№34 შფოთის შემდეგ აუცილებელია, მეყსეულად აღადგინო სულიერი სიმშვიდე

ასე მოიქეცი ყოველთვის, თუ დაგჭირდა – დღეში ასჯერ, ყოველ წუთს და უკანასკნელადაც ისეთივე სრული სასოებით, როგორც პირველად გააკეთე ეს. ესრეთ მოქმედი, მიაგებ პატივს ღმერთის უსაზღვრო სახიერებას, რომლის კეთილშემწყნარებლობა მუდამ თანაგაქვს, ამის შედეგად გექნება მუდმივი წარმატება და წინსვლა, არც დროს დაკარგავ უქმად და არც შრომას.
თუ ჩავარდი ზევით ხსენებულ ცოდვებში, შინაგანი სიმშვიდის დაცვა ამგვარადაც შეგიძლია: შინაგანი მოძრაობით შეიცანი საკუთარი უბადრუკება და დაიმდაბლე თავი ღმრთის წინაშე, გაიხსენე ღმრთის უდიდესი მოწყალებანი პირადად შენ მიმართ და ესრეთ განაცხოველებ მის მიმართ სიყვარულს, განეწყვე სამადლობელად და სადიდებლად ღმრთისა, საქმითაც და სიტყვითაც ადიდე და მადლობდე მას სულის სიღრმისად, რამეთუ მადლიერება და დიდება ღმრთისა არის უმაღლესი გამოვლინება ჩვენი ცოცხალი ერთობისა ღმერთთან. დაცემის შედეგად, თუკი გონვრულად მიუდგები მას, ღმრთის შეწევნით, უდიდეს სიმაღლეს მიაღწევ. ეს უნდა მიიღონ მხედველობაში იმათ, რომლებიც ჭარბად წუხან და იურვიან მსუბუქი ცოდვების გამო, რათა შეიცნონ თვისი სიბრმავე და ვითარ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს განუსჯელობის გამო. სწორედ მათ ეხებათ უკანასკნელი მითითება, რომელიც ხელთ გვაძლევს გასაღებს, მისი მეშვეობით სული იღებს უდიდეს სულიერ საგანძურს და ძალუძს სულ მოკლე ხანში გამდიდრდეს მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი