კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რატომ აღარ აქვს სახლი ლევან კბილაშვილს და როგორ გახდა ის გორან ბრეგოვიჩის რჩეული

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მომღერალ ლევან კბილაშვილის ცხოვრებაში, როგორც თავად ამბობს, ბედის ბორბალმა წარმატებისკენ დაიწყო ბრუნვა. ის მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსის, გორან ბრეგოვიჩის რჩეული გახდა და საშუალება მიეცა, სცენაზე მასთან ერთად მდგარიყო. ლევანი სწორედ ამ მიზეზით დაბრუნდა საქართველოში ორი წლის შემდეგ. უფრო დაწვრილებით მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ თავად გიამბობთ.
  ლევან კბილაშვილი: 29 ივნისს პეტერბურგში გაიმართა საერთაშორისო  ეთნომუსიკის ფესტივალი, სადაც ერთ-ერთი ჰედლაინერი გორან ბრეგოვიჩი იყო. ისე მოხდა, რომ ბრეგოვიჩის წინა გამომსვლელი ვიყავი და ჩემი სიმღერა მოისმინა. არავინ რომ არ ელოდა, დავიწყე თუ არა სიმღერა, ამოვიდა სცენაზე, ამოიტანა სკამი და მთელი ათი ნომერი ასე დამჯდარი მისმენდა. თავის გამოსვლაზეც კი დააგვიანა, დამელოდა  და რეპერტუარი რომ დავასრულე,  გამეცნო. მერე კი შემომთავაზა,  9 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილ კონცერტში მასთან ერთად მიმეღო მონაწილეობა. მითხრა, რომ ამ კონცერტით დაიწყებოდა ჩვენი თანამშრომლობა და მომავალში კიდევ სხვა რამ დაიგეგმებოდა. ჩვენი ერთობლივი ნაბიჯი საქართველოს დაუკავშირდა და ამან ძალიან გამახარა. ეს შემოთავაზება ჩემთვის  ბევრს ნიშნავდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მისი რჩეული ხარ? არ უთქვამს, რით – მოხიბლე?
– ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მისი რჩეული ვარ. როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, ის მოხიბლა ჩემმა ქართულმა სიმღერამ, რომელსაც ჰქვია „დაიგვიანე“. ამ ფესტივალზე მხოლოდ ქართული სიმღერები შევასრულე და ეს გამოსვლა ჩემთვისაც ემოციური იყო, რადგან 15 000 კაცი გახლდათ ჩემი მსმენელი. ურთიერთობა, რომელიც მაშინ ჩამოგვიყალიბდა, არ შევწყვიტეთ და ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მგულშემატკივრობს. გორან ბრეგოვიჩმა საშუალება მომცა, რომ ბათუმში მხოლოდ მასთან ერთად კი არ მემღერა, არამედ ბენდთან და ჩემს ბიჭებთან ერთად გამეხსნა კონცერტი – სცენაზე ზვიად ბოლქვაძესთან და „ნიუტონთან“ ერთად ვიდექი. ჩვენი ურთიერთობა გრძელდება და ცდილობს, ბოლომდე დამეხმაროს და გვერდში დამიდგეს, რათა წინ წავიწიო.  
– „ფეისბუქზე“ დაწერე, ჩემმა ბედის ბორბალმა ბრუნვა დაიწყოო,  რა იგულისხმე?
– ჩემი ბედის ბორბალი საკმაოდ საინტერესოდ ტრიალებს. მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრება მაქვს. ბოლო პერიოდში, როცა ხელოვნებას სერიოზულად მივუდექი, მაშინ დაიწყო წვალება, გაჭირვება და ბევრი შრომა. ამ შრომის შედეგად დატრიალდა ჩემი ბედის ბორბალიც. ამ დროის განმავლობაში ყველაზე რთული და საშინელი იყო მარტოობა. ძალიან რთულია, როცა უცხო ქვეყანაში ხარ, არავინ გყავს დამლაპარაკებელი, შენიანი, ადამიანი, რომელიც რჩევას მიგცემს.  ამ დროს შენ, სრულიად მარტო, რამდენიმე მილიონიან ქალაქში, ცდილობ სწორი გზის მონახვას და მის გაკვლევას. ჩემმა ბედის ბრობალმა მომცა საშუალება, რომ ეს ყველაფერი გამევლო. მარტო როცა ხარ, არ იცი, რა გამოგივა და რა იქნება შენს ცხოვრებაში. საბედნიეროდ, შრომამ და წვალებამ შედეგი გამოღო. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე მუდმივი საცხოვრებელი არ გამაჩნია. შეიძლება ითქვას, მე დღეს სახლი აღარ მაქვს. ბევრი კონცერტი დავგეგმე როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, ერევანში, სომხეთში და ასე შემდეგ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთ ქვეყანაში აღარ ვარ გაჩერებული. შესაბამისად ერთი საცხოვრებელი ადგილიც არ გამაჩნია.
