№34 საქორწილო კაბა
ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #33(972)
– ნუ აზვიადებ! – შეუტია მოსმენილით შეძრწუნებულმა ნუნამ.
– ვაზვიადებ კი არა, იმის მეასედსაც არ ვამბობ, რაც სინამდვილეში ხდება, – დარომ ორივე ხელი სახეზე აიფარა და რამდენიმე წამს ამ პოზაში გაშეშდა, შემდეგ ხელები მუხლებზე დაიწყო, მავედრებელი თვალებით შემოგვხედა და ძალიან მტკიცედ გვითხრა: – ახლა კი მართლა დამტოვეთ. ნუ გეშინიათ, იმის მერე, რაც ამ ბოლო თვეებში გადავიტანე, აღარაფერი მომივა.
– მშობლებს უნდა ეჩხუბო? – შიშით ჰკითხა ტასომ.
– არა. უბრალოდ, ერთხელ და სამუდამოდ, რაღაც-რაღაცები უნდა გავარკვიო. როდემდე უნდა ვიცხოვრო ასეთ ჯოჯოხეთში? დასაკარგავი აღარაფერი მაქვს. ნათქვამია, გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო, ჰოდა, გაწყდეს, სადაც წვრილია. სიცრუეში ცხოვრებას ყველაზე საშინელი სიმართლე მირჩევნია. ეს სიმართლე კი მე თვითონ უნდა დავადგინო. ორივეს ვაიძულებ, ყველაფერი აღიარონ.
– დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა? – ვკითხე ტასოზე არანაკლებ შეშინებულმა.
– როგორც არასდროს! – მიპასუხა დარომ, წამოდგა და კარისკენ გაგვიძღვა.
***
სახლში ძალიან აღელვებული მივედი. ისევ ვხედავდი განერვიულებულ დაროს და ისევ ჩამესმოდა მისი მშობლების გესლიანი ჩურჩულით წარმოთქმული საშინელი ფრაზები.
„ღმერთო ჩემო, რა არ უწოდეს ერთმანეთს! ნუთუ შეიძლება, ასე სძულდეთ ერთმანეთი და მაინც ერთად ცხოვრობდნენ? არადა, ხომ იყო დრო, როცა უერთმანეთოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინათ?! რატომ იკარგება დიდი სიყვარული უგზო-უკვლოდ და რატომ იკავებს მის ადგილს ზიზღი და სიძულვილი, რა ქიმიური რეაქციები ხდება ამ დროს ადამიანის ტვინსა და ფსიქიკაში? ალბათ, ამ რეაქციებსა და მასში „მონაწილე“ ქიმიურ ელემენტებს მთელი მენდელეევის სისტემა არ ეყოფა. და მაინც, სად მიდის სიყვარული, სად ქრება და რატომ? რატომ ბატონობს ადამიანზე სიძულვილი? აკი სიყვარულია თავად ღმერთიო? ესე იგი, რა გამოდის, როცა აღარ გვიყვარს, ღმერთი აღარ არის ჩვენში და დაცარიელებულ ადგილს სიძულვილი იკავებს? მერედა, რატომ აღარ გვიყვარს ის, ვისაც ოდესღაც ვაღმერთებდით? ვინ ან რა ბატონობს ამ დროს ჩვენზე, ვისი ან რისი გავლენის ქვეშ ვექცევით?“ – ამას ვფიქრობდი სახლისკენ მიმავალი და ამ კითხვებს ვუსვამდი საკუთარ თავს, მაგრამ ვერცერთ კითხვას ვერ ვცემდი პასუხს.
მერე, ჩემდაუნებურად, შოთა ბიძიას სიტყვები გამახსენდა – არც კი ვიცი, მოევლინა თუ არა ჩემი შვილი ქვეყნიერებას, და თუ მოევლინა, ვინ იცის, ყოველდღე ვხვდები ქუჩაში, მე კი წარმოდგენაც არ მაქვს, რომ ჩემი შვილიაო. საწყალი შოთა ბიძია! აშკარად არ არის კარგი კაცი, მაგრამ ძალიან შემეცოდა. მტერს ჰქონდეს ასეთი განცდები! შეიძლება, ამიტომაც არის ასე გაბოროტებული! როგორც ჩანს, ამ ყველაფერში მაგდას მიუძღვის წვლილი და ამიტომაც შესძულდა ცოლი, თუმცა, მაგდა რა შუაში უნდა იყოს? ისევ პასუხგაუცემელი კითხვები, ვარაუდები, გაურკვევლობა... ამ ყველაფერმა ისე ამაფორიაქა, რომ სახლში კი არ შევედი, შევიჭერი, შეშინებული დედაჩემის თვალწინ სკამზე დავეხეთქე და ცრემლები გადმოვყარე.
