№32 მოყვრები და მტრები
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #30-31(970)
ქვედანაყოფი „ზეტა“, ეგრეთ წოდებული, უნივერსალებისგან შედგებოდა და ეს სიტყვა აბსოლუტურად ზუსტად შეესაბამებოდა მასში შემავალ ადამიანებს. თითოეული ზეტელი, გარდა იმისა, რომ უმაღლესი დონის სპეცაგენტის მომზადებით იყო გამორჩეული, რამდენიმე ენას სრულყოფილად ფლობდა და საუცხოოდ ერკვეოდა არაერთ პროფესიაში, რაც მათ მუშაობას ეფექტურს ხდიდა. ისინი ძალიან მაღალი ინტელექტისა და ფსიქოლოგიურ-ფიზიკურად მომზადებული აგენტები იყვნენ, რომლებზეც შეერთებული შტატების მთავრობა დიდ იმედებს ამყარებდა. თბილისში „ზეტას“ თორმეტკაციანი შემადგენლობა ჩამოვიდა და მას გორდონ საიდი ედგა სათავეში. 42 წლის საიდს ჯეკ სანდერსი კარგად იცნობდა და დარწმუნებული იყო, რომ მათი დახმარებით ეს მისია წარმატებით დასრულდებოდა. თორმეტივე ზეტელი, როგორც ეს ამ ქვედანაყოფის წესდებით იყო გათვალისწინებული, სხვადასხვა ქვეყნიდან თბილისში წყვილებად ჩამოვიდნენ. ერთმანეთთან კავშირს სპეციალური, კოდირებული ტელეფონებით ახორციელებდნენ, რომლებიც ვერ ისმინებოდა. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი იყო, რომელიც ბიუროს სპეციალურ ტექნიკურ ლაბორატორიაში მზადდებოდა. მიუხედავად ტელეფონის ასეთი დაცულობისა, ზეტელები კოდირებულ მეტყველებასაც ფლობდნენ და საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ კიდეც. ამ საიდუმლო ქვედანაყოფს სხვა სპეციალური აღჭურვილობა და შეიარაღებაც ჰქონდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი კონსპირაციული ბინის სამალავში ინახებოდა და საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ, ესარგებლათ.
ჯეკ სანდერსი რომ თბილისში დაბრუნდა, რამდენიმე საათის შემდეგ ზეტელებმაც მოიყარეს თავი საქართველოს დედაქალაქში და შეუმჩნევლად დაბინავდნენ სხვადასხვა ადგილებში. საიდი და სანდერსი კი წინასწარ შეთანხმებულ, კონსპირაციულ ბინაში შეხვდნენ ერთმანეთს, რომ მომავალ საქმეზე ესაუბრათ. სანდერსი პირველი მივიდა შეხვედრაზე. ათ წუთში საიდიც გამოჩნდა. ხელი ჩამოართვა სანდერსს და უთხრა:
– ვწუხვარ, ჯეკ, შენი ვაჟის გამო და მთელი არსებით გისამძიმრებ. მივლინებაში ვიყავი და დასაფლავებაზე ამიტომ ვერ მოვედი.
– მადლობელი ვარ, გორდონ, დაჯექი და დავილაპარაკოთ, – უთხრა საიდს სანდერსმა და სავარძლებში რომ მოთავსდნენ, დაამატა, – სწორედ ტომისა და მისი მეუღლის გარდაცვალებამ მისცა სათავე ამ აქციის ჩატარებას, რისთვისაც თქვენ აქ ხართ.
– რას ლაპარაკობ?! – გაუკვირდა საიდს.