– პროფესიით იურისტი ხარ. ერთ დღეს გადაწყვიტე, ყველაფერი მიგეტოვებინა და წასულიყავი?
– ცხოვრებაში ბევრი რამ გამოვიარე, ვიყავი ძიუდოისტი, ვჭიდაობდი, ძალიან მინდოდა, წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი, მაგრამ ტრავმის გამო ვეღარ გავაგრძელე. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო მუსიკა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მშობლები თვლიდნენ, რომ ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა რთული იქნებოდა, ვარჩიე  მესწავლა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ვყოფილიყავი წარმატებული იურისტი. ბოლო პერიოდში სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი, სადაც კარგი შედეგები მქონდა. როცა უკვე შეიძლებოდა, იურისპრუდენციაში ჩემთვის „მედლები დაეკიდებინათ“, მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი და უარი ვთქვი. ისე გამოდიოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში მუსიკა არსებობას წყვეტდა, ამიტომ დიდ წარმატებას ზურგი ვაქციე. ერთ დღესაც მივედი სამსახურში, გავაკეთე ჩემი საქმე და საღამოს შევედი უფროსთან წასვლის განცხადებით. ეს  ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, პირველ რიგში, ჩემი ოჯახისთვის. ვინც ირგვლივ მყავდა, ყველა გაიცებული იყო. მეუბნებოდნენ: რას აკეთებ? რა გინდა, ყველაფერი  კარგად გაქვს? შინაგანად არ ვიყავი კარგად, ამიტომ დავწერე განცხადება და გავემგზავრე. ასე დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდებოდი. პირველი პერიოდი იყო ის, რასაც შეიძლება, ყველაზე ცუდი დავარქვა, მაგრამ ის დიდი გაჭირვება რომ არ გამევლო, დღეს არაფერი იქნებოდა.
– რუსულ შოუ-ბიზნესში ბევრი ქართველი ვარსკვლავია. მათი მხარდაჭერა არ გქონია?
– რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სხვა ეროვნების ადამიანები უფრო დამიდგენენ გვერდით, ვიდრე ქართველები. ბევრი ქართველია და ბევრს შეეძლო ჩემთვის ხელი გაემართა, მაგრამ არ ისურვეს. მქონდა შემთხვევა, სახელს და გვარს არ დავასახელებ, რუსულ შოუ-ბიზნესში მაღალ საფეხურზე რომ არიან ჩვენი მომღერლები, მათგან ერთ-ერთია და მასთან, უბრალოდ, რჩევის საკითხავად მივედი და იცით, როგორ გამომისტუმრა, წადი საქართველოში, აქ არაფერი გამოგივაო. ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო საინტერესო, როცა ვემშვიდობებოდი, ვუთხარი, რომ არ წავიდოდი და ერთ სცენაზე შევხვდებოდით ერთმანეთს. ეს ასეც მოხდა, მოსკოვის დიდ საკონცერტო დარბაზის სცენაზე ვიდექით ერთად.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? მოსკოვში შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდი...
– ჩემს პირად ცხოვრებაში ცოტა გარდატეხა მოხდა და დღეს მარტო ვარ. ძალიან ძნელია, როცა არ გაქვს სახლი და არ იცი, სად ხარ. ამ დროს რთულია ურთიერთობების შენახვა და შენარჩუნება. დღეს იქ ვარ, სადაც კონცერტი მაქვს, ხვალ და ზეგ არ ვიცი, სად გამითენდება და დამიღამდება. ამიტომ ასე გამოვიდა. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვიყავით ერთად.
– ანუ, კარიერის გამო სიყვარულიც დათმე?
– შეიძლება ითქვას, რომ კი. ძალიან რთული იყო ამ ურთიერთობისა და სიყვარულის დათმობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფაქტის წინაშე დავდექი – ან უნდა ამერჩია პირადი ცხოვრება, რომელიც მაძლევდა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ ვყოფილიყავი ერთ ადგილზე და ერთ დონეზე, ან – კარიერა. ამიტომ არ გამოვიდა ეს ურთიერთობა. დღეს ვართ კარგი მეგობრები და ეს ადამიანი ჩემი ყველაზე მაგარი გულშემატკივარია.

скачать dle 11.3