№33 როგორ აღმოაჩინა და გაანეიტრალა „კაგებემ“ საშიში შეიარაღებული ბანდა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების ვინაობა და მოქმედების დრო შეცვლილია. ვინმესთან და რაიმესთან მათი მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ბანდიტური თავდასხმა
1978 წლის 10 მარტს თბილისის ცენტრალური უნივერმაღიდან გამოსულ ინკასატორებზე ბანდიტური თავდასხმა განხორციელდა. პარასკევი დღე იყო, საღამოს 21 საათი და 20 წუთი. „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტებით შეიარაღებულ სამ ინკასატორს მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე (დღეს იქ „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისია) თბილისის ცენტრალური უნივერმაღიდან სპეციალური ინკასატორის ჩანთით მთელი დღის ნავაჭრი თანხა – 281 ათასი მანეთი გამოჰქონდათ. იქვე იდგა წითელი ფერის ფურგონიანი „მოსკვიჩი“. მოულოდნელად „მოსკვიჩთან“ მდგომმა ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა ინკასატორებს იარაღი მიუშვირა და გააჩერა. მესამემ ინკასატორს ჩანთა გამოსტაცა და წითელი მოსკვიჩის მძღოლს მიუჯდა. „მოსკვიჩის“ ფურგონში შეხტა ერთი შეიარაღებული მძარცველი და მანქანა ადგილიდან დაიძრა. დაბურულ ფურგონში შეხტომას მეორე შეიარაღებული ნიღბიანიც ცდილობდა, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთმა ინკასატორმა მას „ტეტედან“ გაუხსნა ცეცხლი და ადგილზევე მოკლა. წითელი ფურგონი კი კამოს ქუჩაზე დიდი სისწრაფით გაქანდა და წამებში მიეფარა თვალს. მოკლული მძარცველი პროზექტურაში გადაიყვანეს, მილიციამ კი გამოძიება დაიწყო.
თვითნაკეთი იარაღი
ბანდიტური თავდასხმის ადგილზე მოკლული მამაკაცი 39 წლის რეციდივისტი ტიმოფეი სოკოლოვი, მეტსახელად „სოკოლი“, აღმოჩნდა. „სოკოლი“ ციმბირის მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების ერთ-ერთი კოლონიიდან 6 თვის წინ იყო გაქცეული და საკავშირო ძებნაში იყო. ის რუსეთში იყო დაბადებული და გაზრდილი. საქართველოსთან არაფერი აკავშირებდა. არც საქართველოს ციხეში მჯდარა და არც ქართველი „პაძელნიკები“ ჰყოლია რომელიმე საქმეში. გამომძიებლები საგონებელში ჩავარდნენ და ცდილობდნენ, როგორმე „სოკოლის“ ქართული კავშირები მოეძებნათ. გამორიცხული იყო, რომ საკავშირო ძებნილი რეციდივისტი ალალბედზე ჩამოსულიყო თბილისში და, თანაც, ასეთ მსხვილ საქმეში მიეღო მონაწილეობა. საინტერესო იყო ისიც, რომ მოკლულ „სოკოლს“ თვითნაკეთი ავტომატური იარაღი აღმოაჩნდა, რამაც ექსპერტ-კრიმინალისტები და ბალისტიკოსები ძალიან გააოცა. მათ მსგავსი იარაღი პირველად ნახეს. ეს წვრილი, მოგრძოლულიანი ავტომატური პისტოლეტი „მაკაროვის“ პისტოლეტის ვაზნებს ისროდა, მის მჭიდში კი 55 ვაზნა ეტეოდა. საგანგებოდ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს იარაღი დამოუკიდებელი საბრძოლო მოწყობილობა იყო და არა ასლი. მაძებრები რთული ამოცანის წინაშე დადგნენ: მათ უნდა გაერკვიათ, ვინ იყო ამ თვითნაკეთი იარაღის შემქმნელი და როგორ აღმოჩნდა ის „სოკოლის“ ხელში.
