კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 საქორწილო კაბა

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

– ღალატი მრავალგვარია, ისევე, როგორც ორგულობა. შესაბამისად, მრავალფეროვანია მოღალატეებისა და ორგულების სპექტრიც, – მოულოდნელად ჩაგვერთო ლაპარაკში ოთახში ხილით სავსე ლანგრით შემოსული შოთა ბიძია, დაროს მამა და ტუჩებზე მიხატული თავაზიანი ღიმილით დადგა ლანგარი შუა მაგიდაზე.
დაროს უკმაყოფილოდ მოებრიცა ტუჩები. ყოველთვის აღიზიანებდა მამამისის უცერემონიო საქციელი თუ ლაპარაკი და, საერთოდაც, ხშირად ვგრძნობდი ხოლმე, რომ დიდად არ გიჟდებოდა მამაზე, თუმცა ძალიან ცდილობდა ამის დაფარვას.
– მამა! – საკმაოდ ხმამაღლა შესძახა დარომ გამაფრთხილებლად, მაგრამ მამა არ დაემორჩილა ქალიშვილის გაფრთხილებას და ირონიულად ასწია წარბები:
– რატომ მაჩუმებ, რა ვთქვი არასწორი? – მერე სკამი მოიჩოჩა და ჩვენთან ჩამოჯდა.
– შოთა, რამდენჯერ გთხოვე, როცა ჩემთან მეგობრები მოდიან, თავი დაგვანებე-მეთქი? – გაცოფდა დარო, – ეს რა ჩვევა გაქვს, სხვის საუბარში ჩაერიო?
– შვილი სხვა არ არის, – გახუმრება სცადა შოთა ბიძიამ, – თანაც ისეთ თემებზე ლაპარაკობდით, ვერ მოვითმინე, სულმა წამძლია.
– შენ რა, კარს მიღმიდან გვიგდებდი ყურს? – დარო აღარც კი ცდილობდა აღშფოთების დამალვას და არც ის ადარდებდა, რომ დაქალების წინაშე ამცირებდა მამას ასეთი ტონითა და სიტყვებით.
– არა, რომ შემოვედი, მაშინ გავიგონე რამდენიმე ფრაზა ღალატისა და ორგულობის შესახებ, მაგრამ ბოლომდე არ გეთანხმებით, – მშვიდად განუმარტა მამამ.
  მიუხედავად იმისა, რომ არცერთს არ მოგვწონდა დაროს საქციელი, ჩვენდა უნებურად, ყველამ უსიამოვნო გამომეტყველებით „დავაჯილდოვეთ“ ჩვენი მასპინძელი დაქალის მამა. – კარგად ვიცოდით, რომ, რადგან სიტყვის ჩაკვეხება შეძლო, მეორე საღამომდე აღარ გაჩუმდებოდა. თანაც, იყო ამ კაცში რაღაც ისეთი – უსიამოვნო და არასანდო, რაც მის მიმართ კეთილად არ განგაწყობდა. სხვათა შორის, ყოველთვის მიკვირდა, ასეთ კარგ გოგოს ასეთი მამა როგორ ჰყავს-მეთქი. დარო არც დედას ჰგავდა – არც გარეგნობით, არც ხასიათით. დეიდა მაგდა, ჩემი აზრით, საკუთარ თავზე შეყვარებული, პრაგმატული ქალი გახლდათ, რომლისთვისაც თავისი ინტერესები და სურვილები იყო მთავარი. არც დიდი გულთბილობით გამოირჩეოდა – ჩვენ, შვილის მეგობრებს, ცივი თავაზიანობით გვხვდებოდა. განსაკუთრებით ჩემ მიმართ იჩენდა ოფიციალურობას და იცავდა დისტანციას. თავიდან მეგონა, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ როცა ჩვენმა დაქალეებმა, ნუნამაც და ტასომაც იგივე მითხრეს, მივხვდი, რომ საამისოდ რაღაც მიზეზი არსებობდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი – რა მიზეზი.
  ჰო, შოთა ბიძიაზე ვამბობდი, არ გვიყვარდა ჩვენს საუბარში მისი ჩარევა-მეთქი. ამიტომ ვცდილობდით, მხოლოდ ზრდილობიანად მოგვესმინა და მასთან არც დიალოგი გაგვემართა და არც პოლემიკაში შევსულიყავით, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდიოდა.
