კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაანადგურეს ფოთის უნიკალური გემთსაშენი ქარხანა

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ფოთის გემთსაშენი ქარხნის პროექტი ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს განიხილებოდა. ქარხანა უნდა ყოფილიყო ნავსადგურის აკვატორიაში. გემთსარემონტო ქარხანა ფოთში 1935 წელს გაიხსნა. 1941 წელს კი იქ ევაკუირებულ იქნა სევასტოპოლის, სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთსარემონტო-გემთსაშენი ქარხანა. ამ დროიდან იწყება ქარხნის ისტორია. საქართველოში ძალიან ბევრმა არ იცის, რომ წყალქვეშა სწრაფმავალი კომეტა ფოთში იწარმოებოდა და ექსპორტზე მთელ მსოფლიოში გაჰქონდათ.
  ალექსანდრე ქავთარაძე: ამ ქარხანასთან ჩემი ოჯახის ისტორია მაკავშირებს. ბაბუა – გივი ქავთარაძე ამ ქარხანაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიცია ეკავა. ქარხნის აშენების იდეა ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ იყო, მაგრამ იდეა იდეად დარჩა და მხოლოდ ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, დაახლოებით, 1935 წელს განხორციელდა. მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილი ქარხანა. როგორც ყველა დიდ ნავსადგურს აქვს თავის გემთსარემონტო ქარხანა, ფოთშიც ისე ჩამოყალიბდა. თუმცა იმ დროინდელს ქარხანად ვერ ჩავთვლით, რადგან მაშინ საქართველოს არც სპეციალისტები ჰყავდა ამ დარგში და არც დიდი გამოცდილება ჰქონდა.
– მაშინ რა სახის იყო?
– ეს იყო პატარა საამქრო, რომელიც გემების რემონტს ახორციელებდა, იმ გემების, რომლებიც ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებში იყო. ნავსადგურის ტექნიკურ გემებს ვგულისხმობ. ამ ქარხანას მთავარი ფუნქცია 1941 წელს მიენიჭა, როცა სამამულო ომი დაიწყო. ფოთში ქალაქ სევასტოპოლიდან მოხდა ქარხნის ევაკუაცია, თავის მოსახლეობით, კადრებითა და ტექნიკური მასალით. რადგან ის ტერიტორია ფაშისტებს ეკავათ, შავიზღვისპირეთში სტრატეგიული მნიშვნელობის ერთადერთი ნავსადგური ფოთის იყო, თუ არ ჩავთვლით პატარა საამქროებს. ომის დროს ამ ქარხანაში ორასამდე სამხედრო და სამოქალაქო გემი გაარემონტეს. 1944 წელს ამ ქარხანამ დამოუკიდებლად, თავისი სპეციალისტებით შექმნა სამხედრო ნაღმტყორცნი გემი. ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი, როგორც გემთმშენებელი ქარხნის, შექმნის პერიოდად. თუმცა 1960 წლამდე იქ სამშენებლო სამუშაოებს არ ატარებდნენ. ძირითადად, ისევ რემონტით იყვნენ დაკავებულები. 80-იან წლებამდე ქარხანაში საინჟინრო ბირთვს წარმოადგენდნენ ფოთში სევასტოპოლიდან ჩასული ეთნიკურად ებრაელები: რაიბერი, ციტოლოვსკი, ზელცერი, რაბინოვიჩი, კლეინერი, შუსტერმანი, ბახმანი და მრავალი სხვა.
წყალქვეშაფრთოსანი სწრაფმავალი საზღვაო სამგზავრო ხომალდი, რომელიც 1961 წელს გორკის გემთსაშენი ქარხნის („წითელი სორმოვოს“) საკონსტრუქტორო ბიუროში, აკადემიკოს რასტისლავ ალექსეევის მიერ შეიქმნა, 1962 წლიდან ფეოდოსიასა და ფოთში იწარმოებოდა.
1961-1991 წლებში ფოთის გემთსაშენ ქარხანაში ასამდე „კომეტა“ აიგო. ხომალდი „კომეტა“, ექსპორტზე გადიოდა ამერიკის ეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ინგლისში, პოლონეთში, საბერძნეთში, იტალიაში, იაპონიაში, თურქეთში, იუგოსლავიაში, ბულგარეთში, ფინეთში, ვენესუელაში... 1981 წლიდან კი ფოთში იწარმოებოდა ახალი ტიპის ხომალდი „კოლხიდა“.
–  რით განსხვავდებოდა „კოლხიდა“ სხვა ხომალდებისგან?
– „კოლხიდა“ შედარებით კომფორტული და ეკონომიური იყო. მთავარი ძრავები გერმანული ჰქონდა და ასე შემდეგ. 1981-1992 წლებში ფოთის გემთსაშენმა ქარხანამ 40 ეგზემპლარი გამოუშვა. გაიზარდა ქვეყნების რაოდენობა, სადაც „კოლხიდა“ ექსპორტზე გადიოდა. მიიღო ჯილდოები: საბჭოთა კავშირის საზღვაო რეგისტრის უმაღლესი შეფასება, პირველი ადგილი ანალოგიური კლასის ხომალდებში საერთაშორისო გამოფენაზე. 1980 წელს წილად ხვდა საერთაშორისო პრემია „ოქროს მერკური“, ლოიდის აღიარება...
