№32 ტკივილი სარძევე ჯირკვლებში
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ქალებს ხშირად აწუხებთ სარძევე ჯირკვლის ტკივილი (მასტალგია). ამ დროს აღინიშნება მგრძნობელობის მომატება, ბასრი წვის შეგრძნება, დაჭიმულობა მკერდის ქსოვილში. ტკივილი შესაძლოა, იყოს მუდმივი ან ხანგამოშვებითი.
ტკივილი არის მსუბუქი ან ძლიერი, ჩნდება მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე მენსტრუალურ ციკლამდე, შესაძლოა გახანგრძლივდეს 7 ან მეტ დღეს, ამასთან ყოველთვე. სარძევე ჯირკვლის ტკივილი ზოგჯერ მხოლოდ ციკლის დაწყებამდე, ზოგჯერ კი მთელ მენსტრუალურ ციკლში გვხვდება. პოსტმენოპაუზურ ასაკში მკერდის ტკივილი იშვიათია, ის უფრო ახალგაზრდა, პრემენოპაუზურ ან პერიმენოპაუზურ ქალებში გვხვდება.
უმეტესად, სარძევე ჯირკვლის ტკივილი კეთილთვისებიანი წარმონაქმნითაა გამოწვეული და არ ნიშნავს კიბოს არსებობას. ამის მიუხედავად, აუხსნელი ტკივილი, რომელიც გასტანს 1 ან 2 მენსტრუალური ციკლის შემდეგ ან ლოკალიზდება ერთ კონკრეტულ არეში, აუცილებლად საჭიროებს ექიმის შეფასებას.
ზოგჯერ, ტკივილის ზუსტი მიზეზი ვერ დგინდება. სავარაუდო მონაწილე ფაქტორებია:
1. რეპროდუქციული ჰორმონები. ციკლური ტკივილი მკერდში უკავშირდება ჰორმონებსა და მენსტრუალურ ციკლს. ციკლური ტკივილი მცირდება ან ქრება ორსულობის ან მენოპაუზის დროს.
2. სარძევე ჯირკვლის სტრუქტურა. არაციკლური ტკივილი ხშირად ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილების შედეგია, როგორიცაა კისტა, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა ან სხვა ფაქტორები. ტკივილი შესაძლოა, მკერდის გარეთაც დაიწყოს, გულმკერდის კედელში, კუნთებში, სახსრებში, გულთან და შემდეგ გადადიოდეს სარძევე ჯირკვლის არეში.
3. ცხიმოვანი მჟავების დისბალანსი. ცხიმოვანი მჟავების დისბალანსი ეფექტს ახდენს მკერდის ჯირკვლის მგრძნობელობის მომატებაზე მოცირკულირე ჰორმონების საპასუხოდ.
4. მედიკამენტების გამოყენება. ტკივილს მკერდში შესაძლოა, იწვევდეს გარკვეული ჰორმონალური მედიკამენტები, როგორიცაა შვილოსნობის სამკურნალო და კონტრაცეფციული საშუალებები. ტკივილი სარძევე ჯირკვალში შეიძლება, იყოს ესტროგენისა და პროგესტერონის ჰორმონული თერაპიის გვერდითი ეფექტი. მკერდის ტკივილი უკავშირდება გარკვეულ ანტიდეპრესანტებსაც, როგორიცაა სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ფლუოქსეტინი ან სერტრალინი).
5. მკერდის ზომა. დიდი ზომის მკერდის მქონე ქალებს შესაძლოა, აღენიშნოთ არაციკლური ტკივილი მკერდის ჯირკვალში. კისრის, მხრებისა და წელის ტკივილი.
6. ქირურგიული ჩარევა. შესაძლოა, ტკივილი სარძევე ჯირკვალში ქირურგიულ ჩარევას მოჰყვეს და ჭრილობის შეხორცებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც კი გასტანოს.