– ჩემი აზრით კი, ღალატი ღალატია და ორგულობა – ორგულობა, – მაინც წამოვეგე ანკესს და თავი ვეღარ შევიკავე კომენტარისგან, – როგორც არ უნდა დაყოთ სპექტრებად და კატეგორიებად, ღალატისა და ორგულობის არსი მაინც არ იცვლება...
– და, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ორი ცნება სინონიმებია ხოლმე, – სიტყვა ჩამომართვა ჩვენმა მეხუთე დაქალმა სესილიმ, – თანაც მოღალატეებისა და ორგულების დიდ უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ორგულობა გაცილებით უფრო დიდ ვერაგობად მიმაჩნია, ვიდრე ღალატი, რადგან ადამიანი შეიძლება შემთხვევით, უნებურად გახდეს მოღალატე, მაგრამ არ იყოს ბუნებით ორგული; ორგული ადამიანი კი, როგორც წესი, ყოველთვის მოღალატეა.
– რაღაც, ნამეტანი ჩაახუჭუჭე, ჩემო კარგო, – შოთა ბიძიას უცნაური სხივი გაუკრთა თვალებში და მერე უსიამოვნოდ ჩაიხითხითა, – იმაში კი მართალი ხარ, სესილი, ღალატსა და ორგულობაში რაოდენობრივად ნამდვილად ჩვენ გჯობივართ, აი, ხარისხობრივად ვერ ვქაჩავთ თქვენამდე. მაგრამ, ასეა მიღებული: ქალი ბოლომდე ქმრის ერთგული უნდა იყოს, კაცი კი უნდა გულაობდეს. კაცს ყველაფერი ეპატიება, იმიტომ რომ კაცია. უკლებლივ ყველა ქალი ღირსია ღალატისა, სხვათა შორის თქვენი ჩათვლით, ჩემო კარებო!.. ჰი, ჰი, ჰი...
გამაჟრიალა. გოგოებს გადავხედე – არც ისინი იყვნენ ჩემზე უკეთეს დღეში: სესილი თვალებდაჭყეტილი და გაშეშებული შეჰყურებდა მოხითხითე მასპინძელს. ნუნა და ტასო თავდახრილები ისხდნენ დაძაბულები და ხმას არ იღებდნენ. დარო კი სიმწრის, სირცხვილისა და სიბრაზისგან კბილებს აღრჭიალებდა. აშკარად თავს იკავებდა, რომ მამისთვის რამე უკადრებელი არ ეთქვა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და დაუფარავი მრისხანებით უთხრა:
– მეტი აღარ გამამეორებინო, ახლავე გადი ჩემი ოთახიდან და ჩემი ნებართვის გარეშე აღარასოდეს გაბედო აქ შემოსვლა!
კაცი შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და, ცოტა არ იყოს, ცინიკურად შესძახა:
– ჩემი ბრაზიანი გოგო!.. – მერე ჩვენ მოგვიბრუნდა: – ნახეთ, როგორ აპილპილდა? რატომ გემწარა ჩემი სიტყვები, ჩემო სიხარულო, შენი ქმარიკოც დაძვრებოდა ბოზებში და ვერაფერი მოუხერხე? თუმცა, ბევრიც არ უწვალია ბიჭს, შორს აღარ წავიდა და შენი დეიდაშვილი იგდო ხელთ... ან, ვინ იცის, იქნებ პირიქითაც იყო, ჰა?! კვიცი გვარზე ხტისო, ნათქვამია... ჰი, ჰი, ჰი!
ჰაერი დამძიმდა. დაროს ცრემლით აევსო თვალები, სახე ქაღალდივით გაუთეთრდა და ტუჩები აუკანკალდა. შემეშინდა, გული არ წაუვიდეს-მეთქი და ყოველი შემთხვევისთვის, ჟურნალების მაგიდაზე დადგმული მინერალური წყლით სავსე პატარა ბოთლი წინ დავუდგი. დაროს ზედაც არ შეუხედავს ბოთლისთვის, ოთახის კარისკენ შებრუნდა და მთელი ხმით იყვირა:
– დედა!! ახლავე გაათრიე ეს კაცი აქედან, თორემ თავს მოვიკლავ, იცოდე!
ნუნა და ტასო დაჰიპნოზებულებივით ისხდნენ სავარძლებში და არ ინძრეოდნენ, მე და სესილი დაშოკილები წამოვდექით ფეხზე და წასვლა დავაპირეთ, მაგრამ დარო ახლა ჩვენკენ შემოტრიალდა და, კი არ გვთხოვა, გვიბრძანა:
– დასხედით და ფეხი არ მოიცვალოთ, თორემ მართლა მოვიკლავ თავს!
