№33 ვინ გაწირა მარიანა იოსელიანი სასიკვდილოდ და როგორ წავიდა ის შეჯიბრებაზე პარალიზებული
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ქართველ კიმ კარდაშიანს ეძახიან, მაგრამ იმასაც აყოლებენ, რომ გაცილებით უკეთ გამოიყურება. დაჯერება უჭირთ, რომ ასეთი გარეგნობის გოგონა, კლდეზე ცოცვითაა დაკავებული და თავის მიმართულებაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მარიანა იოსელიანი: როგორც დედა მიყვება, ოთხი წლის ვიყავი, როცა ბოძებზე ცოცვა დავიწყე. ეს მე არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ფიზკულტურის გაკვეთილი: შეჯიბრება გვქონდა ბიჭებსა და გოგოებს და საუკეთესო შედეგი დავდე. საბჭოთა კავშირის პროზიორი – ავღან ნავერიანი, ვინც შემდგომში ჩემი ტრენერი გახდა, ჩემი ბუნებრივ კლდეებზე გაყვანით დაინტერესდა და ჩემს მშობლებს სთხოვა, შანსი მიეცათ, რომ გადაემოწმებინა, შეიძლებოდა თუ არა ჩემგან სპორტსმენი დამდგარიყო და თანხმობაც მიიღო. 12 წლის ვიყავი, ამ სპორტში რომ შევაბიჯე. ვარჯიშის დაწყების დღიდან 3 თვეში მონაწილეობა მივიღე საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე და უმცროს ასაკში, რთულ ცოცვაში პირველი ადგილი დავიკავე და სწრაფში – მეორე ადგილი. შემდეგ კი, საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც იმ დროისთვის ძალიან ძლიერ სპორტსმენებს შევხვდი – მესამე. მახსოვს, ერთი თითით შევძელი ტანის დაჭერა ბუნებრივ კლდეზე – კაცხის სვეტზე. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტაშისკვრით შემხვდებოდნენ და ამ ყველაფერს დიდი ემოციები მოჰყვებოდა. სახლში მედლებითა და სიგელებით რომ მივედი, დედა მიხსნიდა მათ მნიშვნელობას (იცინის). არ ვიცოდი, რა იყო ალპინიზმი, შეჯიბრება, მედალი, მოგება და წაგება. სანამ თექვსმეტი წლის გავხდებოდი, არანაირი ამბიცია არ მქონდა. მეგობრები დღემდე მეუბნებიან, გიმართლებდა და სულ იგებდიო, საამისოდ სხვებივით დიდი ენერგია არ ჩამიდევს. პროფესიით სამართალმცოდნე ვარ, მაგრამ ეს საქმე ჩემი არაა. ამ პროფესიაში ჩადებული რესურსი რომ სპორტისთვის მომეხმარებინა, დღეს ძალიან წინ ვიქნებოდი.
– 16 წლიდან რა შეიცვალა?
– უკვე ამბიციური გავხდი. ვარჯიშზეც გუნდელსაც კი აღარ ვინდობდი. ექვსი დედმამიშვილი ვართ, ხუთივე ჩემ გზას დაადგა და მერე კონკურენციას მიწევდნენ (იცინის). სულ მეკითხებოდნენ, რატომ ხარ ასეთი, შენიანსაც კი არ ინდობო და ყოველთვის ვპასუხობდი – პროფესიაა ასეთი-მეთქი. შეჯიბრების დროს არავის დავინდობ, სასურველი შედეგის დასადებად ბოლომდე ჩავდებ ჩემს რესურსს. მქონია შემთხვევა, როცა თავის გასატანად ბევრი ვიბრძოლე. მახსოვს, ერთხელ, ყაზბეგში თავის დასაცავად ხელით შეხლა-შემოხლაც მომიწია. ჩემში კონკურენტს ხედავდნენ, მაგრამ სხვაობა იმაში იყო, რომ მე სოფლიდან ვიყავი, ის – თბილისიდან. სანამ სერიოზულ სპორტსმენად ჩამოვყალიბდი, ბევრჯერ მომიწია თავის გატანა.
– კლდეზე ცოცვა ოლიმპიური სახეობა გახდა, როგორია შენი გეგმები?