სანდერსმა თავი დაუქნია საიდს და უთხრა:
– ჩვენი მთავრობის დაფინანსებით, ადგილობრივი პროფესორი მინდია კვაჭაძე და მისი ვაჟი, ბესო მრავალმხრივი დანიშნულების ქიმიო-ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ჩვენი უწყების ხალხი კი ამ პროცესს კურირებდა. როდესაც პროფესორი დიდი აღმოჩენის წინაშე დადგა, ის ჩინელებმა გაიტაცეს და მხოლოდ მაშინღა გავიგეთ, რომ ამ პროცესს ჩინეთიც ინტენსიურად აკონტროლებდა. მათ იქ თავიანთი აგენტი ჰყოლიათ. მოხდა შეტაკება და როგორც ვვარაუდობთ, მძიმედ დაჭრილი პროფესორი ჩინელებმა გაიტაცეს. ასევე, მძიმედ დაჭრილი მისი ვაჟი კი ჩვენ დაგვრჩა და ის მკვდრად გამოვაცხადეთ. სინამდვილეში კი, ნახევარ წელიწადზე მეტი კომაში იყო და სწორედ ჩემი ვაჟისა და რძლის დაღუპვის წინა დღეს მოვიდა აზრზე. ეს ამ საქმის ერთი მხარეა. ახლა ჩემი ვაჟისა და რძლის დაღუპვის ამბავს გეტყვი. ტომი და ნატო, ეგრეთ წოდებული, მასტიმულირებელი ტაბლეტების გადაჭარბებული დოზის მიღებით დაიღუპნენ. ოფიციალურად ის ნარკოტიკი არაა და არც აკრძალულია. ძირითადად, ღამის კლუბებში იყიდება. ჩემმა ვაჟმა და რძალმა ეს აბები ღამის კლუბ „სამოთხეში“ მიიღეს და სახლშიც წამოიღეს. როგორც ეტყობა, იქაც დაულევიათ, – სანდერსს თვალები აუცრემლდა, – დიდი დოზა გამოუვიდათ და გარდაიცვალნენ. ეს ვარდისფერი აბები უკვე ხუთი თვეა, რაც გამოჩნდა. ლაბორატორიული ანალიზი მის მიღებას არ კრძალავს. ეს მეორე მხარე. ახლა კი გეტყვი, თუ რა კავშირშია ეს ორი რამ ერთმანეთთან. დიდი ალბათობით, ეს ვარდისფერი აბები პროფესორ მინდია კვაჭაძის დამზადებულია. ამის შესახებ კი კომიდან გამოსულმა მისმა ვაჟმა, ბესომ მაშინ გვითხრა, როცა აბები ვანახვეთ, – სანდერსმა პაუზა გააკეთა და წყალი დალია. ამით გორდონ საიდმა ისარგებლა და უთხრა:
– გამოდის, რომ პროფესორი მინდია კვაჭაძე ცოცხალია
– დიდი ვარაუდით, სწორედ ასეა და „ზეტა“ იმიტომ ჩამოვიყვანეთ აქ, რომ ის მოძებნოთ.
გორდონ საიდს სახეზე გაოცება გამოეხატა და წამით ჩაფიქრდა. აშკარა იყო, რომ ის ანალიზს აკეთებდა. შემდეგ კი სანდერსს ჰკითხა:
– ჯეკ, თუ შეიძლება, ერთი ის მითხარი, რა ისეთი აღმოჩენის წინაშე იდგა პროფესორი კვაჭაძე, რომ ჩინელებმა ასეთი ამბავი ატეხეს?
ჯეკ სანდერსს გაეცინა, არადა, სწორედ ამ კითხვას მოელოდა ინტელექტუალ გორდონ საიდისგან და მას უთხრა:
– აი, სწორედ ახლა იწყება ყველაზე საინტერესო. შენ, ალბათ, იფიქრე, სტიმულატორების დამამზადებელი პროფესორის მოსაძებნად არ ჩამოგვიყვანდნენ ამ სიშორეზე და ალბათ, არც ეს ამბები ემუქრება შეერთებული შტატების უსაფრთხოებასო. ასეა ხომ?
– ასეა, – დაუდასტურა საიდმა.
