კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რას ნიშნავს „კლიმატური იარაღი“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რუსეთში, ციმბირის ტერიტორიაზე კარგა ხანია, იწვის ტყეები და ხანძრის ფართობი სომხეთის სახელმწიფოს ფართობს უტოლდება. როგორც ამბობენ, დედამიწას ორი ფილტვი აქვს – ციმბირის ტყეები და ამაზონის ჯუნგლები. ამდენად, არც თუ სახარბიელოდაა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს, ნამდვილად არ გვეკუთვნის დამწუხრება, თუ რუსეთს ეკონომიკური, პოლიტიკური ან ეკოლოგიური ზიანი მიადგება. რფ-ის „დუმის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა ხანძრების გაჩენა აშშ-ს მიერ ეგრეთ წოდებული კლიმატური იარაღის გამოყენებას დაუკავშირა, თუმცა დაზუსტებით უცნობია, ვის მიუძღვის წვლილი რუსეთში მასშტაბური ხანძრების გაჩენაში, ცნობილია, რომ 2008 წელს საქართველოს ტყეებში ხანძარი სწორედაც რომ ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალამ გააჩაღა, იმას გარდა, რომ აფხაზეთში, ეშერის ლაბორატორიის არსებობასაც საიდუმლო ტექტონიკური იარაღის შექმნას უკავშირებდნენ და გასულ წელს საქართველოში ტყის მასივების წვას – რუსული სპეცსამსახურების ძალისხმევას. კლიმატური იარაღის რაობასა და, ზოგადად, ადამიანის ფანტაზიის მასშტაბებზე მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში ვახტანგ მაისაიასთან ერთად ვისაუბრებთ.
– რას ნიშნავს კლიმატური იარაღი, თუ გამოუყენებიათ ის და როდის?
– კლიმატური იარაღის თეორიული საფუძვლები შემუშავდა ჯერ კიდევ კლასიკური „ცივი ომის“ დროს, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, როდესაც მიდიოდა გამალებული სტრატეგიული შეიარაღება, სამხედრო-ტექნიკური რევოლუციის მესამე ფაზის პერიოდში. მაშინ ყოველი ფანტასტიკური იდეა მიიღებოდა რეალობად და მას განიხილავდნენ. მაგალითად შემიძლია, მოვიტანო მთვარის ათვისების პროექტები, რომ გამოეყენებინათ მთვარე ოპერატიული მუშაობისთვის.
– ანუ, ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ, მთვარეზე რას აპირებდნენ?
– სპეციალური ანტისარაკეტო მოწყობილობების დაყენებას, რომ გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის სარაკეტო კომპლექსები. ძალიან მოდაში იყო პრევენციული მოქმედება და მოქნილი რეაგირების საშუალებად ცდილობდნენ მთვარის გამოყენებას. „ნატომ“ 1967 წელს მიიღო, ეგრეთ წოდებული, „ჰარმელის დოქტრინა“, რაც გულისხმობდა სწრაფი რეაგირების სტრატეგიის შემუშავებას კოსმოსურ სივრცეებში.
– როგოზინი იმიტომაც აცხადებდა, მთვარე უნდა ავითვისოთო? მე მეღიმებოდა და, თურმე, როგორი პრეისტორია ჰქონია მთვარის სამხედრო მიზნებით გამოყენებას?!
– მთვარის ათვისება საბჭოთა მეცნიერის, კოროლიოვის პროექტი იყო, უბრალოდ, მას არ დასცალდა ამის განხორციელება, რადგან გარდაიცვალა. კოსმონავტი კომაროვი, რომლის სახელობისაცაა მათემატიკური სკოლა თბილისში, დაიღუპა მთვარის ათვისების ერთ-ერთი მოდულის ექსპერიმენტისას. კოროლიოვისა და კომაროვის დაღუპვის შემდეგ შეწყდა საბჭოთა კავშირში მთვარის პროექტების განხორციელება და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იგივე ბედი ეწია ამ ტიპის  პროექტებს, იმიტომ რომ დაიწყო განიარაღების პროცესი, თუმცა მთვარის შესწავლის მეორე ტალღა წამოვიდა, ეგრეთ წოდებული, ვარსკვლავური ომების პროექტის სახით. რაც ითვალისწინებდა ლაზერული იარაღის შექმნას, რომლითაც შეძლებდნენ ბალისტიკური რაკეტების გადაჭერასა და განადგურებას, რომ, ფაქტობრივად, პირველი დარტყმისთანავე შესაძლებელი გამხდარიყო მოწინააღმდეგის მწყობრიდან გამოყვანა პირველივე ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში.
– ფილმები და შემდგომ თამაშები – „ვარსკვლავური ომები“ აქედან მოდის?
