№34 რომელი ქართული გვარი წარმოიშვა პირველად და რომელია უცხოური
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ქართული გვარების წარმომავლობა სხვადასხვა სახელსა თუ ისტორიას უკავშირდება. საქართველოში ფართოდ გავრცელებულ გვარებს ყველა ვიცნობთ, ესენია: ბერიძე, კაპანაძე, გელაშვილი, მაისურაძე, გიორგაძე, ლომიძე, ბოლქვაძე, ნოზაძე, კვარაცხელია, ხუციშვილი... როდის და რომელი გვარი წარმოიშვა პირველად საქართველოში – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ისტორიის აკადემიური დოქტორი, ეთნოლოგი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მკვლევარი, ბატონი დავით შავიანიძე გვესაუბრა.
– დაახლოებით, როდის გაჩნდა საქართველოში გვარის ცნება? თუ შეიძლება პირველი ქართული გვარის დასახელება და რა ისტორიის მქონეა ის?
– გვარი – დიდი სოციალური ერთობის აღმნიშვნელი სახელი, საქართველოს ისტორიის შესწავლის ეჭვშეუტანელი და ტევადი წყაროა. რაც შეეხება პირველი ქართული გვარსახელის წარმოშობის დროს, გვარსახელთა ეთნოისტორიული კვლევის მთავარი სპეციალისტის, პროფესორ როლანდ თოფჩიშვილის დასაბუთებული მოსაზრებით, ქართული გვარსახელი დიდი ხნის წინ, ისტორიის სიღრმეში წარმოიქმნა. მეცხრე საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული, ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული წერილობითი ძეგლი, „დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი“, გვამცნობს, რომ ამ საუკუნეში საქართველოში გვყავდნენ როგორც ფეოდალის, ისე გლეხთა მემკვიდრეობითი სახელების მატარებელნი: ფავნელს ორი ვაჟიდან ერთი ბრძოლაში დაღუპვია, მეორე შინ მოჰკვდომია. ამიტომ მეფეს მისთვის უბოძებია გლეხები შუღლაისძე და ტარიკასძე. 1071-1080 წლების საბუთში „დაწერილი ნიკოლაოს წმინდისა წინამძღვრისა“ მოხსენიებულია გვარები: ლიპარიტისძე, წირქუალელისძე, დებორიანისძე, კასალისსძე, ჯინჭრაისძე... მერვე-მეცხრე საუკუნეების საქართველოში უკვე დამთავრებულია ახალი გვარების, გვარსახელების/მემკვიდრეობითი სახელების წარმოქმნა.
– ემუქრება თუ არა რომელიმე გვარს გადაშენება?
– გვარის გადაშენების საფრთხეებს ისტორიულად სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდა. დღეს ის დამოკიდებულია შობადობაზე. ახლახან დამთავრდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ეთნოგრაფიული ექსპედიცია ქვემო ქართლში, ბოლნისის თემში. ამიტომაც ბოლნისის რაიონის სოფლების მაგალითს მოგიყვანთ: რაიონში მოსახლეობის სწრაფი ზრდა 1989 წლამდე არაქართველთა ბუნებრივი მატების მაღალი კოეფიციენტით იხსნება. 1959-1979 წლებში საქართველოს მთელი მოსახლეობის რიცხოვნობა 24 პროცენტით გაიზარდა, მაგალითად, აზერბაიჯანელებისა კი – 66 პროცენტით. ბოლნისის რაიონის ქართველებით დასახლებული სოფლების მკვიდრი ქართველები გეუბნებიან, რომ აზერბაიჯანელთა რიცხოვნობა ბუნებრივი მატების შედეგად მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან იზრდება. ის უსწრებს თავად ქართველობას და საქართველოს მოსახლეობის ყველა დანარჩენ ეთნოგრაფიულ ჯგუფს: „რომ ჩამოსახლდნენ, თავის ჭკვიანმა უთხრათ, რომ „გამრავლდი და სადაც ცხოვრობთ, იქაურობა დაიმკვიდრეთო“. ემიგრანტები