№32 რატომ ჩაუთვალეს უსამართლოდ ქულა გელა ზაალიშვილის მეტოქეს და რა გააპროტესტა მისმა გულშემატკივარმა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ზაგრების გრან პრიზე, ქართველმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა ოქროს მედალი მიპოვა. მან პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი რუს ანტონ ბრაჩევს, ებრაელ ორ სანსონს, პოლონელ მაცეი სარნაცკის და ჰოლანდიელ როი მეიერს მოუგო. გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელი ჰისაიო ჰარასავა დამატებით დროში იპონით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ფინალური ბრძოლა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი იყო.
გელა ზაალიშვილი: შეჯიბრებამდე არ ვიცოდი, ვინ მხვდებოდა. წინასწარი ბადეები რომ მოვიდა, არ ვნახე. ჩემი თავდაჯერებულობიდან გამომდინარე, არ მაინტერესებდა, ვინ შემხვდებოდა. მოსაგებად ვიყავი ჩასული. საერთო ჯამში, ფინალამდე რთული მეტოქეები მყავდა: ოლიმპიური პრიზიორები, საერთაშორისო დიდი ტურნირების ჩემპიონები, რომლებსაც ჩემგან განსხვავებით, დიდებში უკვე გარკვეული წარმატებები ჰქონდათ. მე ახალი ვარ, პირველი წელია, რაც დიდებში ვასპარეზობ და ეს ეტაპი საკმაოდ კარგად დავიწყე. წინა შეჯიბრებებიდან თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მომემატა და ვიცოდი, რომ ჩემპიონი გავხდებოდი. ფინალში ძლიერ მეტოქეს შევხვდი, მსოფლიოს და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელს – იაპონელ ჰისაიო ჰარასავას. ამ იაპონელისთვის იშვიათად მოუგიათ. გავიაზრე, რა უნდა გამეკეთებინა, საბრძოლო განწყობა ავიმაღლე და ეს შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლე.
– ემოციურად გამოხატე გამარჯვება...
– დიახ. საერთოდ ემოციური ადამიანი ვარ, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩემს სამშობლოს ეხება საქმე. ვამაყობ ჩემი დროშით და პატარა საქართველოთი. მთელ მსოფლიოს ვანახვებ ჩვენს დროშას და ყოველთვის მეამაყება მასზე კოცნა და ხელის დადება. ისეთ ემოციებში ვიყავი მსაჯი მაჩერებდა. თან, ისეთი შეხვედრა იყო, ძალიან რთული ბრძოლა – ასეთი სანახაობრივი ჭიდაობა ხშირად არაა. როდესაც დამატებითი დრო დაიწყო და ოქროს ქულაზე დავიწყეთ ჭიდაობა, მოწინააღმდეგეს უსამართლოდ ჩაუთვალეს ქულა. ძიუდოს აქვს თავისი წესები, როცა მუხლებზე ეცემი, ქულა არ ითვლება, იგივეა იდაყვზეც, მთავარია მხარი არ დადო. რაღაც მომენტში წამაბორძიკა, იდაყვი დავდე ტატამზე და ქულა მიცეს, შესაბამისად, გამარჯვება მას ეთვლებოდა. ამ დროს ხალხი წამოდგა, გააპროტესტეს. მერე გადაამოწმეს ვიდეოები და თქვეს, რომ არ იყო ქულა. იმ მომენტში გამოვფხიზლდი და ვთქვი, რომ უკვე შემეძლო მოგება. ჩემს თავს შემოვუძახე, ეს არ არის დასასრული-მეთქი და პირველივე მისვლაზე, წამებში გავუკეთე გდება.
– რატომ აირჩიე ძიუდო?
– თბილისში ვცხოვრობ, თუმცა წარმოშობით სოფელ კუმისიდან ვარ, სამ წლამდე იქ ვცხოვრობდით, მერე გადმოვედით თბილისში და ბაღი, სკოლა, ყველაფერი აქ დავამთავრე. ჩემი მშობლები დაინტერესებულები იყვნენ, ფიზიკურად აქტიურად ვყოფილიყავი. 4 წლიდან ცეკვაზე დავდიოდი. მამა თავად მოჭიდავე იყო. ერთ დღესაც მანქანაში ჩამისვა და დარბაზები მოვიარეთ. არ ჰქონია ის განზრახვა, რომ მაინცდამაინც ძიუდოზე შევსულიყავი, რომელ სპორტსაც ავირჩევდი იქ ვივლიდი. იღბალია, თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ჩემს სახლთან ახლოს ძიუდოს დარბაზი იყო და გაღებული დაგვხვდა. იმ დღიდან მოყოლებული მეთერთმეტე წელია, რაც ვვარჯიშობ და დარბაზიდან არ გამოვსულვარ. გარდატეხის ასაკში არ მინდოდა ჭიდაობა, მაგრამ მშობლებმა შემიწყვეს ხელი და თავი არ გამინებებია. ალბათ, მქონდა მიდრეკილება და ამას ისინიც ხედავდნენ. ნელი ნაბიჯებით მივდივარ მიზნისკენ.
– დედასაც უნდოდა, რომ ძალისმიერ სპორტზე გევლო?
– დედას ეგონა, რომ სიმაღლეში არ გავიზრდებოდი და მაგაზე ჰქონდა ხოლმე კამათი (იცინის). კიდევ იმას ამბობდა, რომ ყურები მექნებოდა მოტეხილი. სიმაღლეში 190 სანტიმეტრამდე ვარ და არც ყურები მაქვს გატეხილი – ერთ ადგილზე ოდნავ მაქვს დაზიანებული. საბედნიეროდ, ტრავმებიც არ მაქვს ხშირად, ამაში გამიმართლა.
– რა გზა გაიარე წარმატებამდე?
– თავიდან, როგორც ყველა სპორტსმენი, თავის დარბაზში იწყებს ტურნირებზე გასლას. იყო შეჯიბრებები, ვარჯიშები, შეკრებები, უცხოეთში გასვლები. ჩემი ოჯახი ამ შემთხვევაშიც მედგა გვერდით – ფინანსურად, არც ერთი შეჯიბრება და შეკრება არ გამიცდენია. ეს ყველაფერი არის იმის საწინდარი, რომ ახლა აქ ვდგავარ. 15 წლის ასაკში ჭაბუკებში მოვიგე საქართველოში და მოვხვდი ნაკრებში. აქედან დავიწყე პატარა ნაბიჯების გადადგმა, ჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში, მერე – ოლიმპიური პრიზიორი, შემდეგ ახალგაზრდებში მესამე ადგილი ავიღე, 18 წლის ასაკში კი უკვე ევროპაც მოვიგე, მსოფლიოც და სხვა დიდი ტურნირებიც: „გრან-სლემი“, „გრან-პრი“... ახლა მთავარია, დიდებში რას გავაკეთებ. მიზნად მაქვს დასახული დიდებში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობა.
– კიდევ რით ხარ დაინტერესებული?
– უცხოეთში ხშირად მიწევს ყოფნა და იქ თუ დრო მრჩება, ქალაქებს ვათვალიერებ. ზოგადად, მიყვარს მოგზაურობა, უცხო კულტურის გაცნობა. ყველაზე მეტად ბაჰამის კუნძულები მომეწონა, სამოთხე იყო. ევროპაში გერმანია მომწონს, თავისუფალი და მოწესრიგებული ქვეყანაა.
– შეყვარებული გყავს?
– ეგ რთული თემაა (იცინის). არ მყავს შეყვარებული. არ გამოჩენილა ჯერ ისეთი გოგო, რომელსაც ჩემს მეორე ნახევარს ვუწოდებ და ჩემი ცხოვრების მეგზური გახდება. მგონია, რომ ბიჭმა ოჯახი 25 წლამდე უნდა შექმნას. ახლა 19 წლის ვარ და თუ მანამდე არ გამოჩნდება ვინმე, არც ეგაა პრობლემა (იცინის).
– თუმცა ბევრი თაყვანისმცემელი გყავს... მოსწონთ გოგონებს ძიუდოისტი ბიჭები?
– კი, არიან თაყვანისმცემლები და მწერენ ხოლმე, მაგრამ ეს კონფიდენციალური თემაა და ასე გასაჯაროება არ ღირს. გოგოებს ბიჭი მოედანზე უფრო მოსწონთ, ვიდრე ტატამზე და კიმონოთი. გოგონებს მოსწონთ სპორტსმენები, მაგრამ ძირითადად ფეხბურთელები, რადგან ის ბევრად პოპულარული სპორტია. ფეხბურთელებში ყველაფერია და მათ ეს ხიბლავთ, თამაშების დროს მოედნებიც ხალხითაა სავსე. ძიუდო უფრო სხვა თემაა. თუმცა, ძიუდოისტებიც უყვართ, რა თქმა უნდა. ის კომენტარები, რაც ჩვენი მისამართით იწერება, ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დადებითი მუხტი ძალას და სტიმულს გვაძლევს.