ჩვენ მაშინვე დავსხედით და დაბნეულებმა გადავხედეთ ერთმანეთს – არ ვიცოდით, რა გვეთქვა ან როგორ მოვქცეულიყავით. მაგრამ დიდხანს ცდა არ დაგვჭირვებია – დაროს დაძახებიდან რამდენიმე წამში ოთახში გამძვინვარებული სახით შემოვარდა ქალბატონი მაგდა, ქმარს გამანადგურებელი სიძულვილით შეხედა და მრისხანებისგან ჩახრინწული ხმით მიმართა:
– ახლავე გადი აქედან! ყველასთან ნუ გვჭრი თავს შენი ცინიზმითა და უზნეობით! გადი-მეთქი, შე უზნეო და გარყვნილო!
– დედა! – იკივლა დარომ, – გაჩუმდი, გთხოვ! გადით ორივე, ნუ შემშალეთ ჭკუიდან! ვინმესი მაინც მოგერიდოთ რომელიმეს!
ცოლ-ქმარი შეაკრთო შვილის ისტერიკამ. ისინი მაშინვე გაჩუმდნენ და ოთახიდან გაიძურწნენ, მაგრამ გასვლისას მაგდამ ისეთი გამგმირავი თვალებით გამომხედა, გული გამეყინა. ვერ ვხვდებოდი, რატომ ამითვალწუნა ამ ქალმა, რა დავუშავე.
მშობლების გასვლის შემდეგ დარო ოდნავ დავაწყნარეთ, მაგრამ უცებ მეზობელი ოთახიდან შემოგვესმა ცოლ-ქმრის ჩხუბი, ჯერ ჩუმად, სისინით, შემდეგ კი თანდათან აუწიეს ხმას და ბოლოს ყვირილზე გადავიდნენ. მაგდა ლანძღავდა და წყევლიდა ქმარს, ათასგვარ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვას უწოდებდა და იმ დღესაც წყევლიდა, როცა მას გაჰყვა ცოლად.
– ის დღე დაიქცეს და დაიწვას, შენი ცოლი რომ გავხდი! შენ გამაუბედურე და დამინგრიე ცხოვრება, შე არაკაცო, შე ვამპირო! – მაგდა თითქოსდა ცდილობდა, არ ეყვირა, ამიტომ მისი ხმა ხავილში გადადიოდა და უფრო მკვეთრად და გარკვევით ისმოდა, – ჩემი სახით ერთი მსხვერპლი არ გეყო და ახლა შვილს უნდა გამოსწოვო სისხლი?!
– რომელ შვილს, დასანახავად რომ ვერ მიტანს? – გასაოცარი სიმშვიდით უპასუხა კაცმა, – რომელ შვილს...
– ხმა, ხმა აღარ ამოიღო, მეტი აღარაფერი თქვა ბავშვზე, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ, იცოდე! – ისევ სისინით შეაწყვეტინა მაგდამ.
– საკუთარ საქციელზე როდის გიგია პასუხი, ახლა რომ აგო? – დაგესლა ქმარმა, – ხომ არ შეგახსენო, ის დღე, ასე რომ წყევლი – თავად რომ მოაწყვე ყველაფერი?
ქალი დადუმდა. კაცი მიხვდა, რომ ბრძოლა კი არა, ომი მოუგო უკვე დიდი ხნიდან საძულველ და მობეზრებულ ცოლს და, გამარჯვებით აჟიტირებულმა, ლამის საზეიმო ხმით განაგრძო:
– შენ თვითონ ხარ უზნეო, გარყვნილი და ვამპირი! კი ბატონო, სუსტი და უპრინციპო გამოვდექი, მაგრამ შენსავით მტაცებელი მაინც არასდროს ვყოფილვარ!
– გაჩუმდი, შე ცინიკოსო! სოფლის დედაკაცივით ხარ შვილის კარზე მიყურადებული, ჩუმად უსმენ გოგოების ლაპარაკს, მათ საიდუმლო ამბებს იგებ და მერე სოფლის დედაბერივით ატარტალებ ენას, დასცინი მათ ტკივილს და შენს იდიოტურ აზრებს აფრქვევ მათთან. ვინ მოგცა უფლება, ან შვილს და ან სხვას შენი მორალის მიხედვით უკითხო ქადაგება? ბავშვს თავისი დარდი არ ეყოფა, შენ რომ არ დაუმატო ცეცხლზე ნავთი?! ან ამ გოგოების როგორ არ გრცხვენია, ყველას უნდა გააგებინო, რა ბილწი არარაობა ხარ?! რატომ ამცირებ შვილს მეგობრებთან? ბავშვს ქმარი გაექცა და, იმის ნაცვლად, კაცურად ჩარეულიყავი და იმ შენს ბედოვლათ სიძეს დალაპარაკებოდი, საქციელს უპრავებ?