– რა მოგივიდა, ვინმე მოგდევდა? – იკივლა დედამ.
მე პასუხი ვერ გავეცი, მხოლოდ თავი გავაქნიე უარის ნიშნად. დედას უარესად შეეშინდა და კივილით განაგრძო ჩემი დაკითხვა.
– სად იყავი ამ შუაღამემდე? – მეცნო დედაჩემის კონტრალტო: პატარა რომ ვიყავი და რამეს დავაშავებდი, ამ ტონალობით ვხვდებოდი მისი განრისხების სტადიას. ახლაც იგივე დამემართა – ისევ პატარა გოგოსავით ავიბუზე დატუქსვის მოლოდინში და საკუთარ თავზე გამეღიმა. გაღიმებული რომ დამინახა, დედა ოდნავ დამშვიდდა და უკვე ჩვეულებრივი ხმით მკითხა:
– სად იყავი-მეთქი? იცი, რომელი საათია?
– თერთმეტი ხდება, – ვუპასუხე მშვიდად, – არც ისე გვიან არის, მით უმეტეს, 26 წლის გათხოვილი... უკაცრავად, გასათხოვარი ქალისთვის. დედა, გაიგე, რომ 26 წლის ვარ და არა 16-ის და, იურიდიულადაც მაქვს უფლება და მორალურადაც, ღამის 11 საათამდე და თუნდაც უფრო გვიანობამდე, უახლოეს მეგობრებთან გავატარო რამდენიმე საათი.
– რატომ არ მეუბნები, სად იყავი? რას მიმალავ? – მესამედ მკითხა დედამ და ორაზროვნად ასწია ცალი წარბი.
– არაფერს არ გიმალავ, დედიკო. როდის დამიმალავს შენთვის რამე? – ვუთხარი და შემრიგებლურად გავუღიმე, – დაროსთან ვიყავით.
– ყველანი იყავით? – ჩამეძია დედა.
– ჰო, ყველანი. ჭორაობაში შემოგვაღამდა.
– გაფითრებული და გაღიზიანებული რატომ დაბრუნდი, იქ რამე მოხდა? – დაეჭვდა დედაჩემი.
– ჰო, ოღონდ, ჩვენ შორის არა. დარო და მისი მშობლები წაკამათდნენ ერთმანეთში.
– სანამ იმას გკითხავ, კონკრეტულად რა მოხდა, ერთი ეს გამაგებინე, ეს დარო ვინ არის და როდის და როგორ გახდა თქვენი განუყრელი დაქალი. რაღაც, არ მაგონდება, რომ ან კლასში ყოფილიყავით ერთად, ან ეზოში და ან უნივერსიტეტში!
– ჰო, მართალი ხარ. დარო სესილის თანაკურსელი იყო, მერე ერთად აღმოჩნდნენ სამსახურში და ჩვენც სესილისგან გავიცანით. ვერც კი წარმოიდგენ, ისეთი კარგი გოგოა. მის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია: თბილი, გაწონასწორებული, ინტელექტუალური, დახვეწილი, კეთილი, სამართლიანი, უაღრესად წესიერი, გვერდში დამდგომი... ერთი სიტყვით, ის ადამიანია, რომელთან მეგობრობა და სიახლოვე უფრო კარგს გხდის, ვიდრე მანამდე იყავი. სულ ერთი წელია, ჩვენს სასტავში შემოვიდა და ყველას ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს ჩვენთან ერთად გაიზარდა. ერთი, ვერ გაგაცანი. რამდენჯერაც მოვიყვანე, იმდენჯერ სახლში არ იყავი, მაგრამ აუცილებლად გაგაცნობ. შენც ძალიან მოგეწონება.
– შენი ტოლია?
– ერთი წლით უფროსია ჩემზე.
– ვინ არის, რა ოჯახის შვილია?
– ისე ჩამეძიე, გეგონება, ბიჭი ვიყო და დარო ცოლად უნდა მოვიყვანო, – გამეცინა ამ გამწარებულ გულზე, – კარგი, დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას: დარო ამაშუკელი, 27 წლის, დედისერთა. მხატვარი. დედა მოდელიერია თუ ტანსაცმლის დიზაინერი, თავისი საკუთარი სალონი აქვს...
