№34 როდის ხდება ქორწინება ტანჯვის მომტანი და რატომ ვერ ინარჩუნებენ წყვილები სიყვარულს
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ამბობენ, რომ შეყვარება გაცილებით ადვილია, ვიდრე სიყვარულის შენარჩუნება. ოჯახურ პრობლემებზე მომუშავე ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ შეინიშნება უსიყვარულო ქორწინებათა რიცხვის მომრავლება. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები უსიყვარულოდ ქმნიან ოჯახს. უბრალოდ, მერე უჭირთ ამ სიყვარულის შენარჩუნება. ბევრი ისე ქორწინდება, რომ ამისთვის თითქმის მოუმზადებელია. არ ესმის ის პასუხისმგებლობა, რასაც ოჯახური ურთიერთობა მოითხოვს. მართვის მოწმობის მისაღებადაც კი ესაჭიროებათ ადამიანებს გარკვეული უნარიანობის წარმოჩენა. მაშინ, როცა ქორწინების მოწმობის მისაღებად, უბრალოდ, ხელის მოწერაც საკმარისია – ეს შეცდომაა. ხშირად წყვილიდან ერთი ან ორივე ბევრს მოელის ქორწინებიდან, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარები აკლიათ. როდესაც ადამიანები პირველად უახლოვდებიან ერთმანეთს, ფიქრობენ, რომ მათი პარტნიორი, დედამიწაზე მცხოვრები ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველაფერში გაუგებს მას. მერე ეს გრძნობა ქრება, რაც ქორწინებას დიდად აზარალებს.
ანა (29 წლის): იმედგაცრუება, ანუ „ეს ის არ არის, რასაც ველოდი“, ყველაზე ცუდი ფიქრია, რაც შეიძლება ქორწინებაში გაგიჩნდეს. რა გადააქცევს ოჯახს არაჩვეულებრივი ურთიერთობიდან მოსაბეზრებელ რუტინად. რატომ ხდება, რომ ის ადამიანი, რომელიც მთელ ქვეყნიერებას გერჩივნა, ყველაზე მეტად გიშლის ნერვებს. როცა გავთხოვდი, ვფიქრობდი, რომანტიკულები, მოსიყვარულეები და ყურადღებიანები ვიქნებოდით ერთმანეთის მიმართ. მაგრამ გავიდა რაღაც დრო და ჩემი „უფლისწული“ იმდენად მომხიბვლელად აღარ მეჩვენებოდა.
– იმედები გაგიცრუათ?
– საქმე ისაა, რომ ყველგან – ფილმებში, წიგნებში… სიყვარული არარეალისტურად არის ასახული. არ ვიცი, რატომ გაჩნდა ამდენი მითი ამ გრძნობაზე. შეყვარებულობის პერიოდში მამაკაციც და ქალიც შეიძლება, ფიქრობდნენ, რომ მათმა ოცნებებმა ფრთები შეისხა. მაგრამ ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩენ, რომ სინამდვილეში, ოცნების მეტი არაფერი გიჭირავს ხელში. არადა, ქორწინება, შეიძლებოდა, წარმატებული ყოფილიყო. როცა ჩვენი ცხოვრება სასიყვარულო ისტორიას შორდება, შესაძლოა, ეს ყველაფერი სრული მარცხით დამთავრდეს.
– სავსებით ნორმალურია, ქორწინებისგან ადამიანი რაღაცას ელოდეს. მაგალითად, მეუღლის მხრიდან სიყვარულს, ყურადღებასა და მხარდაჭერას.
– ჰო, მაგრამ ეს ელემენტარული სურვილებიც კი შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს. შეიძლება, დადგეს დღე, როცა თავს მარტოდ და მიგდებულად იგრძნობ. უკვე ბევრჯერ ვიფიქრე, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა შეუთავსებლობა იყო. მიფიქრია კიდეც და არცთუ იშვიათად – ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო. მე და ჩემი ქმარი, ფაქტობრივად, ყველაფერში ურთიერთსაპირისპირო აზრს ვავლენთ. დღე ისე არ გავა, არ ვეკამათო და მერე მწარედ არ ვინანო.
– მასზე გათხოვების გადაწყვეტილება რომ მიიღეთ, ამასაც ნანობთ?
– ეგეც მინანია, ვაღიარებ. ჩვეულებრივ, დაქორწინებულ წყვილს დიდი დრო არ სჭირდება იმის დასადგენად, რამდენად უთავსდებიან ისინი ერთმანეთს. თავიდან ცოლ-ქმარს სჯერა, რომ მათ შორის სიყვარულია და ეს ყველაფერია. თუმცა ვინ მუშაობს სიყვარულის შენარჩუნებაზე? არავინ.
– რას გულისხმობთ?
