№32 როგორ გაანადგურეს ბერიას შეკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმი და ათასობით კილომეტრი კინოფირი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– დილა მშვიდობისა, მიხაილ ილიჩ. ბერია გელაპარაკებათ.
– დილა მშვიდობისა, ლავრენტი პავლოვიჩ. გისმენთ, – ვუპასუხე ბერიას და სიმართლე გითხრათ, გამაჟრჟოლა, რადგან მის ზარს არ მოველოდი.
– მიხაილ ილიჩ, მთელი თქვენი მოწყობილობა მოამზადეთ და ერთი საათის შემდეგ ყველა გადამღები ჯგუფი ქალაქში გამოიყვანეთ, რომ ისტორიული კადრები დააფიქსიროთ, – მითხრა ბერიამ და როგორც მივხვდი, განგებ გააკეთა პაუზა, რათა კითხვა დამესვა.
– რა კადრები უნდა გადავიღოთ, ლავრენტი პავლოვიჩ? – ვკითხე ბერიას.
– დღეიდან მთელს ქვეყანაში მხოლოდ ლენინის, სტალინის, მარქსისა და ენგელსის სურათების გამოფენა იქნება შესაძლებელი, მე და ჩემი კოლეგებისა კი – აიკრძალება. ერთ საათში ყველგან ჩვენი სურათების დემონტაჟს დაიწყებენ და მინდა, რომ თქვენმა ჯგუფებმა ეს პროცესი გადაიღონ. შემდეგ კი დოკუმენტურ ფილმსაც გავაკეთებთ. გასაგებია?
– დიახ. გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ, თუმცა ერთი პრობლემაა. ცხრამეტი გადამღები ჯგუფი მყავს, მაგრამ ტრანსპორტი გვიჭირს, სულ ოთხი ღია მანქანა და ორი ავტობუსი გვყავს და მხოლოდ ექვს ჯგუფს შეუძლია ერთდროულად მუშაობა, – ვუთხარი ბერიას.
– ესე იგი, კიდევ ცამეტი ღია მანქანა გჭირდებათ? – მკითხა ბერიამ.
– დიახ. – ერთ საათში მოგაკითხავენ კინოსტუდიასთან. აბა, თქვენ იცით, მიხაილ ილიჩ, კარგი კადრები გადაიღეთ! – მითხრა ბერიამ და ტელეფონი გათიშა.
სულ მალე შეპირებული მანქანები მოვიდნენ და მთელი დღე ვიღებდით, როგორც ბერიამ მითხრა, პატარ-პატარა ბელადების პორტრეტების დემონტაჟის კადრებს...“
მსგავსი მდგომარეობა იყო მთელი საბჭოეთის მასშტაბით და ყველგან სურათების დემონტაჟი ხორციელდებოდა და ამას კინოფირზე აფიქსირებდნენ. სხვათა შორის, მიხაილ რომმა ბერიას ნებართვით, შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი შექმნა, რომელიც ორი საათი და ოცი წუთი გრძელდებოდა და სცენარიც თავადვე დაწერა. თუმცა, ბერია რომ მოკლეს, რომის ფილმი, ასევე, კადრები, რომლებიც იქ არ მოხვდა და დანარჩენ რესპუბლიკებში გადაღებული ფირები გაანადგურეს. შემდგომ კი ძველი „სტატუს კვო“ აღადგინეს და მთელ საბჭოეთში ადრინდელზე სამჯერ უფრო მეტი „პატარა ბელადების“ (პოლიტბიუროს წევრების) სურათები გამოფინეს, რომელთა შორის მხოლოდ ბერია არ იყო. სხვათა შორის, ბერიას შერისხვიდან სულ რაღაც ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ხრუშჩოვმა რომი თავის კაბინეტში დაიბარა და მაგრად „შეახურა“. მიხაილ რომი იხსენებდა: „ხრუშჩოვის კაბინეტში თითქმის ორი საათი დავყავი და განსასჯელივით, რომელსაც განაჩენს უკითხავდნენ, ფეხზე ვიდექი. ხრუშჩოვი კი აქეთ-იქით დარბოდა. ჩემს ფილმს ლანძღავდა. ბერიას მიწასთან ასწორებდა და ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. მისგან რომ წამოვედი, სწორედ მაშინ დავრწმუნდი, თუ ვის ხელში ჩავარდა ეს ქვეყანა და რა გველოდებოდა...“
ბერიას რეფორმებს შეთქმულებმა ვერაგობით უპასუხეს და ბერიას მკვლელობით ჩაუყარეს საძირკველი იმ გლობალურ უბედურებას, რაც დღეს ხდება“.