№33 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: სახისა და ყელის მიდამოში გამიჩნდა წვრილი ნაოჭები. არადა, ჩემი ასაკისთვის ჯერ ადრეა. რას მირჩევთ?
პასუხი: ნაოჭების წინააღმდეგ, ძალიან ეფექტურია არაჟნისა და სტაფილოს ნიღაბი. ის არა მხოლოდ წვრილ ნაოჭებს ასწორებს, არამედ სახესა და ყელზე ღრმა ნაოჭებსაც შეამცირებს. კანი გახდება რბილი, გლუვი და ნაზი. დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი (სახამებელი), ნახევარი სუფრის კოვზი ცივი წყალი, ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 5 სუფრის კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1 სუფრის კოვზი ცხიმიანი არაჟანი. ჯამში ჩაასხით გრილი წყალი, ჩაყარეთ კარტოფილის ფქვილი და კარგად მოურიეთ, ისე, რომ ბოლომდე გაიხსნას. შემდეგ, დაუმატეთ ადუღებული წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ გასქელდება. გადმოიღეთ ჯამი ცეცხლიდან, დაუმატეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი. კარგად აურიეთ. დაიდეთ ნიღაბი თხელ ფენად სახესა და ყელზე. 25-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ნიღაბი შეინახეთ მაცივარში, ოღონდ არაუმეტეს 3 დღისა. კურსი 6-დღიანია. იკეთებთ ყოველდღე, შემდეგ, ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.