№34 რა რეკორდი აქვს ჯემალ ღაღანიძეს დამყარებული და რაში დაეხმარა მას ქუჩური ცხოვრება
ნინო კანდელაკი ნინო სანებლიძე
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 62 წელია, რაც რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზეა. 1965 წლიდან მოყოლებული დღემდე უამრავ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ერთ სპექტაკლში კი რეკორდული მაჩვენებლით აქვს ნათამაშები დუბლიორის გარეშე – 650-ჯერ. ბატონი ჯემალი 86 წლისაა და 63-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება. ჩვენთან საუბრის დროს მსახიობმა მისთვის საყვარელი და საინტერესო ისტორიები გაიხსენა.
ჯემალ ღაღანიძე: სამშობიაროდან რომ გამომიყვანეს, რომელ ოთახშიც შემიყვანეს, დღესაც იქიდან გამოვედი. მთელი 86 წელი ამ სახლში გავატარე, რომელიც დოლიძესთან ახლოს, ბოლქვაძეზე მდებარეობს. ძირძველი თბილისელი ვარ. ჩემს ბავშვობაში სახლის ახლომახლო ბევრი არაფერი იყო, მამაჩემს მშენებლობა რომ დაუწყია, უთქვამთ: რას შვრები, ტყეში აშენებ სახლსო. სკოლა სახლთან ახლოს იყო, ახლანდელ „აჭარასთან“ – საბავშვო ბაღი, ხოლო სპორტის სასახლესთან – ძალიან დიდი ბაზარი. ეს იყო ჩემი სამკუთხედი, სადაც ვმოძრაობდი. ამ ბაზარში მთელი თბილისი იყრიდა თავს და ამიტომ „ბაზრის უბანს“ ეძახდნენ. დედა საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, ნათლია კი – დირექტორი. ბავშვობის მოგონებებიდან ერთი რამ მახსოვს ძალიან კარგად: ბაღის ჭიშკართან გაჩერება იყო. უცებ დედაჩემმა დამიძახა და დამანახვა გალაკტიონი – შავი კოსტიუმი ეცვა, გულზე ლენინის ორდენი ეკეთა. წლების შემდეგ გალაკტიონ ტაბიძე პირადად გავიცანი და ურთიერთობაც მქონდა მასთან, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ეს კადრი წარუშლელია. ჩემს ბავშვობაში სულ სხვა დრო იყო – დილის ექვსი საათიდან სიცოცხლე ჩქეფდა ქალაქში. საყვირი რვის ნახევარზე რომ დაუკრავდა, მთელი ქალაქი ფეხზე იდგა და სამსახურში მიდიოდა.
– რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?
– არავინ მყავდა მსახიობი. ბოლოს გაირკვა, რომ დედას ჰქონია ამის ნიჭი. მე და ჩემს ძმას დედა გვატარებდა ხოლმე მარჯანიშვილის თეატრში და ეს სფერო მან შემაყვარა. როგორც თავად იხსენებდა, საბავშვო ბაღში თოჯინებისა და ჩრდილების თეატრი რომ შემოვიდოდა, ძალიან მოწადინებული იყავიო. თუ დეკორაციებით დატვირთულ მანქანას დაინახავდი, გარბოდი და ყვიროდი, თეატრი, თეატრიო. ჩემი მეგობრები რომ მხვდებიან, მეუბნებიან: ბედნიერი კაცი ხარ, რადგან ბავშვობაში რაც ჩაიფიქრე, ბოლომდე მიიყვანეო. დაახლოებით მე-6 კლასიდან „შემიჩნდა ჭია“, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. დამრიგებელი მყავდა – ელენე აბაშიძე, ვიცელქე და კლასიდან გამომიშვა. შევბრუნებულვარ და მისთვის მითქვამს, პატ მას (პატივცემულო მასწავლებელო),დადგება დრო, ჩემი სპექტაკლების ბილეთების რიგში დაგინახავთ-მეთქი. ასე აგიხდეთ ყველაფერი. გავხდი რუსთაველის თეატრის მსახიობი და რობიკოს ხელმძღვანელობით დავდგით „ხანუმა“. ბილეთები არ იშოვება, ერთი ამბავია. ელენესთან მისულა მეზობელი და უთქვამს: ჯემალი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს და რა გახდა ორი ბილეთიო. ელენეს უპასუხია, მაგასთან მაინც არ მივალ და არ ვთხოვ, დამუქრებულია ჩემზეო (იცინის). უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, პრობლემა შემექმნა. ჩემს დროს სულ სამი ფაკულტეტი იყო და მიღება წელიწად-ნახევარში ერთხელ ცხადდებოდა. რომ ვაბარებდი, საქართველოში იმ წელს დაამატეს მე-11 კლასი, ამიტომ სკოლა საინგილოში დავამთავრე. სტუმარი გვყავდა საინგილოდან. მამაჩემს მივადექი და ვეუბნები, ატესტატი უნდა მიყიდო-მეთქი. გაგიჟდა – პატიოსანი კაცი იყო. შეცბა ჩვენი სტუმარიც. მამაჩემმაც უთხრა, რომ წელი მიცდებოდა და მერე ჯარში წამიყვანდნენ. ამ კაცმა შემოგვთავაზა, მასთან წავსულიყავი და სკოლა იქ დამემთავრებინა, რადგან საინგილოში ათწლედი იყო. ჩვენც დავთანხმდით. იქ მივხვდი, რა არის თავისუფლება. ვწერდი პიესებს და ვდგამდი სპექტაკლებს. ეკლესიის ნანგრევებთან დავაყენებდი ჩემს მოსწავლეებს და ვამეცადინებდი. რომ წამოვედი, ძალიან გული დასწყდათ.