– ბიუროს დირექტორმაც, დაახლოებით, ასე იფიქრა, როდესაც „ზეტას“ აქ გამოგზავნა მოვთხოვე. ახლა კი მომისმინე: ეს აბები ძალიან დიდი ალბათობით, სამეტაპიანი პროგრამის პირველი ნაწილია და პროფესორ მინდია კვაჭაძის აღმოჩენას უკავშირდება. მინდია კვაჭაძემ, სავარაუდოდ, აღმოაჩინა ნივთიერება, რომელიც ადამიანში გამრავლების გენს ანადგურებს.
– ეგ როგორ? – ვერ მოითმინა საიდმა და სანდერსს სიტყვა გააწყვეტინა.
– როგორ და ადამიანის ორგანიზმს რომ ასეთი რამ მიაღწევინო, როგორც ბესო კვაჭაძე ამბობს, რვა-ცხრა თვე სჭირდება. დაახლოებით ექვსი-შვიდი თვე მან ეს ვარდისფერი აბები უნდა მიიღოს, შემდეგ ორი-სამი თვე ამ აბების, ეგრეთ წოდებული, გამაგრძელებელი. ბოლოს კი საკმარისია, ერთი მთავარი აბიც მიიღოს, რომ მის ორგანიზმში გამრავლების გენი სამუდამოდ კვდება და მისი გაცოცხლება შეუძლებელია, ამავდროულად, ადამიანი ჩვეულებრივად ცხოვრობს. სექსის უნარიც აქვს. უბრალოდ, გამრავლება არ შეუძლია. ხვდები ახლა რაშია საქმე?
– თუ სწორად მივხვდი, ესაა ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების ყოვლად უსისხლო და შეფარული მეთოდი.
– აბსოლუტურად სწორად გაიგე და ჩვენი აზრით, ჩინელები, სწორედ ამ პროგრამის განხორციელებით არიან დაინტერესებულები და ეს მათი მომავლის სტრატეგიული ამოცანაა, რაც შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება და აქ იმიტომ ვართ, რომ მინდია კვაჭაძე მოძებნოთ და ეს საფრთხე გაანეიტრალოთ, – უთხრა სანდერსმა საიდს, რომელსაც სახეზე უკიდურესი შეშფოთება აღბეჭდოდა.
– ჯეკ, მოდი, ახლა გავერკვეთ, რა ხდება, – უთხრა საიდმა სანდერსს.
– გავერკვეთ. გისმენ, აბა, რა გაინტერესებს, გორდონ? – მიუგო სანდერსმა.
– პროფესორი კვაჭაძე ხომ ჩვენი დაფინანსებითა და კურატორობით ატარებდა ექსპერიმენტებს და ესე იგი, ჩვენი პროგრამა გამრავლების გენის მოკვლის ექსპერიმენტებია?
– არა, გორდონ. ჩვენ გენეტიკური დაავადებების დაძლევის გამოსავლენ ექსპერიმენტებს ვაფინანსებდით და სწორედ ამ ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ გამრავლების გენის მოკვლა შესაძლებელია. თანაც მასობრივად და ჩინელებმა ამას „ჩაავლეს“.
– რატომ ფიქრობ, რომ კვაჭაძე აქ ჰყავთ ჩინელებს და არა ჩინეთში?
– პირველ რიგში, იმიტომ, რომ თითქმის ასი პროცენტით ვიცით, პროფესორი არალეგალურად არ გაუყვანიათ, რადგან ყველა გასასვლელი კონტროლდება, მათ შორის დიპლომატიური მარშრუტებიც. თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მძიმედ დაჭრილი პროფესორი ხეიბარი გახდა და ან ლოგინადაა ჩავარდნილი ან ეტლში ზის. ასეთ მდგომარეობაში მისი გაყვანა კი სამმაგად რთულია და ეს ჩინელებმა კარგად იციან.
– ესე იგი, პროფესორს იძულებით ამუშავებენ ასეთ ჯოჯოხეთურ პროგრამაზე? – თქვა საიდმა.
– არა. სხვაგვარად უნდა იყოს საქმე. როგორც პროფესორის ვაჟი გვარწმუნებს, მამამისი არავითარ შემთხვევაში არ გადასცემდა ვინმეს ამ პროგრამის განხორციელების საიდუმლოებას და არც ზღაპრული ანაზღაურების ან სხვა ცდუნების სამაგიეროდ გააკეთებდა ამას.
