№33 რატომ შეაჩერებინა ლავრენტი ბერიამ პოლიტბიუროს 58-ე, „სამშობლოს ღალატის“ მუხლი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერია რომ ცოდვილი იყო, არავისთვისაა საიდუმლო. თუმცა, თავისი ბნელი, მაგრამ გაიძვერა კოლეგებისგან განსხვავებით, ბევრად მეტი სახელმწიფოებრივი ხედვა ჰქონდა და კარგად უწყოდა, თუ როგორ უნდა მოეწყო პოსტსტალინური ქვეყანა… ისტორიის დოქტორი ქრისტეფორე ვიშნევსკი წერს: „დაუჯერებელი იურიდიული ნონსენსია, მაგრამ ფაქტია, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია იმ მუხლით გაასამართლეს და დახვრიტეს (სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ბევრად ადრე მოკლეს შეთქმულებმა), რომელიც იმ მომენტისთვის ბერიასვე რეკომენდაციით შეჩერებული იყო და დახვეწასა და დამუშავებას გადიოდა. ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ყბადაღებულ 58-ე მუხლზე, რომელიც „სამშობლოს ღალატით“ იყო დასათაურებული და მართლმსაჯულებისთვის ისეთი უნივერსალური საშუალება იყო, რომ ნებისმიერი ადამიანის გაციმბირება ან, სულაც, დახვრეტა იყო შესაძლებელი, თითქმის ნებისმიერი ქმედების გამო.
ცნობილი საბჭოთა-პატრიოტული მოღვაწის, ანასტას მიქოიანის ვაჟი, სერგო მიქოიანი ყვებოდა: „გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა (ანასტას მიქოიანი) მიამბობდა: სტალინის გარდაცვალებამ ყველას თავზარი დაგვცა და გათიშულებივით ვიყავით. მხოლოდ არა ბერია. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ბერია სტალინს არ გლოვობდა. უბრალოდ, ბერიას აშკარად ეტყობოდა, რომ იცოდა, თუ როგორ უნდა გამოვსულიყავით ამ მდგომარეობიდან და როგორ წასულიყო წინ საბჭოთა ქვეყანა, განსხვავებით ყველა დანარჩენებისა, რომელთა შორის მეც ვიყავი. ბერია, მართლაც რომ, გიგანტური ნაბიჯებით ცდილობდა ქვეყნის წაყვანას პროგრესისკენ და ახალ-ახალ იდეებს გვაწვდიდა, რომლებიც მისი გავლენის წყალობით ინერგებოდა კიდეც და მან დაპატიმრებამდე, ანუ სამ თვეში ძალიან ბევრი რამ მოასწრო. ლავრენტი ბერია გამორჩეული გონების ადამიანი იყო და უერთგულესიც. მისი თხოვნით, თითქმის ყოველდღე იმართებოდა პრეზიდიუმის სხდომები, რომლებზეც ბერია გვიხსნიდა, როგორ უნდა გვემოქმედა. მე ყოველთვის მის გვერდით ვიჯექი ხოლმე და საკმაოდ ხშირად ვჩურჩულებდით კიდეც ერთმანეთში. 21 მარტის სხდომაზე, რომელსაც გიორგი მალენკოვი თავმჯდომარეობდა, ბერია ადგა და განგვიცხადა:
– ამხანაგებო, წინადადება შემომაქვს, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მოქმედება დროებით შეჩერდეს. იუსტიციის სამინისტრომ ეს მუხლი დახვეწოს და წარმოგვიდგინოს, რის მერეც ჩვენ მას განვიხილავთ და მივიღებთო.
58-ე მუხლი „სამშობლოს ღალატის“ მუხლი იყო. ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ მუხლით გასამართლდა და დაისაჯა. ბერიას უნდოდა, რომ ეს მუხლი საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი. სწორედ ასე ახსნა კიდეც ბერიამ თავისი ინიციატივა და სხდომამაც, კენჭისყრით, ერთსულოვნად მიიღო ამ მუხლის დროებითი შეჩერების რეზოლუცია და სხვა საკითხზე გადავედით. ბერია რომ დაჯდა, მას ქართულად ვუჩურჩულე:
– ლავრენტი, შენი ინიციატივა კოლეგებმა შეიძლება, არასწორად გაიგონ-მეთქი.