ფულს უგზავნიან, ხელს უწყობენ, რომ აქედან წასვლა არ იფიქრონ. ყველაფერს სათავისოდ იყენებენ „აქაურობა ჩემიას უფლებისთვის“. უკვე მათი პრივილეგიის დამამტკიცებელს ენდობიან. ადრეულ ასაკში ათხოვებენ ადგილზევე. ბევრ შვილს ასწრებენ. უმრავლესობაში იქნებიან, ნასწავლ ქართულსაც სათავისოდ გამოიყენებენ“. თუ მატება არ იქნა, კლებისა და უარესი მდგომარეობის დიდი ალბათობა ემუქრება მრავალრიცხოვან ქართულ გვარებსაც კი. გაქრობის მიზეზი შეიძლება, სხვა რამეც იყოს. მაგალითად, გვარის სხვა ფორმით, ან სულაც სხვა გვარით ჩაწერა. ახალი განაყოფების გაჩენა და ძირი გვარის გაქრობა. 2009 წლის დიდაჭარის ეთნოგრაფიული ექსპედიციის დროს დადასტურდა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსების მიერ დიდაჭარის სხვადასხვა უბნებში განსახლებული სხვადასხვა გვარებისთვის ერთი რომელიღაც ნიშნით გამორჩეული, რუსებისგანვე არჩეული ქართული გვარის მიცემის შემთხვევები. უხუცესთა გადმოცემით, „ტარიელაძეების, „ტელანთების“ წინაპარი ჭვანიდანაა საცხოვრებლად გადმოსული დიდაჭარაში. „რუსებს რომ აღუწერიათ, გვარებიც მათი სურვილისამებრ მიუნიჭებიათ. როცა სოფელი თურქეთის ხელში აღმოჩნდა, მიიღო ჰალვაჯოღლი. უფრო გვიან წულუკიძით შეგვიცვალეს და დღემდე ამ გვარით ვაგრძელებთ ცხოვრებას; „გობაძე (საკუთარი სახელიდან – გობა) ჩელებაძეებისა და ხიმშიაშვილებისათვის დაურქმევიათ რუსებს. ნაწილი გობაძეებისა დღეს უკვე დაეწერა საკუთარი „ჯიშის“ გვარზე და ხიმშიაშვილია, სხვებიც ეძებენ თავის ძირგვარებს“.
– გამქრალი გვარები თუ გვაქვს, რომლებიც წლების წინ საკმაოდ ცნობილი იყო?
– გვარები გაქრნენ საქართველოს იმ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულებში, რომელიც დღეს ქართულ იურისდიქციას აღარ ექვემდებარებიან. შეიძლება, დავასახელოთ საქართველოს ისტორიული თემი დვალეთი, საინგილო, ტაო-კლარჯეთი. საქართველოს ისტორიულ თემ აფხაზეთში გამქრალია გვარები ახუბაია, აცანია, ჩხენგერია, ქუაქუალია, ვართანგია, შენია, ჩხირუა, ჭელია, წუდია, ჯღაბელია, ბახვალია, ჭუჭურია, დათაია. სვანეთში გამქრალი გვარებია: ამბერგიანი, აფაქიანი, ბაბიანი, ბეჩიანი, ქაცხელიანი. გამქრალი გვარებია აგრეთვე: შავლიანი, ებრალაძე, ებაურიძე, კოზოასძე, ბირთელანი, კაფშანი (დღეს საბანისძე), ოთაღვანი/ოთოღანი, ლომოურიძე, ჭვიტაძე (დღეს ჭიტაძეა); ბურსელი, აბრავა, არულია, ბარჯანია, ბებელია, ადამელია, აკარია, კვაჩია; გაქრობის წინაშეა გვარი ორბელიანი. ისტორიაში ცნობილი გვარებიდან გამქრალია ქაჩიბაძე, ჭარმაული, ბაღვაში, მარუშისძე, კოლონკელიძე, ბოგვერაისძე (დღეს ბოგვერაძეა), ალფასიძე (ალფაიძეა). ხევსურეთში მცხოვრები გვარების მამიშვილობები, რომელიც ამოუწყვეტიათ გაამაყების გამო: მარტიანი (სოფელი აჭეხი, არაბულების მამიშვილობა), ორჩოლანი (ოჩიაურთ მამიშვილობა), გუგუანი (ნაროზაულთ მამიშვილობა), ალბექანი (მოწმაო. არაბულთა ერთ-ერთი მამა), ბაბუანი (სოფელი ბაკურხევი, ფიცხელაურთ ერთ-ერთი მამა), ბურდულების გვარიდან ამოწყვეტილან: თავბერაულნი, ყარდანაულნი, თინიბექანი და ტაუზანი. პირველი სამი მამიშვილობის ამოწყვეტის მიზეზი სათემო, საჯვარო და პირად საკუთრებაში არსებული მიწების მითვისება ყოფილა.
