№34 ზაზა კოლელიშვილი: ახალგაზრდობაში გიჟი და გადარეული ვიყავი – ნახევარ სიტყვაზე მივდიოდი ყველაფერზე
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: ზაზა.
გვარი: კოლელიშვილი.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობა...
– ჩემი ბავშვობა ნამდვილად უღრუბლო და ნათელი იყო. ცოტა განსხვავებული ოჯახი მქონდა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს. მე თუ რამე მიჭირდა, აუცილებლად უნდა მომეყოლა მშობლებისთვის. ეს არ ყოფილა ძალდატანებით, უბრალოდ, ცხოვრების წესად გვქონდა. დღესაც მგონია, როცა რაღაც ვიცი, აუცილებლად უნდა ვუთხრა ჩემ გვერდზე მყოფს, თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო და დელიკატური საკითხი არაა. სულ მახსოვს ერთი ისტორია: მამაჩემმა რაღაც ხმამაღლა უთხრა დედაჩემს და პროტესტის ნიშნად, სამი ღორი ჰყავდათ დაკლული და ყველას ნავთი გადავასხი. მაშინ, დაახლოებით, ოთხი წლის ვიყავი, გაგიჟდა კაცი. ბაბუამ უთხრა მამას, იცოდეთ, ამას უნდა მოერიდოთო (იცინის).
– რისკიანი ხართ?
– უკან დამხევიც არ ვარ, როცა საჭიროა, ვრისკავ. სიფრთხილე წლებთან ერთად მოდის, ახალგაზრდობაში გიჟი და გადარეული ვიყავი – ნახევარ სიტყვაზე მივდიოდი ყველაფერზე. წლებს მოაქვს ცოტა მეტი დაფიქრება, რამდენად ღირს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ არსებობს რაღაც სიტუაცია, სადაც არ უნდა დაფიქრდე და გარისკო. ყველაზე დიდი რისკი იყო ჩემთვის ხუთი შვილის გაჩენა, რადგან მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო. 87 წლიდან მოყოლებული 95 წლის ჩათვლით მივაყოლეთ ბავშვები. ჩვენ გვიწევდა საჭმლის მოტანა ტყვიების ქვეშ. რა დამავიწყებს, ღამის პირველ საათზე ორ-ორი ბავშვით ჩავდიოდი, რომ ოთხი პური ამეღო. ჩემთვის რისკი იყო ისიც, რომ ერთ წელიწადში დავკრძალე 57 წლის დედა, 58 წლის მამა და 51 წლის ბიძა. ყველაზე უფროსი გვარში მე დავრჩი – სულ მარტო, ყველა ახლობელი და იმედი გამომეცალა ხელიდან. ბევრჯერ დავიწყე ნულიდან ყველაფერი – ექვსი ბინა გავყიდე, რომ ექვსი ფილმი გადამეღო.
– რა გაღიზიანებთ?
– ტყუილი, ტყუილი ამბიცია და დაქადნება. აქვს ადამიანს რაღაც მომენტები, როცა ჰგონია, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო. უნდა მოერიდოს ადამიანი ამას და თუ სხვის მიმართ რამე კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია, დაუფიქრებლად გააკეთოს, სულ ერთია, ეს რა იქნება, ლარის მიცემა, გვერდში დადგომა, საჭმლის მიტანა, საფეხურებზე ხელის შეშველება თუ სხვა.
– ბედისწერის გჯერათ?
– ნამდვილად მჯერა. ადამიანს რაც უწერია, ის არ ასცდება, მაგრამ ისიც მჯერა, ადამიანი თუ დაიმსახურებს, ბედისწერის შეცვლაც შეუძლია. ვთვლი, რომ ბევრი რამე „იქიდან“ იმართება. ამას რაც გინდათ, ის დაარქვით: უფალი, განგება, კოსმიური ძალები... ადამიანი კონტროლის ქვეშაა დაბადებიდან, თავისუფალი რომ გგონია თავი, არ ხარ თავისუფალი. სინდისი, ბოროტება, სიყვარული, თუნდაც სექსისადმი დაუოკებელი ლტოლვა რა არის? ეს ყველაფერი ხომ ადამიანისაა, მაგრამ საიდან? ამ ყველაფრისკენ ხომ რაღაც გიბიძგებს. ცოცხალი ხარ, ვიღაცამ შეგქმნა და ვიღაცის ხელდასხმით მოევლინე. ის, რაც შენია გაწვალებს, თუ ბევრ რამეში შეეწინააღმდეგე, იზრდები, ანუ ბედისწერას უნდა შეეწინააღმდეგო. თუ ადამიანი გონითა და დაფიქრებით მიუდგება, ნებისმიერ არეულ სიტუაციას დაალაგებს. ერთადერთი, რასაც ვერ გავექცევით, სიკვდილია, დანარჩენი, ზოგი კეთილი სიტყვით, ზოგი მიწოლით, ზოგი ძალით კეთდება.