– საქმე ისაა, რომ სიყვარული ჰარმონიული ოჯახის გარანტია არ არის. ბევრ ქორწინებაში ვლინდება ის თვისებები, რომელთა ერთმანეთისგან დამალვასაც პარტნიორები მანამდე, ასე თუ ისე, ახერხებდნენ. ადამიანები ვართ, შეცდომებს ვუშვებთ, ჩვენს საყვარელ ადამიანს არაფერს ვუთმობთ, ერთმანეთს ერთ სიტყვას არ ვპატიობთ… უნდა ეცადო, რომ სიყვარული არ გაქრეს. თუმცა ამას ორივეს მცდელობა სჭირდება. ქორწინების შემდეგ შეიძლება, დაასკვნა, რომ ერთმანეთისთვის სრულიად შეუფერებლები ხართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ვახერხებთ ჩვენი ხასიათის განსხვავებები ერთმანეთს შევუთანხმოთ. მე არავის ვარიგებ ჭკუას და რა თქმა უნდა, ექსპერტადაც არ გამოვდგები, მაგრამ ჩემი გამოცდილებით მივხვდი – ბევრად ადვილია შეიყვარო, ვიდრე მერე ეს სიყვარული შეინარჩუნო. განსაკუთრებით უჭირთ მამაკაცებს. ჩემი ქმარი საერთოდ ვერ ხვდება რაზე ველაპარაკები. ჭკუიდან მშლის თავისი გულგრილობით. ყოველთვის ვკამათობთ, ვუყვირით კიდეც ერთმანეთს, გაბრაზებულები დღეების განმავლობაში არ ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს… მერე კი ვნერვიულობ, აქამდე რატომ მივედით, რომ სიყვარული თვალსა და ხელს შუა ქრება.
– ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ერთმანეთი თავიდანაც არ გიყვარდათ.
– ასეც ვერ ვიტყვი. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა და ეს არ იყო ილუზია. ქორწინებაში უთანხმოებები გარდაუვალია და უბრალოდ, ჩვენ ამისთვის მზად არ ვიყავით. შესაძლოა, ზედაპირულ დონეზე ვიცოდით ეს, მაგრამ როგორ უნდა გადაგვეწყვიტა, წარმოდგენა არ გვქონდა. გაბრაზებულ გულზე უკმაყოფილებას აგრესიულად გამოვხატავდით, ფაქტობრივად, ერთმანეთის პიროვნულ თვისებებზე მიგვქონდა იერიში – აბა, რომელი უფრო მეტად ატკენს გულს. რომელი უფრო შხამიან სიტყვას ეტყვის, რაც მერე ეს ისეთ წყენას იწვევდა, აღარაფერი მინდოდა და მიხაროდა.
ასეთ დროს საუბარი ბრძოლის ველს ემსგავსება, სადაც მეუღლეები თავიანთ შეხედულებებს გააფთრებით იცავენ და, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვები ურთიერთგაგებისა და ურთიერთობის „ხიდებად“ აქციონ, მათ საბრძოლო იარაღად იყენებენ. ჩვენი ქორწინების გადარჩენაზე ხელი ჩავიქნიე. ფსიქოლოგიურად განქორწინებისთვის დავიწყე მომზადება. ზღვარზე ვიყავი და უცებ მივხვდი, რომ უნდა მებრძოლა და ასე ადვილად არ დამეთმო. თან ჩემი საფიქრალი ჩვენი შვილებიც არიან.
– ზოგი ქალი იმდენად ეჩვევა უსიყვარულო ქორწინებას, რომ რაიმე ცვლილების ყოველგვარი იმედი უქრება. ერთმა კაცმა თქვა, რომ 23 წლის განმავლობაში მეუღლეობის გაწევა ისეთ სამსახურში მუშაობას ჰგავდა, რომელიც არ მოგწონს.
– მესმის. ქმართან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი ლამის მეც დავკარგე. მით უმეტეს, რომ მისგან ამის არანაირი მცდელობა და მოტივაცია არ ყოფილა. ლამის დეპრესიაში ჩავვარდი. ინტუიციას მივენდე და ამან გადამარჩინა. კიდევ იმასაც მივხვდი, რომ სიცრუეს ცოლქმრული ურთიერთობის მოსპობა შეუძლია.
– როგორ გამოასწორეთ ურთიერთობა?
– საკუთარ თავზე მუშაობით. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ გამომივიდა. დათმობა და გაღიმება ვისწავლე. რეალობისა და ადამიანების ისეთად მიღება, როგორებიც სინამდვილეში არიან. ქმარი მივიღე შეულამაზებლად. მისი მხრიდან ჯერ გაოცების ფაზაა, მაგრამ ვხედავ, რომ კმაყოფილია და ეს უკვე კარგია.