– ზოგიერთი ქართული გვარი უცხოურს ჰგავს, თუმცა მისი ძირი ქართულია. არის თუ არა ქართული გვარები უცხოური წარმოშობის სიტყვისგან წარმოქმნილი?
– ერთ ისტორიას მოგიყვებით: ოკრიბაში ბერძენიშვილები მკვიდრობენ. მიმაჩნდა, რომ ბერძენიშვილი ეთნონიმური გვარია და მათი წინაპარი ბერძენი იყო. არადა, საქართველოში გავრცელებული სახელია „ბერძენა“, რომლიდანაც მოდის გვარი. იგივე შეიძლება ითქვას ფრანგიშვილზე. იგივე ვრცელდება გვარის მეორე მემკვიდრეობით სახელებზე. ეთნონიმური წარმოშობის მეტსახელი უდევს საფუძვლად ცუცხვათელი კუპრაშვილების ერთ „ნაკიაპს“ – „ფრანგები“, აღნიშნული მეტსახელი მათთვის ურთიერთობაში გარეგნული დახვეწილობისა და განათლებულობის გამო დაურქმევიათ. ცირეკიძეების გვარზედმეტს – „ლეკი“ – საფუძვლად ეთნონიმური სახელი უდევს. აღნიშნული გვარზედმეტის წარმოშობაზე ასეთი გადმოცემებია: „წინაპრები, სესია და ნანია ცირეკიძეები არ ემორჩილებოდნენ ეკლესიას, მარხვასაც ჭამდნენ თურმე და დაურქმევიათ „ლეკები“. სხვა გადმოცემით – „საწირელ ცირეკიძეს, რომელიც დაღესტანში ყოფილა, ჩამოუყვანია შვილი. მისი შთამომავლები არიან ლეკები“. ბეჩოელი შუკვანების – ღოღელიანი განაყოფია „ხალუმბეგისანები“. ფაქტია, რომ ხალუმბეგი არაა ქართული სახელი – ქვემო სვანი „ლეკოშერები“ სამი ძმის ნაყარი ვართ. უფროს ძმას რქმევია ლეკო. ერთი ძმა ლეკოშერი სასაში დამკვიდრდა, მეორე –მებეცში და მესამე – აქ, ჟახუნდერში“. მიგვაჩნია, რომ გვარებს: თათრიშვილი, თურქიაშვილი, თურქისტანიშვილი, არაბაშვილი, ოსიშვილი, ჩერქეზიშვილი, ლეკიშვილი საფუძვლად მიმსგავსებულობის, მახასიათებლის გამო შერქმეული მამაკაცის სახელები უდევს და არა ეთნონიმი.
– ხშირად გვხვდება წოდებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით წარმოქმნილი გვარები.