– რა არის ცოდვა?
– თუ დავუკვირდებით, ყველაფერი ცოდვაა: ქალთან დაწოლა, ჭამა, სიზმარი, სმა... მთავარია, შენ როგორ გადაანაწილებ ამას. ადამიანი რომ იბადება, ცოდვილია. ამაში არის მთელი სიამოვნება – ცოდვილი ხარ, მაგრამ ისწრაფვი იმისკენ, რომ იყო, ვითარცა ხატი ღმრთისა. ზოგი მიისწრაფვის ამისკენ, ზოგი
არა და ვერც მას გავამტყუნებთ. თუ ხატებაა ღვთისა, რაღაც კატეგორია ფიქრობს, მე ვარ და ჩემი ნაბადი და რაკი მან შემქმნა, ყველაფერი მეპატიებაო. ამიტომ არის სამყარო საინტერესო, ხალხი ჭრელია. გარდა ამისა, ზოგი მათგანი, რეალური სახის მიღმა, სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და ყველა სიტუაციაში თამაშობს.
არა და ვერც მას გავამტყუნებთ. თუ ხატებაა ღვთისა, რაღაც კატეგორია ფიქრობს, მე ვარ და ჩემი ნაბადი და რაკი მან შემქმნა, ყველაფერი მეპატიებაო. ამიტომ არის სამყარო საინტერესო, ხალხი ჭრელია. გარდა ამისა, ზოგი მათგანი, რეალური სახის მიღმა, სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და ყველა სიტუაციაში თამაშობს.
– სიზმრების გჯერათ?
– კი, მჯერა. ჩემი შვილები მეუბნებიან ხოლმე, ბებიასავით ლაპარაკობო: მარილი არ უნდა დაგეპნეს, შავი კატა რომ გადაგივლის, ქუდი უნდა შეატრიალო ან გადააფურთხო, ჩანგალი რომ გადავარდება, სტუმარი მოდის... ასეთი რაღაცებისაც მჯერა (იცინის). ეს ყველაფერი ბავშვობიდან რომ მესმოდა, გამჯდარი მაქვს, თან, ახლა, ასაკში, მომწონს კიდეც ეს ყველაფერი და ხაზგასმით ვაკეთებ.
– სიყვარული – ეს არის...
– ჯილდო. ის არ აქვს ყველას, ამიტომ არის ჯილდო. შეიძლება, მთელი ცხოვრება იყო შეყვარებული ერთზე ან სხვადასხვა ქალზე. როცა გიყვარს, შეიძლება, შენთვის ნებისმიერი ქალი იყოს წმინდა, ბოზიც კი. აი, მთელი ცხოვრება რომ ერთი და იგივე ადამიანი გიყვარს, ეგ ნამეტანი ჯილდოა.
– სიყვარულს წესები აქვს?
– გიჟს ხომ არ აქვს წესები, ასეა სიყვარულიც.
– რა სიგიჟე გაგიკეთებით საყვარელი ქალის გამო?
– ვილნიუსიდან ჩამოვფრენილვარ, მერვე სართულზე იები დამიტოვებია და უკან გავფრენილვარ. ჩემს მეუღლეს დაბადების დღეზე ამოთხრილი ხე მივუტანე, ფესვებიანად ამოვთხარე და სუფრაზე მივართვი, როგორც ნატვრის ხე. ფეხმძიედ რომ იყო, ცხენით ავედი კიბეებით მეოთხე სართულზე და დიდი თაიგული ავუტანე. ბევრი სიგიჟე გამიკეთებია და ეს კარგია, როცა ახალგაზრდა ხარ; აუცილებელია მსგავსი რაღაცების გაკეთება. როცა წლები გადის ისეთი გიჟური სიყვარული აღარ არის, მერე სულ სხვა გრძნობა რჩება.
– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში?