– რისი სალონი? – უცებ დაინტერესდა დედაჩემი. გამაკვირვა მისმა დაძაბულმა კილომ.
– მგონი, საქორწილო კაბების. რა მოგივიდა, რა მნიშვნელობა აქვს, რისი სალონი აქვს მაგდას? – ცოტა არ იყოს, მეც დავიძაბე.
– მაგდა ჰქვია? – თვალები ავად დააკვესა დედამ, – მამას რა ჰქვია, შოთა ხომ არა?
– შენ რა, იცნობ? – გამიხარდა და დედას ღიმილით შევხედე.
– არა... ისე... სტუდენტობისას ვიცნობდი შორიდან. პირადად არანაირი ურთიერთობა არ გვქონია...
რატომღაც, დამაეჭვა დედაჩემის პასუხმა, მაგრამ მერე გავიფიქრე, ალბათ, მომეჩვენა-მეთქი, რადგან სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
– რატომ მოხვედი ასეთი განერვიულებული, რა ოჯახური სცენის მომსწრეები გახდით შენ და შენი დაქალები?
ამჯერად აშკარად დავინახე დედაჩემის თვალებში გამკრთალი ცნობისმოყვარეობისა და ბოროტი სიხარულის ნაზავი. ამან, ცოტა არ იყოს, შემაშინა და ახლა მე შევცვალე თემა:
– ლანა, რითი მოკვდა მამაჩემი?
თითქოს ამ კითხვას ელოდაო, დედაჩემმა მაშინვე გამცა პასუხი:
– გინდა, სიმართლე გითხრა?
მე თავი დავუქნიე.
– კი ბატონო, გეტყვი. უკვე დიდი გოგო ხარ და უფლება გაქვს, სიმართლე იცოდე: ერთმა ქალმა მოწამლა, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს.
– ვინ ქალმა? – ძლივს ამოვიხრიალე, ისე გამიშრა პირი მოულოდნელობისგან.
– ერთმა ქუჩის ქალმა, წესიერი ქალის ნიღაბს ამოფარებულმა.
– მამას საყვარელი იყო?
– ჰო.
– შენ იცნობდი?
– ძალიან შორიდან. უფრო სწორად, პირადად ვიცნობდი – ახალი გაცნობილი მყავდა, მაგრამ არ ვიცოდი, სინამდვილეში ვინ იყო და რას წარმოადგენდა.
– უცებ მოკვდა?
– ვინ?
– მამაჩემი.
– არც ისე.
– მისი გვარი რატომ არ მაქვს?
– ის შენს გაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. უფრო ზუსტად, ორი თვის ორსული ვიყავი. ხელის მოწერა ვერ მოვასწარით. ვერც ჯვრის დაწერა.
– მისმა ოჯახმა არ მიგიღო?
– მე არ მიმიმართავს მათთვის.
– რატომ?
– ასე ჩავთვალე საჭიროდ. მამაშენმა დასაწყისშივე მიღალატა, ამიტომ არ მინდოდა, მოღალატის მშობლებს მათხოვარივით მივდგომოდი და ხვეწნა დამეწყო. მაგათ გარეშეც შევძელი კარგი შვილის გაზრდა.
– არ შეგეცოდა მამაჩემი?
– მაშინ არა. ახლა უფრო მეცოდება.
– ლანა, შენი პრინციპების გამო დამტოვე მამის გვარისა და ნათესავების გარეშე? – ვკითხე ძალიან ნაწყენმა და იმ მომენტში წამითაც კი არ გამჩენია დედის მიმართ ელემენტარული ქალური სოლიდარობის გრძნობა, – ან ამდენი წელი რატომ მაცხოვრე ტყუილებში?
– რომ არ გენერვიულა. მაგრამ შევცდი. ჯობდა, ყველაფერი თავის დროზე მეთქვა.
– ვგავარ მამაჩემს?
– საბედნიეროდ, არა, – არც გარეგნობით, არც ხასიათით, არც თვისებებით და ეს ძალიან მახარებს.
– რატომ, აკი ძალიან გიყვარდა?
– როცა დიდ სიყვარულს ღალატის, ორგულობისა და ორპირობის ლაფში ამოსვრიან; როცა დიდ ერთგულებას დამცირებით, უარყოფისა და ღირსების შელახვით დასცინებენ, დიდი სიყვარულიც და დიდი ერთგულებაც, საუკეთესო შემთხვევაში, მთლიანად ქრება.
– უარეს შემთხვევაში?
