№34 თამარ კიკნაძე პირველი ქალი პოლიციელია ცენტრალურ აფრიკაში
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
ყოფილი გამომძიებელი ქალი, თამარ კიკნაძე პირველი და ერთადერთი ქალია ცენტრალური აფრიკის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ასევე პირველი და ერთადერთია, ვისაც ცენტრალური აფრიკის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული დამსახურებისთვის მედალი გადასცა.
თამარ კიკნაძე: ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, ვთამაშობდი ომობანას, ფეხბურთს და ფაქტობრივად, მეტსახელიც კი დამარქვეს – „ქაჯანა“. ყოველთვის მქონდა პროტესტის გრძნობა, როცა ჩემ თვალწინ სუსტი იჩაგრებოდა, ვესარჩლებოდი და ყოველთვის ვედექი გვერდით. ბავშვობაში, ბიჭებსაც ვცემდი ხოლმე, როცა გოგონებს ჩაგრავდნენ. იყო ასეთი შემთხვევა: კლასელმა ბიჭმა ჩემი კლასელი გოგონას დაჩაგვრა მოინდომა და ამ ფაქტს მე შევესწარი. ძალიან უსუსური, დაუცველი გოგონა იყო, შემეცოდა და მის მაგივრად მე გავეცი პასუხი. მაშინ ვიყავი პირველ თუ მეორე კლასში. ყოველთვის ვერეოდი ასეთ სიტუაციებში.
– როგორც ვხვდები, გოგონათა უმრავლესობასავით, პრინცესობაზე არ გიოცნებიათ.
– დეტექტიური ფილმების ყურება, დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებების კითხვა მიყვარდა და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვოცნებობდი, დეტექტივი გამოვსულიყავი. მახსოვს, საწყალი მამაჩემი სტუმრებთან ერთად სუფრასთან იჯდა, მაშინ მე, დაახლოებით, ექვსი წლის ვიყავი. მამამ დამიძახა, მოდი სუფრასთანო. მივედი და მკითხა: ვინ გინდა გამოხვიდეო? მაგიდას ვერ ვწვდებოდი და ასე გულიდან ამოსული სიტყვებით ვუთხარი, გამომძიებელი უნდა გამოვიდე, დამბაჩა უნდა მქონდეს-მეთქი. ბავშვობიდან მიყვარდა იარაღი, სულ მედო თოფი, ხანჯალი... ფეხბურთს ვთამაშობდი.
– აისრულეთ ოცნება?
– ავისრულე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ათი წელი გამომძიებლად ვმუშაობდი. ძლიერ პიროვნებასთან მომიხდა ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმა, საგამოძიებოს უფროსი ძალიან ძლიერი ქალბატონი იყო. საგამოძიებოს უფროსის თანაშემწედ ვითვლებოდი. ყველა საგამოძიებო მოქმედებას ვეცნობოდი, ვაკვირდებოდი, როგორ უნდა განხორციელებულიყო. მხოლოდ თეორიის ცოდნა არაფერია. როდესაც შეეხები და მომხდარი დანაშაულის ფაქტებს უყურებ, უფრო თვალნათელია, თუ რა ხდება იმ თეორიაში. 11 წელი ვიმუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბოლოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონში ვიყავი უფროსი გამომძიებელი. იმ პერიოდში მოქმედი პოლიციის თანამშრომელი და ოფიცერი დამერქვა. სულ მქონდა იმის შეგრძნება, ისეთი გადაწყვეტილება მიმეღო, რომ რამე გადაცდენა არ მქონოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, უდანაშაულო ადამიანი, ნებით თუ უნებლიეთ, დამნაშავე არ გამხდარიყო. ჩემთვის პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული დამნაშავე არ არსებობდა.
– ამ ხნის განმავლობაში უამრავი საგამოძიებო საქმე გექნებათ გახსნილი...
– არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ძებნილის დაკავებაში. ჩემი პირველი პატიმრის გვარიც კი მახსოვს. მქონდა ასეთი შემთხვევა: ნარკოტიკული მოხმარების ფაქტზე დავაკავეთ პიროვნება. მახსოვს, როგორ განვიცადე ის მომენტი – პირველად უნდა დამეკავებინა ადამიანი, მისთვის თავისუფლება უნდა აღმეკვეთა. ისე განვიცადე, მთელი ღამე არ მეძინა.
– ყველაზე რთული რა კატეგორიის პატიმრებთან მუშაობა იყო?