– თუ გაგმართლებიათ ცხოვრებაში?
– უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, მიღება აღარ იყო, საბუთების შეტანა კი მოვასწარი, მაგრამ ატესტატს დააგვიანდა – ბაქოში იყო გაგზავნილი დასამტკიცებლად. აქ ითამაშა ბედმა და აღმოჩნდა, რომ ქუთაისის თეატრი ითხოვა ჯგუფს, რომ თეატრალური ინსტიტუტი გაეხსნათ. გიგა ლორთქიფანიძე იყო პირველი ლექტორი და მისი პირველი სტუდენტები ვიყავით ჩვენ. მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგა გადაჰყავდათ ქუთაისში და ჩვენც უნდა წავყოლოდით – ჯგუფს დათქმული ჰქონდა: სადაც გიგა იქნებოდა, იქ ვიქნებოდით ჩვენც. მესამე კურსზე ვიყავით, მიხეილ თუმანიშვილმა, რომელსაც მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი, უცებ გამაჩერა და მითხრა: ყმაწვილო, რუსთაველის თეატრში სპექტაკლს ვდგამ და ძალიან მჭირდები. რა მექნა, არ ვიცოდი – პირობა უკვე მიცემული მქონდა, რომ გიგას მივყვებოდი ქუთაისში. ამ დროს გამიმართლა და გავიგე, რომ გიგა ერთ წელში უნდა დაბრუნებულიყო თბილისში მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელად. ამ ინფორმაციას წავავლე ხელი და ვუთხარი, თქვენ რომ უკან დაბრუნდებით, ეს თბილისელები ობლებად დავრჩებით ქუთაისში-მეთქი და გაჭრა. იქიდან მოყოლებული, 1956 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრში ვარ, უკვე 62 წელია და იმედია, 63-ე სეზონზეც ვიქნები. ბევრ რამეს მივაღწიე და ბევრი ტიტული მაქვს მოპოვებული. ისეთ პერიოდში გავიზარდე, სიმართლე გითხრათ, არ მქონდა მოლოდინი ამ ყველაფრის. ჩემს დროს აცვენილი ვიყავით ახალგაზრდები, ჩემი ისეთი რაიონი იყო, ამ ამბავს გვერდს ვერ აუვლიდი. ბევრი მაცდური წინადადება ყოფილა, შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზე გავიარე. თუმცა, ქუჩამ ჩემს პროფესიაში ბევრი რამ მომცა.
– არაერთი მოგონება გექნებათ თეატრიდან...
– რობიკოს ხელში მოხვედრა არ იყო მარტივი საქმე. ჩვენ მისი გუნდი ვიყავით და შეიძლება ითქვას, ოქროს ხანა გამოვიარეთ. პატარა რობიკომ ერთი ექვსი ისეთი სპექტაკლი გააგორა, რომ სასწაულები მოახდინა მსოფლიოში. მაშინ ახალგაზრდა იყო. 36 ქვეყანა მოვიარეთ. რეკორდიც მაქვს დამყარებული – 650-ჯერ ვითამაშე ერთი სპექტაკლი, ისე რომ დუბლიორი არ მყოლია. რადგან მოგონებები ახსენეთ, რამაზ ჩხიკვაძე მინდა, გავიხსენო. მას ჰქონდა ერთი ასეთი თვისება, საგრიმიოროდან რომ გამოვიდოდა, შემოსასვლელი უნდა გაევლო და მერე გასულიყო სცენაზე. შემოსასვლელში „ბელიკები“ იყო ძველი მსახიობების. წამოვიდოდა რამაზი, მივიდოდა ამ კედელზე და სამჯერ ცხვირზე დაარტყამდა (იცინის). თუ დაავიწყდებოდა, სცენიდან გამოიქცეოდა, დაარტყამდა ცხვირზე და მერე იწყებდა თამაშს. მანქანაში ისე არ ჩაჯდებოდა, თუ სამჯერ უკუღმა არ დატრიალდებოდა. გამიმართლა თეატრში, რაც მივეცი, ათი იმდენი დამიბრუნა. უმადურობაზე დიდი ავადმყოფობა არ არსებობს. რომ არა ივანიშვილი, მსახიობების საქმე ცუდად იქნებოდა. ჩვენ ენთუზიაზმზე ვთამაშობდით და იმ მადლიერებას, 10-15 წელიწადი რომ ოჯახი შეგვინახა, ვერ დავივიწყებთ. ამის არდანახვა შეუძლებელია. ზოგმა იცის, მე პოლიტიკას არ ვეხები, როგორ არ ეხები. შენს ქვეყანას რომ ეხება საქმე, ის შენც გეხება, ამდენი ტერიტორია რომ გვაქვს ჩამოჭრილი, შენც იძულებული ხარ, ჩაერთო ამ საქმეში. ჩვენ სპექტაკლებით ისეთ თემებზე ვლაპარაკობდით, რომ ადამიანს გაფიქრებისაც კი ეშინოდა. ციხე ელოდებოდა ყველას, ვინც საჯაროდ მსგავს აზრს დააფიქსირებდა. ჩვენ კი სცენიდან ვლაპარაკობდით ამ ყველაფერს. რობიკომ დადგა სპექტაკლი „ყვარყვარე“, რომელსაც ისეთი გასაღები მოუძებნა, რომ ცეკას 11 გასინჯვა ჰქონდა – გაეშვა თუ არა, ბოლოს ანტისაბჭოთა სპექტაკლად მონათლეს. ჩვენი იარაღი იყო სცენა და ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ამ იარაღით.