– დიახ. ამერიკელებმა იმუშავეს ბლეფზე, რეიგანმა ჩართო „ჰოლივუდი“. დიახ, ეს იყო სტრატეგიული ინიციატივა, რომელიც რეიგანმა წამოსწია 1982 წელს და ითვალისწინებდა კოსმოსური პლატფორმების შექმნას მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. ეს იყო ფარისა და მახვილის პროექტი, რისი მიზანიც იყო ლაზერული იარაღის შექმნა და კოსმოსურ პლატფორმებზე განთავსება. სხვათა შორის, ლაზერული შეიარაღების რბოლაში საბჭოთა კავშირმა აჯობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, უბრალოდ, გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ დაასამარა ეს პროექტი. მაგრამ პუტინმა გააგრძელა ლაზერული იარაღის შექმნა და, ფაქტობრივად, დღეს რუსეთმა მიიღო ლაზერული იარაღი ტაქტიკურ დონეზე. შესაბამისად, შეუძლია ტაქტიკური რაკეტების განადგურება ლაზერული იარაღით. ამერიკელებიც მუშაობენ იმავე ტიპის შეიარაღებაზე, იმიტომ რომ დაიწყო ახალი სახეობის სტრატეგიული შეიარაღების რბოლა. მინდა, გითხრათ, რომ შავი ზღვა უკვე გახდა ამ სტრატეგიული შეიარაღების რბოლის ეპიცენტრი, რადგან ირანმაც დაიწყო ბირთვული კუნთების თამაში.
ამჟამად მუშაობენ ლაზერული იარაღის დაბრუნებაზე, მთვარის ათვისებაზე, იმიტომ რომ ვართ ახალი ცივი ომის ცხელ ფაზაში. გაგახსენებთ, რომ კლასიკური „ცივი ომის“ ცხელი პირველი ფაზა იყო 1954-1970 წლებში, მეორე ცხელი ფაზა კი – 1978-1985 წლებში. 2014 წლიდან კი ახალი „ცივი ომის“ ცხელი ფაზაა და ამ პერიოდში არც ერთი ტიპის შეიარაღების, რაც უნდა ფანტასტიკის სფეროდ მოგეჩვენოთ, შექმნა არ იქნება არარეალური. მით უფრო, რომ დღეს ზებგერითი შეიარაღების სარაკეტო კომპლექსების შექმნაზეა საუბარი, რომელთა აღმოჩენა გართულებულია და ამიტომაც აქვთ უპირატესობა: მუშაობენ სტრატეგიული დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავების, მეხუთე თაობის სტრატეგიული ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების შექმნაზე, რომელთა აღმოჩენაც თანამედროვე რაკეტ- და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით  შეუძლებელია და ვინც პირველი გამოიყენებს, სწორედ მას ექნება უპირატესობა. როგორც ვიცი, კლიმატური ტიპის იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ თეორიულად ჯერ კიდევ კლასიკური „ცივი ომის“ პერიოდში. ხოლო, რაც თავის დროზე მიიჩნეოდა ფანტასტიკად, შემდგომ იქცეოდა რეალობად. ამდენად, კლიმატური იარაღის შექმნაც სავსებით რეალურია. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ის პოტენციალი, რაც ჰქონდათ საბჭოთა კავშირსა და მაშინდელ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც კი დაესიზმრებათ დღევანდელ რუსეთსა და ამერიკას.
– რატომ? კაცობრიობა ამასობაში დაშტერდა? უფრო ხისტი სიტყვის თქმა არ მინდა.
– მე სამხედრო-სტრატეგიულ შეიარაღებასა და ტექნოლოგიებზე ვლაპარაკობ, რომლებსაც შეუძლია გარღვევა, ასეთი რამ კი არ ხდება. ამერიკელებიც და რუსებიც ხელმძღვანელობენ ძველი, „ცივი ომისდროინდელი“ კვლევებით და მათ ანახლებენ. მეორე მხრივ, მაშინ ამერიკელებიც უფრო მეტ თანხას ხარჯავდნენ შეიარაღებასა და სამხედრო კვლევებზე – ბიუჯეტის მეოთხედს, რუსები კი, საბჭოთა დროს – 40 პროცენტს. მით უფრო, რომ მაშინდელი საბჭოთა რუბლი და ამერიკული დოლარი უფრო ძლიერი ვალუტები იყო და მსყიდველობითუნარიანობაც მეტი ჰქონდა. დღეს ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია, თუმცა ამერიკელები რუსებზე მეტს ხარჯავენ და სწორედ ეს ფაქტორები არ აძლევს საშუალებას ტრამპისა თუ პუტინის ადმინისტრაციას, ჩინეთის ხელმძღვანელობას, განავითარონ სამხედრო-სამრეწველო მიმართულება. ევროპელებზე აღარაფერს ვამბობ, იმიტომ რომ მათ საერთოდ დაივიწყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არსებობაც კი და სხვა რელსებზე გადავიდნენ. ტრამპი მართალია, როდესაც ეჩხუბება თავის ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც სამხედრო ხარჯებისთვის თანხა ენანებათ, თუნდაც, კვლევებზე. ამდენად, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთშიც არის კრიზისი სამხედრო ტექნოლოგიების თვალსაზრისით „ცივი ომის“ პერიოდთან შედარებით, რადგან გეოპოლიტიკურმა დათბობამ, ფაქტობრივად, დააკონსერვა ტექნოლოგიების განვითარება და ამ ოცწლიანმა ჩამორჩენამ დიდი დაღი დაასვა ამ სფეროს.
