კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რაში აჯობა პაატა გულიაშვილმა პოლიტიკოსებს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ამ ზაფხულს პაატა გულიაშვილმა, „ქუჩის ბიჭების“ პაატა ხაჩიძესთან ერთად, თითქმის მთელი საქართველოს კუთხე-კუნჭული სიმღერ-სიმღერით მოიარა. მართალია, პაატასთვის, როგორც ცოლიანი კაცისთვის, ზაფხულის „ფლირტაობების“ სეზონი დიდი ხანია, გავიდა, სამაგიეროდ, ბედნიერია იმით, რომ ხალხს მისი ნამღერი მოსწონს და მისი შავი ულვაშებიანი იმიჯი და კახური იუმორი უყვარს.
  პაატა გულიაშვილი: ზაფხულის პერიოდი ჩემთვის კარგ მოგონებებთან, ბავშვური ახირებების ახდენებთან, მეგობრებთან ერთად გატარებულ დღეებთან და თავგადასავლებთან ასოცირდება. რაც წლები მემატება, მით მეტად მახსენდება წარსულში თავს გადახდენილი ამბები, რაც დასვენებასა და ზაფხულს უკავშირდება. ზუსტად, ამას წინათ ვიხსენებდი: ლაგოდეხში, სოფელში ვიყავი დასასვენებლად. მეზობელს კიტრის ბაღი ჰქონდა. მე და ჩემმა იქაურმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, მოგვეპარა. შევიპარეთ, ერთი ტომარა კიტრი მოვიპარეთ, სახლიდან შორს წავიღეთ და ოთხი ბავშვი მთელი ღამე ვჭამდით (იცინის). მოპარულს სულ სხვა გემო აქვს, განსაკუთრებულად გემრიელია და თან, ფაქტი რომ არ დაგვეტოვებინა, ნაქურდალი კიტრი ყუნწიანად ვჭამეთ (იცინის). დამიჯერეთ, მისი გემო, ახლაც მახსოვს. თან, ვერც კი წარმოიდგინეს, რომ ჩვენ მოვიპარეთ და ნაქურდალი ხახვივით შეგვრჩა.
- ზაფხულის პერიოდი, გარდა ბავშვობის მოგონებებისა, ფლირტაობებთან, სასიყვარულო თავგადასავლებთანაც ასოცირდება. ამ მხრივ, ცოლიანი კაცის, ანუ შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– რაღა დროს ჩემი ფლირტაობაა (იცინის). მაგრამ, სანამ ცოლი არ მყავდა, ახალგაზრდობაში, ფლირტაობაც „მოსული პონტი“ იყო და გართობაც. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ფლირტაობასთან სეზონს რა კავშირი აქვს? ამისთვის დრო და სეზონი, მგონი, არ არსებობს. ახლა, იმდენი საქმე მაქვს, სად მცალია ფლირტაობისთვის. ზოგადად, არ მიყვარს „ტუსოვკები“ და დისკოთეკები. ახლა ეს ყველაფერი უცხო ხილია. სტუდენტობის დროს – კი ბატონო, დავდიოდი და კარგადაც ვერთობოდი. ერთ ზაფხულს მე და ჩემი ძმაკაცი, ავთო ოთარაშვილი, მატარებლით ბათუმში ზღვაზე დასასვენებლად წავედით. მეთერთმეტე კლასში ვიყავით, 90-იანი წლები იყო და არ დამავიწყდება, ორი დღე მიდიოდა მატარებელი, ძლივს ჩავაღწიეთ. გზაში, ვიღაც ბიჭებს „ჯოკერი“ ვეთამაშეთ ფულზე. მოვუგეთ, გამოვართვით ფული, მაგრამ რომ ჩავედით, უკან მივეცით და გადავწყვიტეთ, ერთად გვექირავებინა ბინა. ფული, რაც გვქონდა, მალევე დავხარჯეთ, მოგვშივდა და მაღაზიიდან მოვიპარეთ პური. როდემდე გვეყოფოდა? გვერდით გოგონები ცხოვრობდნენ. მაცივარი სავსე ჰქონდათ საჭმელებით. რომ დაღამდა, შევიპარეთ და ერთი ქვაბი ტოლმა მოვპარეთ (იცინის). ჩუმად, გამწარებულები ვჭამდით და რომ ამოვაცარიელეთ, ცარიელი ქვაბი უკან შევდგით მაცივარში. რასაკვირველია, მიხვდნენ, რომ ჩვენი მოპარული იყო და გვითხრეს: თუ გშიოდათ, ვერ გვითხარით, გაჭმევდითო (იცინის). მერე დავმეგობრდით, ორი კილოს მაგივრად, ოთხ კილო კარტოფილს ყიდულობდნენ, დიდ ტაფაზე წვავდნენ და დარჩენილი სამი დღე კარგადაც გამოგვკვებეს, თანაც, უფასოდ. თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, ალბათ, გავახსენდებით. ახლაც მეცინება, მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც ტოლმა მოიპარა (იცინის). დალევები, უცნაური შეგრძნებები, გულისრევები და შემწვარი ტარო სანაპიროზე, ეს ჩემი ბავშვური მოგონებების განუყოფელი ნაწილია. ახლა მახსენდება, თვალწინ მიდგას და მენატრება ის მიამიტური, ბავშვური წლები და დასვენება.
– პაატა, დალევაზე გამახსენდა. ერთმა მეღვინე, გურჯაანელმა კაცმა შენი ეტიკეტით ღვინო ჩამოასხა და გაყიდვაშიც იყო. თუ შეგხვედრია მაღაზიებში და ნახა მოგება შენი სახელით?