  „კოლხიდა“ ახლაც გვხვდება საბერძნეთში, რუსეთში, თურქეთსა და ბულგარეთში.
  აქვე დავასახელებ ერთადერთ ალბატროსს, რომელიც 1987 წელს შეიქმნა – ის მესამე და უკანასკნელი თაობის ხომალდი იყო...
  პირველი კომეტა, გარკვეული პერიოდი, საპატიო ადგილას იდგა. შემდეგ სამწუხაროდ, ჯართში ჩააბარეს. არადა, შეიძლებოდა მუზეუმის გახსნა, იქ ერთი
პერიოდი კაფეც იყო... იმდენად განუკითხაობა იყო 1995 წელს და ზოგადად, 90-იანებში, რომ ქარხანა მთლიანად გაანადგურეს და ჯართის ფასად გაყიდეს. საამქროები, საწყობები დაანგრიეს. ამწეებიც ჯართში ჩააბარეს. უნიკალური ჩარხები ირანსა და თურქეთში კაპიკებად გაყიდეს, მშრალი დოკი თურქმა იყიდა. განადგურდა ტექნიკური ბიბლიოთეკა – 20 ათასი ტომი.
  ორად ორი ქარხანა იყო საქართველოში, რომელსაც სიზუსტის მეორე კლასი ჰქონდა მინიჭებული – „ავიამშენი“ და „გემთსაშენი“.
  ფოთის გემთსაშენი ქარხანა, ასევე აწარმოებდა სარეწ ბოტებს (დიდი ზომის ალუმინის სათევზაო კატერი). ბაკლანმა საერთაშორისო გამოფენაზე დიდი აღიარება მოიპოვა.
დაბოლოს, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, 1989 წელს პირველად საბჭოთა კავშირში, ქარხანამ შექმნა ალუმინის საოკეანო მაქსიკლასის იახტა „ფაზისი“.
– როდის შეიცვალა ამ ქახნის მდგომარეობა?
– ამ ქარხანას, დაახლოებით, 16 ქალაქთან ჰქონდა კავშირი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მერე შეწყდა – მასალები და დანადგარები ვეღარ მოდიოდა. ყველაფერი გაიძარცვა და ჯართის ფასად გაიყიდა. სლავური წარმოშობის პერსონალი საკუთარ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა და ქარხანა სპეციალისტების გარეშე დარჩა. იქ ბევრი ქართველიც მუშაობდა, მაგრამ მაგ პერიოდში ქარხნისთვის უკვე აღარავის ეცალა. გაყიდეს, დაანგრიეს შენობა-ნაგებობები. ჯერ ჯართის მიღების პუნქტად გადააკეთეს, შემდეგ აღორძინება უნდოდათ, მაგრამ ყველაფერი ქაღალდზე დარჩა და ბოლოს დააანონსეს, რომ ამ ადგილას მინერალური სასუქების ტერმინალი უნდა აშენდესო. უნიკალური მასალა კაპიკებად გაყიდეს, ჯართად ჩააბარეს. ექსპონატები, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჯართად იქცა. ინგლისი ამაყობს, რომ ადმირალ ნელსონის გემი შემორჩათ და დღეს იქ მუზეუმია, პეტერბურგშიც დგას სახელგანთქმული „ავრორა“. ასეთი უნიკალური გემები ამოჰყავთ ზღვის ფსკერიდან, რეაბილიტაციას უკეთებენ და მუზეუმებს ხსნიან, ჩვენთან ჯართში ჩააბარეს.  ხალხის მეხსიერებაში ეს ქარხანა ნომრით 201 დარჩა. საინტერესო ფაქტი: 1996 წლამდე დოკი მუშაობდა – სხვადასხვა ტონაჟობის გემების კორპუსებს არემონტებდნენ. 1996 წლის თებერვალს განგებ გაუჩინეს ხანძარი, რომ მერე ჯართში ჩაებარებინათ. ერთ-ერთ ორშაბათ დილით მუშები მოვიდნენ სამუშაოდ და ზღვაში ცარიელი ადგილი დახვდათ. ღამით ბუქსირით გადაუყვანიათ თურქეთში, სადაც კაპრემონტი ჩაუტარდა და დღემდე მუშაობს. „201-ის“ ნგრევა 1993 წლიდან იწყება. მოკლედ, ფოთის გემთსაშენი-გემთსარემონტო ქარხანა, რომელიც განთავსებული იყო 246 000 კილომეტრ ფართობზე და ჰქონდა 700 მეტრი ნავმისადგომი, 20 საწარმოო ნაგებობა, 4 პორტალური ამწე, მცურავი ამწე და მცურავი დოკი – მთლიანად განადგურდა.

скачать dle 11.3