№34 ფაროსანაზე კერკეტები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ მტრის ნაირსახეობა
ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო ჩვენივე ოკეანისგაღმელი, სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორი (ან კი როგორ არ იქნება სულზე უტკბესი, როდესაც მისი დეკლარირებული მხარდაჭერით უდგას სული ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას რეალური და მცოცავი ოკუპაციის პირობებში) არ ჩქარობს ელჩის დანიშვნას და, შესაძლოა, ამიტომაც არც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აქტიურობს მაინცდამაინც.
თუმცა გასულ კვირას ნავსი გატყდა და ქ-ნმა რუდმა (ელიზაბეთმა), საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, მოსაზრება-მოსაზრებაზე გაგვიმხილა.
კერძოდ, სამეგრელოში, თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ სტუმრობისას, ჯერ ერთი, ქართულად ილაპარაკა (ესეც ძირეული განსხვავებაა ყოფილ უფროს ძმასა და ამჟამინდელ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, მაგალითად, არათუ რუს პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, ლამისაა, საქართველოში ათწლეულობით მცხოვრები ეთნიკურად რუსები არ სწავლობდნენ ქართულს, პოზისთვის მაინც) და, მეორეც, წრეგადასულად შეგვაქო - ამაყი ვარ, ესე იგი, ვამაყობ თქვენითო (ლიტერატურული ქართულით რომ ვთქვათ).
ქ-ნი რუდის სიამაყის მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ფაროსანაზე შეტევაში წარმატებაა.
აშშ ფაროსანასთან ბრძოლაში უკვე ორი წელია, გვეხმარება (ფაროსანა ეძახე და, დასავლეთ საქართველოში თითქმის მოსრა კაკლოვნებისა და მარცვლოვნების მოსავალი), ამიტომაც დიპლომატმა შენიშნა (მაინც მოვიტან ციტატას): „დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანასა და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში.“
თუ გავიხსენებთ, რომ აშშ-ს არანაკლები (თუ მეტი არა) დახმარება გაუწევია ოკუპაციის მოსრაშიც (იმას გარდა, რომ, როგორც ჩანს, რუსები ფაროსანაზე კერკეტი კაკლები არიან), იმედი უნდა ვიქონიოთ, ფრონტის ამ ხაზზეც მივცემთ სიამაყის მიზეზს (მით უფრო, თუ ფაროსანაზე მოთელვა უკვე წარმატებით გაგვივლია).