№33 ექიმის რჩევები
ნინო კანდელაკი მაია ნუცუბიძე
კითხვა: მყავს ბაბუა, 75 წლის. ორი დღეა, მკვეთრად მოემატა ნერწყვდენა და ძალიან შეწუხებულია. საჭმელს ჩვეულებრივად ყლაპავს და არ ვიცი, ეს რას ნიშნავს. ვის შეიძლება, მივმართოთ ან რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: ჰიპერსალივაცია, ანუ მომატებული ნერწყვდენა დამახასიათებელია სტომატიტისთვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი, პარაზიტული ჭიებით ინვაზია. გაძლიერებულ ნერწყვდენას ზოგიერთი სახის ნერვული პათოლოგიაც იწვევს, მაგალითად, პარკინსონიზმი, ინსულტი და ზოგიერთი ფორმის შიზოფრენია, სამწვერა ნერვის დაზიანების. სალივაციას ადგილი აქვს ინტოქსიკაციების დროსაც. სხვათა შორის, მომატებული ნერწყვდენა ნიკოტინით ინტოქსიკაციასაც ახასიათებს. ამასთან, თითოეულ ამ პათოლოგიას სხვა დამატებითი ჩივილებიც ახლავს, ამიტომ მკურნალობა მხოლოდ მიზეზიდან გამომდინარე ინიშნება. მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, გირჩევთ, მიმართოთ თერაპევტს ან ნევროპათოლოგს.
კითხვა: მაქვს წამოხურებები. დღისით შეიძლება, ჩვეულებრივად ვიყო და ღამე კი ისე მცხელა, რომ გული მიჩქარდება და მეღვიძება. რის ბრალი შეიძლება იყოს? ვარ 38 წლის. ადრე ციკლი ძალიან არეული მქონდა. ახლა მომიწესრიგდა და ფაქტობრივად, როცა მომიწესრიგდა, ეს წამოხურებები მერე დამეწყო. ვერ ვხდები. რის ბრალია?
პასუხი: შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ღამის წამოხურებები (ალები) მენოპაუზის დასაწყისის მანიშნებელია (ესტროგენების სიმცირე). ალები კლიმაქტერიული სინდრომის ადრეული ნიშანია, რაც მენოპაუზამდე რამდენიმე წლით ადრეც შეიძლება, დაიწყოს. თუმცა არის სხვა მიზეზებიც. გირჩევთ, დიაგნოსტიკის მიზნით, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს მიმართოთ.
კითხვა: ერთი კვირის წინ, ღამით გული ძალიან ცუდად გამიხდა. დავლიე 2 კორსიზი. დღეს გავიკეთე ტესტი და ორსულად ვარ. ხომ არ შეუქმნიდა კორსიზი ნაყოფს პრობლემას? ორი თვის წინ ჩემი ორსულობა ცუდად დამთავრდა. ჰერპესვირუსის გამო ნაყოფს გული გაუჩერდა და ახლა ძალიან მეშინია.
პასუხი: ორსულობის ამ ვადაზე ერთჯერადად მიღებული კორსიზი არ უნდა აისახოს ემბრიონის განვითარებაზე, მაგრამ მომავალში ექიმის დანიშნულების გარეშე არცერთი მედიკამენტი არ მიიღოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი