№33 მაგდა ვასაძე: შემიძლია, ბევრ რამეს გავუმკლავდე
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
მომღერალი მაგდა ვასაძე ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. დაიკლო და აქტიურად ვარჯიშობს. გარდა ამისა, გია ყანჩელის სიმღერის „საით მიდიხარ“ ახლებური ვერსია ჩაწერა და კლიპიც გადაიღო.
მაგდა ვასაძე: ყოველთვის მინდოდა, ქართულ სიმღერაზე გადამეღო კლიპი. ბენდში ჩემმა ბასისტმა, ლაშა აბაშმაძემ მითხრა: მოდი, სცადე და ეს სიმღერა იმღერეო. ვცდი კი არა, პატარაობიდან მიყვარს და ბავშვობიდან ვმღერი-მეთქი. და მოკლედ, წამში სულ სხვა ვერსია გაჟღერდა. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ კლიპი გადაგვეღო… ძალიან ბევრი ისტორია გადაგვხვდა: ჯერ სიმღერის ჩაწერას ვერ მოვაბით თავი, რადგან ხან სტუდიას არ ეცალა, ხან რაღაც ხდებოდა. ბოლოს უკვე ვეძებდით რეჟისორს, ოპერატორს. მაგრამ ყველას საქმე ჰქონდა, ყველა დაგვეფანტა.
– ამ ყველაფერმა როგორ იმოქმედა შენზე, შენს განწყობაზე?
– ძალიან ცუდად. მძიმე ვიყავი: ხომ შეიძლება, ადვილად მოაბა რაღაცებს თავი, თან უკვე გაქვს სიმღერა ჩაწერილი, გაქვს იმის ნიჭი, რომ მალე გახვიდე ფართო ასპარეზზე, გააკეთო კლიპი. თუმცა ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, დადებითად შევხედო ყველაფერს – ახლა არ გამოვიდა, მერე გამოვა. არასდროს ვნებდები და საბოლოოდ შედეგიც გამოიღო. თუმცა ჩემს ხასიათზე არაფერი მოქმედებს ხოლმე, რადგან სულ ბედნიერი ვარ და სულ – კარგ ხასიათზე. უბრალოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა „დავიგრუზე“ – მინდოდა, მალე ყოფილიყო. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს – ეს ფრაზაც სულ თან დამდევს ხოლმე. მოკლედ, ვიპოვეთ ძალიან მაგარი ბიჭი – ზურა ლოცულაშვილი, რომელმაც ჩვენი კლიპი გადაიღო. ჩემი აზრით, ის გამოვიდა, რაც გვინდოდა. გამოხმაურებაც დადებითი იყო. კრიტიკაც იყო, მაგრამ უმნიშვნელო. სხვას რას უნდა ელოდო – იყო ერთი-ორი ასეთი, ისიც ვიცი, ვინ არიან და არც გამკვირვებია, ველოდი. ბევრი დადებითი მუხტი წამოვიდა.
– საკუთარი პირადი ამბების ან პრობლემების გაზიარება გიყვარს?
– სხვათა შორის, ადრე უფრო ბევრს ვქაქანებდი, ყველგან ყველაფერს ვლაპარაკობდი. ეს, საბოლოო ჯამში, ცუდია, რადგან აურას გიბინძურებს. შენი აზრი აღარ გაგაჩნია და სხვაზე ხარ დამოკიდებული – ის რას იტყვის, ეს რას იტყვის. საბოლოოდ მაინც ჩემით გადამიწყვეტია რაღაცები, მაგრამ უფრო მეტს ვდარდობდი ხოლმე. როცა ჩემით ვფიქრობ, მაშინ უფრო ადვილად მივდივარ რეალურ დასკვნამდე. რაც უფრო მეტი ადამიანია, უფრო მეტი აზრია და მერე ირევი, „გერხევა“ ხოლმე.
– როგორ ისუფთავებდი აურას?
– ყველაფერი რომ ლაგდება, აურაც თავისთავად იწმინდება. ჩემი ყველაზე დიდი განტვირთვა ვარჯიშია. ძალიან მაგრად ვივარჯიშე, მთელი რვა თვე ტვინი დავასხი დარბაზში. იმდენჯერ მივმართე სხვადასხვა დიეტას და შემდეგ იმდენჯერ მოვიმატე, რომ გადავწყვიტე, ვარჯიში უნდა ვცადო-მეთქი. ავიყვანე ტრენერიც – ნატალია დიასამიძე, რომელმაც ვარჯიში შემაყვარა. სამი თვე მყავდა ტრენერად, დამირეკავდა, ამ დროს უნდა მოხვიდეო… საკუთარ თავს ადვილად ვერჩი, სხვას ვერ გადავაგდებ ხოლმე და შესაბამისად, აქტიურად ვვარჯიშობდი. დღეს ყველაზე მეტად, მგონი, ვარჯიში მიყვარს. ენერგიას ხარჯავ და პლუს 24 საათი ბედნიერების ენდორფინებით დადიხარ. დარბაზიდან რომ გამოდიხარ, ისეთი ბედნიერი ხარ, გგონია, დაფრინავ. ემოციებისგან დაცლილი წონაში იკლებ, ფორმაში ხარ. 16 კილო მაქვს დაკლებული.
– საკუთარ თავს ვერჩიო და რას გულისხმობდი?