– აბა, რის გამო? – იკითხა საიდმა.
– ვერ ხვდები? აბა, დაფიქრდი, გორდონ, – უთხრა საიდს სანდერსმა, რომელიც ჩაფიქრდა და ორიოდე წუთის შემდეგ სანდერსს მიუგო:
– როგორც შენ თქვი, პროფესორის ვაჟი მკვდრად გამოაცხადეთ. ეს, რა თქმა უნდა, პროფესორმა იცის. ჩინელებმა კი ის დაარწმუნეს, რომ მისი ვაჟის დაღუპვა ჩვენი ბრალია და ამ პროგრამის განხორციელებას შურისძიების გამო დათანხმდა? ამერიკელებზე შურისძიების გამო და ეს პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესს უქმნის საფრთხეს.
– კი. სწორედაც რომ, ასე უნდა იყოს, – თქვა სანდერსმა და დაამატა, – შტატებში ამ პროგრამის განხორციელება რთული ნამდვილად არაა. ნარკოტიკებს ბევრი მოიხმარს, სტიმულატორებს – უფრო მეტი და ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი სახით შეიძლება მათი შეტანა, შემდეგ – თითქმის მუქთად გასაღება და ჩათვალე, რომ ჩვენი მტრების პროგრამა შესრულებულია, – თქვა სანდერსმა.
– ჯოჯოხეთური გეგმაა, – თავი დააქნია საიდმა. სანდერსმა კი მიუგო.
– სწორედ ამიტომ ხართ აქ და რაც შეიძლება, მალე უნდა იპოვოთ პროფესორი კვაჭაძე.
***
ტაო-ლი საქართველოში ჩინელი ინვესტორის სტატუსით იმყოფებოდა და მისი საბროკერო ფირმა, ერთი მხრივ, ქართული ბაზრის შესწავლით იყო დაკავებული, მერე ადგილობრივი პროდუქციის ჩინეთში გატანითაც დაინტერესდა. სინამდვილეში კი, ჩინელი ინვესტორი დაზვერვის თანამშრომელი იყო და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციებს აგროვებდა. მისი ბროკერები კი ჯაშუშების ფუნქციებსაც ითავსებდნენ. ტაო-ლი ძალიან გამოცდილი მზვერავი იყო და მის მთავარ თვისებას სიფრთხილე წარმოადგენდა. მას შენიღბვის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ არც შეერთებული შტატების საქართველოში მომუშავე კონტრდაზვერვას და არც ანალოგიურ ადგილობრივ სამსახურს ტაო-ლი ერთხელაც არ შეუყვანია თავისი ინტერესების სფეროში. არც ტაო-ლის უგრძნია მასზე თვალთვალი და მოქმედების ბევრად მეტი თავისუფლება ჰქონდა. ლოტკინის მთაზე მდებარე კერძო სახლი კი ჩინელს ნაყიდი ჰქონდა და საკმაოდ ღრმა ბუნკერში ლაბორატორიაც მოაწყო, სადაც შვილის სიკვდილის გამო შურისძიებით შეპყრობილი პროფესორი მინდია კვაჭაძე ანტიამერიკულ პროგრამას საქმის დიდი ცოდნითა და „იანკებისადმი“ უდიდესი სიძულვილით ახორციელებდა. პროფესორს ისე ძლიერ უყვარდა თავისი ერთადერთი ვაჟი, რომ შურისძიების წყურვილმა ყოველგვარი ჰუმანურობა ჩაუკლა და ამ უსაშინლეს საქმეს მთელი მონდომებით ასრულებდა. ტაო-ლი კი, რომელმაც კარგად იცოდა ადამიანის ფსიქოლოგია, ცეცხლზე ნავთს უსხამდა კვაჭაძეს და წინასწარ მოფიქრებული ქმედებით უფრო მეტად უივებდა ანტიამერიკულ განწყობას. დღე ისე არ ჩაივლიდა, რომ ტაო-ლის პროფესორი არ ენახა ბუნკერ-ლაბორატორიაში და არ გასაუბრებოდა. გამოცდილი მზვერავი პროფესორთან საუბრის დროს სიკეთის განსახიერება იყო და პროფესორის სურვილს – შვილის გამო სისხლი აეღო, ეთანხმებოდა და ყოველმხრივ უწყობდა ხელს...