– უფრო ვრცლად, ქართული გვარსახელი და გვარის მეორე მემკვიდრეობითი სახელები არის ეპონიმური, ეთნონიმური, გეოგრაფიული და პროფესიული. შეიძლება ნაწარმოები იყოს ამ რომელიმე ნიშნით ან ხასიათის თვისების, ფიზიკურობის აღმნიშვნელი ნიშნით შექმნილი საკუთარი სახელიდან, რომელიც ადამიანის მეტსახელია. მაგალითად: მესხიშვილი, არწივიძე, ოკრიბელიშვილი, ოკრიბელაშვილი, ასათიანი, ახალაძე, დვალი, დვალიშვილი, არჯევანიძე, აშოთია, ბაქრაძე, ქართველიშვილი, ბასილაძე, გურული, ჯავახიძე, ბეროძე, ბექაძე... გვარის მეორე მემკვიდრეობითი სახელი ვახსენეთ და ვიტყვით, რომ სვანეთში მუშაობის დროს საძმოს კიდევ ერთი სახელი „კავი“ დავადასტურეთ. ის აბსოლუტურად იდენტურია „სამხუბისა“ და მეცნიერთა მიერ საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეულებში დადასტურებული მემკვიდრეობითი სახელებისა: „მამანი“, „მამიშვილობა“, „ბუდობა“, „კომობა“, „ბაბუიშვილობა“, „ბუნე“, „სახიჯარი“, „თოხუმი“, „ქექილი“, „ნარყი“, „მეტსახელი“, „განაყრობა“, „სამხუბი“, „ლამხუბი“, „თური“, „დინო“, „გამნარყი“. „კავი“ ქართული სინამდვილისთვის დამახასიათებელი განაყოფის ისეთივე ნათესაური უფლება-მოვალეობების და ვალდებულებების ფუნქციის მატარებელი სოციუმის სახელია, როგორიც ოკრიბაში, სამეგრელოში, აჭარასა და ლეჩხუმში ჩვენ მიერ დადასტურებული გვარის მეორე მემკვიდრეობითი სახელები: „გვარის სიგელი“, „ბაბშოული“ და „განარიგი“/„გამრიგო“, „ნაკიაპი“, „გვარზე მეტი“. უფრო კონკრეტულად, ძმების შთამომავლობას სვანურად „საძმო“ ეწოდება. შიდა საძმოში, „კავში“, შვიდ განაყოფამდე შედის. საძმოში არ შეიძლება დაქორწინება. „კავი“ ეწოდება ერთმანეთისთვის კარგის მაძიებელ, დამცველ ძმებს. „კავის“ წევრები ეხმარებიან ერთმანეთს ფულით, ხარებით, სიტყვით... ერთმანეთთან მყოფი ხალხი არიან, ერთმანეთისა სწამთ „კავის“ ხალხს და შვილებსაც ერთმანეთში დაატარებენ, სიყვარულს უნერგავენ ერთმანეთისას. ერთად აქვთ, დღესასწაული და ჭირი, ერთად შრომობენ, სამუშაოდ ერთად მიდიან, საქეიფოდ ერთად მიდიან... „კავს“ თავისი უფროსი, უხუცესი ჰყავს. როდესაც იკრიბებიან, საკარცხულზე დასვამენ საძმოს უხუცესს. „კავის“ წევრობას ჰარი-ჰარად დამოკიდებულება არ უნდა, დიდი დაცვა უნდა. აქვე ერთი საინტერესო გარემოებაცაა. სოფელ ტანძიაში, სვანეთიდან გადმოსახლებულ სვანებთან „საძმოსთან“ დაკავშირებით ასეთი მასალა დადასტურდა: სვანთა „საძმოს“/„სამხუბის“ მაწარმოებელი ქართლში გახდა „ანთი“. სვანებს იქით ქართველებისთვის ქართუად ვამბობთ: „ბაკაანთი“ და არა „ბაკაშერები“, „ნოდარაანთი“ და არა „ნოდარშერები“, „ხუზიაანთი“ და არა „ხუზიაშა“, „დავითოლშა“ – „დავითაანთი“, „კოკოშა“ – „კოკოშაანთი“.