№34 როგორ აფრიალებს უცხოეთის ცნობილ სცენებზე საქართველოს დროშას ვირტუოზი მუსიკოსი ირაკლი ბეგლარაშვილი და რატომ იწვევს ის მუდმივად მსმენელის აღფრთოვანებას
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ირაკლი ბეგლარაშვილი განსაკუთრებული ტალანტით დაჯილდოებული მუსიკოსია, რომელიც პატარა ასაკიდან ქართულ გარმონზე ვირტუოზულად უკრავს. მან მრავალი წლის განმავლობაში არაერთი უბრწყინვალესი ნაწარმოები შექმნა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტისთვის, რომლებიც მრავალ წამყვან ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლებში აჟღერდა. ბატონი ირაკლი არა მხოლოდ ქმნიდა ნაწარმოებებს, არამედ იკვლევდა უძველეს მუსიკალურ შედევრებს, რომლებიც დავიწყებას მისცემოდა და მისი დიდი შრომისა და მუსიკისადმი სიყვარულის გამო, კვლავ გაცოცხლდა და სრულიად ახალი ჟღერადობით გადაეცა მომავალ თაობას. ის არაერთ მუსიკალურ სკოლასა თუ სტუდიაში ატარებდა მასტერკლასებს, ასწავლიდა ახალგაზრდებს უნიკალურ, უძველეს მუსიკალურ შედევრებს. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ეწეოდა ქართული ფოლკლორული მუსიკის პოპულარიზაციას. ირაკლი არაერთ ცნობილ სცენაზე წარსდგა ქართული გარმონით, რომლის გაწელვისას მაყურებლის წინაშე ქართულ დროშას აფრიალებდა, რომელიც ქართული, ხელნაკეთი გარმონის საბერველზეა გამოსახული. ამჟამად ექსტრაოდრინარული ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსი ამერიკაში ცხოვრობს, ქართული კულტურული ცენტრის – „ფესვების“, მუსიკალური ხელმძღვანელია. პარალელურად კი, თავის დიდ ნიჭს ამერიკაში დაბადებულ, პატარა ქართველებსაც უზიარებს. ვირტუოზი მეგარმონე, რომელიც საკუთარ ინსტუმენტზე და ქართულ მუსიკაზე უზომოდ შეყვარებულია, ამერიკაში არაერთგზის დააჯილდოვეს, როგორც განსაკუთრებული, ექსტრაორდინარული ნიჭის მქონე წარმატებული ქართველი ემიგრანტი, რადგან მისი, როგორც მუსიკოსის ნიჭი წარმოუდგენლად დიდია, ხოლო მისი ღვაწლი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის კუთხით – შეუფასებელი.
ირაკლი ბეგლარაშვილი: ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც ქართულ ხალხურ ცეკვებს ვცეკვავდი და გარმონზე დაკვრის სწავლაზე ვოცნებობდი. 14 წლიდან ვუკრავ გარმონზე. დაკვრის შესწავლისთანავე გამიჩნდა სურვილი, რომ მეც შემექმნა ცეკვებისათვის მუსიკა და სულ მოკლე ხანში რამდენიმე ნაშრომი ჩემს პედაგოგებს წარვუდგინე. მათ ძალიან მომიწონეს და ასეთმა შეფასებამ უფრო მეტად გამიღრმავა სურვილი, თავადაც შემექმნა რაიმე ახალი. ამ ახლის ძიებაში სიძველეებსაც მივადექი, რამაც ძალიან დამაინტერესა და დავიწყე ინტენსიური მუშაობა საკუთარ თავზე. 16 წლის ასაკში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო ანსამბლში ვუკრავდი. შემდეგ ანსამბლ „მამულში“, სადაც წამყვანი მუსიკოსი ვიყავი და მაყურებელს რამდენიმე დიდი პროექტი წარვუდგინეთ, რომელთა მუსიკალური ხელმძღვანელიც თავად გახლდით. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. 17 წლის ასაკში, ანსამბლის ყველაზე უმცროსი წევრი, პირველად გავემგზავრე საგასტროლო მოგზაურობაში. ანსამბლში ყველაზე პატარა ვიყავი და ჩემი სცენაზე გამოჩენა, გარმონის ხმის გაგონება მაყურებელში დიდ მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევდა. პარალელურად, ვმუშაობდი ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კელაპტარში“, 10 წლის განმავლობაში, როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი და როგორც მუსიკის მასწავლებელი. მათთან ერთად ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი, ისევე როგორც ანსაბლ „ცისკართან“ ერთად.
– იმის გამო, რომ ასე ვირტუოზულად და თანაც, ცოცხლად უკრავთ ქართულ მუსიკას, მაყურებლის მხრიდან მუდმივად უმაღლეს შეფასებას იმსახურებთ, რაც ძალიან სასიამოვნოა.
