№33 როდის ხდება იაკობ ყუფუნია მონსტრი და რის უფლებას არ აძლევს ის ვერკა ჯაჯანიძეს
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
დიდი ხანი არ არის, რაც მოცეკვავეებმა, ვერკა ჯაჯანიძემ და იაკობ ყუფუნიამ, ერთად ცეკვა გადაწყვიტეს და უკვე არაერთ სერიოზულ წარმატებასაც მიაღწიეს. ცოტა ხნის წინ მათი წყვილი საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა, სადაც მათ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს – საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.
იაკობ ყუფუნია: მინდა თქვენი ჟურნალის დახმარებით მადლობა გადავუხადო GNC-ის პრეზიდენტს, ეკატერინე არჩაიას, რომლის დამსახურებით წარვდექით ასეთი მაღალი დონის ტურნირზე, მაღალი დონის მსაჯების წინაშე. ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მივიღეთ ტოპ-მსაჯებისგან და რაც მთავარია, გადავედით ფინალში, სადაც მესამე ადგილი დავიკავეთ, 2 000 დოლარი ფულადი ჯილდო მივიღეთ და ღირსეულად წარვადგინეთ საქართველო.
– გილოცავთ კიდევ ერთხელ! მომიყევით როგორ და ვისგან წამოვიდა იდეა, რომ წყვილში დამდგარიყავით?
– მე და ვერკას სტუდიაში მოგვიწია ერთად მუშაობა და სწორედ მაშინ წავივარჯიშეთ ერთად. შემდეგ ვიფიქრეთ: რატომაც არა, ორივე ერთ სტუდიაში ვართ ქორეოგრაფები და მოდი, ვცადოთ ერთად ცეკვაო. მე იმ დროისთვის პარტნიორი არ მყავდა, თან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი, საკმაოდ გადატვირთულიც ვიყავი და როგორც კი პროექტი დასრულდა, მაშინვე დავდექით წყვილში.
ვერკა ჯაჯანიძე: 7 თვეა, რაც წყვილში ვცეკვავთ. მე მყავდა პარტნიორი, ოღონდ კომერციული მიმართულებით. 10 წელია, კონკურსზე არ გამოვსულვარ, მხოლოდ ბავშვობაში ვმონაწილეობდი. ჩემგან განსხვავებით, იაკობი უფრო ხშირად ასპარეზობდა. ყოველთვის მქონდა ოცნებად, რომ მოედანზე მეცეკვა, თუმცა ბოლოს უკვე ამაზე აღარ ვფიქრობდი. მაგრამ როდესაც იაკობმა შემომთავაზა, ვიფიქრე: ადამიანს ცხოვრებაში ერთი შანსი რომ გეძლევა, აუცილებლად უნდა გამოიყენო-მეთქი და გამოვიყენე. გადავწყვიტეთ, გვეცადა და თუ გამოვიდოდა, შემდეგ გავაგრძელებდით. ჯერჯერობით კარგად მივდივართ, ტრენერიც გვყავს და გვეუბნებიან, რომ კარგი წყვილი ვართ. პირველად მაისში გამოვედით საერთაშორისო ჩემპიონატზე, სადაც მონაწილეები რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული და ასევე, უცხოელი მსაჯებიც. მოვიგეთ, თუმცა რას ვაკეთებდი სცენაზე, არაფერი მახსოვს.
იაკობი: ამხელა პაუზის შემდეგ რომ მოუწია ცეკვა, თან მთელი სტუდია გვიყურებდა, სამეგობრო, ძალიან რთული იყო.
ვერკა: ამდენი ხნის შემდეგ მოლოდინი დიდი იყო. თან რომ იცი, იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობაში ეჯიბრებოდი, ახლა ოჯახები შექმნეს, კარიერა დაასრულეს. მე კი გავთხოვდი, შვილი გავაჩინე და ახლა ვიწყებ შეჯიბრებაზე გამოსვლას. ძალიან შრომისმოყვარე ვარ და სცენაზე მანამდე გამოვალ, სანამ ასაკი ამის საშუალებას მომცემს.
– როგორი იყო შენი მეუღლის, ირაკლის რეაქცია?
– ირაკლი კონკურსებზე ჩემზე მეტს ნერვიულობს. მერე მეუბნება თუ რა მოეწონა. აღიარებს, რომ ძალიან ნერვიულობს, განიცდის.
იაკობი: მეუღლეების უმრავლესობა გაუწევდა წინააღმდეგობას და ეს ლოგიკურია. ირაკლი დადებითად შეხვდა ყველაფერს. როცა ადამიანს სცენაზე გაიცნობ, იცი მოცეკვავეა, მის საქმეს უნდა სცე პატივი და ამ საქმეს რომ მოსწყვიტო, სწორად არ მიმაჩნია.
