№32 ვინ მიემხრო პირველად გიორგი მესამეს ორბელების აჯანყების დროს და რატომ ამართლებდა სტეფანოს ორბელიანი თავის წინაპრებს
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
1177 წელს საქართველოს სამეფო შეძრა ორბელების აჯანყებამ, როგორც მას უწოდებენ ხოლმე.
1155 წელს, მეორე მცდელობის შედეგად, უფლისწულმა დავით დიმიტრის ძემ, დავით აღმაშენებლის შვილიშვილმა, რომელსაც სახელი დიდი პაპის პატივსაცემად დაარქვეს, მოახერხა და მამას, მეფე დიმიტრი პირველს მეფობა წაართვა.
მეფე დიმიტრი მონასტერში წავიდა. მას ბერი დამიანე უწოდეს.
დავით მეხუთის მეფობა დიდხანს ვერ გაგრძელდა, ექვსიოდე თვის შემდეგ იგი დაავადდა და გარდაიცვალა. ქართული წყაროები ძალიან მოკლედ გადმოგვცემს აჯანყების ამბავს. რამდენიმე სომხური წყარო კი – უფრო ვრცლად და დეტალურად. დღეს ერთ-ერთი მათგანი გავიხსენოთ, სადაც გადმოცემულია, როგორ დაიწყო აჯანყება, რომელიც მოთხრობილი აქვს აჯანყების მოთავეთა შთამომავალს, სტეფანოს ორბელიანს.
სტეფანოს ორბელიანი ზოგ რამეში ობიექტური ვერ იქნებოდა. გასომხებული ორბელების შთამომავალს, სომეხთა ეკლესიის მიტროპოლიტს, ქართველები, რელიგიური თვალსაზრისით, მწვალებლებად მიაჩნდა. გარდა ამისა, ის განაწყენებული იყო მეფე გიორგი მესამის მიერ აჯანყებაში მონაწილეობისთვის მისი წინაპრების, ორბელთა საგვარეულოს წარმომადგენელთა სიკვდილით დასჯისა თუ საქართველოდან განდევნის გამო. სტეფანოსი 1177 წლის აჯანყებას არ მოსწრებია. კარგა ხნის მერე დაიბადა. მის თხზულებაში არის შეცდომებიც. თუმცა, ზოგიერთი მისი გადმოცემა საინტერესოა გასაცნობად.
სტეფანოსის თქმით, დავით მეხუთეს, მამის გარდაცვალების შემდეგ 2 წელი უმეფია, რაც არ არის მართალი. მერე მეფემ, სტეფანოსის გადმოცემით, იგრძნო, რომ კვდებოდა და ანდერძი დატოვა:
„აღსრულების ჟამს დავითმა მოიხმო კათალიკოსი და დიდ-დიდნი დიდებულნი, თავისი ძმა გიორგი და თავისი მცირეწლოვანი ყრმა დემნა. მან წინ დაიდო მაცხოვრის ხატი, ცხოველმყოფელი ჯვარი, წმიდა სახარება და თქვა:
„ჰოი, დიდებულნო ქართველნო, თქვენ თავად მხნედ იცით, თუ როგორ იღვაწა მამაჩემმა თქვენთვის, და კვლავ განაახლა ეს სამეფო; და სიკვდილის ჟამს დიდი აღთქმითა და წიგნით მე მიბოძა ეს სამეფო. ხოლო ამჟამად მე მიახლოვებული ვარ აღსასრულს და შენ, ძმაო ჩემო, გიორგი, არც წილი და არც სიტყვა არ გეკუთვნის ამ ტახტისათვის. აწ, როგორც მამაჩემმა მე მიბოძა საკუთრად სამეფო ტახტი, მსგავსადვე, მე ჩემ პირმშოს დემნას ვუწყალობებ მას ყველა თქვენთაგანის მოწმეობით, ხოლო შენ, გიორგი, ძმაო ჩემო, დადექ ჩემს ადგილზე და დაეუფლე ქვეყნის ძალთმთავრობას. და იყოს შენი ნაწილი მემკვიდრეობისა, რომელიც მამაჩემმა მოგცა, ვიდრე აღიზრდება ჩემი ყრმა“. შემდეგ მან მოიხმო, ივანე, სმბატ ორბელიანის ვაჟი, დააფიცა ყრმისათვის ანდერძის აღთქმის დაცვა, ყრმას ხელი შეახო, ივანეს ხელში მისცა, შეევედრა მას და დააფიცა დიდებულნი, რომ არ ემზაკვრათ ყრმისათვის. და როცა ასაკს მიაღწევდა, მეფედ ეკურთხათ. ყოველივე ეს რა აღასრულა, თვით აღესრულა და დაეფლა მამათა თვისთა თანა გელათს”.
