№ნინო ხაჩიძე ნამეტნავად შეყვარებულები
მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში ყირიმის ანექსიის გამო ხმაშეჩერებულ რუსეთს ხმა აღუდგინეს და სრულუფლებიან წევრად დააბრუნეს ევროპულ თანამეგობრობაში (აბა – საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო, თავის დროზე, სანქციებიც კი არ დაუწესებიათ რფ-ისთვის), აწ უკვე აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დიდ რვიანში” რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილია (შეგახსენებთ, „დიდმა რვიანმაც“ ყირიმის ანექსიის გამო უგანა ვლ. პუტინს და 2014 წელს სოჭში დაგეგმილზე დანარჩენი შვიდიდან არც ერთი ქვეყნის პირველი პირი არ ჩავიდა).
ტრამპის აზრით, რომელიც მან რუმინეთის პრეზიდენტს გაუზიარა (რომლის რფ-ისადმი ტრფობა ცნობილია), ბევრი საკითხი, რასაც „დიდი რვიანის“ ქვეყნები განიხილავენ, რუსეთთან ერთად უნდა განხორციელდეს.
ამიტომაც, თუკი ვინმე მის დაბრუნებას განიზრახავს, მე ორივე ხელით დავეთანხმები, მით უფრო, რომ პუტინმა ობამა ჭკუაში მოატყუაო, ანუ ობამას შურისძიებად წარმოაჩინა პუტინის „დიდი რვიანიდან“ გაძევება.
თავის მხრივ, პრ.-მა პუტინმაც დაიფასა თავი (როგორ შეიძლება, დავბრუნდე ორგანიზაციაში, რომელიც არ არსებობსო), ოღონდ მთლად ბოლომდეც არ გამოუდია თავი (რფ მზადაა, დიდ შვიდეულთან ითანამშრომლოსო). ეს მოსაზრება რფ-ის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს გაანდო, რომელმაც, მართალია, განაცხადა, რუსეთი ღრმად ევროპულიაო, მაგრამ ევროკავშირთან დაძმობილება უკრაინის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ თუ გამოვაო.
საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ მხარეები საერთო ენას გამონახავენ, ცხადია, მათ შორის, უკრაინით (ჩვენითაც) ვაჭრობის ფონზე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს, რომ პარტნიორები გვიღალატებენ, არამედ მხოლოდ ერთადერთს – როცა თავად გეზარება საკუთარი ტვინის განძრევა, ამას აუცილებლად გააკეთებს სხვა და გამოგიყენებს, იმიტომ რომ ლამის დედაშვილური სიყვარულიც აღარაა ამ მზის ქვეშ უანგარო.