ვერკა: იაკობს ახლოდან არ იცნოდა, მაგრამ მოცეკვავე რომ იყო და ერთად ვმუშაობდით, ეს იცოდა.
– ნებართვა არ აიღე ვერკას მეუღლისგან?
იაკობი: თავისი მეუღლე აიღებდა ნებართვას. ირაკლისგან რომ არ იყოს მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ვერკა ასე მშვიდად და წყნარად ვერ შეძლებდა კარიერის გაგრძელებას. თუ არ იქნება დადებითი ემოცია, ურთიერთგაგება, ხელს შეუშლიდა და სცენაზე ვერ იცეკვებდა. ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს. სანამ წყვილად დავდგებოდით, ვერკას უკვე მოგვარებული ჰქონდა მეუღლესთან ყველაფერი.
– როგორც ვიცი, წარმატებულ და ცნობილ ტრენერებთან ვარჯიშობთ.
– კი. გვყავს რუსი ტრენერი – სერგეი რუპინი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს და ძალიან ძლიერია. ის ჩემი ტრენერი იყო მანამდეც და ეს კონტაქტი შევინარჩუნე, რადგან არ არის ადვილი მასთან გახვიდე კონტაქტზე, ყველას არ ავარჯიშებს. როდესაც ვერკა ნახა, დადებითი ემოციები ჰქონდა და მოსკოვში რომ ვიყავით, თან გადაგვყვა. იქ სპეციალურად ჩავედით – გაკვეთილებისთვის, კომპოზიციებსაც გვიდგამდა.
ვერკა: თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ვეცადე, ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა. წამოსვლა აღარ მინდოდა, აღფრთოვანებული ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში 9 საათი ვვარჯიშობდით, ერთ თვეში კონკურსი გვქონდა, ცეცხლი რომ გაქვს წაკიდებული და შესაბამისად, ძალიან სასიამოვნო დაღლა იყო.
– რა საერთო თვისებები გაქვთ?
– ორივე ძალიან შრომისმოყვარე ვართ. როცა ერთად მუშაობა დავიწყეთ, არ გაგვიჭირდა, რადგან არცერთი არ ვართ ზარმაცი და ყველაფერი კარგად გამოგვივიდა.
იაკობი: მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია, როდესაც თავის მასწავლებლებს მოედანზე ხედავენ. არ იცით, რა ხდება შეჯიბრებაზე, ანგრევენ ხოლმე, ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს.
ვერკა: მე ხომ შრომისმოყვარე ვარ, საქმეზე გადადებული და ეს ჩემზე უარესია. თუ რამეს ხელს მოჰკიდებს, იდეალურად აკეთებს.
– იაკობს მკაცრი შეხედულება აქვს. მეწყვილეები ხშირად ამბობენ, გვაწამებს ხოლმეო და რეალურად როგორია?
იაკობი: ერთი სიტყვით, მომთხოვნი ვარ, ჩემს საქმეზე ძალიან შეყვარებული და მაქსიმალურს სხვისგანაც ვითხოვ. მავიწყდება ხოლმე, რომ მეორე ადამიანისთვის ეს რთულია და ვითხოვ, რომ ორ წამში გააკეთოს. პროექტებში არ ვჩხუბობ ხოლმე, პირიქით, სტიმულს ვაძლევ და შემიძლია, ადამიანი ხასიათზე მოვიყვანო.
ვერკა: სტუდენტი ვიყავი, როდესაც იაკობი გავიცანი. ძალიან დადებითი ადამიანია. ყოველდღიური საქმიანობა უფრო გაახლოვებს. თავიდან მეც მკაცრი მეგონა, ცოტა უხასიათო. მაგრამ სულ სხვანაირი აღმოჩნდა. დარბაზში ძალიან მკაცრია. ცეკვის ფეხსაცმელს რომ ჩაიცვამს, გარდასახვა ხდება ხოლმე, იქ სულ სხვა იაკობია, მონსტრი. მე, მასთან შედარებით, ცოტა ზარმაცი ვარ, მაგრამ არ მაძლევს სიზარმაცის საშუალებას.
იაკობი: მონსტრს იმიტომ მეძახის, რომ დარბაზში შევალ თუ არა, ტვინში მილიონი რაღაც მიტრიალებს, ნახაზები, როგორ წავიდეთ წინ...
