№32 ირმა სოხაძე: ბოროტ ადამიანებს ასაკში რაღაც ემართებათ, ღიმილიც კი ბოროტი უხდებათ
ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია
სახელი: ირმა.
გვარი: სოხაძე.
პროფესია: მომღერალი.
– მოგონება ბავშვობიდან.
– ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ოპერის თეატრში შედგა ჩემი დებიუტი – სკამზე დამაყენეს და მამღერეს. ხუთი წლისაც არ ვიყავი და რაღაც სიზმარივით მახსოვს, მაგრამ ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი და შოკისმომგვრელი. პირველი და ყველაზე ძლიერი ემოცია, რამაც დამაკავშირა სცენასთან.
– რისი გეშინიათ?
– მეშინია თვითმფრინავის, მიწისძვრისა და ისეთი სიბერის, როდესაც თავს ვეღარ უვლი. დაძაბუნების მეშინია, არ მინდა, რომ ვინმეზე ვიყო დამოკიდებული. საერთოდ, ისეთი სიტუაციების მეშინია და ალბათ, თვითმფრინავის შიშიც ეს არის, სადაც ჩემზე არაფერია დამოკიდებული, სადაც მე არაფრის შეცვლა და მართვა არ შემიძლია. თვითმფრინავის გამო ძალიან ბევრ მოგზაურობაზე უარს ვამბობ, ამერიკაში ვარ წასასვლელი და ორი წელია ვდებ გამგზავრებას.
– რას ვერ აპატიებთ ადამიანს?
– ვერ ვაპატიებ უსინდისობას. ნამუსი რომ არ აქვს, ამას ვერ ვპატიობ, იმიტომ რომ არ აქვს. ის ვერც მიხვდება, რომ აპატიე, თორემ შეცდომას, ტყუილს, ღალატს, თუ ეს შემთხვევითია, თუ რაღაც ვერ გააკეთა ისე, როგორ უნდა გაეკეთებინა, თუ მიხვდა თავის შეცდომას, ვაპატიებ. თუ მომეჩვენა, რომ რაღაც გარემოებაში ვიღაც ჩემზე წინ დააყენა, მეგობრობაში ეს არის ღალატი, აბა, რა არის? ამიტომ, პრინციპში, ყველაფრის პატიება შემიძლია. ჩემი მეგობრები ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ პატარ-პატარა შეცდომები, რომლებიც მეც მომდის და მათაც, ერთმანეთს მივუტევოთ. ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა.
– სამაგიერო თუ გადაგიხდიათ ვინმესთვის?
– სამაგიერო არასდროს გადამიხდია. ეს არის თვისება, რომელიც საერთოდ ატროფირებული მაქვს. სამაგიეროს გადახდა და რევანში კი არა, ვინმეზე გაბრაზებული რომ ვარ და რაიმე ცუდი შეემთხვევა, თავს ისე ცუდად ვგრძნობ, რომ სულ ვფიქრობ, ქვეცნობიერად მე ხომ არ ვუსურვე ცუდი და რაღაც ხომ არ გაფუჭდა იმ ადამიანის ცხოვრებაში. ვიტანჯები, არ შემიძლია, ძალიან არ მინდა ეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბოროტი ფიქრი და აზრი შენ გაზიანებს და ამიტომ სულ ვცდილობ, როგორი გაბრაზებული და გამწარებულიც უნდა ვიყო, არავიზე ცუდი არც გავივლო გულში.
– შეგშურებიათ რამის?
– შური, ეს არის ყველაზე საშინელი გრძნობა, რომელიც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს. თუ დამიჯერებთ, არ ვიცი, როგორ უნდა შემშურდეს.
– ბედისწერის თუ გჯერათ?
– ბედისწერის მჯერა, რადგან ძალიან ბევრი „ვითომ“ შემთხვევითობები რომ ხდება, ზოგჯერ ისეთი არაკანონზომიერია, რომ არ შეიძლება, ეს შემთხვევით მოხდეს, ამიტომ მეტ-ნაკლებად მჯერა, რომ ყველას ბედი წინასწარ არის განსაზღვრული. დეტალებამდე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადი კონტურები – უდაოდ. რატომ არის, ზოგი რომ ბედნიერია და ყველაფერი აქვს კარგად და წყნარად და ზოგი არაჩვეულებრივი ადამიანი დაბადებიდან სულ ტანჯვაშია და წვალებაში, იმიტომ რომ ის ისეა დაბადებული, ისეთი ბედი აქვს.
