№33 რატომ არ უნდოდა ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსს ქართული ცეკვა და რის შემდეგ გააქტიურდნენ მის მიმართ გოგონები
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ლეგენდარული მოცეკვავის, ბატონ ფრიდონ სულაბერიძის ვაჟის, ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსის ცეკვამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. „არტ-გენზე“ უმცროსმა სულაბერიძემ ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე – „ყირამალა“, რაჭული ცეკვა ექსპრომტად შეასრულა, რის გამოც დამსწრე საზოგადოებისგან მხურვალე აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურა. მისი ცეკვის ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და შეიძლება ითქვას, ფურორი მოახდინა. ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ უმცროსი ფრიდონიც მოცეკვავეა. მან უკვე მოახერხა და თავისი პროფესიონალიზმით ბევრი გულშემატკივარი გაიჩინა.
ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსი: ყოველ წელს დავდივარ ნიაზ დიასამიძის კონცერტზე. „ყირამალაზე“ იმდენი ადამიანი ცეკვავს ხოლმე, რომ სცენაზე ასვლას აზრი არ აქვს, მეც არ მიყვარს, როცა ცეკვა ხალხმრავალ ადგილებში მიწევს. წელს იყო წვიმა და სცენაზეც არავინ გამოსულა საცეკვაოდ. სპონტანურად გადავწყვიტე, თან, ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და როცა ვუსმენ, ვერ ვჩერდები, მოუსვენრად ვარ. ამიტომ გადავხტი და ვიცეკვე. დადგმული ნამდვილად არ იყო, ექსპრომტი გამოვიდა და ამით თავადაც ვისიამოვნე. საერთოდ, მსგავს სიტუაციებში ყოველთვის იქვე ვაკეთებ ცეკვის იმპროვიზაციას, დადგმით იშვიათად ვდგამ რამეს. ცეკვა რაჭული იყო, თუმცა სხვა ილეთებიც გამოვიყენე. ერთიანობაში ლამაზი გამოვიდა. ვერ წარმოვიდგენდი, ჩემი ცეკვის ვიდეოს ასეთი აჟიოტაჟი თუ მოჰყვებოდა. იმ დღეს იმდენად წვიმდა, ისიც ვიფიქრე, სახლში ხომ არ დავრჩენილიყავი, მაგრამ მაინც წავედი. როგორც აღმოჩნდა, ბევრს გადაუღია და დაუდევს სოციალურ ქსელში. აქედან გავრცელდა ვიდეოც. ამის მერე ბევრმა ადამიანმა დამიმატა „ფეისბუქზე“. მწერდნენ, კარგი მოცეკვავე ხარო და მათგან ბევრი დადებითი ემოცია მოდიოდა. უამრავ დადებით კომენტარს ვკითხულობდი. თითოეული მათგანის მადლობელი ვარ.
– თუმცა, იმასაც წერდნენ, რომ ეს არ იყო ქართული ცეკვა.
– ზოგადად, რაჭული გათანამედროვებულია, მასში რაღაც ნიუანსები ჰიპ-ჰოპიდნაც კი არის შემოტანილი. რაჭული გლეხური ცეკვაა და სახასიათო მიხრა-მოხრები აქვს. ამ ცეკვის დროს შენ უნდა იგრძნო კომფორტი და მას სიხალისე შემატო, რაც, ალბათ, იმერეთის გავლენაა. რაჭველები ასეთი ჩქარები არ არიან, მაგრამ ტემპმა მაინც თავისი ქნა, ეს ყველაფერი ცეკვამ მოითხოვა. მე ისიც წავიკითხე, რომ წერდნენ ქართველი არ ცეკვავდაო (იცინის).
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრიდონ სულაბერიძის არა შვილი, არამედ შვილიშვილი იყავი. ალბათ, სახელმა დააბნია საზოგადოება. მოგწონს პოპულარობა?
– ჰო, ყველა მეკითხება, ბაბუაშენია მოცეკვავე? (იცინის) არა, ფრიდონ სულაბერიძის შვილი ვარ, მამაჩემია-მეთქი და ყველას ვუსწორებ ხოლმე. ანსამბლ „რუსთავში“ ერთად ვართ – ის არის დიდი ქორეოგრაფი, მე კი უკვე 15 წელია, რაც ამ ანსამბლის მოცეკვავე და მსახიობი გახლავართ. მამას იდეა იყო, რომ მისი სახელი მრქმეოდა, თუმცა არა იმიტომ, რომ აუცილებლად მოცეკვავე გამოვსულიყავი. უბრალოდ, მას სურდა ასე და დედაც დაეთანხმა. რაც შეეხება პოპულარობას, მიხარია, რომ ხალხმა აიტაცა ეს ვიდეო. კარგია, რომ მოეწონათ, მაგრამ ჩემი თავით არასდროს ვარ კმაყოფილი. ცეკვამ თავად „არტ-გენზეც“ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვიდეოშიც ჩანს ხალხის ემოციები. ყველაფერი მარტო „არტ-გენის“ პოპულარობით არ განისაზღვრება. არის ხალხი, რომელიც მანამდეც მიცნობდა. არ მიყვარს ზედმეტი პოპულარობა, აი, ისე, როგორც მსახიობები არიან. მე სულ სხვა განხრით ვარ, თუმცა ახლო მომავალში შეიძლება, თავადაც მსახიობი გავხდე. ამის დიდი სურვილი მაქვს და ვნახოთ, რა იქნება, თან, თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული.
– ლეგენდარული მოცეკვავის შვილი ხარ, თან ორივე ერთ სფეროში ხართ. არ გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება, მის ჩრდილქვეშ მოხვდე?
– ზოგადად, სიცოცხლის ბოლომდე ძალიან რთული პასუხისმგებლობა და დიდი მისია მაქვს შესასრულებელი. რადგან დიდი მოცეკვავის შვილი ვარ, რაც არ უნდა ფორმაში ვიყო, ყოველთვის მიჭირს ქართული ცეკვის შესრულება. რთულია ცეკვა და ვცდილობ, მამაჩემს მივბაძო, თან მაინც ჩემეული შევქმნა. ჩემი საქმიანობაც მთლიანად ამ სფეროს მოიცავს, საბავშვო ქორეოგრაფიული სტუდიაც მაქვს გახსნილი და ვცდილობ, მამაჩემის სახელი გავამართლო.
– გადარებენ ხოლმე მამას?
– კი, ხშირად არის შედარებები. ახლახან იაპონიაში ვიყავით და ანსამბლის ბიჭებმა ვთქვით, რომ ულვაშები მოგვეშვა – გადავწყვიტეთ, ამ თვენახევრიან „პაესტკაში“ ულვაშებით ვყოფილიყავით. როგორც კი წამოვიდა ეს კიკინა იმერული და ქართული ულვაშები, მაშინვე მიმამსგავსეს მამას. არის მომენტები, როცა ცეკვითაც და ვიზუალურად მამას ვგავარ. ხასიათით მამაჩემი უფრო მკაცრი და მომთხოვნია. „თევზები“ ვართ და შიგადაშიგ მაინც ვაბალანსებთ ყველაფერს (იცინის).
– ცეკვა მამამ გასწავლა? ერთად ცეკვავთ?
– დიდი პრობლემის წინაშე იდგა ოჯახი: მამას სურდა, რომ მოცეკვავე ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემში არ იყო არანაირი ხალისი, რომ ცეკვა დამეწყო. ქართული ცეკვით არასდროს ვიყავი გატაცებული. მომწონდა სპორტი. სკოლა რომ დავამთავრე, ყველა მეუბნებოდა: კარგი სპორტსმენი ხარ, კარგად თამაშობ, მაგრამ მაინც ცეკვა გეცადაო. მეც გადავწყვიტე, რომ მეცადა და 15 წლის ასაკში, ძალიან გვიან დავიწყე ცეკვა. იმის მერე სპორტსიკენ არ გამიხედავს. ჩემი პირველი პედაგოგი დათუნიკა სხირტლაძე იყო. მამაჩემმა მიმაბარა ამ ადამიანს და მის მიმართ დიდი სიყვარული დამრჩა. მან და მამამ დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს, როგორც მოცეკვავის, ჩამოყალიბებაში. მამასთან ერთად ვიცეკვე მისი ვარსკვლავის გახსნაზე. აჭარული შევასრულეთ და ძალიან ემოციური იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე მაყურებლისთვის.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...
– თავისუფალი ვარ და არ ვარ დაოჯახებული. არც შეყვარებული მყავს. უფრო საქმეზე ვარ კონცენტრირებული. კი, თაყვანისმცემელი ძალიან ბევრია. ხშირად მწერენ, ბევრს გაცნობა უნდა. მოკლედ, ამ „ფეისბუქზე“ გავრცელებულმა ვიდეომ ამიკლო (იცინის).
– როგორი უნდა იყოს შენი რჩეული?
– ასე ვერ გეტყვით, მაგრამ მაღალი და ტანადი უნდა იყოს. თმის ფერსა და მსგავს რაღაცებს, ასე ვერ განვსაზღვრავ. მიყვარს ბუნებრივი და ჩვეულებრივი გოგონები. რაც მთავარია, უნდა იყოს ერთგული, რაც ახლა ძალიან იშვიათია.
– აუცილებელი პირობაა, მოცეკვავე იყოს?
– მაგაზეც მიფიქრია, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მოცეკვავე იყოს. თუმცა, კარგი იქნება, ყველგან ერთად ვივლით. ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, ცხოვრება ისეთი რამეა, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. ჯერ მაინც საკუთარ კარიერაზე ვფიქრობ და მსგავს საკითხებს ყურადღებას არ ვაქცევ. აქამდე არ მქონია მომენტი – „ეს გოგო ჩემი უნდა იყოს“ და მის გამო ყველაფერი გადამედო.