კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 დიდი ცოდვა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მამა თომამ საღამოს ლოცვა დაასრულა. მრევლი დალოცა და მას მერე, რაც ეკლესია ხალხისგან დაიცალა, ისიც გასასვლელისკენ გაემართა, რომ ეტრაპეზა და კელიაში მოესვენა. კართან მას სტიქაროსანი ხვთისო შეხვდა, რომელსაც ეკლესიის გასაღები ებარა და სხვა საქმეებთან ერთად დაკეტვა-გაღებაც ევალებოდა. მღვდელს ბიჭისთვის უნდოდა ეთქვა, ტრაპეზზე მოდიო, მაგრამ ხვთისომ დაასწრო და უთხრა:
– მამა თომა, გკითხულობენ. უცხო კაცები არიან „ჯიპით“ ამოსულები და გალავანთან გელოდებიან.
ხვთისოს სიტყვებზე მამაოს უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა, მაგრამ არ შეიმჩნია. სტიქაროსანს უხმოდ დაუქნია თავი და გალავნისკენ გაემართა.
  წმიდა გიორგის სახელობის გალავნიანი ეკლესია საქართველოს მთიანეთის პატარა, მიყრუებულ, მაგრამ ძალიან ლამაზ სოფელში მდებარეობდა. მამა თომა იქ ხუთი წლის წინ ჩავიდა და ნახევრად დანგრეული სალოცავი ააღორძინა. ეკლესია განაახლა და გაამაგრა. ირგვლივ გალავანი შემოარტყა. ეზო-მიდამო კი ისე გააშენა და გაალამაზა, რომ ნამდვილ ედემს დაამსგავსა. იქვე ვაზი გააშენა და მეურნეობაც მოაწყო. პატარა წყლის წისქვილიც გამართა და თავისი შრომის შედეგად იმას მიაღწია, რომ მთელი წლის განმავლობაში არც თავად მას აკლდა სარჩო-საბადებელი და გაჭირვებულებსაც უმართავდა ხელს. მამა თომა თავადვე ასხამდა თაფლის სანთლებს და როგორც ადგილობრივ მრევლს, ასევე სტუმრებს შეეძლოთ, სრულიად უფასოდ დაენთოთ. ეკლესიაში, სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, მამა თომას არ ჰქონდა შესაწირავის ყუთი და ყველა რიტუალს მღვდელი სრულიად უანგაროდ ატარებდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, მამაო მთელ სოფელს უყვარდა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა მის ტაძარში დადიოდა სალოცავად.
  მზე თითქმის ჩასული იყო, როდესაც მამაო ტაძრის ეზოდან გავიდა და მარჯვენა გალავანთან მდგომი „ჯიპი“ შენიშნა. სალონში ოთხი ადამიანი იჯდა, კარი ღია იყო და მანქანიდან მარიხუანის მძაფრი სუნი გამოდიოდა. მოძღვარი ბრაზმა შეიპყრო, მაგრამ თავი მოთოკა. ჯერ ნაბიჯი შეანელა, შემდეგ მანქანისკენ ოციოდე ნაბიჯში გაჩერდა და დაელოდა. „ჯიპიდან“  ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი გადმოვიდა და ღიმილიანი სახით გაემართა მამაოსკენ, მაგრამ თომას პირქუშ გამომეტყველებას რომ წააწყდა, სახეზე ღიმილი გაუქრა. ჩამოსართმევად გამზადებული ხელი ჩამოუვარდა და ორიოდე ნაბიჯში უხმოდ გაშეშდა. მიძღვარმა ახალმოსულს გამჭოლი მზერა მიაპყრო და ჰკითხა:
– აქ რისთვის მოხვედი, რა გინდა?
ახალმოსული გამოერკვა. მამაოს პირქუშ თვალებს ირონიული მზერა შეაგება და მიუგო:
– ჯერ გამარჯობა თქვი, ძმაო.
– მე ძმაო არ ვარ! – მკვეთრად თქვა მამაომ.
– ბოდიში, თამაზ, – ირონიით თქვა ახალმოსულმა.
– არც თამაზი. მე მამა თომა ვარ, – თქვა მამაომ და მწველი თვალები უფრო აენთო.