ვერკა: მე ყველაფრის ერთად კეთება მიყვარს: თან ვვარჯიშობ, თან ვმხიარულობ. ამის გამო ერთი-ორჯერ კამათი მოგვივიდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დალაგდა. ზაფხული რომ არის მინდა, აუზზე წავიდე, გავერთო, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა ვივარჯიშო ან ბავშვები უნდა ვავარჯიშო. იაკობს უფრო მეტი ენერგია აქვს. ტრენერმა რომ მკითხრა, რამდენი წლის ხარო, ცოტა ვინერვიულე. მაგრამ რომ მიპასუხა: მშვენიერიაო, დავწყნარდი.
– იაკობს მაჩოს იმიჯი აქვს. მართლაც ასეა?
იაკობი: მაგაზე გოგონებმა უნდა ილაპარაკონ.
ვერკა: იმ დღეს ვეუბნებოდი: ასეთი გოგო მოგეწონება თუ ასეთი-მეთქი, მაგრამ ისეთი დაკავებულია, ძალიან ცუდ დღეშია. ცოტა ხნის წინ შეკრება გვქონდა ბათუმში და თეა გობეჯიშვილი ჩემს მეუღლეს ეხვეწებოდა: წამოდი, ბავშვი წამოიყვანე, ერთად გნახოთ ცოლ-ქმარიო. ხუთი დღის განმავლობაში ერთად ძლივს გავედით, მართლაც ისეთ გრაფიკში ვართ, რთულია. იაკობიც სულ საქმეშია ჩართული. თუმცა, ვიცი, გოგონების მხრიდან ბევრ-ბევრი სიმპათიებია.
– წყვილში რომ ვერკასთან დადექი, შენმა თავყვანისმცემელმა გოგონებმა არ იეჭვიანეს?
იაკობი: ყველა ქალს ექნება ეს მომენტი, მაგრამ იციან, რომ ვერკა გათხოვილია, თავისი ოჯახი აქვს.
ვერკა: ძალიან ბევრ გოგონას უნდოდა მასთან წყვილში დადგომა.
იაკობი: ბევრია შემოთავაზება, ვერკასთან რომ ვდგავარ წყვილში, ახლაც. თავისებური ხრიკები აქვთ, რომ რაღაც გაგრძნობინონ. საკმაოდ აქტიურებიც არიან. როცა აქტიური მოცეკვავე ხარ, ფიქრობენ: თუ დაშორდები, ეცადოს, პირველი თვითონ იყოს. დაშორებასაც არ ელოდებიან ხოლმე. ეს ნორმალური ამბავია, რადგან უნდათ წყვილში ცეკვა.
– რა ხდება შენს პირადში?
– ადამიანს თუ უნდა, ყველაფრისთვის იცლის. სერიოზული არაფერი ხდება. ფილტრის დონეზე – ყოველთვის. თავისუფალი მამაკაცი ვარ და შემიძლია, მქონდეს ფლირტი. რომ გავახმაურო, სერიოზულ დონეზე მყავს ვინმე-მეთქი, ამისგან ჯერ თავს შევიკავებ. იდეაში, კარგია, მოცეკვავე რომ იყოს. მაგრამ როდესაც ადამიანი გიყვარდება, ვერ გათვლი, რას უნდა წარმოადგენდეს.
ვერკა: ჩემი ოჯახის წევრებისგან სულ მესმის ხოლმე, როგორი მამაა ირაკლი, როგორ გაგიმართლა, როგორი მეუღლეა, ასეთი უნდა ინატროო. ჩემშიც გაუმართლა. მეუბნებიან: გოგო, როგორ გაგიმართლა და მერე დაამატებენ: არა, მასაც გაუმართლაო.
იაკობი: მათ ურთიერთობას რომ ვუყურებ, ძალიან სასიამოვნოა. სამაგალითო მამაა, თბილი, ყურადღებიანი.
– ვერკა, გარკვეული პერიოდით რომ გიწევს ხოლმე უცხოეთში გამგზავრება, ოჯახის მამაკაცები არ გიპროტესტებენ?
ვერკა: სხვათა შორის, არა. იცის, რომ მე და იაკობმა სერიოზულად მოვკიდეთ ამ საქმეს ხელი, იცის, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ რამე დამიშალოს ან ხელი შემიშალოს. პატარას ძალიან უჭირს უჩემოდ და მეც განვიცდი ხოლმე.
– გარკვეული პერიოდი მალავდით, რომ წყვილში დადექით. რა იყო ამის მიზეზი?
– არ გვინდოდა, წინასწარ, კონკურსამდე ყველას გაეგო, რომ წყვილში დავდექით.
იაკობი: შეჯიბრებაზე გამოსვლას არ ვახმაურებდით. ცოტა დრო იყო და კონკრეტულად არც გვქონდა გადაწყვეტილი. ბოლო დღეებში გაიგეს და ხალხისთვის დიდი სიურპრიზი იყო.