ზეტელების თბილისში ჩამოსვლიდან მეორე დღეს ტაო-ლი, ჩვეულებრივ, ესტუმრა მინდია კვაჭაძეს და გაბადრული სახით მოიკითხა:
– როგორ ბრძანდებით, პროფესორო, ხომ არაფერი გნებავთ? რაიმე თხოვნა ხომ არ გაქვთ?
– სუფთა ჰაერზე გასვლა მინდა. მომბეზრდა ამ ბეტონის კუბოში ცხოვრება, – თქვა მინდია კვაჭაძემ.
– ბუნებრივი სურვილია, ბატონო მინდია, მაგრამ – ჩინელმა ხელები გაშალა და დაამატა, – ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. ვინმემ რომ დაგინახოთ, ყველაფერი დასრულდება. თქვენც დაიღუპებით და მეც. მთავარი კი ისაა, რომ ბესოს გამო შურს ვეღარ იძიებთ საზიზღარ ამერიკელებზე.
ტაო-ლიმ ამერიკელები ხაზგასმით ახსენა და კვაჭაძე შეგნებულად გააღიზიანა. პროფესორს თვალები აენთო და თავისთვის, მაგრამ ძალიან ხმამაღლა თქვა.
– საზიზღარი, საშინელი ხალხი! ღირსები არიან, რომ ერთ დღეს გაწყდნენ. ეგენი რა სასიცოცხლოები არიან. დამაცადონ, ისეთ დღეში ჩავაგდებ და ისე აღვგვი პირისაგან მიწისა, რომ თვალსაც კი არ დავახამხამებ. მით უმეტეს, რომ უფრო ეფექტურ, უფრო მოკლე და ბევრად დამანგრეველ საშუალებას მივაგენი.
– რა საშუალებას, პროფესორო? თქვა ტაო-ლიმ.
მინდია კვაჭაძემ ამოიოხრა. თავი გააქნია და ტაო-ლის უთხრა:
– ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ვმუშაობდი ანალოგიურ პრობლემაზე და ექსპერიმენტების დროს საშინელი ვაქცინა აღმოვაჩინე, რომელიც ნებისმიერი, ყველაზე ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრით იწვევს დაუნის გენის გადაცემას მომავალ თაობაში. ადამიანში სინდრომი ვითარდება თავისი უკიდურესი გამოვლინებით და ამის მატარებელი პიროვნება ოცდახუთ წელზე მეტს ვერ ცოცხლობს. ამ ვაქცინას შეუძლია, ორგანიზმში წყლის ან ნებისმიერი სითხის სახით შეაღწიოს. ის დაკონსერვდება და მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როდესაც დაორსულების პროცესი ხდება, ანუ თუკი ამ ვაქცინას მამაკაცი ატარებს ორგანიზმში, ის ქალს გადასცემს, ხოლო თუ ქალია მისი მატარებელი, მაშინ ეს ვაქცინა მაშინ იღვიძებს და აქტიურდება, როცა ქალი ორსულდება. ეს ვაქცინა ჰერმეტულად შევინახე. ჩანაწერები კი დავშიფრე. ყველაფერი საიმედოდაა დამალული და თუკი მის მოტანას შეძლებთ, ამერიკელებზე შურისძიებას ბევრად უფრო მრავალფეროვანსა და საშინელს გავხდი. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე ათეულ-ათასობით დაინვალიდებული ამერიკელი, რომლებიც მხოლოდ 25 წლამდე იცოცხლებენ. თანაც არასრულფასოვნად და თუკი კარგად ვიმუშავებთ, წარმოიდგინე, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა ათი წლის შემდეგ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში