუმცა რუსულ ენაზეცაა შესაძლებელი ამ წიგნის წაკითხვა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მათ, ვინც ამ თემაზე ლაპარაკობს, ეს წიგნი წაკითხული არ აქვთ. ვგულისხმობ ქართველებსაც.
– კონტრარგუმენტს ვერ უპირისპირებენ ანუ?
– დიახ, არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდე ოს ვაი-მეცნიერებს, იმავე ვლადიმერ ჯუღელის წიგნის მიხედვით.
– გენოციდად როდის შერაცხეს ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება, მაშინვე?
– არა, მაშინ ეს ტერმინიც არ იდგა დღის წესრიგში. როდესაც ოსებმა უკან დაიხიეს, რადგან ჩვენმა ჯარმა და გვარდიამ თავისი ფუნქცია შეასრულეს, როკის უღელტეხილის იქითაც გადავიდა ჩვენი გვარდია, გადარეკა აჯანყებულები, რომ მსგავსი რამ არ განმეორებულიყო. მაშინ უკვე არსებობდა ჩრდილო ოსეთი, ცენტრით ვლადიკავკაზში და, ცხადია, აქედან საკმაოდ ბევრი ლტოლვილი წავიდა. ვალიკო ჯუღელის წიგნში წერია, რომ ჩვენ ცეცხლი წავუკიდეთ ოსების სახლ-კარს, მაგრამ იქვე ამბობს, იძულებულები ვიყავით, ძალა გვეხმარა, რომ მიგვეშვა თავიანთ ნებაზე, გორსაც აიღებდნენ და კიდევ უფრო გააფართოებდნენ ჩამოსაჭრელ ტერიტორიასო. მაგრამ ამ ნაწილს ოსები აღარ ახსენებენ. ზარალი კი ნამდვილად მიადგა ოს მოსახლეობას და როდესაც ოსები გენოციდზე წერენ და „მძიმე ჯვარს“ იმოწმებენ, კარგი იქნება, წაიკითხონ საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის სტენოგრამა, რომელზეც განიხილეს, რამ გამოიწვია აჯანყება, როგორ ჩაახშვეს და რა შედეგი მოიტანა. მეტსაც ვიტყვი, საქართველოს მთავრობამ კომპენსაცია გადაუხადა იმ ოს ოჯახებს, რომლებსაც სახლ-კარი დაეწვათ, მაგრამ ამაზე არავინ არაფერს ამბობს.