– მამა თომა, შენს ძებნაში მთელი მთიანეთი შემოვიარეთ და ძლივს მოგაგენით, – ნახევრად ირონიით თქვა ახალმოსულმა და ცინიკურად ჩაიცინა.
– რატომ მეძებდით? – მშვიდად იკითხა მოძღვარმა.
– საქმე გვაქვს და იმიტომ, – ყოველგვარი ირონიის გარეშე თქვა ახალმოსულმა.
– თქვი, გისმენ, – უკვე აბსოლუტურად მშვიდად თქვა მამა თომამ.
– იქნებ ჩავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ, – „ჯიპისკენ“ გაიშვირა ხელი ახალმოსულმა.
– ანაშით გაჟღენთილ მანქანაში არ ჩავჯდები, – თავი გააქნია მოძღვარმა და დაამატა, – აქ თქვი.
ახალმოსულმა ხელები გაშალა და მამაოს უთხრა:
– კარგი რა, ისე ლაპარაკობ, თითქოს „პარავოზივით“ არ უქიშინებდი „პლანს“. მართლა მღვდელი ხომ არ ხარ. იასნია, საქმეს სჭირდებოდა და ამიტომ ჩაიცვი ეგ ანაფორა, მაგრამ ეგ რიჟა ბაზარი ჩემთან რაში გჭირდება?
მამა თომამ მშვიდად მოუსმინა ახალმოსულს და უთხრა:
– რა საქმეს სჭირდებოდა, რას გულისხმობ?
– რა საქმეს და „ძაღლებს“ რომ არ შეეწუხებინე ზედმეტად, იმ საქმეს. ჩემთან რად გინდა ტყუილი.
– არ ვიტყუები. ანაფორა რწმენამ ჩამაცვა და არა ანგარებამ.
– მართლა? – ისევ ირონიას მიმართა ახალმოსულმა. მამა თომამ კი მას აბსოლუტურად მშვიდად მიუგო:
– კი. მართლა.
– მჯერა, ძმაო-ჯან, მაგრამ ანაფორის დროებით გახდა მოგიწევს. ერთი საქმეა გასაკეთებელი. უშენოდ არ გამოვა და უნდა დაგვეხმარო. სამაგიეროდ, იმხელა კუშს ავიღებთ და ისეთი წილი შეგხვდება, რომ ოქროს უზარმაზარ ეკლესიას აიშენებ, – უთხრა ახალმოსულმა მამა თომას, რომელმაც თავი გააქნია, ჩაეცინა, შეტრიალდა და ტაძრის შესასვლელისკენ დინჯად გაემართა.
ახალმოსულმა „ჯიპისკენ“ გაიხედა და მძღოლს ხელი დაუქნია. მანქანა ადგილს მოსწყდა. მამაოს გვერდზე ჩაუარა და ტაძრის შესასვლელთან გაჩერდა. „ჯიპიდან“ მუქსათვალიანი მამაკაცი გადმოვიდა და ჭიშკრისკენ მიმავალ მამა თომას დოინჯშემოყრილი წინ დაუდგა. მოძღვარი სამიოდე ნაბიჯით რომ მიუახლოვდა, მხოლოდ მაშინ შეხედა მას, შეცბა, გაჩერდა და უთხრა:
– ქოსა, შენ?
– კი. მე ვარ, „ზარო“.
– აბა, დახვრიტესო?
– დახვრეტა მქონდა, მაგრამ რუსეთში ეგ მუხლი შეაჩერეს და მუდმივი პატიმრობა მომისაჯეს. ათი წელი „ბელი ლებედში“ ვიჯექი. შემდეგ „ოგნენნაია ზემლიაზე“ გადავყავდით ეტაპით. მე კი ორი „ნადზორი“ დავბრიდე, მოვტყდი და სამშობლოში დავბრუნდი. ძებნაში ვარ. რუსეთმა „ინტერპოლს“ გადამცა წითელი ცირკულარით და ჩემი განსაკუთრებული საშიშროების გამო ლიკვიდაციის ბრძანებაა გაცემული. აქ კი იმიტომ ამოგაკითხე, რომ ერთი მაგარი საქმეა და შენი დახმარება გვჭირდება. მანქანიდან გიყურებდით და ოთო რომ ფეხებზე დაიკიდე, ამიტომ გადმოვედი და გებაზრები.