– ფაქტი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა თქვენს ცხოვრებაში.
– ჩემი თაობის ბავშვობა ისეთ დროს იყო, რომ ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდით. თუნდაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ცხოვრება ჩვენთვის არ იყო ტრაგიკული, იმიტომ რომ ეს უკვე შორს იყო რეპრესიების პერიოდიდან. ამიტომ არ ვიცოდით, ეს რა იყო. ჩვენმა თაობამ იცოდა, რომ ცუდად არ ვცხოვრობდით. არ გვიჭირდა, იწერებოდა წიგნები, იღებდნენ ფილმებს, ამიტომ ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდით. ფაქტი, რომელმაც მართლაც გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში – ეს იყო 1978 წელს დედა ენის პრობლემა. მე მაშინ კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი და კონსერვატორია ასეთი აქტივობით არ გამოირჩეოდა. ეს იყო ისეთი თემა, რომ სახელმწიფო ენა უცებ რუსული უნდა გამხდარიყო. მაშინ მივხვდით, რომ შეიძლება, რაღაც უბედურება დაგვემართოს და მთელი კონსერვატორია გავცვივდით რუსთაველის პროსპექტზე. მახსოვს, რომ ეს იყო ჩემთვის პირველი შოკი.
– რა გენატრებათ?
– ახლაც ძალიან კარგია, რაც ხდება ყველაფერი, მაგრამ ბავშვობის ფერები მენატრება. ბებიაჩემის კექსის სურნელი მენატრება. სადღაც მსგავსს რომ „მოვკრავ ცხვირს“, მახსენდება, რომ ეს ის სუნია. ასეთი რაღაცები „გამკრავს“ ხოლმე და რაღაცები ნოსტალგიურად მენატრება. ძალიან არ მიყვარს მონატრების გრძნობა, ჩემთვის დამთრგუნველია, სწორედ ამიტომ დავრჩი საქართველოში, რომ არ მომენატრონ მეგობრები, დედა... მამა მენატრება ძალიან, რომელიც უკვე სამი წელია, აღარ არის. პატარა გოგოსავით მენატრება, ცოცხალი რომ იყო, მაშინ ასე არ მენატრებოდა.
– ეჭვიანი თუ ხართ?
– ეგ არის ჩემი ყველაზე კარგი თვისება, რომ ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც მეუღლის მიმართ ვყოფილვარ, თუმცა ახალგაზრდობაში გადასარევი ბიჭი იყო ჩემი მეუღლე, გიჟდებოდნენ გოგონები და მე რეაქცია არ მქონდა. შეგიძლიათ, მასაც ჰკითხოთ. მიმაჩნია, რომ ეჭვიანობა არის ყველაზე ფუჭი და დამანგრეველი. რაც უფრო მეტს ეჭვიანობ, უფრო საზიზღარი ხდები და უფრო მეტი საბაბი აქვს, რომ მართლაც საეჭვიანოდ გაგიხადოს საქმე. რატომ უნდა მივიყვანო იქამდე, რომ ჩემი დანახვის ეშინოდეს? ქმარს თუ უხარია სახლში მოსვლა და უხარია, იმიტომ რომ ერთმანეთს უხალისებთ ცხოვრებას და არ ტანჯავთ, მოვა, არსად წავა. ხოლო თუ წამსვლელია, რაც უნდა ქნა, მაინც წავა. ამიტომ, ეჭვიანობა არის ფუჭი, დამანგრეველი და საძაგელი გრძნობა. დამამცირებელია, თავმოყვარეობას გილახავს, მერე შენი თავი აღარ მოგწონს არც სხვას მოსწონხარ.
– სიყვარული – ეს არის...
– ვერაფერს აკეთებ, სულ იმაზე ფიქრობ. თუ იმ ადამიანის გარეშე უკეთესად ხარ, ან ისევ ისე ხარ, როგორც იმ ადამინთან, მაშინ ეს სიყვარული არ არის. უნდა გახრჩობდეს უმაგისობა, უჰაერობასავით.
– სიყვარული წლების განმავლობაში იცვლება?