– აქამდე არავის აინტერესებდა ეს სპორტი. ოლიმპიური ლიცენზია ძალიან დიდი პერსპექტივაა. 27 წლის ვარ და ვამბობ, რომ ამ სპორტს მანამ არ დავანებებ თავს, სანამ სასურველ შედეგს არ დავდებ. ძალიან მინდა, რომ ლიცენზიის მოპოვება შევძლო, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ის რესურსი არ გააჩნია, რაც მჭირდება. იმედი მაქვს, სიტუაცია მალე შეიცვლება. მიხარია, რომ საქართველოში არ ავიწყდებათ ჩემი სახელი და გვარი. ჩავარდნაც რომ მქონდეს, ყოველთვის ლიდერად და მთავარ კონკურენტად მომიაზრებენ. ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც საზღვარგარეთ, ევროპის ახალგაზრდულ თასზე აქვს შედეგი დადებული.
– ამდენი წლის განმავლობაში საფრთხის შემცველი მომენტები არ გქონია?
– სპორტის ამ სახეობაში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს, მაგრამ მე მქონდა შემთხვევა, როცა შეგნებულად ჩამომაგდეს კედლიდან, ათი მეტრის სიმაღლიდან. ვუყურებდი თოკის მოძრაობას, ვხედავდი პეპლებს, რომლებიც ზემოთ მიფრინავდნენ, ეს იყო გამიზნული, შეგნებული ჩამოგდება ბულგარეთში, ევროპის ახალგაზრდულ თასზე გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე. წამების მეასედებში მოხდა ყველაფერი. ხვდები, რომ არაფერი შეგიძლია და გრძნობ, როგორ კვდები. ყველაფერი ჩამესმოდა, ჩემი დავარდნის ხმა, კივილი, როგორ გამორბოდნენ საშველად. ვინც დამაგდო, თოკი მომხსნა, სეიფში შესანახად გაამზადა და ჩვეულებრივად გავიდა დარბაზიდან. სასწრაფოს მოსვლასაც კი არ დალოდებია – ყველაფერი გამიზნულად გააკეთა. თან, ბიჭი იყო, გოგო რომ ყოფილიყო, ვიტყოდით, რომ ეს ჩემს მოსაშორებლად და ლიდერობის მოსაპოვებლად გააკეთა. მაგრამ ამ სპორტში გოგოები და ბიჭები ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ. შესაბამისად, მას ჩემთან შეხება არ ჰქონია. სულ მეკითხებიან, რატომ ჩამოგაგდო, თუ მას არ ეჯიბრებოდიო?! მისი მშობლები ესწრებოდნენ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენს ვარჯიშებს და მათგან ესმოდა შეფასებები: გოგო როგორ გჯობნის, როგორ შეიძლება, ის გიგებდესო?! მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტი არ ვყოფილვარ, ვფიქრობ, მშობლების წაქეზების ფონზე გამწირა სიკვდილისთვის.
– ამის გამო პასუხი არავის მოსთხოვეს?
– სვანი ვარ და მეკითხებიან ხოლმე – სისხლი არ აიღეთო? მსგავსი არაფერი მოხდარა, არც არავის უჩივლია, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახს ამისთვის არ ეცალა, სხვა საზრუნავი ჰქონდა – მთავარი იყო, მე გამევლო. 2004 წელი იყო და ვერც იმას ვიტყვი, რომ მაშინ ამის გამო არასრულწლოვანს ან მის მშობელს აუცილებლად პასუხისგებაში მისცემდნენ.
– როგორ გადარჩი?
