№33 რატომ მოსთხოვა ენვერ ხოჯამ ნიკიტა ხრუშჩოვს სტალინის ნეშტის გადაცემა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

საბჭოთა კავშირის ყოფილი ელჩი ალბანეთში, იოსებ შიკინი ყვებოდა: „ხრუშჩოვის ბრძანებით, მავზოლეუმიდან რომ სტალინის ნეშტი გამოიტანეს და კრემლის კედელთან დაასაფლავეს, იმ პერიოდში მე ტირანაში (ალბანეთის დედაქალაქი) საბჭოთა ელჩად ვმუშაობდი. ამ ამბიდან სამი საათიც არ იყო გასული, რომ პირადად ქვეყნის მეთაურმა ენვერ ხოჯამ დამირეკა და საკმაოდ მშვიდად მთხოვა, მასთან მივსულიყავი, თუმცა ხმაში მაინც შევატყვე აღელვება. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ღამის პირველი საათი სრულდებოდა და ამ დროს ვიზიტები მხოლოდ განსაკუთრებულ ექსტრემალურ სიტუაციებში ხდებოდა, მით უმეტეს, ქვეყნის მეთაურთან. ამიტომ ვკითხე:
– სად გეწვიოთ, ამხანაგო ხოჯა?
– სამსახურში მობრძანდით. ჩემს კაბინეტში გელოდებით, – მითხრა ხოჯამ და ტელეფონი გათიშა.
ხოჯასთან რომ მივედი, მან გამჭოლი მზერა მომაპყრო და მკითხა:
– თქვენ, ალბათ, მიხვდით, თუ რატომ მოგიწვიეთ აქ.
– არა, ამხანაგო ხოჯა, – ვთქვი მე.
– როგორ? – გაუკვირდა ხოჯას. კაბინეტის ფარდა გადასწია, შენობის წინ მდგარი სტალინის უზარმაზარი ქანდაკებისკენ ხელი გაიშვირა და დაამატა, – თქვენ არ იცით, რომ დიდი მასწავლებლის, თქვენი მხსნელის ნეშტი მავზოლეუმიდან გამოიტანეს და მიწაში დამარხეს?
– არა. ნამდვილად არ ვიცოდი, ამხანაგო ხოჯა, – არანაკლებ გაოცებულმა ვუპასუხე ხოჯას.
– ამხანაგო შიკინ, ეს უმსგავსობაც არაა და უმძიმესი დანაშაულია. ბელადის ნეშტის შეურაცხყოფა ყოვლად დაუშვებელია და აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ ჩემი ოფიციალური პროტესტი გამოვხატო. აი, წაიკითხეთ და სასწრაფოდ გადაეცით მოსკოვში, – მითხრა ხოჯამ და თაბახის ორი ფურცელი გადმომცა.
– ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ საპროტესტო ნოტა თავად ენვერ ხოჯას ხელით იყო დაწერილი და არა დაბეჭდილი. ალბანელ ლიდერს მშვენიერი კალიგრაფია ჰქონდა და ასოების გარჩევა არ მიჭირდა. ამ საპროტესტო ნოტაში ხოჯა სტალინის ნეშტის მავზოლეუმში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ან ალბანეთისთვის გადაცემას მოითხოვდა, სადაც მას სათანადო პატივს მიაგებდნენ.
კითხვა რომ დავასრულე, ხოჯას ვუთხარი:
– როგორც კი საელჩოში დავბრუნდები, ამ საპროტესტო ნოტას დაუყოვნებლივ მოსკოვში გავგზავნი.
– ძალიან კარგი, ამხანაგო შიკინ, რომ დაუყოვნებლივ გაგზავნით, – მითხრა ხოჯამ და დაამატა, – თუკი დიდ მასწავლებელსა და მხსნელს სამშობლოში ვერ მიაგებენ პატივს, მაშინ ჩვენ გადმოგვეცით და მას სათანადოდ დავაფასებთ – ოქროს მავზოლეუმს ავუგებთო.
ხოჯასგან შეფიქრიანებული წამოვედი, რადგან ვიცოდი, რომ მის თხოვნას ხრუშჩოვი არაფრად ჩააგდებდა – არც სტალინს დააბრუნებდა მავზოლეუმში და არც მის ნეშტს გადასცემდა ალბანეთს…“
ენვერ ხოჯას მოთხოვნა, როგორც საბჭოთა ელჩი ყვებოდა, ხრუშჩოვმა უხეში ფორმით უარყო. საბჭოთა ლიდერის პასუხი ალბანურ პრესაში დაიბეჭდა. ამას კი ალბანეთში სახალხო გამოსვლები მოჰყვა. ათასობით ადამიანი სტიქიურად გამოდიოდა ქუჩებში ამ ორმილიონიანი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანები წვავდნენ ხრუშჩოვის პორტრეტებს. სტალინის სურათებს კი სანთლებს უნთებდნენ და მასზე ლოცულობდნენ. იმ პერიოდში სტალინის ძეგლებით ისედაც სავსე ალბანეთში, ენვერ ხოჯას განკარგულებით, საბჭოთა ბელადის კიდევ ასი ძეგლი დაიდგა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს პატარა, პოსტსტალინური რესპუბლიკა ხალხის გულწრფელმა აღშფოთებამ მოიცვა, ხრუშჩოვისადმი ზიზღმა იქ პიკს მიაღწია. ხოლო, 1964 წლის ოქტომბერში კი, როდესაც ხრუშჩოვი დაამხეს და ხელისუფლებიდან გააძევეს, ალბანეთში ამის აღსანიშნავად დიდი ზეიმი გაიმართა. ხალხი კვლავ ხრუშჩოვის სურათებს წვავდა. სტალინის პორტრეტებს კი ისევ სანთლებს უნთებდნენ, შენობებზე კი პლაკატებს ფენდნენ, რომლებზეც ეწერა: ბოროტი კეთილმა დაამარცხაო.“