– არა, გივი, – თავი გააქნია მამა თომამ და დაამატა, – ოთოსაც ვუთხარი და შენც გაგიმეორებ, ბოროტმოქმედებას სამუდამოდ დავანებე თავი და ეკლესიურ ცხოვრებას შევუდექი. გირჩევ, შენც მასე მოიქცე.
– შენი რჩევა არ მჭირდება და როგორ მოვიქცე, შენზე უკეთ ვიცი… – თქვა ქოსამ, მაგრამ მამაომ მას სიტყვა გააწყვეტინა:
– შენი საქმისა შენ იცი. მე კი ასეთი წინადადებით აღარ მომაკითხო. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდი, თუკი პატიოსან, მართალ გზაზე დადგომას გადაწყვეტ. წავედი, მშვიდობით!
მამა თომა გალავნიანი ეკლესიის ეზოში შევიდა. გივი გეგეშიძე, იგივე „ქოსა“ და ოთო მიქაძე კი „ჯიპში“ ჩასხდნენ და წავიდნენ…
***
გივი გეგეშიძე და ოთო მიქაძე მამა თომას, იგივე თამაზ ჯიბლაძის ყოფილი მეგობრები და საქმიანი პარტნიორები იყვნენ. თამაზი ძველი „მედვეჟატნიკი“, ანუ სეიფების გამხსნელი იყო და მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლების საბჭოთა კავშირში მასზე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი არ მოიძებნებოდა. დამნაშავეთა სამყაროში მას „ზაროს“ უწოდებდნენ. ეს სახელი კი თამაზს მისი იღბლიანობისა და მაღალი კვალიფიკაციის გამო უწოდეს. თამაზს ყოველთვის უმართლებს, ყოველთვის დუშაშს აჯენს, დიდი კუშები მიაქვსო – ასე თქვა ახალგაზრდა ქართველ „მედვეჟატნიკზე“ ერთმა ძველმა ქურდმა და შეერქვა კიდეც თამაზ ჯიბლაძეს „ზარო“. თამაზი ორჯერ იყო ნასამართლევი და ციხეში 18 წელი გაატარა. „ზარო“ კარგა ხანს მოუხელთებელი იყო, მილიცია მის კვალს ვერ აგნებდა. პირველად ის „პაძელნიკმა“ ჩაუშვა და ციხეში 6 წელი იჯდა. მეორედ კი ძებნილი იყო, იმალებოდა და მას საბჭოეთის მთელი მილიცია დაეძებდა. მას, ალბათ, ვერც მოიხელთებდნენ და საზღვარგარეთ მოახერხებდა გაქცევას, რომ არა მამამისის გარდაცვალება. უფროსი ვაჟის კრიმინალური ცხოვრებით შეწუხებულ კაცს ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა. დასაფლავებაზე მისულ თამაზს ჩასაფრება დახვდა და მილიციის ოპერატიულმა ჯგუფმა ის ისე აიყვანა და საკანში გამოამწყვდია, რომ მამა ვერ იტირა. „ზაროს“ 15 წელი მისცეს და რუსეთში, ციმბირის სასტიკ კოლონიაში გაამწესეს. თამაზმა იქ 12 წელი გაატარა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის 3 წლით ადრე გაათავისუფლეს. საქართველოში რომ დაბრუნდა, უმცროსი ძმა, თემური დაოჯახებული დახვდა და მისი მეუღლე ფეხმძიმედ იყო. თამაზმა ორი თვე დაჰყო სახლში და როგორც კი მისი ძმისშვილი, კოტე დაიბადა, ერთ-ერთ მამათა მონასტერში წავიდა. იქ მან ორი წელიწადი დაჰყო. ამ მოკლე დროში დაიმსახურა და თამაზი ჯერ მღვდლად აკურთხეს და შემდეგ კი ერთ-ერთი პატარა, მაღალმთიანი სოფლის ეკლესიის წინამძღოლად გაამწესეს. მამა თომად წოდებული თამაზ ჯიბლაძის წარსული სოფელში არავინ იცოდა და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს 50 წლის სათნო მოძღვარი წარსულში საბჭოეთის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე იყო და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 18 წელი ჰქონდა გატარებული.
