№34 როგორ გადაარჩინა სტალინმა ჩერჩილი და რუზველტი სიკვდილს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

თეირანის კონფერენციაზე „დიდი სამეულის“ ლიდერების სიცოცხლის დასაცავად საბჭოთა დაზვერვამ ფეხზე დააყენა მთელი იქაური აგენტურა. ირანის დედაქალაქში გადაისროლეს დაზვერვის სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, გერმანელ ფაშისტ დივერსანტებს შეიარაღებულ ბრძოლას გაუმართავდნენ. გაძლიერდა ანალიტიკური მუშაობა და სპეციალურად მომზადებული საბჭოთა მზვერავები ფაშისტების როლში ჩააყენეს. შემოწმების მიზნით, სწორედ ისინი ცდილობდნენ იმ ადგილებში შეღწევას, სადაც „დიდი სამეულის“ ლიდერები უნდა შეკრებილიყვნენ. წინასწარ იყო ცნობილი, რომ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი საკუთარ რეზიდენციებს თავიანთი ქვეყნების საელჩოებში მოიწყობდნენ და სწორედ ეს ადგილები იყო დასაცავი. საბჭოთა და ბრიტანეთის საელჩოები ქალაქის ცენტრში, ერთმანეთის პირისპირ მდებარე შენობებში იყო განლაგებული. შეერთებული შტატების კი – ქალაქის განაპირას, საეჭვო უბანში.
პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიას დავალებით, თეირანში ანტიდივერსიულ ღონისძიებებს პირადად მე ვხელმძღვანელობდი და ჩვენს ქმედებებზე უშუალოდ სტალინს მოვახსენებდი ხოლმე. კონფერენციის დაწყებამდე ხუთჯერ მომიწია მოსკოვიდან თეირანში ჩასვლა, რომ ყველაფერი პირადად შემემოწმებინა. ჩემმა დივერსანტებმა ორჯერ შეაღწიეს ბრიტანეთის საელჩოს ტერიტორიაზე, ისე, რომ მათი დაცვის სისტემას არაფერი გაუგია. შეერთებული შტატების საელჩო კი აბსოლუტურად დაუცველი და, რომ იტყვიან, „პრახადნოი დვორი“ იყო. რა თქმა უნდა, „დიდი სამეულის“ ლიდერების ჩამოსვლისას ზემოხსენებულ საელჩოებში უსაფრთხოება გაძლიერდა, მაგრამ იქ ყოფნა მაინც ძალიან სახიფათო იყო. საბჭოთა საელჩოში კი შეუმჩნევლად ჭიანჭველაც ვერ შედიოდა... როდესაც ჩემი მეხუთე ვიზიტის შემდეგ თეირანიდან მოსკოვში დავბრუნდი (25 ნოემბერს, კონფერენციის დაწყებამდე სამი დღით ადრე), სტალინს კაბინეტში ვეახელი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
– ესე იგი, ამერიკის საელჩო „პრახადნოი დვორია“, ხოლო ბრიტანეთის საელჩოში კი თქვენებმა ორჯერ შეაღწიეს, გამოვიდნენ და ეს ვერავინ გაიგო, ხომ ასეა? – ღიმილით თქვა სტალინმა, თავი გააქნია და დაამატა, – გამოდის, რომ თუკი უარს არ მეტყვიან, რუზველტი და ჩერჩილი ჩვენთან უნდა შევიფაროთ.
– დიახ. კარგი იქნებოდა, ამხანაგო სტალინ, – ვუპასუხე სტალინს, მან კი თქვა:
– ვფიქრობ, რუზველტი ამაზე დამთანხმდება, ხოლო ჩერჩილი კი უარს მეტყვის.
სტალინის სიტყვები გამართლდა და რუზველტი ოთხი დღე საბჭოთა საელჩოში ცხოვრობდა, ხოლო ჩერჩილი კი – ბრიტანეთის საელჩოში, გაძლიერებული დაცვით, თუმცა, მას ფარულად ჩვენც ვიცავდით და ერთ დივერსანტს „ჩავავლეთ“ კიდეც, რომელიც „მი 6-ს“ ჩავაბარეთ.“
კონფერენციის მსვლელობისას, 30 ნოემბერს პრემიერ ჩერჩილს 69 წელი შეუსრულდა და საღამოსთვის სტალინი და რუზველტი, მათ თანმხლებ პირებთან ერთად, ბრიტანეთის საელჩოში დაპატიჟეს. ერთ-ერთი გეგმით (სულ 4 ასეთი გეგმა იყო) სწორედ იმ დღეს აპირებდნენ ფაშისტები „დიდი სამეულის“ ლიდერების ლიკვიდაციას, მაგრამ დივერსანტი ფრანც მაიერი საბჭოთა მზვერავებმა მიწისქვეშა გვირაბში შეიპყრეს და ჯერ თავად დაამუშავეს, მერე კი ბრიტანეთის დაზვერვას „მი 6-ს“ გადასცეს.
პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ოტო სკორცენის მიერ მომზადებული „გრძელი ნახტომის“ საპირისპირო ოპერაციის დროს გერმანელ ფაშისტთა 20-მდე აგენტი დავაპატიმრეთ და უმეტესობა საბჭოეთში ჩამოვიყვანეთ, ნაწილი ბრიტანეთს გადავეცით. კიდევ 25 აგენტი კი გადავიბირეთ და ჩვენზე ვამუშავებდით. როდესაც სტალინს ეს სტატისტიკა მივაწოდეთ, გვითხრა: საბჭოთა დაზვერვამ ყოჩაღად იმუშავა და შეიძლება, ითქვას, რომ მსოფლიო კატასტროფისგან იხსნა“.
კატასტროფაში „დიდი სამეულის“ ლიდერების ლიკვიდაციას გულისხმობდა და რომ არა საბჭოთა ბელადი და მისი დაზვერვა, რუზველტსა და ჩერჩილს ჯერ კიდევ თეირანში მოკლავდნენ“.