№33 თუთით მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
თუთა – თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც თუთის ნაყოფი, ასევე ფოთლები, ფესვები და ქერქიც კი.
თუთის ნაყოფი შეიცავს 23 პროცენტ შაქარს, 24 პროცენტ ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის), 4 პროცენტ რკინას, მთრიმლავ ნივთიერებებს. ფოთლები შეიცავს მჟაუნმჟავას, ვაშლმჟავას, ლიმონმჟავას, კაროტინს, ეთერზეთს, ვიტამინებს – B1, B2, B3, PP1, სტერინს.
თუთის ნაყოფი კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს. ცნობილია, რომ უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გრამ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც. ნაყოფი კარგი სტიმულატორია სისხლის წარმოსაქმნელად. იყენებენ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისას, ასევე, ყელის ტკივილის დროს. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი თუთა, ისე ჩირის სახითაც. ამზადებენ მის მურაბას.
ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. ფესვების ნახარში ასევე, გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.
თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლების ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის.
თუთის წვენს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, მისი მიღება სასურველია როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე, ინფექციური და გრიპოზული დაავადებების სამკურნალოდ.
თუთის ფოთლების ნაყენს კი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის დასაწევად იყენებენ. თუთის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენების, ნახარშებისა და კრემების მეშვეობით ეგზემებს, რევმატიზმებსა და კანის ტუბერკულოზს მკურნალობენ. თუთის ფოთლები კარგია, ასევე, თავის ტკივილს, შეშუპებასა და მამოძრავებელი ნერვების დისფუნქცის საწინააღმდეგოდ. თუთის დაუმწიფებელი ნაყოფი ხსნის გულძმარვის შეტევას, მწიფე კი არაჩვეულებრივად ეფექტურია მოწამვლის დროს, ნატურალური ანტიტოქსიკური საშუალების რანგში.
თუთა შარდმდენი და კუჭის მოქმედების მასტიმულირებელი თვისებებით გამოირჩევა. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს. თუთა მისწრებაა მათთვისაც, ვისაც ნერვული სისტემის დაავადებები აწუხებს. ძვირად ღირებული და ხშირად ჯანმრთელობისთვის სახიფათო ანტიდეპრესანტების ნაცვლად, მისი გამოყენება შესაძლებელია სტრესების, ნერვული აშლილობების, დეპრესიების და სხვა ნერვული პრობლემების დროს, რაც ძალზე ხშირად აწუხებთ მეგაპოლისების მკვიდრთ. თუთის ნაყოფის ღამით მირთმევა რეკომენდებულია მათთვის, ვინც უძილობით იტანჯება.
ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. კარგად გარეცხილ, დაქუცმაცებულ 200 გრამ თუთის ფესვებს დაასხით ცივი წყალი, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს: 2 სუფრის კოვზ თუთას (უმჯობესია შავი) დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათი და მიიღეთ 50 გრამი ნაყენი 4-ჯერ დღეში, ჭამამდე.