№34 როგორ გახდა ბევრისთვის იესო ქრისტე კომფორტის წყარო და რატომ უყვართ ქრისტიანებს უღმერთოდ დასვენება
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
სახარებაში ხშირად წერია თანამედროვე ქრისტიანებისთვის დაუჯერებელი ამბები. მაგალითად, დღეს წარმოუდგენელია გახვიდე უდაბნოში და მთელი დღე ისმენდე ქადაგებას, ღვთის სიტყვას. თუმცა დღეს ქრისტიანები ყველაფერს ვუსმენთ, ღმერთის ქადაგების გარდა. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ქრისტე 5 ათას ადამიანთან ქადაგებდა, შემდეგ კი სულიერად დაპურებული ხალხი ხორციელად დააპურა. დღეს, ალბათ, ხვდებით რატომ არის შიმშილი, რადგან სულიერი პური, სულიერი ქადაგება არავის აინტერესებს. 24 საათი ადამიანები უსმენენ და კითხულობენ სხვადასხვა რაღაცებს ბილბორდებზე, მაღაზიებში, ტელევიზორში. ვისაც არ ეზარება, ყველა გიქადაგებთ. ეკლესიაში კი კვირაში ერთხელაც არ გვინდა მივიდეთ ან 15 წუთი გავჩერდეთ და ქადაგებას მოვუსმინოთ. ეკლესიაში ვინც დგას, ისინიც ვერ ისვენებენ, გადი-გამოდიან. განწყობა უნდა შეიქმნათ იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა მოისმინოთ. ესაია წინასწარმეტყველი ქრისტემდე 700 წლით ადრე ამბობს: ღვთის სიტყვის შიმშილი ჩამოვარდება ბოლო ჟამსო. რომ გინდოდეს, ვეღარ მოისმენ სწორ, ნამდვილ ქადაგებას. უკვე ეჭვი გეპარება: ამ მამაომ რომ იქადაგა, ნეტავ, ასეა თუ არ არის. რადგან ისინი უკვე თავისას ქადაგებენ, თავისი სიბრძნიდან, წაკითხულიდან, მოსმენილიდან. არავინ აღარ ამბობს: პეტრე მოციქულმა თქვა, პავლე მოციქულმა ან რომელიმე დიდმა მამამო.
– მამაო, რატომ ავიწყდება ადამიანებს, რომ ღმერთი ყველგან არის და არა მხოლოდ ეკლესიაში?
– ხშირად გვავიწყდება, რომ ღმერთი ეკლესიის გარეთაც არსებობს. ხშირად მრცხვენია ხოლმე, როდესაც დავინახავ ადამიანს, რომელიც ქრისტიანია და სულ სხვანაირად იქცევა. განა რა სარწმუნოება ჰქონდათ ქართველებს, რომ მათი შემხედვარე სხვა სარწმუნოების ადამიანები ეწამებოდნენ ქრისტეს სჯულს. ადამიანებმა ახლა რომ დაინახონ ჩვენში ქრისტეს სჯული, დღესაც სხვანაირად მოიქცეოდნენ, გვთხოვდნენ ქრისტიანობის მიღებას. ჩვენ გავხდით „ლაითი“ ქრისტიანები, ქრისტეს გამყიდველები, ამიტომაც გვიტევს იქით აზეირბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და ყველა, საკუთარი თავიდან დაწყებული. ევსტათე მცხეთელის ცხოვრება რომ გავიხსენოთ – ადამიანს იმდენად მოეწონა ქართველები, რომ ქართველი ცოლი მოიყვანა, განუდგა მამა-პაპათა სჯულს, მცხეთაში იმარტვილა, ეწამა და დღეს ზეციური საქართველოს მლოცველია. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ესპანეთში ცხოვრობდა რაბინი, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ რაბინთა არწივს ეძახდნენ. ის ამბობდა: როცა მოვა მესია, ტაძარს აღადგენს, ხალხს შემოიკრებს და გულებს გაამთლიანებსო. მოგეხსენებათ, რომ ებრაელებს ორი ტაძარი ჰქონდათ: ერთი, რომელიც სოლომონმა დავითის შვილმა ააშენა, მეორე კი ნაბუქოდონოსორმა დაანგრია. შემდეგ მეფე კიროსის ნებართვით ებრაელები და სპარსელები ახალ ტაძარს აშენებენ, რომელიც ჯერ ვესპასიანემ და შემდეგ მისმა შვილმა, ტიტუსმა დაანგრიეს. მესამე ტაძარს ელოდებიან ებრაელები. მესამე ტაძარი კი, ფაქტობრივად, იესო ქრისტემ აღადგინა და ამბობდა: ქვა-ქვაზე აღარ დარჩება, მაგრამ მე სამ დღეში აღვადგენო. ის საკუთარ სხეულზე საუბრობდა. მესამე ტაძარი თვითონ იესო ქრისტეა. პირველი, რაც თქვა იმ რაბინმა, აასრულა. მეორე იყო: უამრავ ხალხს შემოვიკრებ ჩემ ირგვლივო და მართლაც უამავი ადამიანი მივიდა ეკლესიაში, ქრისტესთან. მესამე: გულებს გავამთლიანებო. ადამიანის გული მუდმივად დასნეულებულია, ამ გულის გამთლიანება კი იესო ქრისტეში ხდება. როდესაც ადამიანს გულზე ქრისტე დაუკაკუნებს და გულის კარს გააღებს, მასში აუცილებლად შემოვა ჭეშმარიტება, ანუ იესო ქრისტე და გათავისუფლდება ბევრი ცრუ, არასწორი სარწმუნოებისგან. ამერიკაში ერთი ცნობილი მქადაგებელი მრევლს ეუბნება: ოთხი რამ არასდროს დაგავიწყდეთო.