ეკლესიის ეზოში მამა თომას კვლავ სტიქაროსანი ხვთისო შეხვდა, რომელიც კაკლის ძირში იდგა და მამაოს ელოდა. რომ დაინახა, მიუახლოვდა და უთხრა:
– მამა თომა, ეკლესია დავკეტე და სახლში წასვლის კურთხევა მომეცით.
– ტრაპეზზე არ დარჩები? – ჰკითხა მამაომ ხვთისოს.
სტიქაროსანი თითქმის ყოველთვის რჩებოდა ხოლმე მამაოსთან საღამოს ტრაპეზზე. მამა თომა მას, უბრალოდ, ეუბნებოდა, – წამოდი, ვიტრაპეზოთო და ხვთისოც მიჰყვებოდა. ამჯერად ნათქვამმა კი „ტრაპეზზე არ დარჩებიო“, ხვთისო მიახვედრა, რომ მამაოს მარტო დარჩენა უნდოდა და ამიტომ მიუგო:
– არა, მამა თომა, გმადლობთ. სახლში აუცილებელი საქმე მაქვს  და წასვლის კურთხევა მომეცით.
– კარგი, წადი. ღმერთმა გაკურთხოს და დალოცვილმა იარე, – უთხრა მამაომ ხვთისოს. პირჯვარი გადასახა და გაისტუმრა.
ხვთისო რომ წავიდა, მამაომ სატრაპეზოში შეიარა და ორასი გრამი არაყი დალია. შემდეგ პურს უყნოსა და უკან დადო. სატრაპეზოდან კელიაში გადაინაცვლა. ტახტზე წამოწვა და ფიქრებს მიეცა. ამ ყოფაში ჩაეძინა. ესიზმრა, ჩაბნელებულ, გოგირდოვანი წყლით დატბორილ მინდორში ფეხშიშველა მიაბიჯებდა და რაც უფრო წინ მიიწევდა, მით უფრო მეტად ადუღებულ სითხეში უწევდა სიარული. ირგვლივ, ყველაფერს ორთქლი ასდიოდა და საშინლად ცხელოდა. მამა თომას მღვდლის სამოსი ამძიმებდა და ერთი ხმა ეუბნებოდა: გაიძრე და შვებას იგრძნობ, მეორე ხმა კი – არ გაიხადო და სული არ წაიწყმიდოო. ასე წვალებით  სიარულში მამაო კუპრის ტბას მიადგა, რომელიც თუხთუხებდა და მამა თომამ გაიფიქრა, – მე მგონი, ჯოჯოხეთში ვარო. შემდეგ ისე დასცხა, რომ ანაფორის გახდა დააპირა და პირველი მოძრაობა რომ გააკეთა, იგრძნო, ვიღაც აჯანჯღარებდა. მამაოს გამოეღვიძა და ხვთისო შერჩა ხელში.
– ბოდიში, მამაო, რომ გაგაღვიძეთ, მაგრამ თქვენმა ძმამ დაგირეკათ და მთხოვა, თქვენთან დამეკავშირებინა. ამიტომ ამოვედი და გაგაღვიძეთ. ახლა მე მასთან ზარს გავუშვებ და გადმორეკავს.
– ეზოდან დაველაპარაკები, გარეთ გავიდეთ, – უთხრა მამაომ ხვთისოს და საათი ჰკითხა. რომ გაიგო, ღამის პირველი საათი იყო, თავისთვის ჩაილაპარაკა, – ოთხი საათი მძინებიაო.
ხვთისომ მამაოს ტელეფონი გაუწოდა და უთხრა:
– ელაპარაკეთ, მამაო, თქვენი ძმაა.