– სიზარმაცე მიტევს ხოლმე. თან, ვიცოდი, რომ დასაწყისში ძალიან რთულია, საკუთარ თავს მოერიო და სავარჯიშოდ ხშირად იარო. როცა სხვას ვპირდები: მოვდივარ-მეთქი, რა თქმა უნდა, მაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ ადამიანს დრო ტყუილად არ დავაკარგვინო. ახლა ზუსტად ვიცი, რომ საკუთარ თავში ძალიან ბევრ რამეს ვაჯობებ. აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ნებისყოფა მქონია. შემიძლია, ბევრ რამეს გავუმკლავდე, წავიქცე და შემდეგ თავიდან დავიწყო ცხოვრება. ოღონდ, იქამდე არ მივდივარ, რომ კისერი წავიმტვრიო.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე?
– უპირველეს ყოვლისა, ის, როცა ბავშვი ჩამოვიყვანე. მეშინოდა ცხოვრების გაგრძელება დიდ ქალაქში მარტო, ჩემს შვილთან ერთად. მეხუთე წელი დაიწყო, რაც ლუკა ჩემთან ერთად არის და არანაირი პრობლემა არ გვქონია, რადგან ერთად გადავლახეთ ყველა პრობლემა. ტირილითა და გოდებით ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ, წინ უნდა გაიხედო.
– ტირილისა და გოდების პერიოდი გქონია?
– ეს პერიოდი ყველა ქალს ჰქონია. ტირილებს და გოდებებს ვერ გავექცევით, მაგრამ ძალიან ცოტახნიანი არის ხოლმე. ამ დროს ყველაზე მეტად საკუთარი თავი მეხმარება, რადგან არ მიყვარს ცუდ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა. მირჩევნია, მეგობრები მოვიდნენ, ვიმხიარულოთ, დავუკრათ, ვიზეიმოთ. პრობლემები ყველა ქალს აქვს ცხოვრებაში. არასდროს მინდა, ჩავვარდე ისეთ მდგომარეობაში, რომ ანტიდეპრესანტები დამჭირდეს. ღმერთმა დამაჯილდოვა ამ ნიჭით, რომ მოვერიო საკუთარ თავსა და პრობლემებს.
– ვარცხნილობების ასეთი ხშირი ცვლილება რაზეა დამოკიდებული?
– არ მიყვარს ერთფეროვნება. დიდი ხანია, მინდოდა თმის გაღიავება, მაგრამ მეშინოდა, რომ ბოლოს თმა არ შემრჩებოდა თავზე. ბოლოს მაინც გავრისკე და წითელი თმიდან პირდაპირ თეთრზე გადავედი. თავიდან ვერ შევეგუე: კაცის ნაკვთები მაქვს, საშინელება ვარ-მეთქი. ერთი თვე დამჭირდა, რომ შევგუებოდი. ბოლოს მოვიხდინე.
– აბა, ახლა მითხარი რა ხდება პირადში?
– მეზიზღება ეს სიტყვა. ჩემი მეგობრები საოცრებებს ელოდებიან ხოლმე. ხვალ რომ ავდგები, შეიძლება, სულ სხვა მაგდა დახვდეთ. ეს არის ჩემი შინაგანი მდგომარეობა. მინდა, რომ კარგად ვიყო და რაც დრო გადის, ეს გრძნობა მიმძაფრდება. პირადული არაფერია. თავისუფლება, საკუთარი თავით ცხოვრება დიდი ბედნიერებაა. თუმცა, შეიძლება, იმაზე მეტად გაგვაბედნიეროს ვინმემ, ვიდრე წარმოგვიდგენია. ყოველი შემთხვევისთვის ბევრად მირჩევნია ვიყო ისე, როგორც დღეს ვარ. სითბო და სიყვარული ყველა ქალს სჭირდება. უბრალოდ, ამას ისედაც ვიღებ შვილისგან, მეგობრებისგან, თაყვანისმცემლებისგან. ამ შემთხევაში ვინმე ახალი ადამიანის გამოჩენა ზედმეტი ტვირთი იქნება.
– ამ ეტაპზე რა არის შენთვის პრიორიტეტული?
– ურთიერთობა, ურთიერთგაგება, სიყვარული, პატივისცემა… მაგრამ ამდენი ამბის შემდეგ ძალიან თავშეკავებული გავხდი. ერთი პატარა პრობლემა და ხელს ჩავიქნევ. ახალი ურთიერთობის საერთოდ არ მეშინია. საკუთარი საქმე მაქვს და ბევრ დროს ვუთმობ ჩემს შვილს. ამიტომაც უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც მოერგება ჩემს საქმეს, ჩემს გრაფიკს, შვილს. ახალ ურთიერთობას მეც მოვერგები. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ მონა უნდა გყავდეს. გაცნობისთანავე ტაბუს ვადებ ხოლმე: ვსიო, აქედან არაფერი გამოვა. კომფორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შემდგარი ვარ, მყავს შვილი, მაქვს სამსახური, სახლი, ვცხოვრობ ჩემთვის მშვიდად და არ მინდა, ეს ყველაფერი აიწეწოს, თავდაყირა დადგეს. თან, ჩემი მინუსი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვისხლეტ, მაინც ძალიან ვნერვიულობ, დისკომფორტს მიქმნის.