– ამიტომ მარტივად იქცევიან – ტყეებს წვავენ?
– კომპიუტერული ტექნოლოგიები განვითარდა, კიბერომებისა და სოციალური ქსელების მხრივ, მაგრამ ესეც პრიმიტიულ დონეზეა მაინც. თანამედროვე გლობალიზაციამ მოიტანა ის, რომ სამხედრო ტექნოლოგიები იმავე სისწრაფით არ ვითარდება. სხვათა შორის, 2008 წლის ომში რუსებმა ხელში ჩაიგდეს ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიები, რის შედეგადაც პოზიცია გაიმაგრეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაში. სააკაშვილი დასაჯეს კიდეც ამის გამო ამერიკელებმა და მან, ფატობრივად, დაადასტურა, რომ ემბარგო დაუწესეს. ერთი სიტყვით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი და ევროპული სახელმწიფოები, თავის წინამორბედებთან შედარებით, კლასიკური ცივი ომის პერიოდში, საკმაოდ პრიმიტიულ დონეზე არიან.
– კლიმატური იარაღი არ არის, მაგრამ კი ჰგავს ღორის ჭირი, რის შედეგადაც ღორი თითქმის გავწყვიტეთ და იმპორტის იმედად ვართ, ფაროსანამ გვარიანად დააზიანა სოფლის მეურნეობა.
– ეს სხვა ტიპის მასობრივი განადგურების იარაღია. ოთხი სახეობის მასობრივი განადგურების იარაღი არსებობს: ბიოლოგიური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური და ბირთვული. ამ ტიპის ომები რეგულირდება ერთა ლიგის პერიოდიდან მოყოლებული. იაპონია საკმაოდ მწარედ დაისაჯა ამ იარაღის გამოყენების გამო და ტოკიოს ტრიბუნალმა 15 იაპონელი სამხედრო და პოლიტიკოსი ჩამოახრჩო ამისთვის და ბირთვული იარაღის გამოყენების ფაქტიც ოფიციალურად დაფიქსირდა მეორე მსოფლიო ომში. აქვე უნდა გითხრათ, რომ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წლის პირველ სექტემბერს და დასრულდა 1945 წლის 2 სექტემბერს და არა 1945 წლის 8 მაისს, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია.
– როგორც მივხვდი, აწი გადავდივართ ვარსკვლავური ომების რეჟიმში.
– ყოველ შემთხვევაში, ისტორია მეორდება, იმეორებენ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც კარგად იყო აპრობირებული კლასიკური „ცივი ომის“ პერიოდში. მახსენდება აინშტაინის გენიალური ფრაზა, როდესაც ჰკითხეს, რა იარაღით იომებენ მესამე მსოფლიო ომშიო, უპასუხა, მეოთხე მსოფლიო ომი რომ ხელკეტებით იქნება, დანამდვილებით ვიციო. აი, ეს ახალი „ცივი ომიც“ საკმაოდ პრიმიტიული მეთოდებით ხორციელდება, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკობენ ახალ ტექნოლოგიებზე. ეს ის ტექნოლოგიებია, რომლებიც უფრო მეტი დინამიკურობით ვითარდებოდა ათწლეულების წინათ, უბრალოდ, ამას ხელი შეუშალა ორმა პერიოდმა, რომელიც დასაწყისში ვახსენე: ბრეჟნევ-ნიქსონისა და რეიგან-გორბაჩოვის შეთანხმებებმა, შემდეგ კი – ოცწლიანმა პაუზამ. ახლა, როდესაც პუტინმა დაიწყო ახალი „ცივი ომი“, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2008 წელს, უბრალოდ, გაფორმდა 2014 წელს უკრაინის ანექსიით. დრო გვიჩვენებს, რამდენად წარმატებით მოახერხებენ სამხედრო-ტექნოლოგიურ გარღვევას. პირადად მე ეჭვი მეპარება, იმ დონეს მიაღწიონ, რაც კლასიკური „ცივი ომის“  პერიოდში იყო, სამხედრო ტექნოლოგიებისა და კვლევების განვითარების მხრივ.

скачать dle 11.3