მამაომ ტელეფონი მოიმარჯვა და უპასუხა:
– გისმენ, თემურ, რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
– რა მშვიდობა, თამაზ. სასწრაფოდ ჩამოდი თბილისში. ვიღაცებმა კოტიკო გაიტაცეს და რომ დამირეკეს, მითხრეს, თუ გინდა, შენი შვილი ცოცხალი დაგიბრუნოთ, შენი ძმა ხვალ შუადღემდე ჩამოვიდეს თბილისში და დანარჩენს მას ვეტყვითო. გაიგე? – სლუკუნით თქვა თემურ ჯიბლაძემ.
მამაოს არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, თუ რაში იყო საქმე და მუხლები მოეკვეცა. რომ არა ხვთისო, რომელმაც მამაოს ხელები ჩასჭიდა და წაქცევის საშუალება არ მისცა, მამა თომა უზარმაზარი კაკლის ძირას დაეცემოდა. მამა თომამ ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ამოისუნთქა და ძმას უთხრა:
– ახლავე მოვდივარ, თემურ, არ ინერვიულო, თბილისში მალე ვიქნები, – შემდეგ ტელეფონი გათიშა. ხვთისოს დაუბრუნა და უთხრა:
– ხომ არ იცი, ვის შეუძლია, ახლავე თბილისში წამიყვანოს მანქანით?
– მე წაგიყვანთ, მამა თომა, – თქვა ხვთისომ.
– შენ? – ჰკითხა მამაომ.
– დიახ, მე, მამა თომა. „ნივა“ გვყავს და აქაც მანქანით ამოვედი. წამობრძანდით. უბრალოდ, ორი წუთით სახლში შევივლი და ჩემებს გავაფრთხილებ, რომ თბილისში მიმყავხართ, – უთხრა სტიქაროსანმა ტაძრის წინამძღოლს.
– კეთილი, – თქვა მამა თომამ და მას მერე, რაც ეკლესიის გალავნის უზარმაზარი კარი ჩაკეტეს, წინამძღოლი და სტიქაროსანი „ნივაში“ ჩასხდნენ და მანქანა დაღმართზე დაეშვა.
ხვთისომ ათიოდე წუთით შეიარა სახლში, უკან მალევე დაბრუნდა, კვლავ საჭეს მიუჯდა და თბილისისკენ აიღო გეზი. თენდებოდა, როდესაც მამა თომა და მისი სტიქაროსანი ლოტკინზე თემურ ჯიბლაძის კერძო კარ-მიდამოს მიადგნენ.
– მანქანა ჩაკეტე და სახლში შევიდეთ, – უთხრა მამაომ ხვთისოს.
– არა, მამაო. უკან უნდა დავბრუნდე ახლავე, მაგრამ თუ მანქანა გჭირდებათ, მაშინ დავრჩები, – მიუგო ხვთისომ.
– მანქანა თემურსაც ჰყავს. უბრალოდ, შემოდი და დაისვენე. ამხელა გზა გამოიარე და ისევ უკან წასვლა გაგიჭირდება, – თქვა მამაომ.
– დარდი ნუ გაქვთ, მამაო, არ გამიჭირდება. ჩემი მობილურის ნომერი იცით და თუ დაგჭირდებიათ, აუცილებლად დამირეკეთ, – თქვა ხვთისომ.
– კარგი. წადი, მაგრამ ფრთხილად იარე და მშვიდობით ჩადი. ღმერთი გფარავდეს, – უთხრა მამა თომამ ხვთისოს, ჯვარი გადასახა და გაისტუმრა.
მამაო რომ ძმის სახლში შევიდა, იქ მხოლოდ თემური და მისი მეუღლე თამარი დახვდნენ. ქალს თმა ჰქონდა გაშლილი, შვილის სურათი გულში ჩაეხუტებინა და ქვითინებდა. თემური კი სიგარეტს ეწეოდა და ოთახში ბოლთას სცემდა. მაზლი რომ დაინახა, თამარმა ქვითინს უმატა და მამაოს მიატირა:
– რა ხდება ჩვენს თავს, თამაზ? სადაა ჩემი კოტიკო და უკან როდის დამიბრუნებენ.
მამა თომამ რძალს თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა:
– დამშვიდდი, თამარ. ყველაფერი რიგზე იქნება და კოტიკო მალე უვნებელი დაგიბრუნდება, – შემდეგ ძმას მიუბრუნდა:
– დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3