– დიახ, იცვლება. სიყვარულს ფაზები აქვს. მე არ მესმის ცოლ-ქმრის, რომელთაც პოლიტიკიდან დაწყებული ყველაფერში განსხვავებული აზრები აქვთ. ასეთი ოჯახები განწირულია, ხოლო როდესაც ბევრი გაქვთ საერთო, დეტალებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.
– რა არის სიყვარულში მთავარი?
– შეიძლება, სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. როდესაც ოჯახი იქმნება, ბევრი კომპონენტია გადამწყვეტი. ეს არის მათი ლტოლვა ერთმანეთის მიმართ, მათი სექსუალური ინტერესი, რამდენად კომფორტულად არიან ამ საკითხში ერთმანეთთან, ასევე, ზოგად საკითხებშიც. ბავშვებს როგორ ზრდიან, როგორ პატივს სცემენ ერთმანეთის ნათესავებსა და მშობლებს. ამ კომპონენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი შეუძლია, შეცვალოს თითოეული მათგანის კარგ ან ცუდ მდგომარეობაში ყოფნამ.
– რომანტიკული ხართ?
– ძალიან რომანტიკული, გულისხეთქამდე არც მე ვიყავი და არც ჩემი მეუღლე. ცხოვრება ძალიან რიტმულია, ჩქარია. შენ თუ იმას ელოდე, რომ ის საღამოს მოვა დარჩეული ვარდებით ხელში და შენ სანთლებზე ვახშამი დაახვედრო, მაშინ საქმე არ უნდა გქონდეს. მე არ ვარ ოჯახში დიდი რომანტიზმის მომხრე. თავიდან – კი ბატონო, აუცილებელია, ვარდების მოტანა კი არა, მისი მოსვლაც გერომანტიკულება. მერე უკვე ოჯახი რომ იქმნება, რა დროს რომანტიკაა, მთავარია ინტერესი ერთმანეთის მიმართ. ის მოიჩქარის, რომ გნახოს, შენ ელოდები, რომ შეხვდე, ეს არის მთავარი. აქ არავითარი რომანტიზმი არ არის საჭირო.
– სიყვარულს წესებია აქვს?
– სიყვარულის უმთავრესი წესია, ის რომ ჩვენ არ შეგვეძლოს ერთმანეთის გარეშე.
– რას ვერ იტანს სიყვარული?
– სიყვარული ვერ იტანს ხანგრძლივ განშორებებს. მე ამიტომ ვთქვი უარი ყველანაირ გასტროლზე და კონცერტზე სხვა ქვეყნებში, რომ მეუღლესთან ახლოს ვყოფილიყავი. მე და რეზო კვარტეტ „თბილისში“ იმიტომ ვმღეროდით ერთად, რომ ერთად ვყოფილიყავით და თითქმის მსოფლიო მოვიარეთ. შემდეგ რეზომ მითხრა, თავი დამანებე, მე ვეღარ ვიმღერებ, ჩემს საქმეს უნდა მივხედოო (მშენებელია), იმის მერე, პრაქტიკულად, ორჯერ წავედი ბავშვთან ერთად ამერიკაში და მოსკოვში დაიდგა ჩემი ოპერა, სამი თვე ვიყავი და რეზო ჩამოდიოდა. ამის შემდეგ არსად წავსულვარ, განშორება არ უყვარს სიყვარულს, მით უმეტეს, ახალგაზრდების.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივე არ არის, მაგრამ სიყვარული თავის საწყის ეტაპზე ვნების გარეშე არ არის სიყვარული, წარმოუდგენელია. მერე, როდესაც რაღაცები მოდიფიცირდება და დინჯი ხდება, შეიძლება ვნება ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იყოს, როგორც დასაწყისში. დასაწყისში ვნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა კომპონენტები, ფიზიკური ლტოლვა გაქვს და მორჩა, ამას ვერაფერს უშვები.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– ბებიაჩემის რჩევა მახსოვს. ძალიან ჭკვიანი ქალი იყო. ერთხელ მითხრა: ბებო, ბოროტი აზრები გულში არ გაიკარო, თორემ შენი მეგობრები ხომ ყველა ლამაზი გოგონები არიან, აი, შეხედავ 40 წლის ზემოთ, ვინც ლამაზი დარჩება, ის კეთილი ადამიანიაო. სწორი მითხრა, ამ ბოროტ ადამიანებს ასაკში რაღაც ემართებათ, ღიმილიც კი ბოროტი უხდებათ.