– მკვლელობის ფაქტიც გამოვიძიე. იყო ასეთი შემთხვევა, ალექსანდროვის ბაღში მოკლეს ბავშვი. ძალიან რთული იყო ბავშვებთან მუშაობა. უნდა ჩამწვდარიყავი მათ გონებაში. არაფერს ამბობდნენ. ბავშვებს თვითონ უნდოდათ სისხლის აღება, ძალიან განვიცდიდი, დანაშაულია მომხდარი და კიდევ რაიმე უბედურება არ დამატებოდა. ყველანაირი პრევენცია გავატარე. ერთ ფაქტს გეტყვით, გარდაცვლილის დედამ იცოდა, ვინ იყო მკვლელი, მაგრამ ეს ბავშვები არ ასახელებდნენ მკვლელის ვინაობას და აქედან გამომდინარე, გამოძიება უძლური იყო. ჩვენ დავადგინეთ მკვლელი ვინ იყო, მაგრამ მტკიცებულებები გვჭირდებოდა – ჩვენებების მიხედვით და ფაქტებზე დაყრდნობით. ეს ფაქტი იმიტომ მინდა ვახსენო, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა 51-ე სკოლაში და წარმომიდგენია, რა იყო და როგორ იყო ყველაფერი. ასეთი პრეცენდენტიც კი დავუშვი, მშობლებს რომ ეჭვები არ გასჩენოდათ, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდიოდა, არ ეფიქრათ, გამოძიებამ ეს არ გააკეთა ან შეგნებულად დამალაო, მე ვთხოვე ხსენებულ ქალბატონს, რომ მოსულიყო განყოფილებაში. არასრულწლოვნები, რომლებმაც რეალურად იცოდნენ, ვინ იყო მკვლელი და შეგნებულად არ ასახელებდნენ, ერთმანეთის მიმართ ზურგით დავაყენე, რომ პირისპირ არ ეყურებინათ. მშობლის თანდასწრებით ამ ბავშვებს დავუსვი საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სამი კითხვა. არცერთმა არ ისურვა მკვლელის ვინაობის დასახელება. ის ქალი არ ამოვა ჩემი თვალებიდან – ამ ბავშვებს ეხვეწებოდა: მიეცით სწორი ჩვენება, რომ ობიექტურად მოხდეს საქმის გამოძიებაო. ამას იმიტომ ვყვები, რომ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ექიმზე ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული, ხოლო გამომძიებელზე ადამიანის ბედი. შემდეგ მართლა ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი გამოცხადდა განყოფილებაში და მკვლელის ვინაობა დაასახელა.
– ყოფილა შემთხვევა, როცა დაკავების დროს დამნაშავე წინააღმდეგობას გიწევთ?
– კი. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო. „ნარკობარიგები“ აგვყავდა და გაქცევა სცადეს. სამნი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მე ქალი ვარ, ყველანაირად წინ აღვუდექი მათ გაქცევას. ერთ-ერთი სვანი იყო და მითხრა, გაიწიე, ქალი ხარ, ხელი როგორ დაგარტყაო, მაგრამ მაინც არ მივეცი საშუალება, რომ გაქცეულიყო.
- ქაბულის მისიაში როგორ მოხვდით?
– სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი ვარ. 2016 წელს, როდესაც უკვე სამხედრო ცხოვრებას რეალურად შევხედე, ძალიან მომინდა, რომ მონაწილეობა მიმეღო სამშვიდობო მისიებში. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, სერგო გაგნიძესთნ შევედი და მივმართე თხოვნით, რომ მიეღო გადაწყვეტილება, დაეშვა პრეცედენტი – მე ვიცოდი, რომ სამხედრო პოლიციიდან ქალს არასდროს მიუღია მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში. ვთხოვე მას, რომ ჩემთვის ნდობა გამოეცხადებინა და გავეშვი.
– რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ აფხაზეთის ომში 17 წლის ძმა დავკარგე, რომელიც სამხედრო პოლიციის კურსდამთავრებული იყო და მისი საფლავის ძებნა დღემდე მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ვიპოვით და წესსაც ავუგებთ. ძალიან ძნელია, როდესაც შენი სისხლისა და ხორცის საფლავი არ იცი. ჯერ რამხელა ტრაგედიაა, რომ ახლობელ ადამიანს კარგავ და როცა მისი საფლავი არ იცი, ორმაგი ტრაგედიაა. ამ ფაქტორმა დიდად განაპირობა და მეც ვფიქრობდი, რომ ამ პროცესების თანამონაწილე ვყოფილიყავი. ბატონ სერგოს ძალიან უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან იცოდა, რომ მე აფხაზეთის ომში ძმა მყავდა დაკარგული, მაგრამ მოსვენება არ მივეცი და საბოლოოდ, მან მიიღო გადაწყვეტილება, გამომიცხადა ნდობა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან მე აღმოვჩნდი პირველი ქალბატონი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქაბულის სამშვიდობო მისიაში. ვიმყოფებოდი გაძლიერებულ ასეულთან ერთად ავღანეთში. სამჯერ ვიყავი წასული და მეოთხედ მივდივარ. 2016 წელს მონაწილეობა მივიღე გაძლიერებულ ასეულთან ერთად მისიაში ქალაქ ქაბულში, სადაც ჩემს ფუნქცია-მოვალეობაში შედიოდა, რომ ქართველი სამშვიდობოების მიერ არ მომხდარიყო კანონდარღვევის ფაქტები და დაცული ყოფილიყო უსაფრთხოების ნორმები.
– როგორი ცხოვრება იყო ქაბულში?
– როდესაც ქაბულში ჩავფრინდით, ვნახეთ ძალიან გაჭირვებული მოსახლეობა. ადგილობრივი მცხოვრებლები შემოდიოდნენ ტერიტორიაზე, ითხოვდნენ წყალს, საჭმელს, რთულ ვითარებაში უხდებოდათ არსებობა, ქართველი ყოველთვის ბოლო ლუკმას გამოიღებდა პირიდან და უნაწილებდა მათ. მათი მხრიდანაც არასდროს გვიგრძნია აგრესია. ყოველთვის ნორმალური დამოკიდებულება იყო. საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენ ბაზიდან გასვლის უფლება არ გვქონდა. გადიოდა საპატრულო ეკიპაჟი. თავის ამოცანას ასრულებდა და უკან ბრუნდებოდა. მოსამსახურე პერსონალი ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ, ქართველების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილები. მათ, ვინც ჩვენთან ერთად ბაზაზე მუშაობდა, ქართული ვასწავლეთ. ჩვენ დანახვაზე „ბიჭო, ბიჭოო“ გვეძახდნენ. მეც ქართულად და ზრდილობიანად მომმართავდნენ: „ქალბატონო თამარ“. ასე თუ ისე, ჩვენს ქვეყანაზეც, შეექმნათ წარმოდგენას.
– ცენტრალურ აფრიკაში ყოფნაზე მოგვიყევით.
– აფრიკაში მისიას ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულთან ერთად ვასრულებდი. სამხედროებმა იციან ხოლმე წინასწარ გაკითხვა, თუ ვინ ჩადის მათთან ხელმძღვანელად. როცა 2016 წელს, როგორც სამხედრო პოლიციელი, აფრიკაში ჩავედი, ჩემზე უკვე ყველაფერი იცოდნენ. მას შემდეგ მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ჩვენ შორის გაუგებრობა არასოდეს მომხდარა. როგორც იურისტი და სამართალდამცველი, მაქსიმალურად ობიექტური ვარ ყველას მიმართ, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ჩინს, თანამდებობასა და დამსახურებას. უსამართლობას არასოდეს ჩავიდენ. ცენტრალურ აფრიკაში საშინელი ნესტიანი კლიმატი და ტროპიკული სიცხეებია. მალარიის საშიშროებაც არსებობს, მაგრამ აცრები ჩატარებული გვქონდა. ჩვენს საწოლს ბადეში ვფუთავდით, რომ მალარიისა და ინფექციების გადამტანი მწერებისგან თავი დაგვეცვა. აფრიკაში იყო ადგილები, სადაც თავისუფლად გადავაადგილდებოდით, მაგრამ არის ადგილები, სადაც, საფრთხეებიდან გამომდინარე, აკრძალული გვქონდა გადაადგილება.
– ბებია რომ გახდით, მისიაში იმყოფებოდით?
– ბებია მეორედ 2017 წელს გავხდი, როდესაც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიმყოფებოდი. 2018 წელს კვლავ მივიღე მონაწილეობა ცენტრალურ აფრიკაში და მინისტრმა მედალი გადმომცა, როგორც პირველ ქალს ცენტრალური აფრიკის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან.