№33 თათია თექთურმანიძეს ქართველმა მამაკაცებმა იმედები გაუცრუეს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
პროფესიით იურისტი, არაერთი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული თათია თექთურმანიძე „მასტერშეფის“ ყველაზე „სწერვა“ იმიჯის მქონე კონკურსანტი იყო, რომელსაც „დესერტების დედოფალიც“ უწოდეს და მაყურებელში ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია.
თათია თექთურმანიძე: „მასტერშეფის“ ხსენება საქართველოში არც იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა მასში მონაწილეობის მიღება, რომ უკრაინულ „მასტერშეფში“ გავაგზავნე ანკეტა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქასთინგი უკვე დამთავრებული იყო. სხვა ქვეყანაში წასვლაზე ვფიქრობდი, როცა გავიგე, რომ საქართველოში იწყებოდა ეს პროექტი და ხუთ წუთში ანკეტა გაგზავნილი მქონდა.
– ბევრს გაუკვირდა ასეთი გარეგნობის გოგოსგან კულინარიისადმი განსაკუთრებული ინტერესი.
– კი, ძალიან ბევრს ეგონა, რომ აქ შოუს გამო მომიყვანეს. სინამდვილეში, კულინარია ძალიან მიყვარს და ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა. რუსეთში ვიზრდებოდი და ჩემი მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, ოჯახში ქართული ტრადიციები შეენარჩუნებინათ. ბავშვობიდან ვეხმარებოდი დედას კერძების მომზადებაში. სხვათა შორის, მამაც ძალიან კარგი კულინარია. ბავშვობიდან შევეჩვიე ამას და ძალიან მომწონდა. მერე, მე და ჩემი და რომ გავიზარდეთ, დედა უკვე აღარ ამზადებდა და ჩვენ ავითვისეთ სამზარეულო. ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს გემრიელად მომზადება, კარგი მზარეულობა დიდი პლუსია. ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მომწონდა, მსიამოვნებდა და იმიტომ ვაკეთებდი.
– შენ ხარ კონკურსანტი, რომელმაც ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია მაყურებელში. ზოგს ძალიან მოსწონდი, ზოგს პირიქით – ძალიან აღიზიანებდი. ყველაზე „სწერვას“ იმიჯი გქონდა.
– ადამიანები ორ კატეგორიად გაიყვნენ. ისინი, ვინც აღიქვამდა რეალობას და ვინც – ვერა. ზოგი ფიქრობს, რომ რასაც ეკრანზე ხედავს, რეალობაა, ანუ, იქ ჩვენ მართლა გვეზიზღებოდა ერთმანეთი. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ჩემი აგრესია შოუს ნაწილი იყო. არ ფიქრობდნენ იმას, რომ მე, პიროვნულად, შეიძლება, საერთოდ არ ვიყო ისეთი ბოღმიანი, რომელსაც ეზიზღება სხვა კონკურსანტი. რეალობის აღქმა ჰქონდათ დაკარგული. დაახლოებით იგივეა, მსახიობებს რომ პერსონაჟებთან აიგივებენ. თუმცა, ბევრი ხვდებოდა, რომ ეს ფორმატის ნაწილი და რეიტინგზე გათვლილი ნაბიჯები იყო. ვიზუალზეც იყო დიდი აგრესია. წერდნენ: სჯობს, წავიდეს და პოდიუმს დაუბრუნდეს, ვიდრე საჭმელი აკეთოსო. მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან ვუყვარვარ ბავშვებს, რაც ძალიან მახარებს, რადგან ისინი ყველაზე სუფთები არიან.
– ყველაზე მეტად რა გეწყინა მაყურებლისგან?
– ყველაზე მეტად არ მესიამოვნა, როცა ოჯახის შეურაცხყოფაზე და გინებაზე გადმოვიდნენ – ძალიან უზრდელი კომენტარი ეწერა, სხვათა შორის, კაცს. თან იმიტომ, რომ ხორცი ყოფილა მაგარი. ადრე კაცები ქალს მოწიწებით ესაუბრებოდნენ და თავის სიტყვებზე ყველა პასუხისმგებელი იყო. ახლა იმდენად დეგრადირებულები არიან, ვერ ხვდებიან, რომ საკუთარ სიტყვებზე შეიძლება, პასუხი მოეთხოვოთ. ამას მამაჩემს ვერ ვეტყოდი, ვერც მეგობრებს, რადგან ვიცოდი, კონფლიქტი მოჰყვებოდა, ამიტომ „გავატარე“. მე რომ კაცი ვყოფილიყავი, აუცილებლად მოვთხოვდი პასუხს იმის გამო, რომ ჩემს ოჯახს შეეხო. მაგრამ ასეთი ადამიანების გვერდებს რომ ვათვალიერებ, ვხვდები, რომ ადეკვატურები არ არიან და აზრი არ აქვს მათთან საუბარს.
– რამდენად „სწერვაა“ თათია რეალურ ცხოვრებაში?
– რეალური თათია „მასტერშეფში“ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა – როცა ტიროდა. ჩემი ემოციები ვეღარ შევიკავე, არადა, არ უნდა მეტირა საკუთარ თავში დარწმუნებულის იმიჯიდან გამომდინარე. იქ გამოჩნდა, რაც ვარ. რეალურად, ყოველთვის ყველაფერი ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ძალიან თავდაჯერებულის იმიჯი მქონდა – „აი, დარდი, თუ არც მოეწონა“… მსგავს კომენტარებს ვაკეთებდი. რეალურად თავდაჯერებული და თავში ავარდნილი თათია მხოლოდ იმიჯი იყო. ასეთი როლი, ალბათ, უფრო თავდაცვის მიზნით მოვირგე. სინამდვილეში, ძალიან ემოციური ვარ და იქ რომ მიყურებდა, დედაჩემი მეუბნებოდა, ნეტავ, მართლა ასეთი თავდაჯერებული იყოო. „მასტერშეფამდე“ ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი კორპორატიული დეპარტამენტის მენეჯერად. კულინარიით მხოლოდ სახლში და მეგობრობის წრეში ვიყავი დაკავებული. ახლა ვაპირებ ჩემი „იუთუბ არხის“ გაკეთებას, კულინარიულ გადაცემას წავიყვან და ისეთ რეცეპტებს მოვამზადებ, რომლის გამეორებასაც ქალბატონები სახლში შეძლებენ.
– მოსკოვში დაიბადე თუ მერე გადახვედით საცხოვრებლად?
– ხუთი წლის ვიყავი, როცა ოჯახით რუსეთში გადავედით. დედას ძალიან უნდოდა, რომ სკოლაში საქართველოში მივსულიყავი და პირველ კლასში აქ მიმიყვანა, მაგრამ ერთ თვეში ისევ წავედით, იმიტომ, რომ მამა იქ იყო და მარტო ყოფნა უჭირდა. მეცხრე კლასამდე რუსეთში ვსწავლობდი, შემდეგ უკრაინაში გადავედით და სკოლა იქ დავამთავრე. მამას სამსახურიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ადგილის ცვლა გვიწევდა. დედასი უზომოდ მადლიერი ვარ იმის გამო, რომ როგორც კი რუსეთში სკოლაში მივედი, ქართული სკოლის პროგრამა გამოაგზავნინა და ჯერ ქართულ დავალებებს მაკეთებინებდა, შემდეგ რუსული სკოლის მასალას. მეექვსე კლასამდე ასე გრძელდებოდა და მერე უკვე დამოუკიდებლად გავაგრძელე. ამ მიდგომამ ძალიან შემაყვარა საქართველო. მასზე ოჯახშიც ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით. აქ რომ ჩამოვდიოდით და აეროპორტში ქართულად ლაპარაკი მესმოდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე მინდოდა წამოსვლა, მაგრამ პატარა ვიყავი და არ გამომიშვეს. აი, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მაშინვე აქ გადმოვედი.
– რას ელოდი?
– უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ზუსტად ვიცოდი ერთი რამ – რომ ოჯახს მხოლოდ ქართველთან შევქმნიდი. ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა ქართველი ქმარი მყოლოდა და საქართველოში გავთხოვილიყავი. იქ ვისაც მოვწონდი, ყველა მეზიზღებოდა (იცინის). აღმოჩნდა, რომ არ ვიცოდი, საქართველოში რა ხდებოდა და აქ ჩამოსვლა ჩემთვის სრული შოკი იყო. ჩემი მშობლები სხვანაირად მზრდიდნენ, როგორც ალბათ, ძველად იყო საქართველოში და მხოლოდ ტრადიციებში შემორჩა. აქ რომ ჩამოვედი, სრულიად სხვა რეალობა დამხვდა. ძალიან განსხვავებულ ახალგაზრდობას და ისეთ რამეებს ვხედავდი, რაც რუსეთში არ მინახავს. გოგოების ქცევები მაკვირვებდა: დალევა, დათრობა, სიგარეტი და აშვებული ცხოვრება. თუმცა ახლა მივეჩვიე და აღარ მიკვირს. თავიდან გაოგნებული ვუყვებოდი ხოლმე დედაჩემს.
– ჩვენთან ხომ პირიქით, სულ იმას ამბობენ, რომ რუსები გაცილებით თავისუფლები არიან.
– ერთნაირადაა ან აქ უფრო საშინელება ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ამ კუთხით, ჩვენთან უფრო მსუბუქი მდგომარეობაა ან მე გამიმართლა, რომ კარგ გარემოში ვიზრდებოდი. რუსეთში ხალხს ის პლუსი აქვთ, რომ თავს სხვანაირად არ გაჩვენებენ. თუ წესიერად ცხოვრობენ, ამბობენ, რომ ასეა, მაგრამ თუ უწესოდ – არც ამის რცხვენიათ და არ მალავენ. საქართველოში ვითომ ყველა პატიოსანი, კარგი და კეთილია, არადა, ამ დროს ისეთს იგებ მათზე, რომ შოკში ხარ – ყველა რაღაც როლს თამაშობს.
– ქართველმა ბიჭებმა რამდენად გაამართლეს შენი მოლოდინი?
– რასაც ვუყურებ, ქართველი ბიჭებიც არანაკლებად თამაშობენ. უმეტესობას დამოუკიდებლობა აკლია, სტერეოტიპულად აზროვნებენ. ვიზუალურად კარგი გოგო ხარ, რუსეთში ცხოვრობდი და „ვსიო“, ჰგონიათ, რომ მარტივად შემოვლენ ურთიერთობაში. რომ გაგიცნობენ, მერე ხვდებიან, რომ ასე არაა, მაგრამ თავიდან, თუ ვიზუალურად შეგეხედება, ჰგონიათ, რომ სულელი ხარ. ჩემს ბევრ მეგობარს ჰყავს რუსი და უკრაინელი ქმარი და თან ყვებიან თავიანთ ცოლებს – იდეალური ქმრები არიან. ქართველების უმეტესობას რომ ვუყურებ, დიდად არ მომწონს, თუნდაც, ჩემ გარშემო უმეტესი ოჯახების ცხოვრება. ბევრი ცუდი რამ ხდება, მერე ქალმა უნდა აპატიო, რაც აქ ჩვეულებრივი ამბავია. იქ ცოტა სხვანაირადაა ეს საკითხი, კაციც საკმაოდ თავშეკავებულია და თანაბრად არიან ამ კუთხით. რუსმა და უკრაინელმა კაცებმა უფრო იციან ქალის პატივისცემა, ვიდრე ქართველებმა.
– როგორც ჩანს, არ გამართლდა შენი მოლოდინი. სად აპირებ ცხოვრების გაგრძელებას?
– ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე საქართველოში ვიქნები. აქ კარგად რომ ხარ, იმდენი ბოღმა და აგრესია წამოვა შენ მიმართ, რომ გაგიჭირდება ბედნიერად ცხოვრება ან შენთვის უნდა იყო კუთხეში მიმალული, რომ თვალში არავის მოხვდე. თუ ლამაზი და წარმატებული ხარ და ოჯახიც გაქვს, მგონი, არ გაპატიებენ – იმ კომენტარების შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ორ-სამ წელიწადში ამერიკაში წავალ.