– მესმოდა, როგორ კიოდნენ, სასწრაფოს გამოუძახეთ, ბავშვი კვდება. ბავშვების განწირული ხმა – „ვაიმე, მოკვდა“. გინდა უთხრა, რომ მკვდარი არ ხარ, მაგრამ ფიზიკურად ძალა არ მქონდა, რომ ხმა ამომეღო. რამდენიმე საათში წელს ზემოთ მოძრაობა დავიწყე. საავადმყოფოში იმ ღამით ვერაფერი გამიკეთეს და გამოკვლევა დილისთვის გადადეს. მეორე დღეს ექიმმა ჩემი საავადმყოფოში დატოვება მოითხოვა, მაგრამ არ დავრჩი, რადგან დილის 11 საათზე დანიშნულ ადგილას უნდა ვყოფილიყავი, საიდანაც ავტობუსი გადიოდა სტამბოლის მიმართულებით. იქიდან კი ბულგარეთში მივდიოდი. მშობლებს ვუთხარი, რომ ჩემს დიაგნოზს მნიშვნელობა არ ჰქონდა და იქ აუცილებლად წავიდოდი. რადგან ექიმმა გამოკვლევები დილისთვის გადადო, ჩავთვალე, რომ გადარჩენილი ვარ, არ ვკვდები და შემიძლია, იმ დღეებისთვის ვიბრძოლო, რომელიც წინ მელოდება. თავი გავიგიჟე, 12 წლის ბავშვმა ისტერიკები მოვაწყვე, არ ვიცი, როგორ, მაგრამ მშობლები დავარწმუნე, რომ ევროპის ახალგაზრდულ თასზე უნდა წავსულიყავი და საავადმყოფოში ვერ ვიწვებოდი. წავედი. ვერ ვმოძრაობდი, მხოლოდ ფეხის გახოხება შემეძლო, დამოუკიდებლად ადგომა და დაჯდომაც კი არ გამომდიოდა. წელს ქვემოთ 80 პროცენტით ვიყავი პარალიზებული. ვისაც ჩემი თავი ცრემლებით ჩააბარეს, ბოლო წუთამდე ხელის გულზე მატარებდა. ყველაფერი გააკეთა, რომ გავლა შემძლებოდა. გამიმართლა, რომ რამდენიმე დღე გზაში ვიყავით და მეცხრე თუ მეათე დღეს დაიწყო ჩემპიონატი. მაშინ უკვე ოდნავ სიარულიც შემეძლო. მაგრამ იმ დროს კი არა, კედლიდან მოწყვეტისა და ჩამოვარდნის შიშისგან დღემდე ვერ გავთავისუფლდი. მწვრთნელმა მითხრა, რაც უნდა მოხდეს, ძირს არ დაიხედოო, რადგან ვარჯიშის დროს ისტერიკული კივილი მიტყდებოდა ხოლმე. ძალიან კარგად დავიწყე ცოცვა, მაგრამ ბოლო მომენტში ჩავიხედე და ადამიანები ჭიანჭველებისხელა მომეჩვენა. ქართულად კი არა, სვანურად ამიტყდა ტირილი: დედა, მიშველე, აქედან ჩამომიყვანე-მეთქი. მსაჯების უკვირდათ, რა სჭირს გოგონასო?! ჩემივე ხელით ჩამოვედი დაბლა, ეს რომ არ გამეკეთებინა, ჩემპიონი ვიყავი, ძალიან უმნიშვნელოდ მომიგო ბულგარელმა და რუსმა. ამას ვერ ვპატიობ ჩემს თავს, მაგრამ ის სტრესი დღემდე მომყვება და როცა რთული ცოცვის ჩემპიონატზე გავდივარ, ჩემს შესაძლებლობებს ძლევს. ამიტომ, ამ სახეობაში საერთოდ აღარ ვასპარეზობ. რთულიდან სწრაფ სახეობაში გადავედი და ჯერ კიდევ 2013 წელს ძალიან მაგარი შედეგი მქონდა, მაგრამ მსოფლიო თასის ლიცენზია ისევ საქართველოდან დამიბლოკეს. რის გამოც ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე და სპორტული აქტივობა ძველებურად აღარ გამიგრძელებია.
– ცოტა უცნაურია, ასეთი გარეგნობის გოგო რომ სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. აოცებ ხოლმე ხალხს?
– გულწრფელად ვამბობ, განსაკუთრებული ვიზუალი არ მაქვს, თუ ვინმეს თვალში კარგად ვხვდები, ჩემი დადებითი აურის ბრალია. რომ შემხედავ, სპორტულად გამოვიყურები და ხვდებიან, რომ ამით ვარ დაკავებული, მაგრამ სამსაჯო კოლეგიის წევრი ვგონივარ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, მე ამ სახეობის სპორტსმენი ვარ და რომ იგებენ, ოვაციებს ვერ მალავენ ხოლმე.
– კიმ კარდაშიანს რატომ გადარებენ?
– UIAA-ს ფედერაციის პრეზიდენტმა დადო თავის გვერდზე ჩემი ფოტო სახელწოდებით – „კარდაშიანი საქართველოდან“. მერე მომწერა, ეს ხუმრობით ვთქვი, სინამდვილეში, გაცილებით მეტი ხარ, ვიდრე კიმ კარდაშიანიო (იცინის). ხშირადაა მეგობრებში თემა – ქართველი კიმი ხარო. ერთხელ, ლესელიძეზე გამაჩერეს: ხშირად გხედავთ და რომ არ ვიცით ვინ ხართ, „კარდაშიანი“ შეგარქვითო (იცინის). სასაცილოა, მაგრამ სვანეთშიც ასე ხდება, უცხოელები მეუბნებიან, ძალიან ჰგავხარო, თან ბოდიშს იხდიან (იცინის).