№33 ჭეშმარიტების გზაზე
ღმერთი და სულიერი მამა
უმჯობესია, ღმერთთან გქონდეს ცუდი ურთიერთობა, ვიდრე სულიერ მამასთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი შეგარიგებს უფალთან. თუ სულიერ მამას განეშორებით, ღვთისკენ მიმავალ გზასაც მოიკვეთთ.
ცოდვა და აღსარება
მათ, ვინც სირცხვილის გამო „სამომავლოდ“ გადადებდნენ ხოლმე აღსარებას, მამა ეპიფანე ეუბნებოდა:
– თუ ახლავე გრცხვენია შენი ცოდვების აღიარება, რა იქნება შემდგომ, როცა კიდევ უფრო ჩაეფლობი მათში?!
***
რატომ უძღვნი საჩუქრად ცოდვას შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს, უფალს კი მხოლოდ სიბერეს უტოვებ? რას იტყოდი, რომ დაგენახა მიხრწნილი ბებერი, რომელიც მეფეს სამსახურში მიღებას სთხოვს?! ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „თუ მხოლოდ მოხუცებულობის ჟამს შეინანებ, მაშინ შენ კი არ მიგიტოვებია ცოდვა, არამედ მას მიუტოვებიხარ შენ.“
ეს ნამდვილი საიდუმლოებაა
ერთხელ მამა ეპიფანემ საიდუმლოდ უთხრა თავის სულიერ შვილებს:
– ხშირად, როცა აღსარებას ამბობთ და საუბრობთ თქვენს სიძნელეებზე, ვცდილობ, თქვენთვის გასაცემი პასუხი მოვიმზადო. მაგრამ, როცა ლაპარაკს ვიწყებ, სულ სხვა რამეს ვამბობ. აი, დასტური იმისა, რომ აქ ნამდვილად აღესრულება საიდუმლო.
აღსარება რძლის მაგივრად
აღსარებაზე მოსულმა ერთმა დედაკაცმა თავისი რძლის კიცხვა დაიწყო. მამა ეპიფანემ არაერთგზის შეაჩერა იგი:
– თავი დაანებე შენს რძალს, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე.
მაგრამ იგი, თითქოს არაფერი ესმისო, თავისას განაგრძობდა. მაშინ მამა ეპიფანე წამოდგა და უთხრა:
– შენს რძალს უთხარი, მოვიდეს ჩემთან და შენდობის ლოცვას წავუკითხავო.
დაბნეულმა დედაკაცმა ჰკითხა:
– მე არა?
– შენ წაგიკითხავ მაშინ, როცა საკუთარ ცოდვებზე მომიყვები.
სიძულვილი სიცრუისადმი
მამა ეპიფანე ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს ეუბნებოდა:
– მე, შვილო ჩემო, შემიძლია, ნებისმიერ ცოდვაში ჩავვარდე, მაგრამ საერთოდ არ ძალმიძს, ვინმე მოვატყუო.
– გერონდა, ნუთუ თქვენს ცხოვრებაში არასოდეს გითქვამთ სიცრუე? – ჰკითხა მამა ეპიფანეს მისმა თანამოსაუბრემ, – მაშინაც კი, თუ ავადმყოფს ბოლო სტადიის კიბო ჰქონია და ვერ გადაიტანდა ცნობას, რომ მალე უნდა მომკვდარიყო?1
– არა! ასეთ შემთხვევებშიც კი არასოდეს მითქვამს ტყუილი. როცა მიხდება მძიმე ავადმყოფთა მონახულება, მე არასოდეს ვეკითხები ექიმებს სნეულების შედეგზე, რათა არ აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, როცა უნდა იცრუო ან სნეული ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.
***
მამა ეპიფანეს ერთმა სულიერმა შვილმა შემდეგი მოგვითხრო:
– ერთხელ მონასტერში მივდიოდით მოძღვრის ერთ-ერთი სულიერი შვილის მანქანით. გზაზე მოცურება ადვილად შეიძლებოდა. მძღოლს საჭე გაექცა და ადამიანს დავეჯახეთ. ჩვენების მისაცემად უნდა წავსულიყავით ნავპლიონში. მოძღვარმა გვირჩია, მხოლოდ სიმართლე გველაპარაკა და არად ჩაგვეგდო ის ფაქტი, რომ მძღოლი ჩვენი სულიერი ძმა იყო.
მანამ დაზარალებული საავადმყოფოში იწვა, მამა ეპიფანე თითქმის ყოველდღე ნახულობდა მას. ჩვენც გვაკურთხა, რომ ამ ადამიანთან ყოველ წელიწადს მოვსულიყავით. შედეგად – ეს ადამიანი დაუახლოვდა ეკლესიას და ყოველთვის სიხარულით გვიღებდა.