– უარეს შემთხვევაში, სიძულვილსა და ბოროტ აზრებში გადაიზრდება ხოლმე.
– შენთან როგორ არის საქმე? – ვკითხე გამომცდელად.
– ალბათ, უფრო პირველი ვარიანტი მეხება. მაგრამ, ძალიან გთხოვ, შევწყვიტოთ ამ თემაზე საუბარი, თანაც ერთხელ და სამუდამოდ. აღარ მინდა წარსულში დაბრუნება. არც შენ გირჩევ. თანახმა ხარ?
ძალიან შემეცოდა დედა და დავეთანხმე. არც კი ვიცოდი, ამდენი წლის განმავლობაში ამხელა ტკივილს თუ ატარებდა გულით – როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც პიროვნება. არადა, ჩემთან ყოველთვის როგორი მხიარული, ხალისიანი, ენერგიული და აქტიური იყო!
კარგა ხანს ვდუმდით. ძლივს ვიკავებდი ცრემლებს. მეშინოდა, ბღავილი არ დამეწყო. შევატყვე, დედაჩემიც ჩემს დღეში იყო. როგორც იქნა, ორივემ დავძლიეთ ემოციები, მაგრამ ხმის ამოღების თავი აღარ მქონდა. ისევ ლანამ მაჯობა და შეძლებისდაგვარად მშვიდად მკითხა:
– რას შვრებით, რა გადაწყვიტეთ შენ და კოკამ ქორწილთან დაკავშირებით?
როგორც არასდროს, ისე გამიხარდა თემის შეცვლა. მაშინვე ავიტაცე მისი სიტყვები:
– ქორწილი არ გვინდა, ზედმეტი ხარჯია, მეტი არაფერი. ჯერ მხოლოდ ჯვარს დავიწერთ და პატარა სუფრა გვექნება, დაახლოებით ორმოცდაათკაციანი. საქორწინო მოგზაურობიდან რომ დავბრუნდებით, ხელს მერე მოვაწერთ.
– კაბაზე რას აპირებ, გამოიწერ თუ აქ იყიდი? – დაინტერესდა დედა და თვალებში სითბო ჩაუდგა.
– დედიკო, ხომ იცი ჩემი ხასიათი – ვერ ვიტან უაზრო მარიაჟობას. ჩემთვის მთავარი ბრენდი კი არა, ის არის, რომ კაბაში თავი კომფორტულად და ლამაზ პატარძლად ვიგრძნო. ამიტომ, გადავწყვიტე, შევაკერინო, მით უფრო, რომ გაცილებით იაფი დაგვიჯდება. თანაც, ხომ იცი, კოკას ოჯახს ძალიან ძვირფასი კაბის ყიდვის საშუალება არ აქვს, ჩვენ ხომ – მით უმეტეს. ამიტომ, შეკერვა გადავწყვიტე.
– არა! – იყვირა უცებ დედაჩემმა, – საქორწილო კაბის შეკერვა არ გამაგონო, იცოდე!
– რა იყო, ლანა, რამ გადაგრია, დღეს რა ყველაფერზე გულს მიხეთქავ შენი შეკივლებებით! – ვუსაყვედურე დედას.
– არ გამაგონო-მეთქი, გითხარი მე შენ! – გაიმეორა დედაჩემმა. მერე ღრმად ამოისუნთქა და თემა განაგრძო: – მეჯვარედ ვინ მიგყავს?
– დარო.
– ვინ დარო?
– დარო ამაშუკელი, ვისთანაც დღეს ვიყავი.
– კი მაგრამ, იმ ახალგაცნობილი ვიღაცის მეტი მეგობარი დაგელია? – ისევ გაბრაზდა ლანა.
– რა გინდა, დედა, უნახავად რატომ აითვალწუნე ის გოგო, რა დაგიშავა? – გავბრაზდი მე.
– ჰო, პრინციპში, დარომ არაფერი, მაგრამ... კარგი, კარგი, აღარაფერს ვიტყვი. ახლა ბარემ ისიც მითხარი, ვინ უნდა შეგიკეროს კაბა, სესილიმ? როგორც ვიცი, ძალიან კარგად კერავს.
– ჰო, სესილი კარგად კერავს, მაგრამ არა საქორწილო კაბებს. დაროს დედას ვთხოვ, უარს არ მეტყვის. საჩუქრად კი არ მინდა, ფულს გადავუხდი. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისეთს შემიკერავს, როგორსაც ვეტყვი. თან, ორ თვეში ნამდვილად მომისწრებს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში