№34 ვინ და როგორ გაანადგურა ბერიას მიერ შექმნილი მეცნიერული ჯგუფის ნაღვაწი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ზოგადად, პატრიოტიზმი ძალიან საშიში რამ იყო სტალინის სახელმწიფოში და ამდენ ინტრიგანს, დამსმენსა და შოვინისტს ამის გამო შეეძლოთ, ბერიაც კი შეეწირათ. თუმცა ბერია რის ბერია იყო, რომ თავისი ნამდვილი ზრახვები სააშკარაოზე გამოეტანა და ის ოსტატურად ნიღბავდა ყოველივე პატრიოტულს. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილ „ბორჯომს“ „საბჭოთა საქართველოს მინერალური წყალი“ უწოდა, ხოლო ქართული ისტორიის სახელმძღვანელოებს კი, სადაც საქართველოს მთელი ისტორია იყო მოთხრობილი – „საბჭოთა საქართველოს ისტორია“ და ასე შემდეგ.
ჯერ კიდევ იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, ლავრენტი ბერიას ინიციატივით შეიკრიბნენ საქვეყნოდ ცნობილი ქართველი მეცნიერ-მკვლევრები, პუბლიცისტები, საზოგადო მოღვაწეები და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. შედგა ხარჯთაღრიცხვა, დამტკიცდა ბიუჯეტი და საკავშირო ბიუჯეტიდან წამოვიდა საკმაოდ მსხვილი დაფინანსება ამ ჯგუფისთვის. შედეგად კი ქართველი მეცნიერები ღრმა, ფართომასშტაბიან კვლევით სამუშაოს ახორციელებდნენ საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგებში, რის შედეგადაც შეიქმნა ფუნდამენტური ბაზა დიდი ქართული ენციკლოპედიის გამოსაცემად.
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი შოთა მესხია ყვებოდა: „ლავრენტი ბერიასთან შეხვედრა 1951 წლის მარტში შედგა და მან საკუთარ სახლში მიგვიწვია. ჩვენ არც ვი ვიცოდით, რომ მისი დაბადების დღე იყო და შევწუხდით. სუფრასთან (სულ 20 მეცნიერი ვიყავით) ლავრენტი ბერიამ ძალიან უშუალო, თავისუფალ ვითარებაში შემოგვთავაზა ფუნდამენტური კვლევების ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვან სფეროებში და შემდგომ ამ ნაშრომების გამოშვება ენციკლოპედიური პრინციპით. იქვე, არასამუშაო ატმოსფეროში, ბატონი შალვა ნუცუბიძე ამ პროექტის ხელმძღვანელად დაასახელა. შემდგომ თემა შეიცვალა და სუფრამ ჩვეული ხასიათი მიიღო, ყველანი ვმხიარულობდით. ერთი კვირის მერე კი თბილისში გენერალი სერგო გოგლიძე ჩამოვიდა, რომელმაც უკვე ბერიას მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია ჩამოგვიტანა და ერთ კვირაში მუშაობაც გაჩაღდა“.
ლავრენტი ბერიას მიერ შენიღბულად შექმნილმა ჯგუფმა 1951 წლის აპრილიდან 1953 წლის ივლისის ჩათვლით ტიტანური სამუშაო შეასრულა, რომ იტყვიან, ზღვა მასალა დამუშავდა და ყველაფერი გამოსაცემად გამზადდა. ეს იყო 49 ტომის მასალა და სამეცნიერო სამყარო დიდ ფუნდამენტურ კვლევას მიიღებდა, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა, მაგრამ ბერია ვერაგულად მოკლეს, ხოლო პროექტი კი დახურეს და ნაშრომების კონფისკაცია განახორციელეს. შოთა მესხია ყვებოდა: „ჩვენ მიერ ჩატარებული გრანდიოზული სამუშაო, ხრუშჩოვის ბრძანებით, თვალის დახამხამებაში გაანადგურეს. მოგვიანებით მოსკოვის საგამოფენო მანეჟში, მისივე ბრძანებით, ავანგარდისტების გამოფენა ბულდოზერებით დაარბიეს, მაგრამ ამ საშინელ ვანდალიზმს ნამდვილად ვერ შეედრება ის ენით აუწერელი დანაშაული, რაც ხრუშჩოვმა საქართველოს, მისი ისტორიის, ლიტერატურისა თუ სხვათა მიმართ ჩაიდინა“.
აშკარაა, რომ ბერია თავის სამსახურებრივ მოვალეობას პირად სურვილებს ამთხვევდა. ეს სურვილები კი იმ გრძნობიდან მოდიოდა, რასაც პატრიოტიზმი ეწოდება. სამწუხაროა, რომ იდეოლოგიურ–შოვინისტურ მოსაზრებებს დიდი მეცნიერული ნაშრომ-ნაღვაწი შეეწირა და მეოცე საუკუნის კომუნისტური ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ამ ინკვიზიციის შექმნაში ბერიასაც მიუძღვის წვლილი.