№33 რა უნდა ვიცოდეთ ნეიროდერმიტზე
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ნეიროდერმიტის – ატოპიური დერმატიტის მიზეზი უცნობია, მაპროვოცირებელ ფაქტორებს კი წარმოადგენს სურსათი, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ალერგენები, შინაური ცხოველები და სხვა. მისი განვითარების მექანიზმს საფუძვლად უდევს ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლა, რომელიც განპირობებულია იმუნიტეტით, გენეტიკით, ნეიროგენური ფაქტორებით. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში დიფუზური ნეიროდერმატიტის მიზეზი, უმეტესად, ძროხის რძეა. მიზეზად შეიძლება იქცეს ასევე ნაწლავური მიკროფლორის დარღვევა – დისბაქტერიოზი. ალერგიული დერმატიტი ზოგჯერ ერწყმის ალერგიულ რინიტს, ბრონქულ ასთმას, პოლინოზს. განასხვავებენ სამ ასაკობრივ პერიოდს: ორი წლის ასაკმდე, ორიდან მოზარდ ასაკამდე, ჭაბუკობისა და ზრდასრული ასაკის პერიოდი. ძირითადი კლინიკური განსხვავება ამ შემთხვევაში გამონაყრის ლოკალიზაციაა და ექსუდაციური და ლიქენოიდური კომპონენტების თანაფარდობა.
ადრეულ ასაკში აღინიშნება დაავადების მწვავე, ექსუდაციური ფორმები ერითემით, შეშუპებით, არაიშვიათად ბუშტუკების გაჩენითა და სისველით. კერები ყველაზე ხშირად განლაგებულია ლოყებზე, ნიკაპის ქვეშ, წვივების გვერდით და ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე. კერების საზღვრები არამკვეთრია.
მოგვიანებით ჩნდება კანის ლიქენოიდური დაზიანება – სიმშრალით. ასაკის მატებასთან ერთად მწვავე ანთებითი მოვლენები ნაკლებადაა გამოხატული, თუმცა სიწითლე და მცირე შეშუპება კერებში რჩება. აღინიშნება სიმშრალე, სისხლიანი ქერქები, ლიქენიფიკაცია, ნახეთქები. გამონაყარი ლოკალიზებულია მუხლქვეშა და იდაყვის სახსრებში, კისერზე, მტევნებსა და მაჯებზე.
მესამე ასაკობრივ ჯგუფში მატულობს ლიქენიფიკაციის მოვლენები. გამონაყარი უფრო მეტად ლოკალიზდება სხეულის ზედა ნაწილში: სახეზე, ყელზე, ზემო კიდურებზე.
კანის გამონაყარს, ატოპიურ დერმატიტს თან ახლავს ქავილი. ის ხშირად ძალიან ძლიერი და შემტევი ხასიათისაა და დამახასიათებელია ყველა ასაკისთვის. განსაკუთრებით ძლიერდება ღამით, ნერვიულობის და იმ საკვების მიღების დროს, რომელიც ავადმყოფში ალერგიულ რეაქციას იწვევს. ღამის ქავილი ბავშვს ურღვევს ნორმალურ ძილს, რაც მის ფსიქიკაზე აისახება. ატოპიური დერმატიტით დაავადებულები ავლენენ მომატებულ მგრძნობელობას მრავალი გამღიზიანებლის მიმართ, როგორიცაა სახლისა და ყვავილის მტვერი, ობი, ცხოველთა ბეწვი და ქერცლი, სხვადასხვა მიკრობი (სტაფილოკოკები, სოკოები), საკვები პროდუქტების ზოგიერთი სახეობა (ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, მარწყვი, ხენდრო, ჟოლო, სოკო, სანელებლები, შებოლილი პროდუქტები), ალკოჰოლი, ცხოველური და მცენარეული პიგმენტები, ზოგიერთი მედიკამენტი, ტოქსინები და სხვა. უკანასკნელ წლებში აღმოჩნდა, რომ დაავადების ქრონიკული, მორეციდივე ფორმების განვითარებაში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს პირობით პათოგენური ფლორა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, ქრონიკული ბაქტერიული და პროტოზოული ინფექციების არსებობა.
სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით უნდა დადგინდეს, თუ რომელი საყოფაცხოვრებო, კვებითი, მცენარეული, ბაქტერიული თუ სოკოვანი ანტიგენი იწვევს ალერგიულ რეაქციას და უნდა გამოირიცხოს მასთან კონტაქტი. საჭიროა ოთახების გულდასმით დალაგება და განიავება, ხალიჩების, რბილი ავეჯისა და სათამაშოების ალაგება, სეირნობა სუფთა ჰაერზე, პირადი ჰიგიენის დაცვა, ყოველდღიური აბაზანა, რისთვისაც სასურველია ცხიმით გამდიდრებული საპნის და იმ დასაბანი საშუალებების გამოყენება, რომლებიც კანის PH-ის სუსტ მჟავე დონეს განაპირობებენ. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რეჟიმს. ავადმყოფმა უნდა მიირთვას ზუსტად საათების მიხედვით.
პათოგენეზური თერაპია გულისხმობს ქავილის მოხსნას, დარღვეული ძილის მოწესრიგებას, ვეგეტატიური დისფუნქციის კორექციას.
პროფილაქტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ის გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ დაავადების გამწვავება. პროფილაქტიკა გამოიხატება კანის მუდმივი დატენიანებით. დაბანის შემდეგ საჭიროა ისეთი კრემის წასმა, რომელიც კანს სინოტივეს შეუნარჩუნებს. ასეთი პაციენტები უნდა ერიდონ შალის ქსოვილთან კონტაქტს, ასევე კონტაქტს ცხოველებთან. ინიშნება განსაზღვრული მალამოები – მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. კარგია ზღვის აბაზანები.