– უზარმაზარი. ნათიას სახით განგება მომივლინეს ცხოვრებაში. რომ არა ის, ცოცხალი არ ვიქნებოდი, იმქვეყნიდან დამაბრუნა თავისი სიყვარულით, მოთმინებით და ადამიანობით. ის, რაც მე ვარ და თუ რამე დასაკვეხნი მაქვს, 80 პროცენტი ნათიას დამსახურებაა.
– შეგშურებიათ?
– ალბათ, შემშურებია. ცოცხალმა ადამიანმა არ თქვას, რომ მე არავისი შემშურებიაო. შური შურია, თეთრი და შავი არ არსებობს. არსებობს თეთრი მაგია და შავი, მაგრამ ორივე ჯადოქარია და ორივეს შეუძლია ჯადოს გაკეთება. როგორ შეიძლება, ცოცხალ ადამიანს ვინმესი არ შეშურდეს, ელემენტარულად ბღუჯას რომ ამოიღებს ფულისას და შენ რომ ათი ლარი არ გაქვს, შეგშურდება, აბა, რა. ოღონდ, ეს გუნებაში არ უნდა ჩაიდო.
– სამაგიერო თუ გადაგიხდიათ?
– ზოდიაქოთი „თხის რქა“ ვარ. მე არ ვუხდი, სხვა უხდის სამაგიეროს. მე „დაჟე“ ცუდიც არ მისურვებია. იმდენად ვიცი, თუ ვინმე ცუდს გამიკეთებს, ცუდად დაუმთავრდება, ღმერთს ვთხოვ ხოლმე, რომ იოლად გადაატაროს. ცხოვრებაში არავისთვის არასოდეს ცუდი არ მისურვებია – აი, ეს დამეკვეხნება.
– როდის ყვირით?
– სულ (იცინის). ისე ვარ გადაღებებიდან მიჩვეული, რომ წყნარად საუბარი არ შემიძლია. სულ აწეულ ტონზე ვლაპარაკობ.
– როდის ტირით?
– ხშირად და მაშინაც კი, როცა გულისამაჩუყებელ ფილმს ვუყურებ. ალბათ, ასაკის გამოა.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა. როცა საჭიროა, ბოდიშზე კარგი წამალი საკუთარი თავისთვის არ არსებობს. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს ბოდიში მისაღებია. ბოდიში არ უნდა მოიხადო, როცა იცი, აზრი აღარ აქვს.
– რას ნანობთ?
– ძალიან ბევრ რამეს, თუნდაც, მუქთად გაცდენილ დღეებს, როცა ვერაფერს აკეთებ. ვნანობ ყოველდღიურ დალევას. წელიწადი და ცხრა თვე გამიგრძელდა ყოველდღიური დალევა, როცა ოჯახის სამი წევრი ერთ წელში გარდამეცვალა. ნათიამ აქედან გამომაძვრინა. ხუთი ბოთლი არაყი იყო ყოველდღე ჩემი წილი. წერილის წაღების კანდიდატი ვიყავი და მიშველა ჩემმა მეუღლემ, თან მივიღე პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. იმენად დიდი იყო ეს წარმატება, რომ ყველაფერი „გადაჯოკრა“. მივხვდი, რომ საჭირო კაცი გავხდი და მეორე დღიდან სასმელს აღარ გავკარებივარ. როცა ხვდები, რომ საჭირო ადამიანი ხარ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
– ბილწსიტყვაობთ?
– ვაიმე, ჩემი „კაიფია“ (იცინის). თუ ვინმე გინებას იწყებს, ესე იგი ჩემი ახლობელია.
– რას ემტერებით?
– არაფერსაც არ ვემტერები. შენ თავში და კანში უნდა დაეტიო და შენთვის იყო.
– რისი გეშინია?
– დარჩენილი სიცოცხლე რომ ფუჭად არ გავლიო. კიდევ, სიკვდილის მეშინია.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– დედაჩემის ლექსშია ასეთი სიტყვები: „ნუ დამწუხრდები წარსულზე დარდებით...“ უკვე ასაკში რომ შეხვალ, წარსულზე დარდებით კი არა, დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო და ბოლო წერტილს უნდა დაელოდო. და სასურველია, ის წერტილიც ისე დასვა, რომ არავინ გააწვალო. ღმერთს ვთხოვ, შინაურსაც რომ ბეზრდები საწოლში, ისე არ მომკლას. ძალიან მინდა, გადასაღებ მოედანზე მოვკვდე ან დავიძინო და აღარ გავიღვიძო.