ბერიას გაეცინა. მუშტი შეკრა და ღიმილით ქართულადვე მიპასუხა:
– მით უარესი კოლეგებისთვის…
საგულისხმოა, რომ ბერია სწორედ ამ შეჩერებული მუხლით გაასამართლეს და ეს ფაქტი მხოლოდ მისი სიკვდილით დასჯის მერე გავაცნობიერეთ…“
ანასტას მიქოიანს პოლიტბიუროში ტყუილად არ უწოდებდნენ ეშმაკ სომეხ ტურას. მართალია, ანტიბერიულ შეთქმულებაში ის მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ, როდესაც ამ შეთქმულების შესახებ შეიტყო, პირში წყალი ჩაიგუბა და ბერიას არ შეატყობინა. ხოლო სიკვდილის წინ კი, ეტყობა, შეაწუხა სინდისმა და ბერია ჭკვიან, პროგრესულ ადამიანად მოიხსენია… საკუთარ შვილთან მაინც.
როგორც დღესდღეობით ყველა ცნობილი ანალიტიკოს-მკვლევარი აღნიშნავს, ლავრენტი ბერიას სტალინის გარდაცვალების მერე საბჭოთა კავშირის სამართლებრივი გზით წაყვანა სურდა. სწორედ ამიტომ შეაჩერებინა მან 58-ე მუხლი და დიდი ამნისტია გამოაცხადა, პირველ რიგში, ამ მუხლით გასამართლებულთათვის. ბერიას ამნისტიის შედეგად 1 მილიონ 176 ათასი „სამშობლოს მოღალატე“ გამოვიდა საპყრობილიდან და მათ ნორმალური ცხოვრების საშუალება მიეცათ. ცნობილი ამერიკელი მკვლევარი კარლ ბერგი წერს: „პოლიტბიუროს შავ-ბნელ მასაში ბერია ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და იცოდა, თუ როგორ უნდა მოეწყო პოსტსტალინური ქვეყანა. მან აქტიური დიალოგის დაწყება სცადა დასავლეთთან და კანონების გასწორება ამის წინასწარი ნაბიჯი იყო. ბერიამ იცოდა, რომ დასავლეთის დახმარების გარეშე ქვეყანას გაუჭირდებოდა. კვლავ „რკინის ფარდა“ კი ყველაფერს არევ-დარევდა და საბჭოეთი დიდხანს ვერ გაძლებდა. ამიტომ მარშალმა ბერიამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საამისოდ ნაბიჯებიც გადადგა, თუმცა ნაძირალა პოლიტბიუროს ინტრიგნებმა ის ვერაგულად მოკლეს…“ უფრო მკაფიოდ და ლაკონურად ვერ იტყვი. ბერია შავ-ბნელი ადამიანების ლუკმა გახდა და სწორედ ამ ადამიანებმა გახრწნეს და უძრაობის ჭაობში ჩაფლეს საბჭოთა კავშირი, რომელიც ისე გაუბედურდა და გაიხრწნა, რომ თიხის ფეხებზე შემდგარ კოლოსს დაემსგავსა და ამ კოლოსივით დაინგრა…
სასაცილოცაა და ამავდროულად, სატირალიც, რაც და როგორც მოხდა ლავრენტი ბერიას ირგვლივ. ბერია ცდილობდა, სამართლებრივი სახელმწიფო აეშენებინა, უფრო სწორად, ამ ყაიდაზე გადაეწყო ქვეყანა და მისი კანონებით ეხელმძღვანელა და ამ კანონების ქვაკუთხედის 58-ე მუხლის „გაკეთილშობილება“ სცადა… თუმცა, ბერიას სწორედ ეს მუხლი მიუყენეს და ჯალათებს სიჩქარეში ისიც კი დაავიწყდათ, რომ ეს მუხლი კვლავ აემუშავებინათ მაინც… ბედის ირონიაა და მეტი არაფერი. ცოდვაში ხელებგასვრილ ლავრენტი ბერიას მადლის მოხვეჭა არ ხვდა წილად და ის ისეთივე ცოდვილებმა მოკლეს, ვისი ხელითაც ამ მადლის მოპოვებას ცდილობდა.“