– ოჰ, ქალბატონს ქურდული ჟარგონებიც სცოდნია! – დასცინა ქმარმა, – მაგ სიტყვების სწავლას და ჩემთვის ჭკუის სწავლებას, ის გერჩივნა, შენი ქალიშვილისთვის გაგეზიარებინა საკუთარი გამოცდილება და გესწავლებინა ხაფანგების დაგება და კაცების გამოჭერა! მაგრამ მაგაშიც ვერ ივარგე. სხვის საქმროებზე ნადირობის გარდა, ყველაფერში უმაქნისი გამოდექი!..
– ღმერთო ჩემო, ასეთ ნაგავთან როგორ ვიცხოვრე ამდენი წელი! – აღმოხდა ქალს, მაგრამ კაცმა იმავე პათოსით განაგრძო:
– რად გინდოდა შვილი, შენ ხომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის გეცალა, მხოლოდ საკუთარ ვნებებზე ფიქრობდი! სისხლისმსმელი პირანია ხარ, ობობა ხარ, ტარანტული! თუ ვინმეს თვალი დაადგი, გარშემო ბადეს შემოუქსოვ, კლანჭებში მოიგდებ და ბოლომდე გამოსწოვ სისხლს... ნეტავი მართლა არ გათენებულიყო ის საშინელი დღე, შენ რომ გაგიცანი! მაშინ დაიქცა ჩემი ცხოვრება, მაშინ წამივიდა ყველაფერი უკუღმა! შენი წყალობით, ისიც კი არ ვიცი, მოევლინა თუ არა ჩემი შვილი ქვეყნიერებას, და თუ მოევლინა, სად არის, ვინ არის, როგორია... ვინ იცის, ყოველდღე ვხვდები ქუჩაში, მე კი არ ვიცი, რომ ჩემი შვილია... – კაცმა ცოლის ბრალდება ყვირილით დაიწყო და ჩურჩულით დაამთავრა, მერე უმწეოდ მიიხედ-მოიხედა, სკამზე ჩამოჯდა, თავი საცოდავად ჩაქინდრა და გაჩუმდა. მხოლოდ მხრების სუსტი ცახცახი მიანიშნებდა იმაზე, რომ ტიროდა, ტიროდა უხმოდ და უცრემლოდ. მერე უცებ ასწია თავი და ჩუმად, უკვე ყოველგვარი ემოციის გარეშე, თითქმის მშვიდად უთხრა გაოცებისგან პირდაღებულ ცოლს:
– შენ გგონია, მე არ ვიცი, რომ საძაგელი არსება ვარ? მაგრამ მაშინ ასეთი არ ვიყავი, შენ გამხადე ასეთი, დიახ, შენ! ჰოდა, იწვნიე ახლა შედეგი და ამიტანე ისეთი, როგორიც ვარ. ან, თუ არ გაწყობს, დამშორდი, მე ხელს არ შეგიშლი.
ქალი გაშრა. შეშინებულმა გაიხედა შვილის ოთახისკენ და კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ ბოლოს მაინც დასძლია შოკი და ჩურჩულით დაემუქრა:
– შვილი აღარ ახსენო, თორემ საშინელებას მოგწევ, იცოდე!
– ამაზე მეტი რაღა უნდა მიქნა! – მწარედ გაეცინა ქმარს, – მაგრამ, იცოდე, გინდა ეს შენ თუ არ გინდა, ადრე იქნება თუ გვიან, მაინც ყველა ყველაფერს გაიგებს და ყველასთან თავს ვერ იმართლებ, – ბოლოს კი გამაღიზიანებელი სიმშვიდით, ოღონდ ძალიან მტკიცედ და დარწმუნებით თქვა: – იცოდე, მალე დადგება დღე, როცა ყველაფრისთვის მოგეკითხება!
– მე მომეკითხება? მე?! – ისევ იყვირა ქალმა.
– შენც და მეც. არც მე ვარ შენზე ნაკლები ნაძირალა. რომ იცოდე, როგორ მეცოდები. საკუთარი თავიც მეცოდება, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შევცვლით... – კაცი საკიდარასთან მივიდა, ბოტასები ჩაიცვა, ქურთუკი მკლავზე გადაიკიდა და კარი უხმოდ გაიკეტა.
გოგოებმა მაგდას ტკივილიანი ამოკვნესა გავიგონეთ, მაგრამ მასთან გასვლა ვერცერთმა ვერ გაბედა. ჩუმად  ვისხედით და დაძაბული შევცქეროდით თვალებგაშტერებულ დაროს, რომელიც ხმას არ იღებდა.
– რა საიდუმლოს მალავენ? – როგორც იქნა, გავიგონე მისი ჩურჩული.
ყველა მიხვდა (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე გვეგონა), რაშიც იყო საქმე, ანუ, რა იყო ცოლ-ქმრის ის საშინელი საიდუმლო, რასაც თან მალავდნენ, თან ერთმანეთს აძახებდნენ ქარაგმებით; პრინციპში, დაროც მიხვდა, მაგრამ რადგანაც საიდუმლოც და ის საშინელი სცენებიც, რაც იმ საღამოს მის ოჯახში გათამაშდა, პირადად მას ეხებოდა, მისმა გონებამ, პროტესტის ნიშნად, უარი თქვა ამ მიხვედრაზე, რადგან რეალობისთვის თვალებში ჩახედვის შეეშინდა და ქვიშაში თავჩარგული სირაქლემასავით სცადა, გაჰქცეოდა ამ სიმართლეს, რისი გაგონებისაც ასე ძალიან ეშინოდა.
– რა საიდუმლოს მალავენ? – მიმქრალი ხმით გაიმეორა დარომ.
ჩვენ მხრები ავიჩეჩეთ.
დარომ უცებ ავად დააკვესა თვალები, მრავალმნიშვნელოვნად გადმოგვხედა ოთხივეს და კატეგორიულად გამოგვიცხადა:
– ახლავე დამტოვეთ! ნუ გეშინიათ, არაფერი მომივა, აბსოლუტურად მშვიდად ვარ.
– დარო... – წამოვიწყე მე.
– ახლავე-მეთქი, თანაც ყველამ! თვითონ მინდა, დაველაპარაკო ჩემს მშობლებს!
– დარო, რომელ ცოლ-ქმარს არ მოსვლია ერთმანეთში წაკინკლავება, – უმწეოდ ამოიკნავლა სესილიმ.
– ეს წაკინკლავება არ არის, სესილი, ეს ომია, მრავალწლიანი, სიძულვილითა და ზიზღით დამუხტული ომი! შენ გგონია, ახლა პირველად გალანძღეს ერთმანეთი?! უბრალოდ, აქამდე სტუმრების თანდასწრებით არ გადმოუღვრიათ თავიანთი ბალღამი, თორემ, მსგავს სცენებს ბავშვობიდანვე მასმენინებენ და მაყურებინებენ.  არ დაგიმალავთ, ვგრძნობ, როგორ თანდათანობით მძულდება მამაჩემი თავისი არამამაკაცური ქმედებების გამო; მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ და ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ აღარც დედაზე ვგიჟდები. ზუსტად არ ვიცი, რა, მაგრამ რაღაც ჩემთვის მიუღებელი იმალება მათ წარსულ ცხოვრებაში, რასაც ამდენი წელია, მიმალავენ. ამაზე ფიქრმა დამღალა და დამტანჯა. ქმრის ღალატი და გაქცევაც კი აღარ მახსოვს. ამათი გადამკიდე, ხანდახან ისიც კი მგონია, რომ ჩემი ქმარი მე კი არა, ამათ გაექცა – ამათ ჩხუბს, ლანძღვას, ურთიერთყვედრებასა და დაშიფრულ წამოძახებებს. მე და გეგას ცალკე რომ გვეცხოვრა, არც ჩემს დეიდაშვილთან მიღალატებდა, შვილიც გვეყოლებოდა და ოჯახიც არ დამენგრეოდა. მაგრამ ეს ორნი, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჩემი დედა და მამა ჰქვიათ, რაღაც ზებუნებრივ უარყოფით ენერგიას ფლობენ და ამ ენერგიის შხამად ნთხევის შედეგად, ყველას და ყველაფერს ანადგურებენ, ვინც და რაც გზაზე შეხვდებათ ან გადაეღობებათ!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3