– ნამდვილად ასეა. თან, ჩემი გარმონი არ გახლავთ ქარხნული წარმოების, არამედ ხელით არის აწყობილი და ყოველი მისი დეტალი ოსტატის მიერ ხელითაა შექმნილი. ხელოსანს ავუხსენი, როგორი მინდოდა, როგორი ვიზუალით, ჟღერადობით და მართლაც საოცარი ჟღერადობა აქვს ჩემს ინსტრუმენტს. ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს, მენატრება და რაც თვალი გავახილე, მას შემდეგ ქართულ ხელოვნებას ვემსახურები. გარდა იმისა, რომ ქართული გარმონი მაქვს, გარედან, საბერველზე ქართული დროშაც ჩავახატე. კონცერტზე რომ იწელება გარმონი, ქართული დროშა ფრიალებს და მაყურებლისთვისაც ძალიან ემოციურია... მახსოვს, საფრანგეთში გასტროლის დროს, ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში გარმონზე „იავნანა“ შევასრულე. რომ დავამთავრე დაკვრა, ხალხს საოცარი ემოცია ჰქონდა, ერთმანეთს უყურებდნენ და ტიროდნენ. მადლობა გადამიხადეს: ასეთი ლამაზი მელოდია საოცრად შეასრულეთო. ასევე, ტაივანში გახლდით გასტროლებზე და იმდენად დაინტერესდნენ ჩემი შესრულებით, რომ ადგილობრივმა ტელევიზიამ ინტერვიუ ჩაწერა ჩემთან. ყველაფერს მეკითხებოდნენ ინსტრუმენტის, ქართული მუსიკის შესახებ. მსმენელს განსაკუთრებულად მოსწონს ჩემი შესრულების მანერა, სისწრაფე და ასევე, როგორ ვარგებ ცეკვის თითოეულ მოძრაობას მუსიკას. ცვალებადობა და მრავალფეროვნება ჩემი გამორჩეული ხელწერაა, როცა მუსიკა თვითონ საუბრობს ცეკვაზე, მის შინაარსზე. მაყურებელი ხშირად მეკითხება: როგორ ახერხებთ ერთ ცეკვაში ამდენი მუსიკის გაერთიანებას, ასე აკინძვას და ასე ლამაზად დაკვრასო.
– ამჟამად ამერიკაში ქართული კულტურის ცენტრის – „ფესვების“, სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ. არაერთ მნიშვნელოვან სცენაზე დაუკარით.
– 2016 წელს ჩამოვედი ამერიკაში. მალევე ნიუ-იორკში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ქართულ ეკლესიაში გავიცანი ქართული კულტურის ცენტრის, „ფესვების“, სამხატვრო ხელმძღვანელი ვანო გოდერძიშვილი. დავმეგობრდით და მან მეორე დღესვე შემომთავაზა თანამშრომლობა. მე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და მას შემდეგ უდიდესი პროექტები განვახორციელეთ ერთად. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა, ძალიან დიდ სცენებზე გამოვედით. ალბათ, ასობით ათას უცხოელს გავაცანით ქართული კულტურა. ამას გარდა, ყოველ შაბათ-კვირას რეპეტიციები გვაქვს, ვმუშაობთ ცეკვაზე, მუსიკაზე, ძალიან ბევრი გამოსვლა გვაქვს და ყველგან ცოცხლად ვუკრავთ. ვაშინგტონში, „კენედის ცენტრში“, მილენიუმის სცენაზე ქართულ გარმონზე რომ დავუკარი, მეც და მგონი, ჩემი მუსიკაც ერთნაირად განვიცდიდით. ბოსტონში მიგვიწვიეს ოპერაში, სადაც დაიდგა ანტონ რუბიშტეინის ოპერა „დემონი“. ორი ფრაგმენტი იყო, სადაც რეჟისორებმა ქართული მუსიკა და ქორეოგრაფია გამოიყენეს და რა თქმა უნდა, ჩვენ – „ფესვებს“ დაგვიკავშირდნენ. ჩვენი ნაწილი სცენაზე დიდი წარმატებით შევასრულეთ და მთელი პუბლიკა აღნიშნავდა, რომ ქართული ნაწილი, ყველაზე გამორჩეული და ხალისიანი იყო. ჩვენ შესახებ წერდა „ნიუ-იორკ თაიმსი“ და „ვოლ სტრიტ ჟურნალი“. ეს იყო ენით აღუწერელი ემოცია. ვანოს მეუღლე, შორენა ბარბაქაძე, უნიჭიერესი ადამიანია, რომელმაც ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან 600-მდე ამერიკაში დაბადებული პატარა ქართველი თუ მცირე ასაკში საქართველოდან ჩამოსული ბავშვი, ქართულ ხელოვნებას აზიარა და შეაყვარა. ჩვენი მოსწავლეების რაოდენობა დიდი ხანია, 100 ზე მეტია. მე დიდი მადლიერება და სიყვარული მინდა გამოვხატო „ფესვების“ ხელმძღვანელების, ვანოსა და შორენას მიმართ. გვერდში გვიდგანან პირველი წუთებიდან მეც და მთელ ჩემს ოჯახს. გზის გაკვლევაში არაერთ ხელოვანს დაეხმარნენ, მეც აღმომაჩინეს, გამომაჩინეს. მათ გვერდში ყოველთვის არაჩვეულებრივი ხალხია. ოქტომბერში ბრუკლინში ჩვენი ორგანიზებით ჩატარდება „თბილისობა 2019“ და ამისთვის უკვე ვემზადებით. ვამზადებთ ულამაზეს პროგრამას.
– ოჯახიც გამაცანით.
– ჩემი მეუღლე თეა მამამთავრიშვილია, ძალიან ნიჭიერი მომღერალი გახლავთ. გვყავს სამი შვილი: მარიამი, გიორგი და დემეტრე. მეუღლე მუდმივად გვერდში მიდგას, მეხმარება, რჩევებს მაძლევს. ჩვენ ემიგრანტულ სიძნელეებს ერთად ვუმკლავდებით და ერთმანეთის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, როგორც ნამდვილი ქართული ოჯახის წესია. მას მინდა ვუთხრა, რომ დღეს ასმაგად მიყვარს.