№35 გულზე ცეცხლმოკიდებულები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ტყედავიწყებულები
ციმბირის ტყეების დაწვით გამოწვეული ელდა არ განელებოდა ჩვენს საზოგადოებას (მის ნაწილს, აი, ყველაზე განვითარებულებად, მაშასადამე, „პრადვინუტებად“ რომ მოაქვთ თავი), რომ ამაზონის ტყეებსაც მოეკიდა ხანძარი.
მეორე მხრივ, შფოთვაც სავსებით ბუნებრივია, იმიტომ რომ პლანეტა დედამიწაზე ელვის უსწრაფესად იკლებს ხეების რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყოფი ჟანგბადი აღარ დარჩება და დედამიწელებს ან სხვაგან გადასახლება მოუწევთ, ან უჟანგბადოდ არსებობის სწავლა, უდავოა, რომ ტყის მასივების ხანძარი საგანგაშო მოვლენაა, იმას გარდა, რომ ცხოველები და ფრინველებიც იხოცებიან.
თანაც – ამაზონისა და ციმბირის ტყეები დედამიწას ყველაზე მეტად ამარაგებენ ჟანგბადით (მაგალითად, ამაზონის ტყეების ჟანგბადის წილი 10 პროცენტია), თუმცა, რაკი ჩვენ ტყეები სამყოფი გვაქვს და სულაც რომ გადაიწვას ამაზონიც და ციმბირიც (ჯვარი სწერიათ), რაღაცას გავახერხებთ და, რაც მთავარია, ჯერ თავო და თავოო, თანამემამულეთა საყოველთაო გმინვის ფონზე, იბადება კითხვები: ამ უწვიმობასა და ხვატში ბოლოს როდის მორწყეთ საკუთარი საცხოვრებლის წინ ან უკან (თუნდაც - გვერდით) ხეები და როდის (დაპურება იქით იყოს) დაუდგით ქუჩის ძაღლებსა და კატებს ერთი პლასტმასის ქილით მაინც წყალი?!