№34 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რატომ არ ცნობს ქრისტიანული რელიგია ადამიანის ხელმეორედ დაბადებას – რეინკარნაციას?
პასუხი: ადამიანი ერთხელ იბადება და არასდროს განმეორდება, რადგან ის ღვთის ხატია და თავის მსგავსად და ხატად უფალმა ერთხელ შექმნა. თუმცა ადამიანი გარდაცვალების შემდეგ არსებობას არ წყვეტს, მეორედ მოსვლისას თავისივე სხეულით აღდგება. ასეთია მართლმადიდებლური სწავლება.
კითხვა: საკმაოდ მოწიფული ასაკის ვარ და აღსარების ჩაბარება ახლა გადავწყვიტე. სამწუხაროდ, აქამდე ვერ ვცხოვროდი ეკლესიურად, ახლა კი სხვანაირად დავფიქრდი. ყველაფრის გათვალისწინებით, ვეძებ ისეთ მოძღვარს, ვისთანაც ადვილად გავხსნი გულს და აღსარებას სრულყოფილად ჩავაბარებ. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ, ჩამთვის მოსაწონ მოძღვარს რომ ვარჩევ?
პასუხი: თქვენი სურვილი აბსოლუტურად გასაგებია. უფალმა ყოველ ადამიანს მისცა არჩევნის უფლება, თავისუფალი ნება და ეს არჩევანი მოძღვარსაც ეხება. შეგიძლიათ, მართლაც შეარჩიოთ ისეთი მოძღვარი, ვისთანაც გაგიადვილდებათ გულის გადაშლა და სრულყოფილი აღსარების თქმა. ადამიანურ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, როდესაც ჭეშმარიტ გზაზე შედგომას აპირებთ. სულიერი მამის მოსაძებნად წირვა-ლოცვას რამდენიმე ტაძარში დაესწარით, მოუსმინეთ იქ მოღვაწე მოძღვრებს, ჰკითხეთ ახლობლებს რჩევები და წინასწარ გაესაუბრეთ მოძღვარს. მთავარია, მოძღვრის მეშვეობით ეკლესიაში იაროთ და მიენდოთ მას. ამისთვის კი თქვენსა და თქვენს მოძღვარს შორის სრული ურთიერთგაგება და ნდობა უნდა იყოს.
კითხვა: ჩემი ნათლია, სამწუხაროდ, იეღოველი გახდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეს მართლაც სამწუხარო ამბავია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ თქვენი ნათლობის საიდუმლო აღსრულებულია და თქვენ უფლის მფარველობაში იმყოფებით. როგორც წესი, ნათლია ვალდებულია, იზრუნოს ნათლულის სულიერ ცხოვრებაზე, მაგრამ რადგან თქვენი ნათლია შეცთომილია, ამჯერად, თქვენ აღასრულეთ ქრისტიანული ვალი და ილოცეთ მისთვის. ესაუბრეთ და შეაგონეთ, რომ მცდარია მისი ნაბიჯი. თუმცა ეს სიყვარულითა და მოთმინებით გააკეთეთ.
კითხვა: არსებობენ თუ არა ენერგეტიკული ვამპირები და როგორ უნდა დაიცვას თავი მათგან ქრისტიანმა?
პასუხი: ტერმინი „ენერგეტიკული ვამპირი“ არ არის მართლმადიდებლურ ლექსიკაში. ეს არის ოკულტიზმის ენა. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის სულიერი არსი გარშემო მყოფებსაც გადაეცემათ, ამიტომ სხვადასხვა ადამიანის სიახლოვე სხვადასხვანაირად მოქმედებს თქვენზე. ღვთისნიერი ადამიანის გვერდით სიმშვიდე და სათნოება გეუფლებათ, ზოგიერთთან ურთიერთობისას კი ძალები გერთმევათ და გამოფიტულები რჩებით. სწორედ ასეთ ადამიანებს უწოდებენ „ენერგეტიკულ ვამპირებს“. მათთან ურთიერთობას ერიდეთ, ხოლო გამოუვალ სიტუაციაში მათთან ურთიერთობისას გულში თქვით ლოცვა.