დემნა უფლისწული იზრდებოდა ივანე ორბელის კარზე, რომელიც ჩვენი დიდი სახელმწიფოს ამირსპასალარი გახდა და საჯდომად გადაეცა „სომეხთა მეფის“ რეზიდენცია ლორეში. სინამდვილეში ლორე ქართულ მიწაზე მდებარეობდა, მანდ მხოლოდ ცოტა ხნით ჰქონდათ რეზიდენცია სომეხ კვირიკიან მეფეებს.
ორბელიანის ცნობით, გიორგი მეფეს, დიდებულების წინაშე დაუდია პირობა, რომ დროებით იმეფებდა და შემდგომ გაამეფებდა თავის ძმისწულს, დემნას, რომელიც ლეგიტიმური თვალსაზრისით, მართლაც ტახტის მემკვიდრე იყო: „გიორგისთან შეიკრიბნენ დიდებულები, მასთან მივიდა ივანეც. მაშინ განუცხადა გიორგიმ მათ თავისი განზრახვა და დააჯერა ისინი, რომ როგორც კი ასაკს მიაღწევს ჩემი ძმისწული, არ გავანაწყენებ მას, არამედ, ჩემი ძმის ანდერძის თანახმად, სამეფო ტახტზე დავსვამო. ასე ყველანი შეთანხმდნენ და დასვეს იგი მეფედ“.
ქართული წყაროთი ჩვენ ვიცით, რომ გიორგი ბერობიდან დაბრუნებულმა დიმიტრი პირველმა გამოაცხადა თანამეფედ. ყოველ შემთხვევაში, ერთი ფაქტია, დემნა (დიმიტრი) უფლისწული მაინც მემკვიდრედ იქნებოდა მიჩნეული ყველასთვის, რადგან, გიორგი მესამეს მხოლოდ ქალები შეეძინა. მაშინ კი, ქალის ტახტზე აყვანა წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რადგან, მეფე უნდა ყოფილიყო მეომარი და ჯარის სარდალი.
გავიდა წლები, დემეტრე უფლისწული სრულწლოვანი გახდა და ცოლად შეირთო ივანე ორბელის ასული. სტეფანოს ორბელიანის მონათხრობით, მისი წინაპარი, ივანე ორბელი, თითქოს, აჯანყების მომზადებაში თავიდან არ იყო ჩართული. ორბელიანი, ალბათ, წინაპრის გამართლებას ცდილობს:
ივანეს „ეახლენ დემნა და დიდებულნი და მოახსენეს:
„გაიხსენე, ივანე, შენი აღთქმა და ფიცი, რომელიც შეჰფიცე მეფე დავითს, ნუ დაარღვევ აღთქმას. მოიწია ჟამი ყრმა დემნას გამეფებისა. გიორგი ზის სახატეში მცირე ამალით, ჩვენ კი მტკიცედ ვდგავართ მამამისისათვის მიცემულ ფიცზე“.
ივანემ უპასუხა:
„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ განვიზრახოთ ცხებული მეფის მოკვლა, ჩვენი ფიცისა და აღთქმისათვის უნდა შევიპყრათ გიორგი, ვიდრე გავამეფებთ დემნას, შემდეგ კი ვთხოვოთ მას აღთქმა და ფიცი და ხელწერილი თავისი ძმისწულის მორჩილებისა. განდევნის შემდეგ კი იგი უნდა დადგეს და დამკვიდრდეს თავისი სამკვიდრებლის იმ ნაწილში, რომელიც მას მამამისმა მისცა.
ეს თქმული ყველამ მოიწონა და დაუყოვნებლივ დაიწყეს ჯარის შეკრება“.
ანუ, სტეფანოს ორბელიანის თქმით, ივანე არ ყოფილა მეფის მოკვლის მომხრე. რამდენად მართალია, ძნელი სათქმელია, თუმცა, იმ დროში მირონცხებული მეფის მკვლელობა დიდ ცოდვად ითვლებოდა.
შემთხვევით ეს ამბავი გაუგია ერთ უბრალო ახალგაზრდას, დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელს. ღამით გაპარულა და მეფისთვის უცნობებია. მეფე სასწრაფოდ აიყარა და ტფილისში შეასწრო აჯანყებულებს და გამაგრდა დედაქალაქში. ივანესა და მის მომხრეებს, – რომელთა შორისაც ყოფილა მრავალი დიდებული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან – 30 000 ჯარისკაცი მოუგროვებიათ.
მეფეს სასწრაფოდ ეახლა მაშინ ჩვენს სახელმწიფოში სამსახურად მყოფი ყივჩაღი ყუბასარი თავისი რაზმით და რამდენიმე დიდებული. სულ 5 000 მხედარი ჰყოლიათ.
შეთქმულებმა რომ გაიგეს, მეფემ გაასწროთ, იერიში არ მიიტანეს ტფილისზე და ელოდნენ მეფის გამოსვლას დედაქალაქიდან. მეფე გიორგი კი ძალებს იკრებდა, უკვე მის მხარეს გადადიოდნენ შეთქმულებიც.