– არაჩვეულებრივი ადამიანია და ეს მოგებაზე არ იყო გათვლილი. უბრალოდ, პატივს მცემს, ვუყვარვარ და შემომთავაზა, შენი სახელით და გამოსახულებით მინდა „საფერავი“ და „რქაწითელი“ გამოვუშვაო. სხვათა შორის, მე და პაატა ხაჩიძეს საქართველოს მასშტაბით ტურნე გვაქვს და ბათუმში, მაღაზიაში აღმოვაჩინე ღვინო ჩემი ეტიკეტით. ჩემს თავს ბოთლზე რომ ვხედავ, მიხარია, მაგრამ არ ვარ ამბიციური და თავში არ მივარდება. განცდა კი, ძალიან მაგარია. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ, მიყვარს სიმღერა და ამას წინათ, „იუთუბიზე“ შევედი და ჩემს სიმღერას – „გოგოვ გენაცვალე“, 4 მილიონი ნახვა ჰქონდა. ამდენი ამომრჩეველი პოლიტიკოსს არ ჰყავს. მე მომღერლობაზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მიხარია, როცა ამდენი ადამიანი უსმენს ჩემს ნამღერს. ასე რომ, ბედნიერებაა, როცა რესტორანში შევალ და ჩემი გამოსახულებით ბოთლი უდგათ მაგიდაზე და ქეიფობენ ან ქუჩაში, მანქანიდან ჩემი სიმღერის ხმა მესმის. ამისგან მე ფულადი მოგება კი არ მაქვს, ან რაიმე ხეირი,  უბრალოდ, ბედნიერი ვარ. თუნდაც ის, რომ წლებია, ტელევიზიით მიყურებენ და ჩემი იუმორით ბევრს ვუყვარვარ. არტისტებს ცოტა ხელფასი გვაქვს, ამიტომ, მინდა თუ არა, სხვა რამის კეთებაც მიწევს. მერე, გარკვეულ ეტაპზე ხვდები, რომ რაღაც უნდა შეცვალო და მხოლოდ შენი „ჭია“ არ უნდა ახარო. ანუ, რაც მაყურებელსა და მსმენელს უყვარს, იმაზე ვერგები. როგორც გითხარით, ამ ზაფხულს მე და „ქუჩის ბიჭების“ პაატა ხაჩიძეს ტურნე გვაქვს და თითქმის მთელი საქართველო სიმღერ-სიმღერით მოვიარეთ. მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ, გულით ვუდგები და მიხარია, რომ ხალხს მოსწონს. ემიგრანტებიც ხშირად მპატიჟებენ უცხოეთში და მსახიობობის პარალელურად, ასე მიდის ჩემი ცხოვრება. ჩემთვის ლანგრით არავის არაფერი მოურთმევია, ჩემი წვალებითა და შრომით მაქვს ყველაფერი, რაც გამაჩნია.
– ყველაფრის მიუხედავად, ხალხს მაინც განსაკუთრებულად, შენი კახური იუმორი მოსწონს და თითქმის ყველა ტელევიზია, ვირზე შემჯდარმა, შავი დიდი ულვაშევითა და კახური ქუდით შემოიარე. ახლა „იმედზე“, „გაბუნიას ღამის შოუშიც“ გამოჩნდი.
–  მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან თეატრის სცენაზე ვდგავარ და ფილმებშიც გადამიღეს, პოპულარული მაინც ტელევიზიის წყალობით, იმ დიდი შავი ულვაშებითა და კახური იუმორით გავხდი. ეს ყველაფერი ჩემმა თელაველობამ განაპირობა და ის გმირი, რომელიც ტელევიზიით ჩანს, თავისი კახური იუმორითა და დამახასიათებელი ვიზუალით, ძალიან შეიყვარა საზოგადოებამ. ეს იმიჯი მე თვითონ შევქმენი – თავიდან ხალათი შემოვიცვი და ქუდი დავიფარე, მერე დიდი ულვაშებიც გავიკეთე და ვირზეც შემოვჯექი, რომელიც მამალი იყო, ეტყობა ვერ მიგუა და გადმომაგდო (იცინის). ეს ტიპაჟი დღითი დღე საყვარელი ხდებოდა მაყურებლისთვის და დღესაც, რომ დამინახავენ, უცხო ადამიანებიც კახური კილოთი მელაპარაკებიან. ახლა „იმედზე“ ვარ, „გიორგი გაბუნიას ღამის შოუში“ ვერთვები მარნიდან და კახურ ამბებს ვაწვდი. ხომ არის „ვანოს შოუ“, „გიორგის შოუ“ და ვფიქრობ, ხომ არ მოვიდა დრო, გავაკეთო რომელიმე არხზე, კარგი კახური „პაატას შოუ“? მაყურებელი დაიღალა ამდენი პოლიტიკით და ამაზე სერიოზულად დავფიქრდები.
– ბოლოს ერთი კარგი კახური ანეკდოტიც მომიყევი და თავს დაგანებებ.
– მიხო მიდის ექიმთან და ეუბნება: ექიმო, შარდის შეკავება მჭირს და მიშველე რამეო. რამდენი წლის ხარო, დაინტერესდა ექიმი. მიხომ – ახლახან შემისრულდა 92 წელიო. ექიმმა სათვალეების ქვევიდან გახედა: ბატონო, შარდის შეკავება კი არა გაქვთ, გაგთავებიათო.

скачать dle 11.3