– რა არის ეს ოთხი რამ?
– პირველი – სიკვდილი, მეორე – სამსჯავრო, მესამე – ჯოჯოხეთი და მეოთხე – სამოთხეო. რომ დამთავრდა წირვა, მივდნენ მასთან ადამიანები და ეუბნებიან: დიდი მადლობა, რომ ქადაგებთ, მაგრამ ასე აღარ იქადაგოთო. რატომო, – იკითხა მოძღვარმა. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში მძიმე პირობებში ვმუშაობთ, რუტინული სამსახური გვაქვს, ძალიან ვიღლებით, ეკლესიაში იმიტომ მოვდივართ, რომ დაგვამშვიდო და თქვენ გვაფორიაქებთ და გვანერვიულებთო. ესაია წინასწარმეტყველი ებრაელებს ღმერთის პირით ეუბნება: აღთქმულ ქვეყანაში რომ შეგიყვანთ, რძე და თაფლი იქნება იქ. შემდეგ კი ეუბნება: ჭამეთ, გაძეხით, დალიეთ და აღარ მისმენთო. ადამიანს სურს, რომ იმუშაოს, კარგად ჭამოს, დალიოს და ეკლესიაში ყურისმომქავებელი ქადაგებები მოისმინოს. ქართველები ვცხონდებით, ივერია გაბრწყინდება, საქართველოში ანტიქრისტე ტახტს ვერ დაიდგამს, ყველაფერი კარგად იქნება – ასეთი ქადაგება სურთ თანამედროვე ქრისტიანებს. რომ ყველაფერი კარგად არის, ყველას ვჯობივართ, რომ ჩვენი ქალები ყველაზე პატიოსნები არიან, ხოლო ჩვენი კაცები – ყველაზე მამაცები, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაზე მაგარია – ეს არ არის კარგი ქადაგება. ის, რომ ჩვენი ცოდვები ზღვის ქვიშასავით უამრავია, უკანასკნელები ვართ, ძალიან გაგვიჭირდება ცხონება – ეს არის სწორი ქადაგება. იერუსალიმში გავრბივართ და დავით გარეჯში არ ვართ ნამყოფი. ერთხელ ნუ წახვალთ იერუსალიმაში და ის თანხა მიყრუებულ სოფელში ეკლესიას შესწირეთ, ან სამოსი უყიდეთ მოძღვარს, რომელიც დახეული კაბით დადის. მაგრამ არა, ჩვენ ხომ უნდა დავიკვეხნოთ, შვიდჯერ ვარ ათონზე ნამყოფი და ათჯერ – იერუსალიმშიო. არაფერი კი არ გეტყობა, რადგან ფარისეველი და მწიგნობარი ხარ. თანამედროვე ქრისტიანები შესანიშნავად განასახიერებენ ფარისევლებს. გარეგნულად კარგად გამოვიყურებით, მაგრამ შიგნიდან თეთრად შეფეთქილი საფლავები ვართ. სულ უნდა გვახსოვდეს აღსასრული. მათ კი არ უნდა ახსოვდეთ, ვისაც მძიმე დაავადება დაუდგინდათ, არამედ იმათ, ვინც ჯანმრთელები ვართ. შეიძლება, ჩვენი აღსასრული უფრო მალე დადგეს. ისეთი უცნაურია ღვით განგებულება. იესო ქრისტე ბევრისთვის კომფორტის წყაროა. ის კი ჩვენ გვეუბნება: თუ მე გამომყვებით ბევრი პრობლემაც გექნებათ, მაგრამ იმასაც ეუბნება, რომ მე ვძლიე წუთისოფელს, გამარჯვებული ღმერთი ვარ, ყველაფერი გექნებათ, ოღონდ ჯერ სულის ცხონებაზე იფიქრეთო. იფიქრე, რა მდგომარეობაში იქნები, როცა ღმერთი გაგიყვანსო. გეუბნება, რომ სამსჯავროზე იფიქრო. ამიტომ, მოიცალეთ ღმერთისთვის, თქვენი სულის ცხონებისთვის. ბევრი ამბობს: მარიამობის მარხვას ვერ შევინახავ, რადგან ზღვაზე მივდივარო. შეიმსუბუქეთ მარხვა, მაგრამ სულ უმარხულები ნუ იქნებით, ხომ არ იცით, წინ რა გელოდებათ. რამდენი რამ ხდება. უღმერთოდ ნუ დაისვენებთ. გაირუჯეთ, მაგრამ ილოცეთ, მადლობა გადაუხადეთ ღმერთს, რომ გაქვთ საშუალება, დაისვენოთ. მადლიერება ნუ გავიწყდებათ. იესო ქრისტე უებნებოდა ებრაელებს: ნუ იქნებით ამპარტავნები, ნუ გგონიათ, რომ სხვაზე უკეთესები ხართ. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენც. თუ გინდათ, თქვენს ოჯახში თევზი, პური და ზეთი არ გამოგელიოთ, ჯერ სულიერად დაპურდით და მატერიალური ყოველთვის გექნებათ. სახლის კურთხევა, ნათლობა, ჯვრისწერა, აღსარება, ზიარება ჩვენ სულიერ ამაღლებას, გადარჩენასა და სულიერ ბედნიერებას ემსახურება.