ქართული კვალი
რადგან საქმე თვითნაკეთ ავტომატურ იარაღს ეხებოდა, გამოძიებაში „კაგებე“ ჩაერთო და მოსკოვიდან თბილისში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი მიავლინეს, რომელსაც პოლკოვნიკი ლევან ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა. გაეცნენ რა საქმის მასალებს, 43 წლის ქართველი პოლკოვნიკი, პირადად გაემგზავრა ციმბირში და გაქცეული და მოკლული „სოკოლის“ ქართული კავშირების ძებნა კოლონიაში დაიწყო. მან გაარკვია, რომ სოკოლოვი ახლოს იყო 41 წლის ანზორ ბებიასთან, რომელიც ზონიდან „სოკოლის“ გაქცევამდე ერთი თვით ადრე გათავისუფლდა. მან იქ 11 წელი მოიხადა ინკასატორზე თავდასხმის გამო. გაჩნდა ვარაუდი, რომ ბებია და სოკოლოვი ერთად მოქმედებდნენ და რომ „სოკოლი“ თბილისში სწორედ ბებიას ბინაში იმალებოდა. თუმცა, თბილისში დაბრუნებულმა ლიპარტელიანმა დაადგინა, რომ ბებიას არც აქ და არც საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში ბინა არ ჰქონდა. ადრე ის ცოლის, ვენერა კოკორიას ბინაში ცხოვრობდა. თუმცა, როდესაც ბებია დააპატიმრეს, კოკორია მას გასცილდა, გათხოვდა და ახლა უკვე სამი შვილი ჰყავდა. თავად ციხიდან გათავისუფლებული ანზორ ბებია კი თბილისში არავის უნახავს. ის ან ოსტატურად ინიღბებოდა, ან არაფერ შუაში იყო და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოში არც დაბრუნებულა. ამიტომ გაამრავლეს ანზორ ბებიას სურათები და მის ძებნას შეუდგნენ, თუმცა ის ოფიციალურად არაფერში იყო დადანაშაულებული.
საშიში ბანდა
„კაგებე“ კომპლექსურად მუშაობდა. ბებიას ძებნასთან ერთად მიმდინარეობდა იმის დადგენა, თუ საქართველოს რომელ ქარხანაში შეიძლებოდა თვითნაკეთი იარაღის დამზადება. კვლევით დადგინდა, რომ ასეთი საწარმო მხოლოდ თბილისის საავიაციო, იგივე 31-ე ქარხანა იყო. მხოლოდ იქ არსებული მასალებითა და დაზგებით იყო შესაძლებელი ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება. ამიტომ „კაგებეს“ ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა 31-ე ქარხანაში საიდუმლო სამძებრო სამუშაოები ჩაატარა და 46 წლის უმაღლესი კვალიფიკაციის მრავალპროფილიანი ხელოსნის, კარლო გოთუას კვალზე გავიდა. მასზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაწესდა. გამოიყენეს სპეციალური მოწყობილობები და გაირკვა, რომ ანზორ ბებია კარლო გოთუას ბინაში იმალებოდა. მოსასმენი აპარატურისა და პერმანენტული თვალთვალის შედეგად დადგინდა, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს სწორედ კარლო გოთუა ამზადებდა, რომელიც ანზორ ბებიას შორეული ნათესავი იყო. გაირკვა ისიც, რომ ბებიას მძარცველთა ოთხკაციანი ბანდა ჰყავდა და სწორედ ისინი დაესხნენ თავს უნივერმაღის ინკასაციას. დადგინდა, რომ ბანდიტები ახლა უკვე 31-ე ქარხნის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ხელფასების გატაცებას აპირებდნენ და თავდასხმა უნდა მოეხდინათ საინკასაციო მანქანაზე, სადაც მილიონ ასი ათასი მანეთი იქნებოდა. თუმცა, „კაგებემ“ მთელი ბანდა აიყვანა, რომლებიც შემდეგ ციხეებში გაამწესეს. არ გაუსამართლებიათ მხოლოდ 46 წლის კარლო გოთუა. სავარაულოდ, ის დახურული იარაღის ქარხანაში გაამწესეს სამუშაოდ.